განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3354-18 19 თებერვალი, 2019 წელი
თბილისი
თავმჯდომარე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
I აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) – ნ--- მ---------ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – ც-–---- ც--------ი
II აპელანტები (მოწინააღმდეგე მხარეები) – ს------- მ---------ი, ვ------- მ---------ი (მოსარჩელეები)
წარმომადგენელი – გიორგი ბერიაშვილი (ს------- მ---------ის წარმომადგენელი)
III აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ი----- მ---------ი (შეგებებული სარჩელის ავტორი)
დავის საგანი – გაზისა და წყლის მილების, გაზის მრიცხველის და საჩრდილობელის გადატანა, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა (ძირითად სარჩელებში), ფანჯრის ამოქოლვა (შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
I აპელანტი მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება;
II აპელანტი მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება;
III აპელანტი მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
მოსარჩელე ნ--- მ---------ის ძირითადი სარჩელი ი----- მ---------ისათვის მის სარგებლობაში არსებულ ფართზე განლაგებული თავისი გაზისა და წყლის მილების, გაზის მრიცხველის, საჩრდილობელის და კიბის საფეხურის თავის კუთვნილ ფართში გადატანის დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდა;
მოპასუხე ს------- მ---------ისათვის, მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ ფართზე განლაგებული თავისი წყლის საწრეტულის პირვანდელ ადგილზე გადატანის დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდა;
შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ი----- მ---------ის სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხე ნ--- მ---------მა ამოქოლოს მისი დამხმარე ფართის ფანჯარა, არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეების ი----- მ---------ის, ს------- მ---------ის და ვ------- მ---------ის სარჩელი მოპასუხე ნ--- მ---------ის მიმართ აღკვეთილ იქნეს მისი უკანონო ქმედება და მისი თანხმობის გარეშე მოხდეს მათ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული ცვლილებების დაკანონება-ლეგალიზება და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია, არ დაკმაყოფილდეს.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მხარეები ი----- მ---------ი, ვ------- მ---------ი, ნ--- მ---------ი და ს------- მ---------ი წარმოადგენენ უძრავი ქონების მესაკუთრეებს თითოეული 1/4 ნაწილზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ჩიხი გ-----ის 1----.
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 13, ტ.1)
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.2. ნ--- მ---------მა მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას იმ საფუძვლით, რომ ი----- მ---------მა გაზის მრიცხველი გამოიტანა და დაამაგრა მის კარებთან, გაზის მილები კი განათავსა მისი სახურავის თუნუქზე და საწრეტულზე, მოაწყო საჩრდილობელი, კედელზე მიდგმული აქვს თავისი კიბის საფეხური, ხოლო მეორე თანამესაკუთრე ს------- მ---------მა საწრეტული (ე.წ. ჟოლობი) მიამაგრა აივნის ბოძზე, აღნიშნულზე მერიამ უპასუხა, რომ ეს იყო კერძო კატეგორიის დავა და მიემართა სასამრთლოსთვის. ასეთი დავების გადაწყვეტა მათ კომპეტენციაში არ შედიოდა.
(მტკიცებულება: მერიის პასუხი, ს.ფ. 14, ტ.1)
2.2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ი----- მ---------მა სასამართლოს სხდომაზე წარმოადგინა 2016 წლის 22 იანვარს გაცემული სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც სურდა გაექარწყლებინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ნ--- მ---------ს ხელი არ ეშლებოდა არსებული მდგომარეობით, პირიქით დასკვნაში მითითებულია, რომ ნ--- მ---------ის სარგებლობაში არსებული სველი წერტილის გარე კედელზე მოწყობილი ი----- მ---------ის სარგებლობაში არსებული გაზის მილი და წყლის მილი მოწყობილია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, ხოლო ი----- მ---------ის სარგებლობაში არსებული შესასვლელი კარის მაღლა მოწყობილი საჩრდილობელი, შესასვლელი კიბე და გაზის მრიცხველი ტექნიკურად არ წარმოადგენს ხელშემშლელ ფაქტორს ნ--- მ---------ისათვის.
ქ. თბილისში, გ------------------ში მდებარე ნ--- მ---------ის სარგებლობაში არსებული სველი წერტილის გარე კედელზე მოწყობილი ფანჯარა გაღებულ მდგომარეობაში (პერპენდიკულარულ მდგომარეობაში) მოიცავს ი----- მ---------ის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის სივრცის ნაწილს, რა დროსაც აღნიშნული ფანჯარა ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ი----- მ---------ისთვის. კერძოდ, ხსენებული ფანჯარა გაღებულ მდგომარეობაში საფრთხის შემცველია ყველა იმ პირისათვის, ვინც სარგებლობს ი----- მ---------ის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლის კარით.
ქ. თბილისში, გ--------------------ში მდებარე ნ--- მ---------ის სარგებლობაში არსებულ სველ წერტილს არ გააჩნია გამწოვი ვენტილაცია და მისი განიავება ხდება გარე კედელზე მოწყობილი ფანჯრის საშუალებით.
ქ. თბილისში, გ------------ 1-----ში მდებარე ნ--- მ---------ის სარგებლობაში არსებული გაზის გამაცხელებლის გამწოვი მილის ნორმებთან შედარებაზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან საქართველოში მოქმედ კანონმდებლობაში არსებული სახის მილის ექსპლოატაციის პირობები არ ნორმირდება.
ნ--- მ---------ის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის ,------------- მიერ 2016 წლის 24 მაისს გაცემული დასკვნის მიხედვით ნ--- მ---------ის საცხოვრებელი ფართი ავარიულ მდგომარეობაშია, დამსკდარია კედლები, ჭერზე შეიმჩნევა სახურავიდან ჩამოსული წვიმის წყლის კვალი. ძირითადად დაზიანებულია კედელი, რომელიც ესაზღვრება ი----- მ---------ის საცხოვრებელ ფართს. დასკვნის თანახმად გ-------------------------ში არსებული საცხოვრებელი სახლის დღევანდელი მდგომარეობა არ შეესაბამება 2001 წლის 30 ნოემბერს შედგენილი საინვენტარიზაციო გეგმაში არსებულ ნახაზს.
2017 წლის 02 მარტს ი----- მ---------ის განცხადებით ინდ. მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორის დ---------------ის მიერ ჩატარებული და საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ,,ქ. თბილისში, გ-----ის ქუჩა 1 ჩ-------ში არსებულ თანასაკუთრებაში რიცხულ შენობა-ნაგებობის პარამეტრების ცვლილება 2001 წლის შემდგომ პერიოდში არ განხორციელებულა, ჩატარებულია მხოლოდ ზემოთხსენებული უმნიშვნელო სახის კეთილმოწყობითი თუ მდგომარეობის გაუმჯობესების სამუშაოები, რასაც პარამეტრები არ შეუცვლია და განხორციელებული მცირე მასშტაბიანი სამუშაოების შესრულების სავარაუდო პერიოდი სავარაუდოდ განისაზღვრება 10-15 წლის ხანდაზმულობით.
(მტკიცებულება: ექსპერტიზის დასკვნა, ს.ფ. 83-95, 152-164, ტ.1, 7-9 ტ. 3)
სასამართლომ სრულად არ გაიზიარა წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნები, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს თანასაკუთრებაში გააჩნიათ ერთი საერთო საკადასტრო კოდის ქვეშ მყოფი იდეალურ წილებად დარეგისტრირებული საკუთრება, მართალია, აღნიშნავენ, რომ მათ ბინებს ცალკ-ცალკე სახურავები აქვთ, მაგრამ საკუთრება გამიჯნული არ აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად კი ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
2.3. მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს დიდი ხნის განმავლობაში, რაზეც ხდება საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება და მათ მიერ ოქმების შედგენა.
(მტკიცებულება: შეტყობინებები, ოქმები, ს.ფ. 98-108, ტ.1.)
2.4. მხარეთა წინაპრები და თვითონ მოსარჩელე და მოპასუხეები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობენ მითითებულ მისამართზე, არიან ერთმანეთის ნათესავები, მათი ოჯახის წევრებზე გაცემული იქნა ნებართვები და გადაწყვეტილებები მიშენებისა თუ სათავსოების აშენების შესახებ. ნ--- მ---------ის საჩივრის საფუძველზე 2016 წლის 11 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის პასუხით და ვითარების ადგილზე შესწავლით დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული იზა მ---------ის საცხოვრებელი სახლის ეზოს მხარეს არსებული კედლის წინ წამოწევის ფაქტი არ დასტურდება და იგი განთავსებულია გ------------------ში არსებული შენობა- ნაგებობის საინვენტარიზაციო გეგმის შესაბამისად. ასევე მერიის ზედამხედველობის სამსახურის გაცემული ინფორმაციებით ოთხივე თანამესაკუთრეს მიეცა მითითება შენობაზე უნებართვოდ განხორციელებული რეკონსტრუქციების თაობაზე. ამავე პერიოდში ი----- მ---------მა და ს------- მ---------მა მოითხოვეს უნებართვოდ აშენებული ობიექტების ლეგალიზება, რაზეც უარი ეთქვათ.
(მტკიცებულება: გადაწყვეტილება, ნებართვა, წერილი, ს.ფ.137-147, 183, 196, ტ.1)
სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება. საქართველოს სს კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სსსკ-ის 102-ე მუხლი წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. ნეგატორულ მოთხოვნაზე სასარჩელო წარმოებისას, მოპასუხისგან მომდინარე ხელშეშლის არსებობის მტკიცების ტვირთი კი მოსარჩელეს ეკისრება.
2.5. სამოქალაქო საქმესთან სასამართლოს მიერ გაერთიანებული იქნა ვ-------, ს------- და ი----- მ---------ის სარჩელი ნ--- მ---------ის მიმართ, რომლის თანხმობის გარეშეც ითხოვდნენ მოსარჩელეები უნებართვოდ აშენებული ობიექტების ლეგალიზებას, მათ გასცეს თანხმობები, თუმცა ნ--- მ---------მა უარი განაცხადა აღნიშნულზე, შესაბამისად ოთხივე განმცხადებელს მიეცა 25 დღის ვადა, რაც მხარეთა მიერ არ შესრულებულა.
(მტკიცებულება: თანხმობები, მითითება, ს.ფ. 25-38, ტ.2)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები რეგისტრირებულნი არიან ერთი საერთო საკადასტრო კოდის მქონე შენობა-ნაგებობაში, მათი საკუთრება კანონისმიერად გამიჯნული არ არის და ფლობენ იდეალურ წილებს.
2.7. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
აღნიშნული მუხლით საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით“ (იხ. სუსგ ას-1041-998-2016, 12.02.2016; ას-843-809-2016, 26.10.2016).
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს, რომლებიც არიან თანამესაკუთრეები და გააჩნიათ იდეალური წილები, სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.
175-ე მუხლი განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.
იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.
2.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი განსაზღვრავს მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციპს, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. I აპელანტის ნ--- მ---------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტის განმარტებით, მის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა - 1. დაევალოს ი----- მ---------ს, მის სარგებლობაში არსებულ ფართზე განლაგებული მისი გაზისა და წყლის მილები, გაზის მრიცხველი, საჩრდილობელი და კიბის საფეხური გადაიტანოს თავის კუთვნილ ფართში; 2. დაევალოს ს------- მ---------ს, ნ--- მ---------ის საკუთრებაში არსებულ ფართზე განლაგებული თავისი წყლის საწრეტული გადაიტანოს პირვანდელ ადგილზე.
3.1.2. აპელანტის მითითებით, წარმოდგენილი ფოტოსურათებით, ექსპერტიზის დასკვნითა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის პასუხებით დასტურდება, რომ ნ--- მ---------ის მიერ მითითებული მილები, გაზის მრიცხველი, საჩრდილობელი და კიბის საფეხური მდებარეობს მოსარჩელის მიერ მითითებულ ადგილას და მოწყობილია თანამესაკუთრის - ნ--- მ---------ის თანხმობის გარეშე და ლახავს მის უფლებებს. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რატომ არ გაიზიარა ნ--- მ---------ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ.
სასამართლოს არ დაუსაბუთებია თუ რატომ არ დააკმაყოფილა ნ--- მ---------ის სარჩელი. რამდენადაც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან ირკვევა, უარის საფუძველია ის, რომ უძრავი ნივთი თანასაკუთრებას წარმოადგენს და თანამესაკუთრეებს გააჩნიათ იდეალური წილები. ეს არგუმენტი უსაფუძვლოა, ასეთ შემთხვევაშიც კი თანამესაკუთრეს გააჩნია თავისი უფლებები, რომლებიც არ უნდა შეილახოს სხვა თანამესაკუთრეთა მიერ.
3.2. II აპელანტების ს------- მ---------ის და ვ------- მ---------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.2.1. აპელანტების მითითებით, ერთ-ერთი თანამესაკუთრე არ აძლევს უფლებას სხვა სამ თანამესაკუთრეს კანონის შესაბამისობაში მოიყვანონ 2007 წლამდე განხორციელებული უმნიშვნელო ცვლილებების ლეგალიზება და წითელი ხაზების კორექტირება. ეს მაშინ, როცა ამ მოქმედების შესრულება ამ მესაკუთრის ნებაზეა დამოკიდებული და შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ყველა მესაკუთრე დააჯარიმა 10 000 ლარით, რომელმაც მომავალში შეიძლება მიიღოს პერმანენტული ხასიათი.
აპელანტების განმარტებით, ერთი თანამესაკუთრე უკანონოდ ხელყოფს სხვა დანარჩენი მესაკუთრეების საკუთრებას და ხელს უშლის მათ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ და კორექტირება გაუკეთონ ე.წ. „წითელ ხაზებს“.
3.2.2. აპელანტების მითითებით, სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ს------- მ---------ს და ვ------- მ---------ს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3.3. III აპელანტის ი----- მ---------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ შეგებებული სარჩელის განხილვისას არ მიიღო მხედველობაში, რომ ნ--- მ---------ის კუთვნილი დამხმარე ფართის - სველი წერტილის გარე კედელზე მოწყობილი ფანჯარა ღია მდგომარეობაში ხელს უშლის ი----- მ---------ის საკუთრებაში არსებულ ფართში შესვლას და წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს
3.3.2. აპელანტის მითითებით, მხედველობაში არ იქნა მიღებული, რომ თვით ნ--- მ---------ისა და ყველა მესაკუთრის მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილია აქტი და მიუხედავად იმისა, რომ აპელანტის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულების არსებობა იძლევა შესაძლებლობას მოხდეს წითელი ხაზების კორექტირება და ლეგალიზება, თუმცა ნ--- მ---------ის თანხმობის არ არსებობის გამო დანარჩენი მესაკუთრეები დაჯარიმდნენ 10 000 ლარის ოდენობით.
3.3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი უთხრა მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, გ------------ 1----, თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მხარეების ი----- მ---------ის, ვ------- მ---------ის, ნ--- მ---------ის და ს------- მ---------ის სახელზე, ამონაწერის თანახმად თითოეულის წილი განსაზღვრულია ¼-¼ ნაწილით (იხ. ტ.1, ს.ფ. 13);
4.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.01.2016წ. დასკვნის თანახმად:
ქ. თბილისში, გ------------------ში მდებარე ნ--- მ---------ის სარგებლობაში არსებული სველი წერტილის გარე კედელზე მოწყობილი ი----- მ---------ის სარგებლობაში არსებული გაზის მილი და წყლის მილი მოწყობილია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, ხოლო ი----- მ---------ის სარგებლობაში არსებული შესასვლელი კარის მაღლა მოწყობილი საჩრდილობელი, შესასვლელი კიბე და გაზის მრიცხველი ტექნიკურად არ წარმოადგენს ხელშემშლელ ფაქტორს ნ--- მ---------ისათვის.
ქ. თბილისში, გ------------------ში მდებარე ნ--- მ---------ის სარგებლობაში არსებული სველი წერტილის გარე კედელზე მოწყობილი ფანჯარა გაღებულ მდგომარეობაში (პერპენდიკულარულ მდგომარეობაში) მოიცავს ი----- მ---------ის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის სივრცის ნაწილს, რა დროსაც აღნიშნული ფანჯარა ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ი----- მ---------ისთვის. კერძოდ, ხსენებული ფანჯარა გაღებულ მდგომარეობაში საფრთხის შემცველია ყველა იმ პირისათვის, ვინც სარგებლობს ი----- მ---------ის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლის კარით.
ქ. თბილისში, გ-----ის ჩ-------ში მდებარე ნ--- მ---------ის სარგებლობაში არსებულ სველ წერტილს არ გააჩნია გამწოვი ვენტილაცია და მისი განიავება ხდება გარე კედელზე მოწყობილი ფანჯრის საშუალებით.
ქ. თბილისში, გ------------ 1-----ში მდებარე ნ--- მ---------ის სარგებლობაში არსებული გაზის გამაცხელებლის გამწოვი მილის ნორმებთან შედარებაზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან საქართველოში მოქმედ კნონმდებლობაში არსებული სახის მილის ექსპლოატაციის პირობები არ ნორმირდება (იხ. ტ.1, ს.ფ. 83-95)
4.3. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვექტორის“ მიერ 24.05.2016წ. გაცემული დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, გ------------------ში არსებული საცხოვრებელი სახლის დღევანდელი მდგომარეობა არ შეესაბამება 2001 წლის 30 ნოემბერს შედგენილი საინვენტარიზაციო გეგმაში არსებულ ნახაზს (იხ. ტ.1, ს.ფ. 153-156)
4.4. ი.მ დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორის „დ---------------ის“ დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, გ-----ის ქუჩა 1 ჩ-------ში არსებულ თანასაკუთრებაში რიცხულ შენობა-ნაგებობის პარამეტრების ცვლილება 2001 წლის შემდგომ პერიოდში არ განხორციელებულა, ჩატარებულია მხოლოდ ზემოთხსენებული უმნიშვნელო სახის კეთილმოწყობითი თუ მდგომარეობის გაუმჯობესების სამუშაოები, რასაც პარამეტრები არ შეუცვლია და განხორციელებული მცირემასშტაბიანი სამუშაოების შესრულების სავარაუდო პერიოდი სავარაუდოდ განისაზღვრება 10-15 წლის ხანდაზმულობით (იხ. ტ. 3, ს.ფ. 7-10);
4.5. საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დგინდება, რომ ფართში, რომელიც წარმოადგენს მოდავე მხარეების საერთო საკუთრებას, სხვადასხვა დროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული იყო ნებართვები გარკვეული სახის მშენებლობების განხორციელების შესახებ (იხ. ტ.1, ს.ფ. 137-139; 143);
4.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.03.2016წ. ნ--- მ---------ის სახელზე შედგენილ წერილში აღნიშნულია, რომ მიღებული მასალებისა და ვითარების ადგილზე შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული, იზა მ---------ის საცხოვრებელი სახლის ეზოს მხარეს არსებული კედლის წამოწევის ფაქტი არ დასტურდება და იგი განთავსებულია გ------------------ში არსებული შენობა-ნაგებობის საინვენტარიზაციო გეგმის შესაბამისად.
4.7. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნები ფორმულირებულია შემდეგნაირად: ნ--- მ---------ის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს ი----- მ---------ს მის სარგებლობაში არსებულ ფართზე განლაგებული თავისი გაზისა და წყლის მილების, გაზის მრიცხველის, საჩრდილობელის და კიბის საფეხურის გადატანა თავის კუთვნილ ფართში; დაევალოს ს------- მ---------ს, ნ--- მ---------ის სარგებლობაში არსებულ ფართზე განლაგებული თავისი წყლის საწრეტულის გადატანა პირვანდელ ადგილზე.
შეგებებული სარჩელით ი----- მ---------ი მოითხოვს დაევალოს მოპასუხე ნ--- მ---------ს ამოქოლოს მისი დამხმარე ფართის ფანჯარა;
ი-----, ს------- და ვ------- მ---------ების სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს - აღკვეთილ იქნეს მოპასუხე ნ--- მ---------ის უკანონო ქმედება, მისი თანხმობის გარეშე მოხდეს მათ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული ცვლილებების დაკანონება- ლეგალიზება და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია.
სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. თანასაკუთრების წარმოშობის მსგავს დანაწესს შეიცავს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლიც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. სამოქალაქო კოდექსის 955-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით, ისე რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მონაწილეთა სარგებლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
4.8. პალატა განმარტავს, რომ ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი ვითარების შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესს განსაზღვრავს. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი, დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით (იხ. სუსგ Nას-412-412-2018; 26.10.2018წ.).
ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალიწინებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, თუ რამდენად ეშლებათ ხელი მოსარჩელეებს - თანამესაკუთრეებს თავიანთი წილი საკუთრებით სარგებლობაში. აპელანტი (ძირითადი მოსარჩელე) ნ--- მ---------ი სააპელაციო საჩივარში მართალია მიუთითებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ფოტოსურათები, ექსპერტიზის დასკვნა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის პასუხი) დასტურდება, რომ სადავო გაზისა და წყლის მილები, გაზის მრიცხველი, საჩრდილობელი და კიბის საფეხური მოწყობილია მოპასუხის მიერ მისი თანხმების გარეშე, თუმცა მხარე ვერ ადასტურებს მისი უფლების შელახვის ფაქტს, კერძოდ, არ დგინდება თუ რა ზიანი ადგება მოსარჩელეს. პალატა მიუთითებს, რომ საკუთრებით ბოროტად სარგებლობად განიხილება ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მხიდან ასეთი გარემოების არსებობა დადასტურებული არ არის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.01.2016წ. დასკვნის თანახმად: ქ. თბილისში, გ------------------ში მდებარე ნ--- მ---------ის სარგებლობაში არსებული სველი წერტილის გარე კედელზე მოწყობილი ი----- მ---------ის სარგებლობაში არსებული გაზის მილი და წყლის მილი მოწყობილია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, ხოლო ი----- მ---------ის სარგებლობაში არსებული შესასვლელი კარის მაღლა მოწყობილი საჩრდილობელი, შესასვლელი კიბე და გაზის მრიცხველი ტექნიკურად არ წარმოადგენს ხელშემშლელ ფაქტორს ნ--- მ---------ისათვის.
რაც შეეხება, შეგებებულ სარჩელს - მოსარჩელე მიუთითებს, რომ ნ--- მ---------ს დამხმარე ფართში მოწყობილი აქვს სველი წერტილი, აღნიშნულ ფართს აქვს ფანჯარა, რომელსაც მოპასუხე იყენებს ფართის ვენტილაციისათვის. ფანჯარა არის ერთ ფრთიანი და გაღებულ მდგომარეობაში (პერპენდიკულარულად) მოიცავს მის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის სივრცის ნაწილს. პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა ასევე წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც დგინდება, რომ მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში) სადავო ფანჯარას იყენებს სველი წერტილის ვენტილაციისათვის, სამოქალაქო საპროცესო სამართაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის თანახმად, შეგებებული სარჩელის ავტორს ეკისრებოდა ვალდებულება დაედასტურებინა, რომ მოპასუხეს საცხოვრებელი ფართების განლაგების გათვალისწინებით შესაძლებლობა აქვს, სველი წერტილისათვის აუცილებელი ვენტილაცია განათავსოს სხვაგვარად, რომელიც მისაღები იქნება ასევე შეგებებული სარჩელის ავტორისთვისაც, თუმა ასეთი მტკიცებულებები ი----- მ---------ის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ როგორც ძირითადი, ასევე შეგებებული სარჩელი მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მოსარჩელეების ი----- მ---------ის, ს------- მ---------ის და ვ------- მ---------ის სასარჩელო მოთხოვნას - აღკვეთილ იქნეს მოპასუხე ნ--- მ---------ის უკანონო ქმედება, მისი თანხმობის გარეშე მოხდეს მათ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული ცვლილებების დაკანონება-ლეგალიზება და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია, პალატის შეფასებით მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას. ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა ხელშეშლის აღკვეთის შესახებ დავებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრის უფლების ხელყოფის დადგენა. განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხის მხრიდან უკანონო ქმედების განხორციელებას ადგილი არ აქვს, როგორც ამას მოსარჩელეები მიუთითებენ, არამედ, სარჩელით მოთხოვნილი ქმედების განხორციელება წარმოადგენს მესაკუთრის უფლებას და არა ვალდებულებას, შესაბამისად, ამ უფლების განხორციელება სწორედ მოპასუხის ნებაზეა დამოკიდებული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
4.9. სამეზობლო ურთიერთთმენის ვალდებულებას ადგენს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლი, რომლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობისა, ვალდებული არიან პატივი სცენ ერთმანეთს. აღნიშნული ნორმა არ არის დეკლარაციული ხასიათის და გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვისი საკუთრებისა თუ სხვა სამოქალაქო უფლებას, და თავიანთი უფლებები გამოიყენონ ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენონ სხვის უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.
ამდენად, კანონი უშვებს მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების არსებობას მხოლოდ კანონით დასაშვებ ფარგლებში და ამ ზემოქმედებათა თმენა სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც თანხმობაშია მეზობლების ურთიერთპატივისცემის მოვალეობასთან.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხელშეშლის ფაქტი, რაც სარჩელების დაკმაყოფიელბაზე უარის თქმის საფუძველია. რაც შეეხება, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრების პალატის შეფასებით, დაუსაბუთებელია და პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
საბოლოოდ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტებმა ვერ უზრუნველყვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ, შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა, რის გამოც არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ--- მ---------ის, ს------- მ---------ის, ვ------- მ---------ის და ი----- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია