განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002567674
საქმე №1/ბ-141-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ თ-------- გ----–---–ის
გამართლებულის _ ბ------ თ----------ის
ადვოკატის _ ნ-------- გ-----–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ბ------ თ----------ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ--------–------–---------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ------ თ----------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 09 ივნისს, ქ.ბათუმში, ა-----–-------–------------------------- ს----–---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნასამართლევი ბ------ თ----------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ფარულად დაეუფლა ა-–--------------ის კუთვნილ საფულეს, მასში მოთავსებულ მობილურ ტელეფონს, ფულად თანხას 100 (ასი) ლარის ოდენობით და სხვა პირად ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიადგა 850 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
ზემოაღნიშნულის გამო ბ------ თ----------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:
ბ------ თ----------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ბ------ თ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
შემთხვევის ადგილის ამსახველი ერთი ცალი დისკი, შპს „---–---დან” გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის ერთი ცალი DVD დისკი, ბ------ თ----------ის პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტოების დისკი, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
ბ------ თ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ანდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ბ------ თ----------ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ------ კ---–--–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ბ------ თ----------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, მათ შორის, დაზარალებულ ა-–--------------ის ჩვენება, მოწმეების: ბ------ ი---–---–ის და ზ----- მ------–--ის ჩვენებები, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი საკმარისია ბ------ თ----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. აპელანტის მითითებით, ბ------ თ----------ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, საბანკო ბარათები, სამი ცალი სანთებელა, პატარა ზომის ხატი, ერთი ცალი ბეჭედი, ერთი ცალი კრიალოსანი და შავი ფერის საფულე მასში არსებული ფულადი თანხით, რომელთა დათვალიერებისას დადგენილი გარეგნული მონაცემები სრულად შეესაბამება დაზარალებულის მიერ აღწერილ მონაცემებს, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბ------ თ----------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები (ხატი და ბეჭედი) წარმოადგენს ა-–--------------ის კუთვნილებას, ამასთან, ამოღებული ფულადი თანხის ოდენობა ფაქტობრივად ემთხვევა დაზარალებულის მიერ დასახელებულ ოდენობას.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა თ-------- გ----–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა ბ------ თ----------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-------- გ-----–--ემ ითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ბ------ თ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ბ------ თ----------ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებსაც ეფუძნება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ვერ აკმაყოფილებს პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და საკმარისი არ არის დასკვნისათვის, რომ ბ------ თ----------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:
დაზარალებულ ა-–--------------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 09 ივნისს, შუადღის საათებში, მან თავისი შვიდი თვის შვილი ა----- კ---------ი საბავშვო ეტლით წაიყვანა სასეირნოდ, რა დროსაც თან ახლდნენ 6 წლის ქალიშვილი ე-–--- კ---------ი და ბიძაშვილი კ------ ზ----------ი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. საფულე, რომელშიც თანხა და მობილური ტელეფონი ჰქონდა მოთავსებული, ეტლის ჯიბეში ჩადო. ისინი მოძრაობდნენ წ-------–ის ქუჩაზე. გზაში ტელეფონზე დაურეკა ვიღაცამ და მანაც უპასუხა. ამ დროს აქეთ-იქეთ იხედებოდა და თვალში მოხვდა მისთვის მანამდე უცნობი პიროვნება _ ბრალდებული ბ------ თ----------ე, რომელსაც ყვითელი კრიალოსანი ეჭირა. საუბრის დასრულების შემდეგ ტელეფონი ისევ საფულეში ჩადო და ეტლის უკანა ჯიბეში მოათავსა. სიარულის დროს აღნიშნული პიროვნება მასთან ახლოს მოძრაობდა, რამაც მიიქცია მისი ყურადღება. გზად ის და მისი ბიძაშვილი ერთ-ერთი მაღაზიის დახლთან შეჩერდნენ, რა დროსაც ბავშვის ეტლი წამიერად უყურადღებოდ დატოვა. როცა ნივთის ყიდვა გადაწყვიტა და მიტრიალდა, დაინახა, რომ ადგილზე აღარ იყო საფულე, რომელშიც ჰქონდა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ფული _ ხუთი ოცლარიანი და ერთი ხუთლარიანი კუპიურა, ღვთისმშობლის ხატი, აფთიაქების ბარათები, „ბიბლუსის“ ბარათი, ავტობუსის ბარათი და თავისი პირადობის მოწმობა. მიიხედ-მოიხედა და დაინახა ბრალდებული ბ------ თ----------ე, რომელიც ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა. ამის შემდეგ ბავშვები სახლში დატოვა და ისევ იმ ადგილას დაბრუნდა, რათა გამყიდველისთვის ეკითხა საფულე იქ ხომ არ ამოვარდნია. ამ დროს დაინახა ორი პოლიციელი, რომლებსაც მოუყვა მომხდარის შესახებ. მათ წაიყვანეს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, სადაც დაწერა განცხადება და დაკითხვისას დაწვრილებით მოყვა ყველაფერი.
ადვოკატის შეკითხვებზე დაზარალებულმა ა-–--------------მა განმარტა, რომ ტელეფონზე საუბრის დროს ბრალდებული ბ------ თ----------ე საეჭვოდ უყურებდა და ამიტომ მიაქცია მას ყურადღება. იმ დროს ქალაქში ახალი მომხდარი იყო ქალის მკვლელობა, რის შემდეგაც ყველაფერს საეჭვოდ უყურებდა. როდესაც დახლთან ბავშვის ტანსაცმელს არჩევდა, ერთი-ორი წუთით ყურადღება ვეღარ მიაქცია ბავშვის ეტლს, რომელთანაც ზურგით იდგა. ბრალდებული დახლის გვერდით იდგა კედელთან. იმ დროს დახლთან სხვა ადამიანები არ მოძრაობდენ, გამყიდველი იყო და მისი ბიძაშვილი ორი ბავშვით. საფულის ამოღება მას არ დაუნახავს, მაგრამ დაინახა, რომ ბრალდებულმა სწრაფად ჩაუარა გვერდით და წავიდა. მასზე ეჭვი იმიტომ მიიტანა, რომ ირგვლივ სხვა არავინ იმყოფებოდა. თავიდან არ უფიქრია, რომ საფულე მან მოპარა, ეგონა, რომ დაუვარდა და რეკავდა კიდეც თავის ნომერზე. შემდეგ დაინახა პოლიციელები, რომლებმაც ჰკითხეს რა ხდებოდა და როდესაც აუხსნა ყველაფერი, განყოფილებაში წაიყვანეს. იქ განაცხადა, რომ შენიშნა საეჭვო პიროვნება, მაგრამ მისი ვინაობა არ იცოდა. საღამოს დაურეკეს და მიიყვანეს ამოცნობაზე, რა დროსაც ამოიცნო აღნიშნული პიროვნება. ამოცნობის შემდგომ იგი აფორიაქდა და ამბობდა _ რას მაბრალებთ, არაფერი ჩამიდენიაო.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხული შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების _ ზ----- მ------–--ის და ბ------ ი---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 09 ივნისს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და დაახლოებით 16 საათზე, ფეხით გადაადგილდებოდნენ ქ.ბათუმში, წ-------–ის ქუჩაზე, რა დროსაც ისინი შეაჩერა ქალბატონმა და უთხრათ, რომ მისთვის უცნობმა მამაკაცმა ბავშვის ეტლის ჯიბიდან მოპარა საფულე, რომელშიც ჰქონდა ფულადი თანხა, ტელეფონი, ბეჭედი და სხვა პირადი ნივთები. იგი განმარტავდა, რომ უშუალოდ ქურდობის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ საფულე მოპარა მამაკაცმა, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში დაყვებოდა და საეჭვოდ იქცეოდა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბ------ თ----------ის მიერ წარმოდგენილი იქნა შავი ფერის საფულე და მასში მოთავსებული 5 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, 50 თეთრის მონეტები, 1 ცალი კრიალოსანი მოყვითალო ფერის, ოქროსფერი თვლებიანი ბეჭედი, 1 ცალი მცირე ზომის საეკლესიო ხატი, 1 ცალი „ფარმადეპოს“ ბარათი, 1 ცალი კაზინოს ბარათი, 2 ცალი სანთებელა, 1 ცალი მობილური ტელეფონი, „თიბისი ბანკის“ 2 ცალი ბარათი, 1 ცალი დომინოს ქვა, 1 ცალი სარეკლამო ბარათი, 1 ცალი მეტროს ბარათი და 1 ცალი პირადობის მოწმობა. ამოღებული ნივთები დაილუქა შსს-ს ნივთმტკიცებებისათვის განკუთვნილ სპეციალურ პაკეტებში.
პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ა-–--------------მა ამოიცნო ბ------ თ----------ე და განმარტა, რომ სწორედ ის იყო პირი, რომელმაც 2018 წლის 09 ივნისს, ქ--------–-----–-------–-----------, საბავშვო ეტლის ჯიბიდან მოპარა თავისი კუთვნილი საფულე მასში არსებული ნივთებით. ის დარწმუნებულია, რომ სწორედ აღნიშნული მამაკაცი დაყვებოდა უკან წ-------–ის ქუჩაზე ფეხით გადაადგილებისას და სწორედ მან მოიპარა მისი კუთვნილი საფულე.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ნ------ ბ-----ემ, დაზარალებულ ა-–--------------ის მონაწილეობით, მოახდინა მოწმე ბ------ თ----------ისაგან ამოღებული ერთი ცალი ბეჭდის და ერთი ცალი მცირე ზომის ხატის გახსნა და დათვალიერება, შემდგომში დაზარალებულ ა-–--------------თან ამოცნობის ჩატარების მიზნით. მის მიერ გახსნილი იქნა შსს-ს ნივთმტკიცებებისათვის განკუთვნილი პოლიეთილენის სპეციალური პაკეტები, საიდანაც ამოღებული იქნა ერთი ცალი ბეჭედი და ერთი ცალი მცირე ზომის ღვთისმშობლის ხატი. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებში მითითებულია, რომ დათვალიერებული ნივთები დაილუქებოდა ამოცნობის ჩატარების შემდგომ. ოქმები ხელმოწერილია უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ნ------ ბ-----ის და დაზარალებულ ა-–--------------ის მიერ.
ნივთის ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ დაზარალებულ ა-–--------------ს სხვა მსგავს ნივთებთან ერთად ამოსაცნობად წარედგინა ოქროსფერი ბეჭედი მოთეთრო ფერის თვლებით და ღვთისმშობლის ხატი, რომლებიც ამოცნობის ჩატარებამდე რამდენიმე წუთით ადრე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ნ------ ბ-----ის მიერ ამოღებული იქნა ნივთმტკიცებებისათვის განკუთვნილი სპეციალური პაკეტებიდან და დათვალიერდა მისივე (დაზარალებულ ა-–--------------ის) მონაწილეობით. ა-–--------------მა ამოიცნო აღნიშნული ბეჭედი და ხატი და განმარტა, რომ ისინი წარმოადგენდა მის საკუთრებას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ბ------ თ----------ემ განაცხადა, რომ ა-–--------------ის კუთვნილი ნივთები მას არ მოუპარავს და თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბ------ თ----------ის მიერ ა-–--------------ის კუთვნილი ნივთების ქურდობის ფაქტს, კერძოდ:
ბ------ თ----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ემყარება მისი პირადი ჩხრეკის ოქმს, რომლის თანახმად, ჩხრეკის შედეგად ბ------ თ----------ისგან სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ოქროსფერი თვლებიანი ბეჭედი და მცირე ზომის საეკლესიო ხატი (რომლებიც, ბრალდების მხარის მტკიცებით, ეკუთვნოდა დაზარალებულ ა-–--------------ს) და ამ ნივთების დაზარალებულის მიერ ამოცნობის ოქმებს. სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ხსენებული ბეჭდისა და ხატის ამოცნობა ჩატარდა კანონდარღვევით და ეს მტკიცებულებები არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მიერ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი განსაზღვრავს ამოცნობის ჩატარების წესს და ადგენს ამოცნობის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძვლებს. ხსენებული მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამოცნობის ჩატარებამდე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ნ------ ბ-----ემ დაზარალებულ ა-–--------------ის მონაწილეობით გახსნა და დაათვალიერა ბ------ თ----------ისაგან ამოღებული ბეჭედი და ხატი, შემდგომში ამოცნობის ჩატარების მიზნით და მხოლოდ ამის შემდეგ წარუდგინა ისინი ამოსაცნობად დაზარალებულს სხვა მსგავს ნივთებთან ერთად, რითაც დაირღვა ამოცნობის ჩატარების წესი და აქედან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ბეჭდისა და ხატის ამოცნობის ოქმები გაზიარებული ვერ იქნება სასამართლოს მიერ.
რაც შეეხება ბ------ თ----------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ მობილურ ტელეფონს, იგი არც დათვალიერებულა და არც ამოსაცნობად წარდგენია დაზარალებულს. პირადი ჩხრეკის ოქმში ისიც კი არ არის მითითებული თუ რომელი ფირმის და მოდელის მობილური ტელეფონი იქნა ამოღებული ბ------ თ----------ისგან და მოთავსებული იყო თუ არა მასში სიმ ბარათი, აღწერილი არ არის მისი ნიშან-თვისებები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და თვლის, რომ ბ------ თ----------ის პირადი ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები ვერ აკმაყოფილებენ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს და არ ქმნიან საფუძველს ბ------ თ----------ის დამნაშავედ ცნობისათვის მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებაში.
ბრალდების მხარე ასევე იშველიებს დაზარალებულ ა-–--------------ის ჩვენებას და მის მიერ ბ------ თ----------ის ამოცნობის ოქმს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ბ------ თ----------ისთვის წარდგენილი ბრალდება, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ა-–--------------მა დაადასტურა, რომ უშუალოდ საფულის ქურდობის მომენტი მას არ დაუნახავს და მხოლოდ ვარაუდი გამოთქვა ამ დანაშაულის ბ------ თ----------ის მიერ ჩადენის თაობაზე, რომელზეც, მისივე განმარტებით, ეჭვი იმის გამო მიიტანა, რომ იმ მომენტში მის გარდა ირგვლივ არავინ იმყოფებოდა.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ა-–--------------ის ჩვენება, რომელიც მის ეჭვებზე და ვარაუდებზეა დამყარებული, საფუძვლად ვერ დაედება ბ------ თ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნას. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება კი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მის მიერ ა-–--------------ის კუთვნილი ნივთების ქურდობის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ბ------ თ----------ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ბ------ თ----------ის მიმართ 2018 წლის 28 დეკემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი ბ------ თ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ბ------ თ----------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ ბ------ თ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის ამსახველი ერთი ცალი დისკი, შპს „---–---დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის ერთი ცალი DVD დისკი და ბ------ თ----------ის პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტოების დისკი, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო ბ------ თ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
6.გამართლებულ ბ------ თ----------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/