განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100118002394677
საქმე №1/ბ-360-2018 წელი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის – ო-–--- მ------–---–ის,ადვოკატის - ნ--- ძ--–--–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ შ--–--ს ასული შ---------ს მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი ნომერი 6----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, მცხოვრები: სენაკის რაიონი, სოფელი ნ-----–-----;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მ------ შ---------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და სხვისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 16 თებერვალს მ------ შ---------მ მ---- ს--–-----ს პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ,----------- სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გავლით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შევიდა თ---------- რესპუბლიკაში, რაშიც მხილებული იქნა 2017 წლის 07 სექტემბერს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ------ შ---------მ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განაჩენით მ------ შ--------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - აჭარის ა.რ პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განაჩენში იმ მიმართებით, რომ მ------ შ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს სამართლიანი სასჯელი, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
საქმეში წარმოგდენილი მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება, რომ მ---- ს--–-----მ მ------ შ---------ს თავის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა გადასცა არა საზღვრის გადასაკვეთად, არამედ დროებით, საარჩევნო კომისიის წევრს არჩევნების მიზნებიდან გამომდინარე, რაც გამორიცხავს მსჯავრდებულის მიერ მ---- ს--–-----ს ნების საფუძველზე მის კანონიერად დაუფლებას. გასაჩივრებულ განაჩენში სასამართლო უთითებს, რომ უშუალო ობიექტი, რომელსაც ადგება ზიანი პირადობის მოწმობის გატაცებისას ეს არის თვით პირადობის მოწმობის მესაკუთრე. დაზარალდა თუ არა მ------ შ---------ს მოქმედების შედეგად მ---- ს--–-----, ბრალდების მხარეს შეფასება არ მიუცია, აღნიშნულს ბრალდების მხარე არ იზიარებს და აპელანტი მიუთითებს, რომ სსკ-ის 363-ე მუხლის დაცვის ობიექტია ოფიციალური დოკუმენტის ბრუნვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, ანუ მმართველობის წესი, რომელიც არეგულირებს ოფიციალური დოკუმენტების, ბეჭდით, შტამპით ან ბლანკით სარგებლობას. აღნიშნული ქმედებით ზიანი ადგება სისხლის სამართლის კანონით დაცულ იმ მმართველობით ურთიერთობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოების და სარგებლობის დადგენილი წესის დაცვას.
აპელანტის მოსაზრებით, არ არსებობს არცერთი საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე აქტი, რომელიც ითვალისწინებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე ფიზიკური/იურიდიული პირის საკუთრების უფლების არსებობას, გარდა საქართველოს სახელმწიფოს საკუთრების უფლებისა, საქართველოს პასპორტის პირველივე ყდაზე პირდაპირ არის აღნიშნული წარწერა ,,ეს პასპორტი წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას’’.
ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ გასაჩივრებული განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილში მ------ შ---------ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რამეთუ განაჩენი ეყრდნობა სასამართლოს მიერ არასწორად შეფასებულ მტკიცებულებებს.
დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - აჭარის ა/რ პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორს ო-–--- მ------–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ მ------ შ---------ს ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ--- ძ--–--–---–ს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა მ------ შ---------ს მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი დასაბუთებით:
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეში წარმოდგენილი მოწმე მ---- ს--–-----ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 7 სექტემბერს დილის საათებში, ს------- სასაზღვროს გამშვებ პუნქტში რეგისტრაციის გავლისას მესაზღვრე კონტროლიორმა მას უთხრა, რომ ს------- გავლით საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი ჰქონდა 2016 წელს, რაზეც უპასუხა, რომ თ---------- რესპუბლიკაში იგი იყო მხოლოდ ერთხელ იყო ნაყოფი 2014 წელს, აღნიშნულის შემდეგ მესაზღვრემ მას აჩვენა ფოტოსურათი იმისა, ვისაც მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ჰქონდა საზღვარი გადაკვეთილი. აღნიშნული პიროვნება აღმოჩნდა მისი მული მ------ შ---------. მოწმის განმარტებით, მან მხოლოდ ერთხელ ათხოვა მ------ შ---------ს თავისი პირადობის მოწმობა არჩევნების პერიოდში, რადგანაც იგი იყო საარჩევნო კომისიის წევრი.
მსჯავრდებულ მ------ შ---------ს ჩვენების თანახმად, იგი არის მ---- ს--–-----ს მული. 2016 წელს მან მართლაც ისარგებლა ამ უკანასკნელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობით. აღნიშნულ პერიოდში იგი დანიშნეს ქ--------–----–----- პარტიის დამკვირვებლად საპარლამენტო არჩევნებში, რის გამოც ახორციელებდა მოსახლეობის აღწერას, გამომდინარე აქედან მას თან ჰქონდა მისი ოჯახის წევრების და მეზობლების პირადობის მოწმობები. 2016 წლის თებერვლის თვეში იგი წავიდა თ---------- რესპუბლიკაში სამუშაოდ, რა დროსაც ს------- გამშვები სასაზღვრო პუნქტი გადაკვეთა მ---- ს--–-----ს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით, რადგანაც თავისი სახელითა და გვარით თ---------- რესპუბლიკაში ვერ გადავიდოდა 5 წლიანი დეპორტის გამო.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან დაცვის ობიექტია ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, ანუ მმართველობის წესი, რომელიც არეგულირებს ოფიციალური დოკუმენტით, ბეჭდით, შტამპით ან ბლანკით სარგებლობას. აღნიშნული ქმედების ჩადენის შედეგად ზიანი ადგება სისხლის სამართლის კანონით დაცულ იმ მმართველობით ურთიერთობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტის წარმოებისა და სარგებლობის დადგენილი წესის დაცვას. შესაბამისად, პალატა აღნიშნავს, რომ კანონი იცავს ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონმდებლობით დადგენილი წესს და არა ცალკეული ფიზიკური თუ იურიდიული პირის ინტერესებს.
პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების წესს ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანონი იცავს ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონმდებლობით დადგენილ წესს, ხოლო ამით კი - მმართველობის წესს.
სასამართლო იზიარებს აპელანტის (პროკურორის) საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ კანონი და ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის 98-ე ბრძანება არ ითვალისწინებს პირადობის მოწმობაზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლებას.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის დაინტერესებული მხარისათვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის 98-ე ბრძანების 34-ე მუხლით დადგენილია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის დაინტერესებული პირისათვის გადაცემის წესი, რომლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გადაეცემა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელ პირს პირადად.
ამასთან, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მ------ შ---------ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცების ბრალდებით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცება გულისხმობს აღნიშნული დოკუმენტის ამოღებას სხვისი მფლობელობიდან როგორც მისაკუთრების მიზნით, ისე მის გარეშე ნებისმიერი ხერხით (ფარულად ან შკარად, ძალადობით ან მის გარეშე).
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმე მ---- ს--–-----ს ჩვენებით დგინდება, რომ მან თავისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მ------ შ---------ს გადასცა საკუთარი ნებით საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, რადგან მ------ შ--------- იყო კომისიის წევრი. მ------ შ---------ს განმარტებით კი ირკვევა, რომ იგი იყო დამკვირვებელი საარჩევნო პერიოდში, რის გამოც ახორციელებდა მოსახლეობის აღწერას და ამ მიზნით მფლობელობაში ჰქონდა მისი ოჯახის წევრების და მეზობლების პირადობის მოწმობები. მან მ---- ს--–-----ს პირადობის მოწმობა მართლაც გამოიყენა თ---------- რესპუბლიკაში გადასასვლელად, ვინაიდან მას ჰქონდა 5 წლიანი დეპორტი. მოცემულ შემთხვევაში მ---- ს--–-----მ პირადობის მოწმობა თვითონ გადასცა მ------ შ---------ს, რომელმაც გამოიყენა იგი საზღვრის გადასაკვეთად, რაც თავის მხრივ არამართლზომიერი ქმედებაა, თუმცა ის გარემოება, რომ მ------ შ---------მ გაიტაცა მ---- ს--–-----ს მფლობელობაში არსებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომ მ------ შ---------მ ჩაიდინა პირადობის მოწმობის გატაცება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი მ------ შ---------ს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელი.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ------ შ---------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხულ მსჯავრს, აღნიშნული დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ამ ნაწილში განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ მიჩნეული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე, 270-ე, 298-ე, 302-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აჭარის ა/რ პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ------ შ--------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მ------ შ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მ------ შ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
მ---- ს--–-----ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე