განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2019
საქმის ნომერი
330210016001577825
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N2ბ/55-18 29 იანვარი, 2019 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ლევან გვარამია

 

სხდომის მდივანი - ნ--- კაბულაშვილი

 

აპელანტი – ზ----- ნ-------;

წარმომადგენლები – მ------- ღ----–---ა, ნ---- თ----–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე – ნ--- ყ-----–---–ი;

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით, ერთპიროვნულად.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ--- ყ-----–---–ის სარჩელი ზ----- ნ-------ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ზ----- ნ-------ს მოსარჩელე ნ--- ყ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 3500 აშშ დოლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ზ----- ნ-------სა და ლ----- ყ-----–---–ს შორის 2011 წელს დაიდო ხელშეკრულება (შინაურული ხელწერილი), რომლის თანახმად, ზ----- ნ-------მ ლ----- ყ-----–---–ისაგან მიიღო 3 500 აშშ დოლარი, მის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, ხ------–---–-------ში, ცხოვრების სანაცვლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის ხელშეკრულება (ს.ფ. 47).

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.2. ლ----- ყ-----–---–ი ხელშეკრულების დადების შემდეგ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ზ----- ნ-------ს ბინაში. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცხოვრება გააგრძელა მისმა მეუღლემ ნ--- ყ-----–---–მა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.3. კრედიტორი ვ-–-------- ყ-----–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 23 თებერვალს. 2013 წლის 31 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, ნ--- ყ-----–---–მა, როგორც ზ----- ნ-------ს პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო ვ-–-------- ყ-----–---–ის მემკვიდრეობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 15)

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 54-55)

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეთა შორის დამყარებული სამართლებრივი ურთიერთობა სცდება კლასიკური სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობას, წარმოადგენს შერეული ტიპის ხელშეკრულებას, მოიცავს ასევე ქირავნობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ელემენტებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლში ასახული ხელშეკრულების დადების თავისუფლებისა და ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების პრინციპების შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი შინაარსის ხელშეკრულება, მათ შორის - ისეთიც, რომელიც კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, თუმცა ხელშეკრულების შინაარსი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონით დადგენილ აკრძალვებს.

 

მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. მათ უფლება აქვთ, თვითონ გადაწყვიტონ რა შინაარსის ურთიერთობებს დაამყარებენ და რა ფორმით დაიკმაყოფილებენ თავიანთ ინტერესებს.

 

იმისათვის, რომ განისაზღვროს, რა ტიპის სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო დამყარებული მხარეთა შორის და რა სამართლებრივი შედეგების დადგომას

ისახავდნენ ისინი მიზნად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, დადგინდეს მხარეთა ინტერესები, რომლებმაც მათი ნების ჩამოყალიბება განაპირობა. მხარეთა საერთო განზრახვა კი უნდა დადგინდეს ხელშეკრულების დათქმების განმარტების გზით, გონივრული განსჯის შედეგად, როგორც ეს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლშია მითითებული. მნიშვნელოვანია ხელშეკრულებაში გამოყენებული დათქმების განმარტება იმ მნიშვნელობით, რომელიც უფრო ახლოს დგას მიზნებთან, რომელთა მიღწევაც მხარეებს სურდათ ხელშეკრულების დადებისას.

 

მოცემულ შემთხვევაში გამსესხებელს ჰქონდა ინტერესი, გარკვეული დროით სარგებლობაში მიეღო უძრავი ნივთი – საცხოვრებელი ბინა, რისთვისაც ქირის გადახდის სანაცვლოდ მისთვის მისაღები იყო ფულადი თანხის გასესხება სარგებლის გარეშე. მსესხებლის ინტერესს კი წარმოადგენდა ფულადი თანხის სესხად მიღება სარგებლის გარეშე, თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის დროებით სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ. ამ ურთიერთობის შინაარსი ჩამოყალიბებულია სწორედ მხარეთა ინდივიდუალური ინტერესების თანხვედრის შედეგად და ერთიან გარიგებას წარმოადგენს, სადაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ ზემოთ დასახელებული უფლება-მოვალეობები. კერძოდ, ამ გარიგებით ერთი მხარე გადასცემს მეორეს უძრავ ნივთს (მოცემულ შემთხვევაში, ისევე როგორც საზოგადოდ გავრცელებულ შემთხვევებში - საცხოვრებელ ბინას) სარგებლობის უფლებით განსაზღვრული ვადით, მეორე მხარე კი იმავე ვადით სანაცვლოდ გადასცემს მას ფულად თანხას სესხის სახით, პროცენტის გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს ასეთი ხელშეკრულების სახეს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსში ჩამოთვლილი ხელშეკრულებებიდან არც ერთს არ განეკუთვნება. იგი შერეული ხასიათისაა და მოიცავს როგორც სესხის, ისე – ქირავნობის ელემენტებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან.

 

შერეული ხელშეკრულება არის მხარეთა შორის დამყარებული ისეთი სახელშეკრულებო ურთიერთობა, სადაც მხარეებმა ერთმანეთთან შეათანხმეს სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, რომლებიც ერთმანეთთან იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული, რომ მხოლოდ ერთ მთლიანობაში ქმნიან იმ სამართლებრივი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, რაც მხარეებს ჰქონდათ განზრახული ხელშეკრულების დადებისას. ამდენად, ასეთი ხელშეკრულების დაყოფა ცალ-ცალკე, სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებად შეუძლებელია და განიხილება როგორც ერთი მთლიანობა, ერთი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა ხელშეკრულების ტიპებისათვის დამახასიათებელ ელემენტებს.

 

თეორიაში განასხვავებენ ოთხი ჯგუფის შერეულ ხელშეკრულებებს: 1) რომელიმე კონკრეტული ტიპის ხელშეკრულება, რომელიც იმავდროულად მოიცავს შეთანხმებას სხვა სახის დამატებითი შესრულების შესახებ; 2) კომბინირებული ხელშეკრულება, როდესაც ერთი მხარე კისრულობს რამდენიმე ძირითადი შესრულების ვალდებულებას, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ხელშკრულებებისთვის არის დამახასიათებელი; 3) ორმაგი ტიპის ხელშეკრულება, როდესაც მხარეები ერთმანეთთან ცვლიან შესრულებებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებისათვის არის დამახასიათებელი; 4) გაერთიანებული ტიპის ხელშეკრულება, სადაც ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრ ვალდებულებაში განუყოფელად არის ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ტიპის ხელშეკრულების ელემენტები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული ხელშეკრულება განეკუთვნება დასახელებული ჯგუფებიდან ე.წ. ორმაგი ტიპის ხელშეკრულებას, სადაც მხარეები ერთმანეთთან ცვლიან შესრულებებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებისათვის არის დამახასიათებელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი განმარტავს სესხის ხელშეკრულების ცნებას, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის მიხედვით, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა, დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა, გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლი მიეკუთვნება უძრავი ნივთის კატეგორიას, ხოლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს უძრავი ნივთის გირავნობის ცნებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის გადაცემაც სხვა პირთათვის დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) ხარჯზე მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთიდან (იპოთეკა).

 

შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება არც იპოთეკის ხელშეკრულებას მიეკუთვნება, ვინაიდან იგი არ არის სათანადო ფორმით დადებული და რეგისტრირებული.

 

2.5. სასამართლომ განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.

 

2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ. - ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.

 

თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ- ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, ამასთან, ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი არ აქარწყლებს მოთხოვნას, არამედ მოთხოვნას განუხორციელებლად აქცევს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს ხანდაზმულობის საკითხის გამოკვლევა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სადავოდ ხდის მხარე. გარდა ამისა, სასარჩელო ხანდაზმულობის შედეგი პროცესუალური ხასიათის უფროა, ვიდრე მატერიალური, რადგან ხანდაზმულობა არის სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმა და თავისთავად მოთხოვნის გაქარწყლებას არ იწვევს. სასარჩელო ხანდაზმულობის შესახებ კანონმდებლობა ადგენს საშუალებას და არა უფლებას, ამასთან, ხანდაზმულობას არ აქვს ეფექტი მხარის მითითების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება. მხარე კი საპროცესო კანონმდებლობით შეზღუდულია მიუთითოს, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, ნ--- ყ-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი მოპასუხე ზ----- ნ-------ს წარმომადგენელმა სადავოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გახადა, იმ პირობებში როდესაც მოპასუხე მხარე შეზღუდული იყო ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მითითების კუთხით. ასეც რომ არ ყოფილიყო, სასამართლო თვლის რომ არ არსებობს სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველი.

 

2.6. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა- განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინების საფუძველზე შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილებიდან გამოთხოვილი ნ--- ყ-----–---–თან და ზ----- ნ-------სთან ზეპირი გასაუბრების ოქმები, სადაც ზ----- ნ------- განმარტავს, რომ ,,2003 წლიდან აქვს დაკავებული გლდანში ხ------–---–-------ში მდებარე ორი საცხოვრებელი ფართი, რომელიც ამჟამად ეკუთვნის ეკომონიმიკის სამინისტროს და მიმდინარეობს ფართების პრივატიზაცია - დარეგისტირირება დევნილების სახელზე.

 

2011 წელს პირადი პრობლემების გამო, ვინაიდან ესაჭიროებოდა ოჯახისათავის გარკვეული თანხა, თხოვნით მიმართა მას აწ. გარდაცვლილმა ლ----- ყ-----–---–მა, რომ დროებით საცხოვრებლად დაეთმო გარკვეული თანხის სანაცვლოდ მის მიერ დროებით დაკავებული ფართი, რაზედაც გააფორმეს ე.წ. შინაურული ხელწერილი 3500 აშშ დოლარის სანაცვლოდ ორი წლის ვადით, ფართით სარგებლობის შესახებ, რის შემდგომაც ვადის გასვლის შემდეგ ლ----- ყ-----–---–მა კვლავ მიმართა მას თხოვნით სიტყვიერად ყოველგვარი ნოტარიული ხელშეკრულების გარეშე ერთი წლის ვადით გადაევადებინა აღნიშნული ფართით სარგებლობა, რაზეც დაეთანხმა“.

 

ასევე მნიშვნელოვანია ნ--- ყ-----–---–ის ახსნა-განმარტების იმ ნაწილის შეფასება, სადაც იგი მიუთითებს, რომ ,,მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2015 წლის დასაწყისიდან ინტენსიურად ითხოვდა ვალის დაბრუნებას''.

 

საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ 2014 წლის ბოლომდე მოპასუხეს გააჩნდა პრეტენზია უძრავი ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 1 წლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ხელშეკრულება დაიდო 2011 წელს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაისაზღვრა 2 წლით, რომელიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაგრძელდა კიდევ 1 წლით. შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა იწყება 2014 წლიდან. ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა, უნდა გავარცელდეს სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.

 

ხანდაზმულობის ვადის დენის დასრულების თარიღის (2017 წლის იანვარი) გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელის წარდგენის დროისათვის არ არის ხანდაზმული

- სასამართლოში წარდგენილი სარჩელი აღძრულია 2016 წლის 31 ოქტომბერს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან, იგი ეფუძნება სესხისა და ქირავნობის ხელშეკრულებას.

 

2.8. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

სასამართლომ წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის შესწავლის შედეგად დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ--- ყ-----–---–ი მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეა (მეუღლე), რომელმაც სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსისათვის მიმართვით მიიღო სამკვიდრო.

 

მოხმობილი ფაქტების ანალიზის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ--- ყ-----–---–ს შეუძლია იმ ქონებრივი უფლებების დაცვა, რომელიც გარდაცვალებამდე ჰქონდა მამკვიდრებელ ლ----- ყ-----–---–ს.

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, მხრეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

მსესხებელმა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, იმ ვადაში, რაც მხარეებმა განსაზღვრეს, ანუ მან დაარღვია ნაკისრი ვალდებულება. მოპასუხემ დათქმულ ვადაში თანხა არ გადაიხადა, რაც კრედიტორს აძლევს მოთხოვნის უფლებას.

 

2.10. კანონით გარანტირებული შეჯიბრებითობის პრინციპი (სსკ-ის მე-4 მუხლი) მხარეს აძლევს შესაძლებლობას, უარყოს ან გააქარწყლოს საქმეში არსებული მტკიცებულებები სხვა მტკიცებულებებით. ამდენად, მხარემ არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასთან და გარემოებასთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი. აღნიშნულ ვალდებულებას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა გარემოებები, რომლებზედაც ამყარებდა თავის შესაგებელს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დადგინა ის ფაქტი, რომ სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან, იგი ეფუძნება სესხისა და ქირავნობის ხელშეკრულებას. სასამართლოს აღნიშნული პოზიცია მცდარია არ გამომდინარეობას საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ მხარეებს შორის არ დადებულა სესხის ხელშეკრულება.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, ზ----- ნ------- არ ყოფილა სასესხო ურთიერთობაში მოსარჩელესთან, რაც დასტურდება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით და საგამოძიებო ორგანოდან გამოთხოვილი მტკიცებულებებით, რომლის თანახმადაც ზ----- ნ-------მ 3500 აშშ დოლარის სანაცვლოდ ეგრეთწოდებული გირით შეუშვა მოსარჩელე და მისი ოჯახი მის სარგებლობაში და მფლობელობაში არსებულ ფართში თუ აღნიშნულ ფართს დაიბრუნებდა ზ----- ნ------- მაშინ უნდა დაებრუნებინა ზ----- ნ-------ს ფული უკან მოსარჩელისთვის, რაც მოსარჩელემ არ გაკეთა და უძრავი ნივთი არ დაუბრუნა მის კანონიერ მფლობელს, მან პირიქით მოტყუებით ზ----- ნ-------ს მფლობელობაში არსებული ფართი დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში უკანონოდ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელ ად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების (შინაურული ხელწერილი) თანახმად, ზ----- ნ-------მ ლ----- ყ-----–---–ისაგან მიიღო სესხი 3 500 აშშ დოლარი, ორი წლის ვადით. ხელწერილის პირობების მიხედვით, კრედიტორის ოჯახი თანხის დაბრუნებამდე იცხოვრებდა ზ----- ნ-------ს ბინაში ხ------–---–-------ში, დევნილთა ჩასახლება 1-ლი სავაჭრო ცენტრი. (იხ. ტ.1, ს.ფ. 47).

 

4.2. 2013 წლის 23 თებერვალს გარდაიცვალა ვ-–-------- ყ-----–---–ი. 2013 წლის 31 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, ნ--- ყ-----–---–მა, როგორც ზ----- ნ-------ს პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო ვ-–-------- ყ-----–---–ის მემკვიდრეობა. (იხ. ტ.1, ს.ფ. 15; 54-55).

 

4.3. დადგენილია და მოპასუხის მიერ სადავოდ არ ხდება თანხის 3500 აშშ დოლარის მიღების შესახებ ფაქტობრივი გარემოება. შესაგებლით მოპასუხემ სადავოდ გახადა გარიგების სამართლებრივი შინაარსი და მიუთითა, რომ ზ----- ნ-------სა და ნ--- ყ-----–---–ს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე და ზ----- ნ------- ფულს დააბრუნებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ბინას გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცემდა.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის ზემოაღნიშნულ პოზიციას ვინაიდან, დგინდება, რომ ზ----- ნ------- არ წარმოადგენს უძრავი ნივთის მესაკუთრეს, საქმის მასალებით არც ნივთის მართლზომიერად ფლობის ფაქტი დასტურდება, შესაბამისად, მოპასუხე არ წარმოადგენდა სათანადო უფლებით აღჭურვილ პირს (მესაკუთრეს) დაედო ნამდვილი გარიგება იმ შინაარსის გათვალისწინებით რომელზედაც ის მიუთითებს (სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება). აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის შეფასებით, მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა არ იძლევა იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მოპასუხემ თანხის დაბრუნების ვალდებულება, ბინის გამოთავისუფლების სანაცვლით იკისრა.

 

პალატა შენიშნავს, რომ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება ვლინდება საჯარო რეესტრში უფლების შესახებ ჩანაწერის არსებობის გზით.

 

სამოქალაქო კოდექსის 311-312-ე მუხლების შესაბამისად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის საკუთრების უფლება ხ------–---–-------ში მდებარე საცხოვრებელ ფართზე არ დგინდება.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.

 

განსახილველ შემთხვევაში, ერთის მხრივ მოპასუხე ადასტურებს თანხის მიღების შესახებ გარემოებას, ხოლო მეორეს მხრივ რაიმე მტკიცებულებები მის მიერ სადავოდ გახდილ გარემოებასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია. კერძოდ, აპელანტი ვერ ადასტურებს ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მიღებული თანხის 3 500 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება დამოკიდებული იყო რაიმე პირობის შესრულებაზე.

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 2011 წელს დადებული შეთანხმება არის სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით განსაზღვრული იმ სახის ხელშეკრულება, რომელიც მართალია პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არა მხოლოდ სამართლებრივ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომლებსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

კერძო სამართლის სუბიექტთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის გადამწყვეტია ამ სუბიექტთა ნამდვილი ნების გამოვლენა, რომლის საფუძველზე დადგენილი ფაქტების სამართლებრივი კვალიფიკაცია სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა თანხის გასესხების სანაცვლოდ სარგებლობაში მიეღო საცხოვრებელი ბინა, ხოლო მსესხებლის ინტერესი ფულადი თანხის სესხად მიღება იყო. შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოშობილი უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით სახეზეა ხელშეკრულება რომელიც მოიცავს, როგორც სესხის ასევე ქირავნობის ხელშეკრულების ელემენტებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის მიხედვით, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა, დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა, გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი განმარტავს სესხის ხელშეკრულების ცნებას, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამ კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ არ ხდის სესხის თანხის 3500 აშშ დოლარის მიღების შესახებ გარემოებას. ამასთან, მხარემ ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნება მხოლოდ ამ უკანასკნელის მიერ ბინის გამოთავისუფლების სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა - თანხის დაკისრების თაობაზე, სწორად მიიჩნია დასაბუთებულად და შესაბამისად, მოპასუხეს სწორად დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 3500 აშშ დოლარის გადახდა.

 

საბოლოოდ, პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა, რის გამოც არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ზ----- ნ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლევან გვარამია