განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
190210017001770674
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6869-17 31 იანვარი, 2019 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლევან გვარამია

 

აპელანტი – მ-----– ა---------;

 

მოწინააღმდეგე მხარე – ნ-----–-ა მ---------ე;

 

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება;

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ-----–-ა მ---------ეს სასარჩელო მოთხოვნა და საქმეზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება; მოპასუხე მ-----– ა---------ს (პ/ნ 3----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება მდებარე ქ. რუსთავი თ----------------------------- ს/კ 0------------------ და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე ნ-----–-ა მ---------ეს (პ/ნ 3----------)

 

გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მ-----– ა---------ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:

 

მოსარჩელე არის უძრავი ქონების მდებარე ქ. რუსთავი, თ----------------------------, ს/კ 0------------------ მესაკუთრე, მოპასუხე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს უძრავ ქონებას და არ აძლევს მესაკუთრეს უფლებას ისარგებლოს მისი კუთვნილი უძრავი ქონებით.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე; 172-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით განჩინებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს შესაგებლის წარმოდგენის შეუძლებლობაზე.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი ვალდებულია დაასაბუთოს საპატიო მიზეზის არსებობა, რის გამოც მან ვერ შეძლო შესაგებლის წარმოდგენა.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად საჩივრის ავტორი უთითებს, რომ მას სასამართლო უწყება არ ჩაბარებია, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გამოცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე, უწყების ჩაუბარებლობას მხარე ხსნის იმ გარემოებით, რომ აქვს დაძაბული ურთიერთობა მეუღლესთან, რომელიც ცხოვრობს მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე და კონფლიქტური სიტუაციის გამო ხშირად უწევს ნათესავებთან ცხოვრება, თუმცა საჩივრის ავტორს მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მოპასუხე მხარეს უწყება გაეგზავნა იმ მისამართზე, რომელიც მან თვითონ მიუთითა შესაგებელში, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ითვლება უწყების ჩაბარებად. მოპასუხემ ასევე არ უპასუხა მის მიერვე შესაგებელში მითითებულ ტელეფონს. ამდენად, მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, რაც გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მოსარჩელე არის უძრავი ქონების მდებარე ქ. რუსთავი, თ----------------------------, ს/კ 0------------------ მესაკუთრე, მოპასუხე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს უძრავ ქონებას და არ აძლევს მესაკუთრეს უფლებას ისარგებლოს მისი კუთვნილი უძრავი ქონებით.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე; 172-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----– ა---------ს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, მის ერთადერთ იურიდიულ და ფაქტიურ მისამართს წარმოადგენს შესაგებელში მითითებული მისამართი (რუსთავი, თ---------------------), თუმცა ოჯახური კონფლიქტის და განქორწინებულ მეუღლესთან ურთიერთობის გამწვავების გამო სასამართლოში საქმის წარმოების პერიოდში იძულებული იყო დროებით ორი სამი დღის განმავლობაში თავი შეეფარებინა ახლობლებთან. შესაბამისად, მისთვის ცნობილი არ იყო სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის თარიღი.

 

3.2. აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი ინსტიტუტის პრინციპი, კერძოდ, სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მ-----– ა---------ს მიერ წარდგენილ იქნა შესაგებელი, შესაბამისად მას განზრახული ჰქონდა თავისი უფლებების სასამართლო წესით დაცვა, ამდენად დაუსაბუთებელია ვარაუდი იმის შესახებ, რომ მას არ ჰქონდა ინტერესი შეწინააღმდეგებოდა მის მიმართ აღძრულ სარჩელს.

 

4.გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

4.1. 2017 წლის 20 იანვარს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ-----–-ა მ---------ემ მოპასუხეთა მ-----– ა---------ს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. (ი.ხ. ტ. I, ს.ფ. 1-14).

 

4.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით 2017 წლის 30 აგვისტოს 12:00 საადზე დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. (ი.ხ. ტ. I, ს.ფ. 38-39). 2017 წლის 30 აგვისტოს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება მ-----– ა---------ს გაეგზავნა შესაგებელში მითითებულ მისამართზე. (ი.ხ. ტ. I, ს.ფ. 44). 2017 წლის 22 აგვისტოს შედგენილი აქტის მიხედვით: „ბინაში იმყოფებოდა ქალბატონი. მან განმარტა, რომ არის მ-----– ა---------ს ყოფილი მეუღლე და მისთვის უცნობია ადრესატის ამჟამინდელი მისამართი“. ამასთან, ამავე აქტის თანახმად, შესაგებელში მითითებული ტელეფონის ნომერი 5-------- არ ეკუთვნის ადრესატს. (ი.ხ. ტ. I, ს.ფ. 45)

 

4.2. 2017 წლის 30 აგვისტოს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. ამასთან, ამავე კანონით, კერძოდ 233-ე მუხლით, განსაზღვრულია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მხარის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად, დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ერთ-ერთ ასეთ საფუძველს წარმოადგენს, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით

 

მოცემულ შემთხვევაში კვლევის საგანს წარმოადგენს იყო თუ არა მოპასუხე მოწვეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ყოველ მხარეს მეორე მხარის ინტერესების დაცვის მიზნით აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, ასე, მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში აღინიშნოს მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი.

(მუხლი 178). ამასთან, მოპასუხე ასევე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე, თავისმხრივ შესაგებელში მხარემ უნდა მიუთითოს მისი საკონტაქტო მონაცემები, კერძოდ: ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი (მუხლი 201).

 

ამდენად, კანონმდებლობა მხარეებს ავალდებულებს სარჩელში თუ შესაგებელში საკონტაქტო მონაცემების მითითებას, რამდენადაც მართალია სასამართლოს ვალდებულებაა უზრუნველყოს მხარის ან მისი წარმომადგენლის გაფრთხილება სასამართლოს სხდომის თაობაზე, თუმცა აღნიშნული ვალდებულების შესრულებისას იგი ხელმძღვანელობს მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ინფორმაციით. მოცემული მსჯელობა, ასევე, გამომდინარეობს 71-ე მუხლი პირველი ნაწილის დანაწესიდან, რომლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

 

პალატა აქვე განმარტავს, რომ მითითებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ვალდებულების დამრღვევი პირის მიმართ იწვევს უარყოფით შედეგს, კერძოდ, 71-ე მუხლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ სასამართლოს სხდომის თაობაზე უწყება მოპასუხეს გაეგზავნა შესაგებელში მითითებული მისამართის მიხედვით. აპელანტის განმარტებით, მას უწყება არ ჩაბარებია, ვინაიდან განქორწინებულ მეუღლესთან ურთიერთობის გამწვავების გამო სასამართლოში საქმის წარმოების პერიოდში იძულებული იყო დროებით ორი სამი დღის განმავლობაში თავი შეეფარებინა ახლობლებთან. ამასთან, საგულისხმოა, რომ მისამართის თუნდა დროებით შეცვლის თაობაზე მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენდა მის ვალდებულებას. მოცემულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გააგზავნა უწყება თავად მხარის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე, ხოლო სხვა საკონტაქტო მონაცემების უქონლობის გამო მართებულად ჩათვალა უწყება ჩაბარებულად. ამასთან საგულისხმოა, რომ საკონტაქტო მობილურის ნომერი, რომელიც ასევე იყო მითითებული შესაგებელში მხარეს არ ეკუთვნის.

 

4.4. პალატა დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსამართლეს სურს, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. (სუს 15.04.2015წ.-ის განჩინება საქმე №ას-104-97-2015; სუს 16.06.2014წ.-ის Nას-299-281-2014 განჩინება).

 

ნ-----–-ა მ---------ეს მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია მოპასუხის მხრიდან მისი კუთვნილი ნივთის უკანონო მფლობელობა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე უდავოდ მიუთითებს მასზე, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.

 

შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სახეზე იყო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან დადგენილია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ყველა საფუძველი უცვლელი უნდა დარჩელის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე განჩინება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდილია წინასწარ

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ-----– ა--------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე /ლევან გვარამია/