განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
330100118002626409
ინსტანცია
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002626409

საქმე №1ბ/393-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ი-----–----------ას,ადვოკატ - ზ---------------ის,მსჯავრდებულ - მ--–--------------ას მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ--–--------------ას ადვოკატ ზ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მ--–----------–-----------------ას მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენით:

 

მ--–--------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მ--–--------------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--–--------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

მ--–--------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 03 აგვისტოდან.

 

მ--–--------------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენით, მ--–--------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

2018 წლის 02 აგვისტოს, დაახლოებით 12:00 საათზე ქ. თბილისი, ნავთლუღის ქუჩა №1----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, №1-- ავტობუსში მგზავრობისას, მ--–--------------ა შეეცადა აშკარად დაუფლებოდა რ------------–---–ის კუთვნილ ფულად თანხას. მ--–--------------ას ქმედების შედეგად რ------------–---–ს შესაძლებელია მისდგომოდა 100 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ--–--------------ას ადვოკატმა ზ---------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მ--–--------------ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედასტურებინა მ--–--------------ას მიერ დანაშაულის ჩადენა. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული იქნა მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - დაზარალებულ რ------------–---–ის არასარწმუნო და მიკერძოებული ჩვენება, რომელმაც სასამართლოს მოახსენა ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებების შესახებ. ამასთან მისი ჩვენება არ არის შესაბამისობაში მოწმე ი-----------–---–ის ჩვენებასთან. სასამართლოს ასევე არ უნდა გაეზიარებინა ამ უკანასკნელის ჩვენებაც იმის გამო, რომ მისი განმარტებით, აქვს ცუდი მხედველობა და იმ მომენტში სათვალე არ ეკეთა. ამასთან, გეთიაშვილი ადასტურებს მხოლოდ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არსებული დაპირისპირების ფაქტს, მას სხვა არაფერი დაუნახავს. ყოველივე აღნიშნულის საპიროსპიროდ სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდებულის დამაჯერებელი პოზიცია რეზო პაპაუაშვილთან მოხდარი კონფლიქტის თაობაზე, რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან.

 

დაცვის მხარე ასევე საეჭვო გარემოებებად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარეს არ უცდია გარე კამერების ჩანაწერების მოძიება, სადაც დაფიქსირდებოდა მომხდარი ფაქტი და საქმეზე არაა გამოკითხული მოწმეები, რომლებიც შეესწრნენ მომხდარს, რაც მისი შეფასებით, მიუთითებს გამოძიების არასრულყოფილად და მიკერძოებულად ჩატარებაზე.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა მ--–--------------ამ და ადვოკატმა ზ---------------ემ ითხოვეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

 

პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში მ--–--------------ას ბრალეულობა, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ------------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 12:00 საათისთვის, მგზავრობდა №1-- ავტობუსით ნავთლუღის ქუჩაზე. ავტობუსში მის გარდა იმყოფებოდა ბევრი მგზავრი. როდესაც ავტობუსი ისნის გაჩერებაზე გაჩერდა, ჩასვლისას იგრძნო, რომ მისი შარვლის მარჯვენა უკანა ჯიბეში სხვა პირს ჰქონდა ხელი ჩაყოფილი. მას შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბეში ედო ხუთი ცალი ოცლარიანი კუპიურა და საკუთრების დასაცავად სცადა დაეჭირა მძარცველის ხელი, თუმცა ამ უკანასკნელმა თავი გაითავისუფლა. ამასობაში კვლავ მოკიდა ხელი ხელზე და ცდილობდა კუთვნილი თანხის დაბრუნებას, რა დროსაც უცხო პირი მას წინააღმდეგობას უწევდა. ამ ჯაჯგურისას ჩავიდნენ ავტობუსიდან. ამასთანავე, ხელის ჩაჭიდების შემდეგ შემობრუნდა და შეხედა მძარცველს, ეს ყველეფერი ერთობლივად მოხდა. ავტობუსიდან ჩასვლის შემდეგ მძარცველმა სცადა გაქცევა, თუმცა შეძლო დაეჭირა მაისურით. ამ დროს ფიზიკურ შეურაცხყოფას არ ჰქონია ადგილი. შეხლა-შემოხლისას მძარცველის მაისური დაზიანდა და გაიხა, ხოლო მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო თავის გათავისუფლება, გაიხადა მაისური და გაიქცა წელს ზევით შიშველი. მოწმემ დააზუსტა, რომ ბრალდებულს მაისური უფრო ჯაჯგურის დროს გაეხადა, ვიდრე თვითონ გაიხადა. გაქცევამდე მას (მძარცველს) დაუცვივდა მისი (რ------------–---–ის) კუთვნილი ფულადი თანხა, ხოლო მაისურის ჯიბიდან გადმოცვივდა თავისი დოკუმენტაცია. იგი გაიქცა გზის მეორე მხარეს, ხოლო მან (დაზარალებულმა) აიღო კუთვნილი ფულადი თანხა და მძარცველის ნივთები, კერძოდ, მართვის მოწმობა, სოციალური დახმარების ბარათი და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ცნობა, ასევე გათამაშების ბილეთი, ერთი ფურცელი და ორი სათვალე. ყველა ოფიციალური დოკუმენტი გაცემული იყო მ--–--------------ას სახელზე, რომელიც ცდილობდა მის გაძარცვას. იგი შემთხვევის დღეს ატარებდა იარაღს, თუმცა არ გამოუყენებია. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილოება საგამოძებო მოქმედებებში, მათ შორის განმარტა, რომ ბრალდებული ამოიცნო საგამოძიებო მოქმედების - ამოცნობის ფარგლებში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----------–---–მა განაცხადა, რომ არის ავტობუსის მძღოლი. 2018 წლის 2 აგვისტოს სამსახურებრივი მოვალოების შესრულების ფარგლებში მართავდა №1-- ავტობუსს და გადაადგილდებოდა ფონიჭალიდან ვარკეთილის მიმართულებით. როდესაც ავტობუსი ისნის გაჩერებაზე გააჩერა, უკანა ხედვის სარკით აკვირდებოდა ჩამსვლელ მგზავრებს და დაინახა, რომ ავტობუსიდან ჩასულ ორ საშუალო ასაკის მამაკაცს შორის მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა. ხელით ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს, ასე აღიქვა, რომ თითქოს რაღაცას ართმევდა ერთი მეორეს. ამ დროს ერთ-ერთ მათგანს გაეხადა მაისური და წელს ზევით შიშველი გაიქცა გზის მეორე მხარეს. მოწმის განმარტებით, მაისური, რომელიც გაიხადა გაქცეულმა მამაკაცმა, იყო მოლურჯო ფერის. კამათში ჩარეული სხვა პირი არ შაუმჩნევია, ყველაფერი წამებში მოხდა. იგი სათვალეს ხმარობს კითხვის დროს, თუმცა ტრანსპორტის მართვისას მას სათვალე არ ჭირდება. ასევე არ უჭირს ფერების გარჩევა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების თანამშრომლებმა ვ---------------------------–-----–--–---–-------------------–-----------------------------------------–--–-–---–-------------------–---–-----------–----------მ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა და კანონთან შესაბამისობა.

 

მ--–--------------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს გადაადგილდებოდა №1-- ავტობუსით, რა დროსაც გაჩერებაზე ჩასვლამდე, მის წინ მდგომმა მამაკაცმა მოსთხოვა ფულადი თანხის დაბრუნება, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, რაზე ესაუბრებოდა მისთვის უცნობი მამაკაცი. აღნიშნულმა მამაკაცმა მოკიდა ხელზე ხელი და ეუბნებოდა, რომ გაყოლოდა პოლიციაში. სცადა თავის გათავისუფლება, თუმცა მისთვის უცნობმა მამაკაცმა იგი დაიჭირა მაისურით და ამ ფიზიკური შეხლა-შემოხლისას გაეხადა მაისური. იგი გადავიდა გზის მეორე მხარეს, იფიქრა დაბრუნებულიყო უკან, რათა დაებრუნებინა მისი კუთვნილი ნივთები, რომლებიც დაუცვივდა ფიზიკური შეხლა-შემოხლისას, თუმცა უცნობ მამაკაცს ქონდა იარაღი და ამჯობინა გარიდებოდა იქაურობას.

 

2018 წლის 2 აგვისტოს ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილების გამომძიებელმა - ვიქტორ მახარაძემ, რ------------–---–ისგან ამოიღო მოლურჯო ფერის მოკლესახელოიანი ზოლებიანი მაისური, წინა მარცხენა მხარეს ჯიბით, რომელზეც აქვს წარწერა ლათინური ასოებით. მაისურს წინა მხრიდან აღენიშნება დაზიანების (გახევის) კვალი. მარცხენა მკლავზე აქვს ასევე დაზიანების (გახევის) კვალი; ასევე ამოღებული იქნა მართვის მოწმობა, გაცემული 14/11/2014 წელს, 16/01/1963 წელს დაბადებულ მ--–--------------ას სახელზე (პ/ნ 0----------), თბილისის მერიის მიერ 06/10/2016 წელს გაცემული სოციალური შეღავათების ბარათი, მ--–--------------ას სახელზე, ნომრით - 1---------; შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ცნობა, რომელიც გაცემულია 02/06/2018 წელს მ--–--------------ას სახელზე და აქვს მოქმედების ვადა 31/12/2018 წლამდე; ფულადი გათამაშების ბილეთი ნომრით - 344282, რომელზეც კალმით აწერია „მ--–--------------ა“. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა კანონშესაბამისი წესით.

 

2018 წლის 3 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, რ------------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო რიგში მარჯვნიდან მეორე შუა ადგილას მდგომი პირი. მან იგი ამოიცნო პირ-სახით, წარბებით, ცხვირით, აღნაგობით, კანის ფერით და საერთო იერით. მის მიერ ამოცნობილი პირი არის მ--–--------------ა. ამოცნობის დაწყებამდე რ------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 12:12:20 საათის პერიოდში, ქ. თბილისში, ნავთლუღის ქუჩა №----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ--–--------------ა შეეცადა მისთვის ფულის წართმევას - გაძარცვას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენით, მ--–--------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. მ--–--------------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 7 მაისიდან, 2018 წლის 18 ივნისის ჩათვლით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები: რ------------–---–ისგან ამოღებული მოლურჯო ფერის ზოლებიანი მაისური, მართვის მოწმობა, თბილისის მერიის სოციალური შეღავათების ბარათი, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ცნობა, ფულადი გათამაშების ბილეთი, თეთრი ფერის ფურცელი წარწერებით, 2 (ორი) ცალი სათვალე, 5 (ხუთი) ცალი 20 ლარიანი კუპიურა. ხოლო ნივთიერი მტკიცებულებები: მ--–--------------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი „ნოკია“ იმეიკოდით: 3--------------; სამორინე „777“ -იანის ბარათი, 1 (ერთი) ცალი ბარათი წარწერით „silver”, მ--–--------------ას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; ფულადი თანხა: 1 (ერთი) 50 ლარიანი, 2 (ორი) ცალი 20 ლარიანი და 2 (ორი) ცალი ხუთლარიანი კუპიურა (საერთო ჯამში 100 ლარის ოდენობით), სალომბარდე ხელშეკრულება №2----- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

ამდენად, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობისა და საერთო ანალიზის ფონზე, პალატამ უნდა შეაფასოს საკითხი - რამდენად დამაჯერებელია მსჯავრდებულ მ--–--------------ას განმარტებები და რამდენად შესაბამისობაშია იგი გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის პოზიცია ემსახურება მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზანს და არ უნდა იქნეს გაზიარებული; გამოკვლეული მტკიცებულებები ცხადყოფენ, რომ მ--–--------------ას მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ------------–---–მა თანმიმდევრულად და დეტალურად მოახსენა სასამართლოს მისი გაძარცვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებული მოვლენები, მიუთითა ფულადი თანხის ოდენობაზე, რის დაუფლებასაც ცდილობდა ბრალდებული, ასევე ამ უკანასკნელის გარეგნობაზე და დაადასტურა, რომ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორცილედა კანონის სრული დაცვით, ზედმიწევნით და ობიექტურად. მისი ჩვენება არის საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია ამ უკანასკნელის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. როგორც რ------------–---–მა მიუთითა სასამართლო სხდომაზე, მან ავტობუსიდან ჩასვლისას იგრძნო, რომ მისი შარვლის მარჯვენა უკანა ჯიბეში სხვა პირს ჰქონდა ხელი ჩაყოფილი. მან დაიჭირა მძარცველის ხელი, თუმცა იგი უწევდა წინააღმდეგობას და ჯაჯგურით ჩავიდნენ ისინი ავტობუსიდან. დაზარალებულის განამრტებით, ყველაფერი ერთობლივად და სწრაფად მოხდა, თუმცა მან ნათლად დაადასტურა, რომ ხელის ჩაჭიდების შემდეგ შემობრუნდა და დაინახა ბრალდებული სახეზე. ვინაიდან იგი მ--–--------------ას იჭერდა მაისურით და იყო ურთიერთდაპირისპირება, ბრალდებულის მაისური დაზიანდა და გაიხა. რ------------–---–მა დააზუსტა, რომ ბრალდებულს მაისური უფრო ჯაჯგურის დროს გაეხადა, ვიდრე თვითონ გაიხადა და სწორედ ამის შემდეგ გაიქცა იგი. გაქცევამდე კი დაუცვივდა დაზარალებულის კუთვნილი ფულადი თანხა და ასევე თავისი კუთვნილი ნივთები. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მან საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ამოიცნო ბრალდებული მ--–--------------ა, რომელიც 2018 წლის 2 აგვისტოს ცდილობდა მის გაძარცვას. შესაბამისად, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, რომ დაზარალებულის ჩვენება არის ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამჯერებელი. რ------------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციაში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მისი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმდინა, არ გამოვლენილა. გარდა აღნიშნულისა, სხდომაზე არ დადასტურებულა, თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდა დაზარალებულს, რომ არასწორად მიეთითებინა მსჯავრდებულზე.

 

რ------------–---–ის ჩვენება ურთიერთთავსებადია და გამყარებულია საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმე ი-----------–---–ის ჩვენებით და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით. ი-----------–---–ის განმარტებით, იგი უკანა ხედვის სარკით აკვირდებოდა ჩამსვლელ მგზავრებს და დაინახა, რომ ავტობუსიდან ჩასულ ორ მამაკაცს შორის მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა. ის გარემოება, რომ მოწმემ მხოლოდ ავტობუსიდან ჩასვლის შემდეგ შენიშნა აღნიშნულ პირებს შორის არსებული დაპირისპირების ფაქტი, არ გამორიცხავს დაზარალებულის მიერ ბრალდებულისათვის ხელის ჩაჭიდებას ავტობუსშივე და ავტობუსის ამ მდგომარეობაში დატოვებას. ი-----------–---–მა დაადასტურა, რომ ეს ორი პირი ხელით ეჯაჯგურებოდა ერთმანეთს. მას არ დაუნახავს, რომელიმე რაიმე ნივთს თუ ართმევდა მეორეს, თუმცა მათი მოქმედებებიდან გამომდინარე ასე აღიქვა, რომ თითქოს ერთი ცდილობდა მეორისაგან რაღაცის დაუფლებას. მოწმემ დაზარალებულის იდენტურად დაადასტურა, რომ ერთ-ერთ პირს გაეხადა მოლურჯო ფერის მაისური და წელს ზემოთ შიშველი გაიქცა ადგილიდან. მისი განმარტებით, ტრანსპორტის მართვისას სათვალე არ ჭირდება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოწმეს ქუჩაში გადაადგილება და მის თვალწინ განვითარებული მოვლენების დანახვა სათვალის გარეშეც უპრობლემოდ შეუძლია. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----------–---–მა თანმიმდევრულად და დაზარალებულის ჩვენების იდენტურად აღწერა ამ უკანასკნელის ფულადი თანხის დაუფლებასთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები. რ------------–---–ი და ი-----------–---–ი საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტებს ასახავენ ურთიერთთთანხვედრილად და არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები მათ ჩვენებებში არ არის გამოვლენილი.

 

რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, პალატა განმარტავს, რომ დაზარალებულსიაგან ნივთების ამოღების და მის მიერ ბრალდებულის ამოცნობის ოქმებით კიდევ ერთხელ უტყუარად იქნა დადასტურებული რ------------–---–ის ჯიბიდან მ--–--------------ას მიერ ფულადი თანხის დაუფლების მცდელობის ფაქტი. კერძოდ, ამოღების ოქმის თანახმად, რ------------–---–ისგან ამოღებული იქნა იმ პირის კუთვნილი ნივთები, რომელიც ცდილობდა მის გაძარცვას, ესენია: მოლურჯო ფერის მოკლესახელოიანი ზოლებიანი მაისური, მ--–--------------ას სახელზე გაცემული დოკუმენტები: მართვის მოწმობა, სოციალური შეღავათების ბარათი, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ცნობა, ასევე ფულადი გათამაშების ბილეთი წარწერით „მ--–--------------ა“. ამოცნობის ოქმის თანახმად კი, რ------------–---–მა პირ-სახით, წარბებით, ცხვირით, აღნაგობით, კანის ფერით და საერთო იერით ამოიცნო მ--–--------------ა, პირი, რომელიც 2018 წლის 2 აგვისტოს, ქ. თბილისში, ნავთლუღის ქუჩა №----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცდილობდა მისთვის ფულის წართმევას. საქმის მასალებით, დგინდება რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას; მათი ჩატარებისას არ გამოვლენილა კონონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად, ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. აღნიშნული ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა და შესაბამისად, პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ კანონიერებასა და ავთენტურობაში.

 

რაც შეეხება თავად მსჯავრდებულის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც ავტობუსიდან ჩასვლისას დაზარალებულმა მას მოსთხოვა ფულადი თანხის დაბრუნება, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა ეს პირი რაზე ესაუბრებოდა და ვინაიდან დაზარალებულს ჰქონდა იარაღი, ამჯობინა სწრაფად გარიდებოდა არსებულ ვითარებას, პალატა თვლის, რომ აღნიშნული ჩვენების გაზიარების საფუძველი არ არსებობს. ბრალდებულის მიერ გაჟღერებული გარემოებები არ შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და აშკარად მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. დაცვის მხარე ასევე აპელირებს, რომ წარმოუდგენელია მ--–--------------ას ეცადა იმ პირის თანხის დაუფლება, რომელიც ატარებდა იარაღს, თუმცა ბრალდებულის მხრიდან სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული, რომ ქმედების ჩადენამდე ან ჩადენის დროს მას აღქმული ჰქონდა რ------------–---–ის მიერ იარაღის ტარების ფაქტი. მით უფრო, დაზარალებულმა განმარტა, რომ აღნიშნული ურთიერთდაპირისპირების დროს მისი კუთვნილი იარაღი საერთოდ არ გამოუყენებია.

 

დაცვის მხარე უთითებს გამოძიების ხარვეზებზეც და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ უცდია გარე კამერების ჩანაწერების მოძიება, სადაც დაფიქსირდებოდა მომხდარი ფაქტი და საქმეზე არაა გამოკითხული მოწმეები, რომლებიც შეესწრნენ მომხდარს. პალატა რათქმა უნდა, ბრალდების მტკიცების ტვირთს არ აკისრებს დაცვის მხარეს, თუმცა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით, დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულებები, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა სათანადო წესით და აპელანტი მხოლოდ ზეპირსიტყვიერად უთითებს, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის დაპირისპირება აღბეჭდილი იქნებოდა ვიდეოჩანაწერებზე. ბუნებრივია, თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და მათ შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. თუმცა მათი წარმოუდგენლობის შემთხვევაშიც, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ქმნიან მ--–--------------ას დამნაშავედ ცნობისათვის საკმარის, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

ამდენად, არ არსებობს საფუძველი, რათა გაზიარებული იქნეს დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოს საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მ--–--------------ას მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა იქონია თითოეული მტკიცებულებით დადგენლი ფაქტობრივ გარემოებებზე და შეაფასა ისინი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, რის საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ მ--–--------------ას მიერ რ------------–---–ის ძარცვის მცდელობის ფაქტს.

 

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მ--–--------------ას მიერ ჩადენილია ძარცვის მცდელობა არაერთგზის. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენით, მ--–--------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად ამავე გამოსაცდელი ვადით და განსახილველი ქმედების ჩადენის - 2018 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით, მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.

 

განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა იგი უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში. აუცილებელია არა, სახეზე იყოს მტკიცებულებათა სიმრავლე და მათი „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი მტკიცებულებები იყოს ისეთი კატეგორიული ხასიათისა და ძალის, რაც გადაწონის დაცვის მხარის ვერსიას პირის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და ობიექტური დამკვირვებლისთვის არ დატოვებს ეჭვს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად განახორციელა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება. ასევე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში დაეჭვების რისკი, შესაბამისად, მცირდება დამხმარე მტკიცებულებათა წარმოდგენის საჭიროება (Jalloh v. Germany, №54810/00 11/07/2006; § 96;).

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ მ--–--------------ამ ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულ მ--–--------------ას მიმართ დანიშნული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელი; ამასთან, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გამოყენებულია სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენი მ--–--------------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ მ--–--------------ას და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენი;

 

მ--–--------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მ--–--------------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--–--------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

მ--–--------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 03 აგვისტოდან.

 

მსჯავრდებულ მ--–--------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- რ------------–---–ისგან ამოღებული მოლურჯო ფერის ზოლებიანი მაისური, მართვის მოწმობა, თბილისის მერიის სოციალური შეღავათების ბარათი, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცნობა, ფულადი გათამაშების ბილეთი, თეთრი ფერის ფურცელი წარწერებით, 2 (ორი) ცალი სათვალე, 5 (ხუთი) ცალი 20 ლარიანი კუპიურა და მ--–--------------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი „ნოკია“ იმეიკოდით: 3--------------; სამორინე „777“ -იანის ბარათი, 1 (ერთი) ცალი ბარათი წარწერით „silver”, მ--–--------------ას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; ფულადი თანხა: 1 (ერთი) 50 ლარიანი, 2 (ორი) ცალი 20 ლარიანი და 2 (ორი) ცალი ხუთლარიანი კუპიურა (საერთო ჯამში 100 ლარის ოდენობით), სალომბარდე ხელშეკრულება №2----, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე