განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.03.2019
საქმის ნომერი
330310016001575739
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310016001575739

საქმე №3ბ/533-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

7 მარტი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - თამარ ონიანი

მოსამართლეები - მანანა ჩოხელი

გიორგი ტყავაძე

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ო-------------–--ე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენლები - ნ---------------ე, დ------–-----

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „დე-–-----------ი“

წარმომადგენელი - თე----------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,დე-–-----------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 5 ივლისის N000809 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და 2016 წლის 12 ივლისის N1724632 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 12 სექტემბრის N515 ბრძანება.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. 2011 წლის 1 აპრილს შპს ,,დე-–-----------სა“ და შპს ,,გი--------ს“ შორის დაიდო N029 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,დე-–-----------მა“ იკისრა ვალდებულება, უზრუნველყოს ,,დამკვეთის“ (შპს ,,გი--------ს“) ობიექტის დაცვა ელექტრონული სასიგნალო მოწყობილობებით ცენტრალური დაცვის პულტზე ჩაბარების შემდეგ, დაცვაზე ყოფნის პერიოდში. მხარეები შეთანხდნენ, რომ ობიექტის დაცვა განხორციელდებოდა ცენტრალური დაკვირვების პულტზე მიღებულ განგაშზე რეაგირების გზით. ,,დამკვეთმა“ (შპს ,,გი-------“) ამ მომსახურებისათვის იკისრა ვალდებულება, შპს ,,დე-–-----------ს“ გადაუხადოს თვეში 50 ლარი. ხელშეკრულების მე-7 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა. კერძოდ, 7.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება იდება 2011 წლის 1 აპრილიდან და ძალაშია 2012 წლის 1 აპრილამდე. 7.2. პუნქტის თანახმად, თუ რომელიმე მხარე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე არ შეატყობინებს მეორე მხარეს ამ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების პირობები და ვალდებულებები ძალაშია მანამ, სანამ არ იქნება ასეთი შეტყობინება. (ტ 1, ს.ფ. 76-79).

 

2.2. 2016 წლის 5 ივლისს შპს დე-–-----------მა“ და შპს ,,გი--------მა“ გააფორმეს N029 ხელშეკრულების დანართი N1, რომლის თანახმად, 2016 წლის 1 აპრილიდან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გაგრძელებულ იქნა უვადოდ. (ტ 2, ს.ფ. 20).

 

2.3. 2016 წლის 5 ივლისს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ შპს ,,დე-–-----------ის“ მიმართ შედგა N000809 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მასზედ, რომ შპს ,,დე-–-----------სა“ და დამკვეთს შპს ,,გი--------ს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას დაპროექტების, მონტაჟისა და ექსპლუატაციის შესახებ გასული აქვს მოქმედების ვადა. (ტ 2, ს.ფ. 23).

 

2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის 2016 წლის 12 ივლისის N1724632 ბრძანებით შპს ,,დე-–-----------ს“, ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაეკისრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით. (ტ 1, ს.ფ. 21-22).

 

2.5. შპს ,,დე-–-----------მა“ საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 12 ივლისის N1724632 დაჯარიმების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 12 სექტემბრის N515 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. (ტ. 1, სფ 25-26; 28-32).

 

2.6. დაცვის სპეციალური სამსახური ,,დე-–-----------ი“ პერიოდულად წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს იმ ობიექტების ნუსხას, რომელთა დაცვას ცოცხალი ძალის და ტექნიკური საშუალებების მეშვეობით ახორციელებს შპს ,,დე-–-----------ი“. აღნიშნული მიზნით შპს ,,დე-–-----------მა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიმართა 2013 წლის 28 ივნისის N01/496 წერილით; 2013 წლის 26 ივლისის N01/502 წერილით; 2013 წლის 29 აგვისტოს N01/509 წერილით; 2013 წლის 26 სექტემბრის N01/512 წერილით; 2013 წლის 30 ოქტომბრის 01/520 წერილით; 2013 წლის 27 ნოემბრის 01/524 წერილით; 2013 წლის 24 დეკემბრის N01/529 წერილით; 2014 წლის 28 იანვრის N01/004 წერილით; 2014 წლის 25 თებერვლის 01/009 წერილით; 2014 წლის 24 მარტის 01/017 წერილით; 2014 წლის 29 აპრილის 01/028 წერილით; 2014 წლის 28 მაისის N01/034 წერილით; 2014 წლის 28 მაისის N01/034 წერილით; 2014 წლის 27 ივნისის N01/041 წერილით; 2014 წლის 28 ივლისის N01/045 წერილით; 2014 წლის 29 აგვისტოს N01/048 წერილით; 2014 წლის 13 სექტემბრის N051 წერილით; 2014 წლის 27 ოქტომბრის 01/057 წერილით; 2014 წლის 27 ნოემბრის N01/062 წერილით; 2014 წლის 26 დეკემბრის N01/068 წერილით; 2015 წლის 28 იანვრის N01/004 წერილით; 2015 წლის 26 თებერვლის 01/008 წერილით; 2015 წლის 26 მარტის N01/014 წერილით; 2015 წლის 27 აპრილის N01/018 წერილით; 2015 წლის 28 მაისის N01/028 წერილით; 2015 წლის 29 ივნისის N042 წერილით; 2015 წლის 29 ივლისის N046 წერილით; 2015 წლის 29 აგვისტოს N200 წერილით; 2015 წლის 29 სექტემბრის N062 წერილით; 2015 წლის 29 ოქტომბრის N078 წერილით; 2015 წლის 29 ნოემბრის N084 წერილით; 2015 წლის 29 დეკემბრის N093 წერილით; 2016 წლის 28 იანვრის N04 წერილით; 2016 წლის 29 თებერვლის N010 წერილით; 2016 წლის 29 მარტის N022 წერილით; 2016 წლის 27 აპრილის N027 წერილით; 2016 წლის 27 მაისის 035 წერილით; 2016 წლის 29 ივნისის N043 წერილით. (ტ 1, ს.ფ. 95-360).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა კანონმდებლობასთან.

 

3.2. ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და პირობებს, ორგანიზაციულ ფორმებსა და სახეებს.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო დაცვითი საქმიანობა არის ლიცენზირებადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სახელშეკრულებო საფუძველზე და რომელიც: ა.ა) მიმართულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, უძრავი ან მოძრავი ნივთის (მათ შორის, მოძრავი ნივთის ტრანსპორტირების), აგრეთვე ცალკეული ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვისაკენ; ა.ბ) მოიცავს დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლოატაციას.

 

ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო დაცვითი ორგანიზაცია არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული, დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელი სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აქვს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია; ხოლო ,,დ“ პუნქტი განმარტავს დამკვეთის ცნებას, კერძოდ, იგი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც დაცვით ორგანიზაციას გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უკვეთავს ობიექტის დაცვას.

 

მითითებული კანონის მე-10 მუხლი პირველი პუნქტი ადგენს, რომ დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის ურთიერთობა წესრიგდება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და დაცვითი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტი განასხვავებს დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულების სახეებს და მიუთითებს ობიექტის დაცვის ხელშეკრულებასა და დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, მონტაჟისა და ექსპლოატაციის ხელშეკრულებაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განისაზღვრა დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, მონტაჟისა და ექსპლოატაციის ხელშეკრულების რეკვიზიტები, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს ხელშეკრულების მოქმედების ვადა (მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი).

 

2011 წლის 1 აპრილს შპს ,,დე-–-----------სა“ და შპს ,,გი--------ს“ შორის დაიდო N029 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,დე-–-----------მა“ იკისრა ვალდებულება უზრუნველყოს ,,დამკვეთის“ (შპს ,,გი-------“) ობიექტის დაცვა ელექტრონული სასიგნალო მოწყობილობებით ცენტრალური დაცვის პულტზე ჩაბარების შემდეგ, დაცვაზე ყოფნის პერიოდში. მხარეები შეთანხდნენ, რომ ობიექტის დაცვა განხორციელდებოდა ცენტრალური დაკვირვების პულტზე მიღებულ განგაშზე რეაგირების გზით. ,,დამკვეთმა“ ამ მომსახურებისათვის იკისრა ვალდებულება შპს ,,დე-–-----------ს“ გადაუხადოს თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარი. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება იდება 2011 წლის 1 აპრილიდან და ძალაშია 2012 წლის 1 აპრილამდე. 7.2. პუნქტის თანახმად, თუ რომელიმე მხარე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე არ შეატყობინებს მეორე მხარეს ამ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების პირობები და ვალდებულებები ძალაშია მანამ, სანამ არ იქნება ასეთი შეტყობინება. 2016 წლის 5 ივლისს შპს დე-–-----------მა“ და შპს ,,გი--------მა“ გააფორმეს N029 ხელშეკრულების დანართი N1, რომლის თანახმად, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაგრძელებულ იქნა უვადოდ.

 

,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვით საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით.

 

კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა განახორციელა შპს ,,დე-–-----------ის“ საქმიანობის კონტროლი. მაკონტროლებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ შპს ,,დე-–-----------ის“ მიერ დარღვეულია ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნა, კერძოდ, დაცვის სპეციალურ სამსახურს ,,დ--–-----------სა“ და დამკვეთს შპს „გი--------ს“ შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებას 2012 წლის 1 აპრილიდან გასული ჰქონდა მოქმედების ვადა და ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2016 წლის პირველი აპრილიდან უვადოდ, 2012 წლის 01 აპრილიდან 2016 წლის 01 აპრილამდე მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ მოქმედებდა, მიუხედავად ამისა მთელი ეს პერიოდი შპს „დე-–-----------ის“ მიერ დამკვეთისათვის მომსახურების მიწოდება ხორციელდებოდა. აღნიშნულ ფაქტზე 2016 წლის 05 ივლისს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000809, რომლის საფუძველზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, ,,კერძო დაცითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ,,დ--–-----------ს“ სანქციის სახით განუსაზღვრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.

 

,,კერძო დაცითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის განსაზღვრულია ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს, განისაზღვროს შპს ,,დ--–-----------სა“ და დამკვეთს - შპს ,,გი--------ს“ შორის ურთიერთობა ხორციელდებოდა თუ არა წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მხარეთა შორის ხელშეკრულება დადებულ იქნა წერილობითი ფორმით, სადაც განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები. სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმების საფუძველზე მიღებული წესების ერთობლიობას, რომელიც მხარეთა შორის არსებული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად არის დადებული. ამდენად, ხელშეკრულების პირობები უპირატესად განისაზღვრება მხარეთა ნების საფუძველზე, რასაც საფუძვლად უდევს დამკვიდრებული სამართლებრივი პრინციპი - მხარეთა ნების ავტონომიის სახელწოდებით. ხელშეკრულება იმგვარი შეთანხმებაა, რომლითაც ხელშეკრულების მხარეებს წარმოეშობათ სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ხელშეკრულების ძალით მხარეები კისრულობენ გარკვეული ვალდებულებების შესრულებას და აღიჭურვებიან შესაბამისი უფლებებით. სახელშეკრულებო ვალდებულებების საფუძველს წარმოადგენს გარიგება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. როგორც წესი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის რაიმე განსაკუთრებული ფორმის დაცვა საჭირო არ არის, ხელშეკრულების დასადებად, ცალკეულ შემთხვევაში, ზეპირი მოლაპარაკებებით შესაბამისი პირობების განსაზღვრაც არ არის აუცილებელი. ამდენად, ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებითაც მოქმედებს სახელშეკრულებო ფორმის თავისუფლების პრინციპი, მაგრამ ეს პრინციპი შეუზღუდავი არ არის. ცალკეულ შემთხვევაში კანონი ადგენს ფორმას, რომლის დაცვაც კონკრეტული ტიპის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია, რასაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში. ხსენებული პრინციპის საფუძველზე მხარეებსაც შეუძლიათ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებისათვის განსაზღვრონ წერილობითი ფორმა. პრაქტიკაში მიღებულია, როდესაც მხარეები არა მხოლოდ ხელშეკრულების წერილობით ფორმაზე, არამედ მასში გარკვეული ცვლილებების, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშირებით, წერილობითი ფორმით შეტანის თაობაზეც თანხმდებიან, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც დროთა განმავლობაში, მიუხედავად მკაცრად განსაზღვრული დებულებებისა, მხარეები ამკვიდრებენ განსხვავებულ წესებს, რომელიც ფორმალურად არღვევს მხარეთა შეთანხმებას. ამას ორივე მხარე კონკლუდენტური მოქმედებით პრაქტიკულად ეთანხმება და ორმხრივი შესრულების გზით აგრძელებს სახელშეკრულებო ურთიერთობას შეცვლილ ფორმატში. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა ორმხრივი შესრულება შესაძლოა შეფასდეს მხარეთა შეთანხმებით გარკვეული ვალდებულების დადგენად, მის შესრულებად და შესაბამისად მიღებად, კერძოდ, სამოქალაქო კოდექის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1980 წელს მიღებული კონვენცია საქონლის საეთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ (ვენის ნასყიდობის კონვენცია) 29 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს დებულებას, რომ მისი ნებისმიერი შეცვლა ან შეწყვეტა მხარეებმა განახორციელონ წერილობითი ფორმით, არ შეიძლება შეიცვალოს ან შეწყდეს რაიმე სხვა ფორმით. მხარის ქმედებამ შეიძლება გამორიცხოს მისთვის შესაძლებლობა, რომ აპელირება მოახდინოს აღნიშნულ დებულებაზე, თუ მეორე მხარე თავის მოქმედებებში ეყრდნობოდა მხარის ასეთ ქმედებას“. ამდენად, კონვენციაც კი უშვებს შესაძლებლობას, რომ წერილობითი ფორმის დაუცველად გაგრძელებული ხელშეკრულების მოქმედება ჩაითვალოს ლეგიტიმურ სახელშეკრულებო ურთიერთობად, თუკი მხარეებს პრეტენზია არ გააჩნიათ. განსახილველ შეთხვევაში, მოცემული მიდგომა გამართლებულია, რამდენადაც, საფრთხე არ შექმნია სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო ბრუნვისათვის ხელშეკრულების უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, მას მაინც არ შეიძლება ჰქონდეს სრულყოფილებისა და ყოვლისმომცველობის პრეტენზია. საზოგადოებრივი ურთიერთობების დინამიკური განვითარების აბსოლუტური გათვლა შეუძლებელია. ამიტომ, როგორი დეტალურიც უნდა იყოს ხელშეკრულება, მაინც არსებობს შანსი, რომ ხელშეკრულებაში გარკვეული გარემოება დარჩეს დაურეგულირებელი ან იყოს გათვალისწინებული, მაგრამ არა იმ ფორმით და არსით, რასაც გულისხმობდნენ მხარეები ხელშეკრულების დადების დროს. არის საკითხები, რომელთა წინასწარ გათვლაც უბრალოდ შეუძლებელია. ასეთ დროს შექმნილი ვაკუუმის ან ბუნდოვანი ჩანაწერის შევსების ერთ-ერთი რაციონალური გზა ხელშეკრულების განმარტებაა. ნება, რომლის გამოვლენის ერთ-ერთ ლოგიკურ შედეგს ხელშეკრულება წარმოადგენს, განმარტებულ უნდა იქნეს კეთილსინდისიერების პრინციპის შესატყვისად, სამართლებრივი ბრუნვის თავისებურებების გათვალისწინებით. ნების გამოვლენის საკითხში არ შეიძლება შემოფარგვლა იმ მნიშვნელობით, რაც მასში ივარაუდა ნების გამმჟღავნებელმა, განმსაზღვრელია მნიშვნელობა, რომელიც შეიძლებოდა მისთვის მიენიჭებინა ნების გამომხატველს გადაწყვეტილების მიღებისას ხელშეკრულების შინაარსის თაობაზე წერილობით დაფიქსირებული ტექსტის საფუძველზე საქმესთან დაკავშირებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინებით. ნებისმიერი სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე დებულება აღქმული, გაგებული და განმარტებული უნდა იყოს მისი ობიექტური შინაარსიდან გამომდინარე, ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სწორად ან არასწორად, გამართულად ან გაუმართავად მიაჩნია იგი სამართალურთიერთობის მონაწილეს. სწორედ ასეთ განმარტებას საჭიროებს განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებების მე-7 მუხლის 7.2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ რომელიმე მხარე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე არ შეატყობინებს მეორე მხარეს ამ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების პირობები და ვალდებულებები კი ძალაშია მანამ, სანამ არ იქნება ასეთი შეტყობინება. სწორედ ამ დებულებას ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას და თვლის, რომ ამ ჩანაწერის მიხედვით ხელშეკრულების ვადა, მიუხედავად 7.1 პუნქტში განსაზღვრული კონკრეტული ვადისა, გრძელდებოდა ავტომატურად, ვიდრე მხარეები არ მიმართავდნენ ერთმანეთს შეწყვეტის თაობაზე წერილობითი ფორმით. ტექსტში პირდაპირი მითითება არის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ავტომატურად გაგრძელების თაობაზე, ამდენად, მისი შინაარსობრივი განმარტების საფუძველზე ცალსახაა, რომ 7.2 პუნქტი არეგულირებს 7.1 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ ურთიერთობას, რაც გულისხმობს იმას, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ, თუკი მხარეები წერილობით არ შეწყვეტდნენ ხელშეკრულებას იგი ითვლებოდა განუსაზღვრელი ვადით დადებულად, იმავე ფორმით და იმავე შინაარსით, რასაც ადასტურებს მხარეთა მიერ ურთიერთვალდებულებების შესრულების მტკიცებულებები.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების მხარეებს ხელშეკრულების 7.2 პუნქტის შესაბამისად, ერთმანეთისთვის არ მიუმართავთ ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით, შესაბამისად, 2011 წლის 1 აპრილის ხელშეკრულება გაგრძელდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების დანართი N1-ით დამატებით დაადასტურეს ხელშეკრულების განუხაზღვრელი ვადით გაგრძელების ფაქტი, არ გამორიცხავს, რომ ხელშეკრულება ასევე მოქმედებდა 2012 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 აპრილამდე.

 

მოსარჩელის მიერ მაკონტროლებელი ორგანოსთვის გაგზავნილი შეტყობინებებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობები გრძელდებოდა, ამასთან, არსებული ურთიერთობების საფუძვლად მიუთითებდნენ მხარეთა შორის წერილობით დადებულ ხელშეკრულებაზე. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ მხარეები წერილობით შეთანხმებული პირობების შესაბამისად აგრძელებდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობებს, მათი უფლება-მოვალეობები განსაზღვრული იყო მათ შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულებით. ამდენად, კერძო დაცვითი ორგანიზაციის - შპს ,,დ--–-----------სა“ და დამკვეთს - შპს „გი--------ს“ შორის კერძო დაცვითი საქმიანობა ხორციელდებოდა წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული კი გამორიცხავს კერძო დაცვითი ორგანიზაციის დაჯარიმებას, ,,კერძო დაცვითი საქმინობის“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაუფორმებლობის მოტივით.

 

3.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტები.

 

4.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნები არ გაითვალისწინა. კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით და დაცული უნდა იყოს ყველა მოთხოვნა, რათა მიღწეულ იქნას კანონის მიზნები. მომსახურება, რომელსაც ეწევა მოსარჩელე, წარმოადგენს ლიცენზიით რეგულირებულ სფეროს და არ არის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობა. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქმიანობის ან ქმედების სახელმწიფო რეგულირება ლიცენზიით ან ნებართვით ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა ან ქმედება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეს ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის სფეროებს. სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის გაცემით რეალურად შესაძლებელია აღნიშნული საფრთხის შემცირება ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ კონვენცია, რადგან შპს ,,დე-–-----------ის“ საქმიანობა რეგულირდება არა მხოლოდ კერძოსამართლებრივი ნორმებით, არამედ - საჯაროსამართლებრივითაც. ლიცენზირებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში სახელმწიფო დამატებით რეგულაციებს აწესებს და ჩარჩოებში აქცევს ლიცენზიის მფლობელის სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს გამოხატული აქვს ნება დაიცვას და დამატებით უზრუნველყოს მისი ინტერესის სფეროების რეგულირება. შესაბამისად, არასწორია სასამართლოს განმარტება, რომ სადავო შემთხვევაში მხარეებს შორის ზეპირი შეთანხების საფუძველზე გაგრძელებულ სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას არ ემუქრება საფრთხე, რადგან „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი მოითხოვს ხელშეკრულების მოქმედების ვადის მითითებას, ხოლო მოსარჩელის მიერ ეს მოთხოვნა დარღვეული არის.

 

აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ 2011 წლის პირველ აპრილს გაფორმებული N029 ხელშეკრულების N1 დანართით დადასტურებულია მხარეებს შორის ხელშეკრულების გაგრძელება 2016 წლის პირველი აპრილიდან უვადოდ, რაც ასევე დაგვიანებული და უკანონო არის. ამგვარდ, დასტურდება, რომ შპს ,,დე-–-----------მა“ და მისი მომსახურების დამკვეთმა ორგანიზაციამ ხელშეკრულების 7.2 პუნქტის შესაბამისად საჭიროდ და აუცილებლად ჩათვალეს ხელშეკრულების ვადის გასაგრძელებლად დამატებითი დოკუმენტი შეექმნათ, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ოთხი წლის დაგვიანებით შეადგინეს, რაც ასევე სამართალდარღვევას წარმოადგენს.

 

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას, რომ 7.2 პუნქტი არეგულირებს 7.1 პუნქტით განსაზღვრულ ვადის გასვლის შემედგომ ურთიერთობას. აპელანტი აღნიშნავს, ასეთი ინტერპრეტაცია აზრს უკარგავს ხელშეკრულების 7.1 პუნქტის არსებობას, გაუგებარი ხდება მისი შინაარსი და ფუნქცია, თუ ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება მაინც ძალაში რჩება. სასამართლო მინიშნებას აკეთებს ხელშეკრულების ჩანაწერის ბუნდოვანებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების არსებული ჩანაწერი არის ცალსახად გასაგები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სადავო გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს.

 

4.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, ხელშეკრულება, რომელიც იდება დაცვით ორგანიზაციასა და დამკვეთს შორის, რეგულირდება როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმებით, ასევე სპეციალური კანონმდებლობით, მათ შორის, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით. აპელანტი მიუთითებს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-10 მუხლებზე და აღნიშნავს, კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. სადავო შემთხვევაში დაცვით ორგანიზაციასა და დამკვეთს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტში ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად მითითებულია 2013 წლის 1 სექტემბერი. ხელშეკრულების ამავე მუხლის მეორე პუნქტი ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტისათვის ერთ-ერთი მხარის მიერ განხორციელებული შეტყობინების არსებობის აუცილებლობას, თუმცა აღნიშნული გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება ვადამდე. შესაბამისად, სამინისტროს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების ტექსტში ცხადად არის განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა და აღნიშნული ვადის გასვლა გულისხმობს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას, თუ იგი არ შეიცავს დათქმას მისი მოქმედების ავტომატური გაგრძელების შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე არ მიუმართავთ ერთმანეთისთვის და არც გაუგრძელებიათ ხელშეკრულება. მიუხედავად ამისა, როდესაც მოქმედ ხელშეკრულებას გაუვიდა ვადა, მათ შორის გაფორმდა დანართი N1, რომლის მიხედვითაც, უვადოდ გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა. თუ შპს „დ--–-----------მა“ იცოდა რომ ხელშეკრულების 7.2 პუნქტის ჩანაწერი თავისთავად გულისხმობდა ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელებას, დამატებით არ გააფორმებდა დანართს N1. ამდენად, მხარემ ამ მოქმედებით ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტის არსებობა აღიარა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონმდებლობა და ბათილად ცნო კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. აპელანტი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სადავო გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.2.1. კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს, კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და პირობებს, ორგანიზაციულ ფორმებსა და სახეებს განსაზღვრავს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, კანონი განსაზღვრავს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, სახელშეკრულებო ურთიერთობებს დამკვეთსა და კერძო დაცვით ორგანიზაციას შორის და კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ფორმებს;

 

კერძო დაცვითი საქმიანობა სახელმწიფოს მხრიდან კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობაა - მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო დაცვითი საქმიანობა არის ლიცენზირებადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სახელშეკრულებო საფუძველზე და რომელიც: ა.ა) მიმართულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, უძრავი ან მოძრავი ნივთის (მათ შორის, მოძრავი ნივთის ტრანსპორტირების), აგრეთვე ცალკეული ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვისაკენ; ა.ბ) მოიცავს დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლოატაციას, ხოლო იმავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო დაცვითი ორგანიზაცია არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული, დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელი სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აქვს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია; მითითებული მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, დამკვეთის ცნებას, კერძოდ იგი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც დაცვით ორგანიზაციას გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უკვეთავს ობიექტის დაცვას.

 

კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის ურთიერთობა წესრიგდება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და დაცვითი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტი განასხვავებს დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულების სახეებს და მიუთითებს ობიექტის დაცვის ხელშეკრულებასა და დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, მონტაჟისა და ექსპლოატაციის ხელშეკრულებაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, მონტაჟისა და ექსპლოატაციის ხელშეკრულების რეკვიზიტები, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს ხელშეკრულების მოქმედების ვადა (მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი).

 

„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, დაცვით საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით. მე-2 პუნქტით განსაზღვრულია საქმიანობის კონტროლის ფარგლები: დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი ორგანო: ა) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას ამ კანონის მოთხოვნებთან; ბ) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციისა და მცველის მიერ კანონის მოთხოვნების დაცვას; გ) ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს. მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია დაცვით საქმიანობაში დაუსაბუთებლად ზედმეტად ჩარევა და მისი საქმიანობის შეფერხება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისა.

 

„კერძო დაცითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის განსაზღვრულია ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვით საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით.

 

კერძო დაცვითი საქმიანობის სფეროში მომსახურების მიღება არ ხორციელდება საჯაროსამართლებრივ საწყისებზე. იგი ეფუძნება კერძოსამართლებრივ, მხარეთა ნების ავტონომიაზე დაფუძნებულ ხელშეკრულებას. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ კანონმდებლობა ცხადად ადგენს, რომ დაცვითი მომსახურების გამწევი ეკონომიკური აგენტებისა და დამკვეთი პირების ურთიერთობა დაფუძნებულია ორმხრივ შეთანხმებაზე - საქმიანობა ხორციელდება სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე. ამასთან, კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელება მოიცავს ისეთი სახის მომსახურების გაწევას, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, უძრავი ან მოძრავი ნივთის, აგრეთვე ცალკეული ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტება, მონტაჟი და ექსპლუატაცია.

 

პირებისა და ქონების უსაფრთხოების არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე დაცვითი საქმიანობა ბაზარზე მოთხოვნადი სამეწარმეო საქმიანობის სახეა, რომელიც ხორციელდება მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. კერძო დაცვითი ორგანიზაციების მიერ კანონის მოთხოვნების დარღვევამ შესაძლოა, გამოიწვიოს მომხმარებელთა უფლებების, საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვა ლეგიტიმური ინტერესების დაზიანება. ამიტომაც, სახელმწიფოს აქვს ინტერესი, შეიმუშაოს კერძო დაცვითი საქმიანობის სფეროს რეგულირებისა და კონტროლის მექანიზმები, რათა უზრუნველყოს კერძო დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობის კანონის შესაბამისად წარმართვა.

 

არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებიდან გამომდინარე, რეგულირების ლეგიტიმური მიზანია კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლი, რაც რიგი კერძო და საჯარო ინტერესის დაცვას ემსახურება. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობს რა კერძო დაცვითი ორგანიზაციების უკანონო ქმედებებით დაცვითი საქმიანობის მომხმარებლების, სფეროში დასაქმებული პირების უფლებების, მართლწესრიგისა და სხვა საჯარო ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის რისკები, კერძო დაცვით საქმიანობაზე ეფექტური კონტროლის მიზნის უზრუნველყოფას ემსახურება ხელშეკრულების წერილობით დადების მოთხოვნა, რათა კომპეტენტურმა ორგანომ შეძლოს, შეამოწმოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

 

ამრიგად, განსახილველი დავის ფარგლებში პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას, დაცული იყო თუ არა კანონის მოთხოვნა - არსებობდა თუ არა წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება.

 

დადგენილია, რომ 2011 წლის პირველ აპრილს შპს ,,დე-–-----------სა“ და შპს ,,გი--------ს“ შორის დაიდო N029 ხელშეკრულება მასზედ, რომ შპს ,,დე-–-----------ი“ უზრუნველყოფდა შპს ,,გი--------ის“ ობიექტის დაცვას ელექტრონული სასიგნალო მოწყობილობებით ცენტრალური დაცვის პულტზე ჩაბარების შემდეგ, დაცვაზე ყოფნის პერიოდში. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება იდება 2011 წლის 1 აპრილიდან და ძალაშია 2012 წლის 1 აპრილამდე. 7.2. პუნქტის თანახმად, თუ რომელიმე მხარე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე არ შეატყობინებს მეორე მხარეს ამ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების პირობები და ვალდებულებები ძალაშია, სანამ არ იქნება ასეთი შეტყობინება.

 

2016 წლის 5 ივლისს შპს დე-–-----------მა“ და შპს ,,გი--------მა“ გააფორმეს N029 ხელშეკრულების დანართი N1, რომლის თანახმად, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაგრძელებულ იქნა უვადოდ.

 

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ შპს „დ--–-----------სა“ და შპს „გი--------ს“ შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებას 2012 წლის 1 აპრილიდან გასული ჰქონდა მოქმედების ვადა და ხელშეკრულების დანართი N1-ით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2016 წლის პირველი აპრილიდან უვადოდ, ამრიგად, 2012 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 აპრილამდე მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ მოქმედებდა, მიუხედავად ამისა, მთელი ეს პერიოდი შპს „დე-–-----------ის“ მიერ დამკვეთისათვის მომსახურების მიწოდება ხორციელდებოდა. აღნიშნულ ფაქტზე 2016 წლის 5 ივლისს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000809, რომლითაც, ,,კერძო დაცითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შპს ,,დ--–-----------ი“ დაჯარიმდა 6000 ლარით.

 

5.2.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგს, რომელიც წარმოშობს მხარეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს. ამასთანავე, ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან მათთვის მნიშვნელოვან, ხელშეკრულების შესრულებისთვის აუცილებელ პირობებზე, ხოლო თუკი ხელშეკრულება რომელიმე საკითხს არ აწესრიგებს, მოქმედებს კანონით განსაზღვრული ზოგადი ნორმები. სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის მიუხედავად, კანონმდებლობით შესაძლებელია, ცალკეულ ხელშეკრულებათა მიმართ მოქმედებდეს იმპერატიული წესები, რა ფორმით უნდა დაიდოს და რა აუცილებელ რეკვიზიტებს უნდა შეიცავდეს იგი.

 

სადავო არ არის, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო წერილობით და მხარეებს უნდა გაეთვალისწინებინათ ხელშეკრულების მოქმედების ვადა. ამასთან, კანონმდებლობა ხელშეკრულების დადების ვადას მკაცრად არ განსაზღვრავს და ეს პირობა მხარეთა შეთანხმების საგანი, თუმცა გასათვალისწინებელი პირობაა.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ხელშეკრულების მოქმედების ვადას შპს „დე-–-----------სა“ და შპს „გი--------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლი აწესრიგებს, რომლითაც მხარეებმა განსაზღვრეს, რომ ხელშეკრულება ძალაშია 2012 წლის 1 აპრილამდე. იმავდროულად, ხელშეკრულების 7.2. პუნქტი შეიცავს დათქმას, რომ თუ რომელიმე მხარე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე არ შეატყობინებს მეორე მხარეს ამ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების პირობები და ვალდებულებები ძალაშია, სანამ არ იქნება ასეთი შეტყობინება.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტთა მითითებას, რომ ხელშეკრულება ერთი წლის ვადით განისაზღვრა, მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების პირობები უნდა განიმარტოს ლოგიკურად, ერთმანეთთან ერთობლიობაში, ხელშეკრულების დადების საფუძვლის, მიზნებისა და კონტექსტის გათვალისწინებით. ვინაიდან სადავო ხელშეკრულების 7.1. დამოუკიდებლად ვერ იარსებებს, მხარეთა შეთანხმება, მათი ნება 7.2. პუნქტიდან გამომდინარეობს, მითითებული პუნქტები ერთობლიობაში უნდა განიმარტოს. მოცემული პუნქტებიდან კი გამომდინარეობს, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა ერთი წლის ვადით - 2012 წლის პირველ აპრილამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები 2012 წლის პირველ აპრილამდე ერთი თვით ადრე შეატყობინებდნენ ერთმანეთს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მსგავსი შეტყობინების არარსებობა კი ხელშეკრულების ვადის ავტომატურად გაგრძელებას ნიშნავდა, ვიდრე მხარეები ხელშეკრულების შეწყვეტის ნებას არ გამოხატავდნენ. ამდენად, მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას 2012 წლის პირველი აპრილის დადგომა ავტომატურად არ იწვევდა, თუკი იქამდე ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე მაინც არ გამოთქვამდა ხელშეკრულების შეწყვეტის ნებას.

 

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან მხარეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეუტყობინებიათ ერთმანეთისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელებულად მიიჩნევა. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების N1 დანართით მხარეებმა დამატებით დაადასტურეს ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელების ფაქტი, არ გამორიცხავს, რომ ხელშეკრულება ასევე მოქმედებდა 2012 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 აპრილამდე.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ კერძო დაცვით ორგანიზაციას - შპს ,,დ--–-----------სა“ და დამკვეთს - შპს „გი--------ს“ შორის კერძო დაცვითი საქმიანობა ხორციელდებოდა წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გამორიცხავს მოსარჩელის დაჯარიმებას ,,კერძო დაცვითი საქმინობის“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულების წერილობითი ფორმით შედგენის დარღვევის საფუძვლით.

 

5.2.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხი სწორად გადაწყვიტა.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესახებ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე თამარ ონიანი

 

მოსამართლეები მანანა ჩოხელი

 

გიორგი ტყავაძე