განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150210017001970897
საქმე №2ბ/5661-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - ე-–----------------
მოწინააღმდეგე მხარე - ს-----------------ი“
წარმომადგენელი - ლ------------ე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, მოპასუხის გამოსახლება და უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 15.08.2017 წლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 15.08.2017 წლის გადაწყვეტილებით:
1. სს ”კ------- ბ---ის” სარჩელი მოპასუხე ე-–----------------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ე-–----------------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სს ”კ------- ბ---ის” კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ა---–---–------------–------–------, საკადასტრო კოდით 6----------- და მოსარჩელე სს ”კ------- ბ---ს” გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2017 წლის 17 მარტს დასრულებულ იძულებით, საჯარო აუქციონზე სს „კ------- ბ---ი“-ს მიერ შეძენილ იქნა ე-–----------------ის პ/ნ 0---------- არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ა---–---–------------–------–------ ს/კ 6-----------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: 2017 წლის 23 მარტის განკარგულება;
აღნიშნული ქონება სს „კ------- ბ---ი“-ს მიერ შეძენილ იქნა 1750 (ერთი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარად. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 23 მარტის #1--------------- განკარგულების (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ) საფუძველზე, შემძენის მიერ მოხდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქონების რეგისტრაცია და 2017 წლის 13 აპრილის #8----------- გადაწყვეტილების საფუძველზე, მესაკუთრედ დარეგისტრირდა სს „კ------- ბ---ი“.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: 2017 წლის 23 მარტის განკარგულება; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
2017 წლის 13 აპრილიდან დღემდე მოპასუხე უკანონოდ სარგებლობს მოსარჩელის მარწმუნებელი ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მას, მოსარჩელის გაფრთხილების მიუხედავად, მესაკუთრე უარს აცხადებს კანონიერი მესაკუთრისათვის ფართის დათმობაზე, არ აძლევს ორგანიზაციას თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის და დანიშნულებისამებრ გამოყენების უფლებას, რითაც ილახება მესაკუთრის კანონიერი უფლებები. 2017 წლის 11 მაისს მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილიც და მიეცა 10 დღის ვადა ფართის დატოვებისათვის, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: გაფრთხილების წერილი ფართის დატოვებაზე; ფოსტის უკუგზავნილი;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ანმემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთი გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათიუზუსტობა.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: მდებარე: ა---–---–------------–------–------, საკადასტრო კოდით 6----------- საკუთრების უფლებით ეკუთვნის სს ”კ------- ბ---ს”.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ე-–----------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ქონება, მდებარე: ა---–---–------------–------–------, საკადასტრო კოდით 6----------- და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე სს ”კ------- ბ---ს”.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტების განმარტებით, უნდა გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 15.08.2017 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ს-----------------მა“ ისარგებლა იმ გარემოებით, რომ აპელანტმა არ იცის ქართული ენა რის შედეგადაც გაფორმდა მასთან ხელშეკრულება კაბალური პირობებით და მოხდა მიზერულ თანხად სადავო უძრავი ქონების გასხვისება. აპელანეტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, ასევე, მის მძიმე მატერიული პირობებზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,2017 წლის 17 მარტს დასრულებულ იძულებით, საჯარო აუქციონზე სს „კ------- ბ---ი“-ს მიერ შეძენილ იქნა ე-–----------------ის პ/ნ 0---------- არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ა---–---–------------–------–------ ს/კ 6-----------.
აღნიშნული ქონება სს „კ------- ბ---ი“-ს მიერ შეძენილ იქნა 1750 (ერთი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარად. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 23 მარტის #1--------------- განკარგულების (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ) საფუძველზე, შემძენის მიერ მოხდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქონების რეგისტრაცია და 2017 წლის 13 აპრილის #8----------- გადაწყვეტილების საფუძველზე, მესაკუთრედ დარეგისტრირდა სს „კ------- ბ---ი“.
2017 წლის 13 აპრილიდან დღემდე აპელანტი უკანონოდ სარგებლობს ს-----------------ის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ მას, ს-----------------ის“ გაფრთხილების მიუხედავად, აპელანტი უარს აცხადებს კანონიერი მესაკუთრისათვის ფართის დათმობაზე, არ აძლევს ორგანიზაციას თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის და დანიშნულებისამებრ გამოყენების უფლებას, რითაც ილახება მესაკუთრის კანონიერი უფლებები. 2017 წლის 11 მაისს აპელანტს გაეგზავნა გაფრთხილების წერილიც და მიეცა 10 დღის ვადა ფართის დატოვებისათვის, თუმცა უშედეგოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთი გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათიუზუსტობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: მდებარე: ა---–---–------------–------–------, საკადასტრო კოდით 6----------- საკუთრების უფლებით ეკუთვნის სს ”კ------- ბ---ს”.
პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ს-----------------ი“ არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო აპელანტს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან კანონისმიერი საფუძველი მესაკუთრის უფლების შებოჭვისათვის და შესაბამისად, ს-----------------ი“ უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 15.08.2017 წლის გადაწყვეტილება;
3.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
ხათუნა არევაძე