განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.05.2019
საქმის ნომერი
820210017001789312
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210017001789312

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-227-2019 21 მაისი, 2019 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

თამარ სვანიძე

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

აპელანტი - სს თ----------ი

წარმომადგენელი - ლ--–--------–--ე

მოწინააღმდეგე მხარე - შ-----ი ზ-------ე

წარმომადგენელი - მ---------–--–-–---–ი

დავის საგანი - სესხი, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სს თ----------ის სარჩელი შ-----ი ზ-------ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2008 წლის 21 აპრილს სს თ----------სა და შ-----ი ზ-------ეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2008 წლის 23 აპრილს დაიდო საბანკო კრედიტის N 8-------------- ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 18 000 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთით განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის ვადა - 72 თვე, 2014 წლის 3 მაისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 3 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 აშშ დოლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2.2. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა 2008 წლის 21 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2008 წლის დეკემბრის შემდგომ აღარ განხორციელებულა მოპასუხის მხრიდან ანგარიშზე თანხის შეტანა. 2.3. 2016 წლის 24 მაისს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართა სს თ----------ის წარმომადგენელმა ნ--------------–---მ და მოითხოვა შ-----ი ზ-------ეს 2008 წლის 23 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სს თ----------ის სასარგებლოდ, საბანკო კრედიტის 35 028, 99 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 17 061, 89 აშშ დოლარი, პროცენტი - 11 737, 67 აშშ დოლარი, შემცირებული ჯარიმა - 5 000 აშშ დოლარი, და დაზღვევა - 1 229,43 აშშ დოლარი. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით სარჩელი განუხიველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს თ----------მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. არასწორია სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა სრულად ხანდაზმულია. 3.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადახდის ვალდებულება ითვლება პერიოდულად შესასრულებლად და მის მიმართ მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აუცილებელია მოხდეს აღნიშნული მუხლის სწორი განმარტება და შეფარდება კონკრეტული სიტუაციის მიმართ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამოდინარე ვალდებულების შესრულებისას მნიშვნელოვანია სესხის ყოველთვიურად გადახდის ვალდებულების მიმართება ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან. კერძოდ, მსესხებელი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს არა სესხის მთლიანი თანხა, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის კონკრეტული ნაწილი, რომელიც მოიცავს სესხის ძირითადი თანხის ნაწილს და მასზე დარიცხულ პროცენტს, სესხის სრულად დაფარვის ვალდებულება წარმოიშობა უკვე სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ. 3.3. სს თ----------სა და მოპასუხე შ-----ი ზ-------ეს შორის 2008 წლის 23 აპრილს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძველი გამომდინარეობს მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობიდან, რომლის შესაბამისად, მოვალეს ყოველთვიური გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, უნდა შეესრულებინა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულება. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება კრედიტორს წარმოეშვება გრაფიკით გათვალისწინებული თითოეული გადახდის ვადის დარღვევიდან სამი წლის ვადაში. შესაბამისად, სარჩელის შეტანიდან უკუსვლით 3 წელზე დაანგარიშებით, 2013 წლის 03 ივნისიდან 2014 წლის 03 მაისის ჩათვლით არსებულ გრაფიკით გადასახდელი თანხის მოთხოვნაზე ვერ გავრცელდება ხანდაზმულობის ვადა. 3.4. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 03 მაისამდე. მართალია, მსესხებელმა ბოლო გადახდა განახორციელა 2008 წელს, მაგრამ ბანკს არ გამოუყენებია სსკ-ის 873-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი ითვალისწინებს კრედიტის გამცემის მიერ საკრედიტო ურთიერ ურთიერთობის შეწყვეტის შესაძლებლობას, თუკი კრედიტის მიმღები გადააცილებს ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას, მაგრამ ეს კრედიტის გამცემის უფლებაა და არა ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში ბანკმა ვადაზე ადრე არ შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა და სწორედ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ წარმოეშვა მსესხებლის მიმართ სესხის სრულად დაფარვის მოთხოვნის უფლება. ხანდაზმულობის ვადის ათვლაც სწორედ ამ დროიდან უნდა დავიწყოთ. შესაბამისად, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა მისი ვადის გასვლით და სწორედ აქედან წამოიშვა სესხის სრულად დაფარვის მოთხოვნის ვალდებულებაც. შესაბამისად, 2016 წლის 24 მაისიდან (სარჩელის თავდაპირველად შეტანის თარიღი) უკან სამ წელში მოქცეული გრაფიკის მიხედვით გადასახდელი თანხები (რაც წარმოადგენს კიდეც მოსარჩელის მოთხოვნას) ხანდაზმული არ არის სამართლებრივი საფუძვლები 3.5. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ვალდებულების შესრულებას არა ერთდროულად, ერთიანად, არამედ განსაზღვრული პერიოდებით. მაგალითად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ერთი წლის გნმავლობაში, ნაწილ-ნაწილ, დროის განსაზღვრული პერიოდებით (ყოველთვიურად, ყოველკვარტალურად), გრაფიკის მიხედვით. პერიოდულად შესასრულებლად ითვლება ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. ასეთ შემთხვევაში, თითოეული ვალდებულების დარღვევა - თითოეულ პერიოდში განსაზღვრული თანხის დაუბრუნებლობა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას. ამგვარად განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისთვის კრედიტორის მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობას გარკვეული თავისებურება ახასიათებს. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 23 თებერვლის Nას-1144-1090-2014 გადაწყვეტილებით განმარტავს, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. შესაბამისად, თუ, მაგალითად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დადებულია ერთი წლის ვადით და გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად განსაზღვრული ოდენობებით, ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა თორმეტივე შესრულებისთვის ცალ-ცალკე აითვლება და შესაძლებელია ასეთ შემთხვევაში დადგეს მოთხოვნის არა სრულად, არამედ ნაწილობრივ ხანდაზმულობის საკითხი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2008 წლის 21 აპრილს შ-----ი ზ-------ემ სს თ----------ისაგან ისესხა 18 000 აშშ დოლარი. 4.2. ხელშეკრულება დაიდო 72 თვის ვადით, ე.ი. 2014 წლის 3 მაისამდე. სესხის სარგებლობისათვის მოვალეს უნდა გადაეხადა სარგებელი, წლიური 18%. 4.2. შ-----ი ზ-------ეს სესხი უნდა დაეფარა პერიოდულად, ყოველი თვის 3 რიცხვში, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. 4.3. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შ-----ი ზ-------ეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, 10 აშშ დოლარს დამატებული გადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 4.4. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად, 2008 წლის 21 აპრილს შ-----ი ზ-------ემ იპოთეკით დატვირთა კუთვნილი უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №0------------------. 4.5. 2008 წლის დეკემბრიდან შ-----ი ზ-------ემ ვალის დაფარვა შეწყვიტა. 4.6. სს თ----------მა ვალის დაბრუნების მოთხოვნით შ-----ი ზ-------ის მიმართ სარჩელი, თავდაპირველად, აღძრა 2016 წლის 24 მაისს, თუმცა მოგვიანებით მან იგი გაიხმო და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველი. 4.7. განმეორებით, აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ სარჩელი აღძრა 2017 წლის 30 იანვარს. 4.8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს თ----------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 4.8.1. შ-----ი ზ-------ეს აპელანტის სასარგებლოდ 1673,72 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. 4.8.2. გარდა ამისა, შ-----ი ზ-------ეს სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა 1591,84 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2017 წლის 4 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე. 4.8.3. ასევე, შ-----ი ზ-------ეს სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველდღიურად 1591,94 აშშ დოლარის 0,03%-ის გადახდა 2017 წლის 4 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე. 4.8.4. გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღსრულება მიექცა შ-----ი ზ-------ის კუთვნილ იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: №0------------------. 4.8.5. დადგინდა, რომ თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რელიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა ვალდებულების სრულად შესასრულებლად, აღსრულება უნდა მიქცეულიყო შ-----ი ზ-------ის კუთვნილ სხვა ქონებაზე. 4.9. ეს გადაწყვეტილება სს თ----------მა საკასაციო წესით მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა და მოწინააღმდეგე მხარისათვის, დამატებით, გადასახდელად 7874 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. 4.9.1. ამ თანხიდან - 2908,53 აშშ დოლარი შეადგენდა ძირითად თანხას; 3045,68 აშშ დოლარი - პროცენტს; 1863 აშშ დოლარი - პირგასამტეხლოს და 56,79 აშშ დოლარი - დაზღვევის თანხას. 4.9.2. გარდა ამისა, სს თ----------ი არ დაეთანხმა ფულადი ვალის დაუბრუნებლობისათვის სარგებლის გადახდის წესს. 4.10. შ-----ი ზ-------ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. 4.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. 4.11.1. როგორც აღინიშნა, მხარეებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სს თ----------ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში არ გაუსაჩივრებიათ. 4.11.2. ამის შესაბამისად, ამ ნაწილში, იგი კანონიერ ძალაშია შესული და პალატა მის კანონიერებას ვერ შეამოწმებს. სამართლებრივი დასაბუთება 4.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. 4.12.1. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კი თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან. 4.13. დადგენილია, რომ აპელანტმა ახალი სარჩელი პირველი სარჩელის განუხილველად დატოვებიდან ექვსი თვის ვადაში შეიტანა. 4.13.1. ამიტომ, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად 2016 წლის 24 მაისიდან ჩაითვალა. 4.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. 4.14.1. უდავოა, რომ შ-----ი ზ-------ეს აპელანტის მიმართ ვალდებულება უნდა შეესრულებინა პერიოდულად. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულობა დაიწყო თითოეული შესასრულებელი ვალდებულებიდან ცალ-ცალკე. 4.14.2. ხელშეკრულების თანახმად, შ-----ი ზ-------ეს ბოლო გადახდა უნდა განეხორციელებინა 2014 წლის 3 მაისს. 4.14.3. აპელანტმა სარჩელი აღძრა 2016 წლის 24 მაისს და ამის გამო, მისი სარჩელი ხანდაზმული არ არის 2013 წლის 24 მაისიდან 2014 წლის 3 მაისამდე წარმოშობილი ვალდებულებების ნაწილში. 4.15. ამ პერიოდში კი კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, შ-----ი ზ-------ეს აპელანტისათვის ძირითადი თანხის, სარგებლისა და სადაზღვევო პრემიის სახით უნდა გადაეხადა: 4.15.1. 2013 წლის 3 ივნისიდან 2014 წლის 3 მაისის ჩათვლით - 420,64+420,35+420,22+420+419,72+419,56+419,28+419,1+418,86+418,55+418,38+417,93= 5032,59 აშშ დოლარი; 4.15.2. 2013 წლის 24 მაისიდან 2013 წლის 3 ივნისამდე - 420,76/31X10=135,72 აშშ დოლარი; 4.15.3. ე.ი. სულ - 5032,59+135,72=5168,31 აშშ დოლარი. 4.15.4. მათ შორის, ძირითადი ვალი შეადგენდა 4500,37 აშშ დოლარს. 4.16. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 868-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, შ-----ი ზ-------ემ აპელანტს ზემოხსენებული თანხა უნდა გადაუხადოს. 4.16. როგორც აღინიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ-----ი ზ-------ეს აპელანტის სასარგებლოდ 1673,72 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. 4.16.1. ამიტომ, მას დამატებით, 5168,31-1673,72=3494,59 აშშ დოლარის გადახდა უნდა დაეკისროს. 4.17. პალატას მიაჩნია, რომ სს თ----------ის მოთხოვნა 2014 წლის 3 მაისიდან მოწინააღმდეგე მხარისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი არ არის. 4.17.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. 4.17.2. ამ ნორმის შესაბამისად, ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოვალემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი უნდა გადაიხადოს, მხოლოდ, მაშინ, როცა ეს ვალდებულება მხარეთა შორის შეთანხმებულია. 4.17.3. უდავოა, რომ არც-ერთი ხელშეკრულებით მხარეებს, ვადის გადაცილების შემთხვევაში, პროცენტის გადახდის ვალდებულება არ შეუთანხმებიათ. ამის გამო, სს თ----------ის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს. 4.18. ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, რომ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომერციული ბანკის, მათ შორის, ცხადია, სს თ----------ის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი საგანი კრედიტების გაცემა და აქედან მოგების მიღებაა. ამიტომ, ბანკისათვის სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყოველთვის ივარაუდება, რომ, ვალდებულების დარღვევის გამო, ბანკი შემოსავალს ვეღარ იღებს. 4.18.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 4.18.2. ამ ნორმის მიხედვით, სს თ----------ი უფლებამოსილი იყო მოპასუხისაგან მიუღებელი შემოსავალი მოეთხოვა, თუმცა, ამავდროულად, მას უნდა დაემტკიცებინა, რომ ეს შემოსავალი მხარეთა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის ტოლი, ე.ი. 18% იქნებოდა. 4.18.3. არც-ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მოწინააღმდეგე მხარისაგან დაბრუნებულ თანხას განმეორებით, მაინცდამაინც, 18%-იანი სარგებლით გასცემდა, სს თ----------ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. ამიტომ, ამ ნაწილში, მისი მოთხოვნა დაუსაბუთებელია. 4.19. თუმცა, პალატის აზრით, სს თ----------ს აპელანტის მიერ დასაბრუნებელი თანხით, უთუოდ, შეეძლო მიეღო სარგებელი სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის ოდენობით. 4.19.1. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 2016-2017 წლებისათვის სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების საშუალო არითმეტიკული, დაახლ. 10%-ს შეადგენს. 4.19.2. ამის შესაბამისად, შ-----ი ზ-------ემ სს თ----------ს, ვალდებულების შესრულებამდე, 2014 წლის 3 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე უნდა გადაუხადოს მიუღებელი შემოსავალი, ყოველწლიურად, სესხის ძირითადი თანხის, ე.ი. 4500,37 აშშ დოლარის 10%-ის ოდენობით. 4.19.3. ამის შესაბამისად, 2014 წლის 3 მაისიდან 2017 წლის 4 აპრილამდე შ-----ი ზ-------ეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4500,37X10%X2+4500,37X10%/12X11=1312,6 აშშ დოლარის გადახდა. 4.19.4. 2017 წლის 4 აპრილიდან გადაწყვეტილების ვალდებულების შესრულებამდე კი, დამატებით - 4500,37-1591,84=2908,53 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა. 4.20. გარდა ამისა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.6. და 2.7. პუნქტებით მხარეებს შეთანხმებული ჰქონდათ პირგასამტეხლო, ფიქსირებულად 10 აშშ დოლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 4.20.1. თუმცა, აპელანტმა შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა და 0,5-ის ნაცვლად მოწინააღმდეგე მხარისათვის 0,03%-ის დაკისრება მოითხოვა. 4.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416–ე მუხლის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები, მათ შორის – პირგასამტეხლო, თუმცა ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. 4.21.1. პალატას მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის დროს ყურადღებამისაქცევია დარღვეული ვალდებულების მოცულობა და ხასიათი: მაგალითად, თუ ვალდებულება სარგებლიანია და ეს სარგებელი მოვალეს ვალდებულების შეწყვეტამდე ეკისრება, იგი, შინაარსობრივად, შესრულებას დამოუკიდებლადაც უზრუნველყოფს – თუ მოვალე ვალს დროულად გადაიხდის, ნაკლები სარგებლის გადახდაც მოუწევს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალების, პირგასამტეხლოს ოდენობაც, სარგებლის ოდენობის უკუპროპორციული უნდა იყოს – ე.ი. რაც უფრო მაღალი იქნება სარგებელი, მით მცირე პირგასამტეხლო დაერიცხება ვალდებულების დამრღვევს. 4.21.2. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, თანაფარდობა დარღვეულ ვალდებულებასა და პირგასამტეხლოს ოდენობას შორის, დარიცხვის პერიოდი და ა.შ. 4.21.3. საბოლოოდ, პირგასამტეხლოს ოდენობა არც იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება გამოიწვოს და არც იმდენად მცირე – მოთხოვნის უზრუნველყოფა რომ ვერ შეძლოს. 4.21.4. როგორც აღინიშნა, შ-----ი ზ-------ემ სს თ----------ს სარგებელი უნდა გადაუხადოს ვალდებულების სრულად შესრულებამდე. ამის შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნას აღნიშნული პირობაც უზრუნველყოფს. 4.21.5. აპელანტის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გათვალისწინებით მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესასრულებელი ვალდებულება, წლიურ 21% სარგებელს უთანაბრდება; ამავდროულად, პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის გამო აპელანტის მიერ ყოველწლიურად მისაღებ სარგებელს აჭარბებს, რაც პალატის აზრით, არაგონივრულია. 4.21.6. ამის გამო, 2017 წლის 4 აპრილამდე შ-----ი ზ-------ის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და იგი 500 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს. 4.22. 2017 წლის 4 აპრილის შემდეგ გადასახდელი პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში მხარეებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. 4.22.1. ამის შესაბამისად, შ-----ი ზ-------ეს სს თ----------ის სასარგებლოდ, დამატებით, უნდა დაეკისროს ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის 4500,37-1591,94=2908,43 აშშ დოლარის 0,03%-ის გადახდა 2017 წლის 4 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე. 4.23. მხარეთა შეთანხმებით შ-----ი ზ-------ეს აპელანტის სასარგებლოდ სიცოცხლის დაზღვევის თანხაც უნდა გადაეხადა, თუმცა ეს თანხა მის მიერ ყოველთვიურად შესასრულებელ ვალდებულებაში შედიოდა. 4.23.1. ამის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის გადასახდელად დაკისრებული თანხა სადაზღვევო პრემიასაც მოიცავს. 4.24. როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრის ნაწილში მხარეებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ და, ამიტომ, აპელანტის ამ მოთხოვნას პალატა ვეღარ შეამოწმებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სს თ----------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება შ-----ი ზ-------ის მიმართ სს თ----------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. სს თ----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შ-----ი ზ-------ეს სს თ----------ის სასარგებლოდ, დამატებით, უნდა დაეკისროს 3494,59 აშშ დოლარის გადახდა. შ-----ი ზ-------ეს სს თ----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1312,6 აშშ დოლარის გადახდა. შ-----ი ზ-------ეს სს თ----------ის სასარგებლოდ, დამატებით, უნდა დაეკისროს 2908,53 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2017 წლის 4 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე. შ-----ი ზ-------ეს სს თ----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 500 აშშ დოლარის გადახდა. შ-----ი ზ-------ეს სს თ----------ის სასარგებლოდ, დამატებით, უნდა დაეკისროს ყოველდღიურად 2908,43 აშშ დოლარის 0,03%-ის გადახდა 2017 წლის 4 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, შ-----ი ზ-------ეს სს თ----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. 6.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე აპელანტის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრა 1092,37 ლარით. გარდა ამისა, აპელანტმა სააპელაციო საჩივრისათვის გადაიხადა 1291,77 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივრისათვის - 1000,9 ლარი, ე.ი. სულ - 3385,04 ლარი. 6.3. ამ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა (1673,72+3494,59+1312,6+500)/9547,72X100=73,11%. 6.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ-----ი ზ-------ეს აპელანტის სასარგებლოდ უკვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, 467,95 ლარის ანაზღურება. 6.5. ამიტომ, მან აპელანტს, დამატებით 3385,04X73,11%-467,95=2006,85 ლარი უნდა გადაუხადოს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. სს თ----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება შ-----ი ზ-------ის მიმართ სს თ----------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

3. სს თ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შ-----ი ზ-------ეს სს თ----------ის სასარგებლოდ, დამატებით, დაეკისროს 3494,59 აშშ დოლარის გადახდა;

5. შ-----ი ზ-------ეს სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1312,6 აშშ დოლარის გადახდა;

6. შ-----ი ზ-------ეს სს თ----------ის სასარგებლოდ, დამატებით, დაეკისროს 2908,53 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2017 წლის 4 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე;

7. შ-----ი ზ-------ეს სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 500 აშშ დოლარის გადახდა;

8. შ-----ი ზ-------ეს სს თ----------ის სასარგებლოდ, დამატებით, დაეკისროს ყოველდღიურად 2908,43 აშშ დოლარის 0,03%-ის გადახდა 2017 წლის 4 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე;

9. შ-----ი ზ-------ეს სს თ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2006,85 ლარის გადახდა;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

თამარ სვანიძე