განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310013330591 (საქმე №3ბ/1403-16)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - გიორგი გოგიაშილი
მოსამართლეები - ილონა თოდუა, შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - მ------- ყ------–-–---–ი;
წარმომადგენელი - მ--------------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური;
წარმომადგენელი - ე------–-----–-ა;
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
1.1. მ------- ყ------–-–---–ი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით, მ------- ყ------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
მოსარჩელე მ------- ქ---------–-–---–ი და დ---- ყ------–-–---–ი დაქორწინდნენ 2007 წლის 8-----------–ს და ქორწინების შედეგად მ------- ქ---------–-–---–ს მიენიჭა გვარი - ყ------–-–---–ი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (ტომი I, ს.ფ. 11)
დადგენილია, რომ დ---- ყ------–-–---–ი 2005 წლის აგვისტოდან 2--- წლის 2------------ამდე იმყოფებოდა პატიმრობაში. დ---- ყ------–-–---–ი გარდაიცვალა 2--- წლის 2-------------ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (ტომი I, ს.ფ. 10)
სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 1--------ის ექსპერტიზის №------ დასკვნის თანახმად, დ---- ყ------–-–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: აქტიური HDV ინფექცია (დელტა ჰეპატიტი), ლატენტური (არა აქტიური) HBV ინფექცია, ლატენტური (არა აქტიური) HCV ინფექცია, ღვიძლის ფიბროზი F1 სტადია (METAVIR); ჰეპატოლოგიური თვალსაზრისით, დ. ყ------–-–---–ი საშუალო სიმძიმის ავადმყოფია. დ. ყ------–-–---–ს პეგილირებული ინტერფერონით ჩატარებული აქვს მკურნალობა 2003 წელს, თუმცა უსახსრობის გამო ერთწლიანი კურსი ვერ დასრულდა და მკურნალობა შეწყვიტა ათი თვის შემდეგ. ამჟამად შესაძლებელია ინტერფერონოთერაპიის განმეორებითი კურსის ჩატარება ამბულატორიულ რეჟიმში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 1--------ის ექსპერტიზის №------ დასკვნა (ტომი IV, ს.ფ. 311-314)
ავადმყოფის №5-- ისტორიის მიხედვით, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დ---- ყ------–-–---–ის შესვლის დიაგნოზია - ქრონიკული B და D ჰეპატიტი. ძირითადი დიაგნოზია - ლატენტური HDV, HBV, HCV ინფექცია. ასევე, პაციენტს აღენიშნებოდა ჰიპერტონული დაავადება მეორე, შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, ჰემოროიდული დაავადება, ღვიძლის ფიბროზი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ავადმყოფის ისტორია №5-- (ტომი I, ს.ფ. 114-115)
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ინფექციური განყოფილების ექიმ - ინფექციონისტის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობის თანახმად, დ---- ყ------–-–---–ი აღნიშნულ სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანილია 2008 წლის 1--------–ს დიაგნოზით: უცნობი ეთიოლოგიის ცხელება, B+D ჰეპატიტი. მას უტარდებოდა კლინიკო -ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები და დანიშნული მკურნალობა. დაუდგინდა დიაგნოზი - B ქრონიკული ჰეპატიტი დელტა აგენტთან ერთად, კომბინირებული ბუასილი, შიგნითა კვანძების გამოვარდნით, ნაირფეროვანი პიტირიაზი, ქრონიკული პროსტატიტი, ქრონიკული გასტროდუოდენიტი გამწვავების ფაზაში, შერეული პერსონოლოგიური აშლილობა. ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე, არ შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 27.03.2003 წლის №72/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ინფექციური განყოფილების ექიმ-ინფექციონისტ ნ------------–------ის სამედიცინო ცნობა (ტომი IV, ს.ფ. 53)
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0-------- საქმეზე, სასჯელაღსრულების №18 სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლების მიერ მსჯავრდებულ დ---- ყ------–-–---–ის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსაქართველოს მთავარი პროკურატურის 2--- წლის 12 თებერვლის მიმართვა (ტომი I, ს.ფ. 21)
2--- წლის 8 აგვისტოს დადგენილებით (საქმე №0-----------) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების თანამშრომლების მიერ დ---- ყ------–-–---–ის ცემა- წამების ფაქტზე დაზარალებულად იქნა ცნობილი დ---- ყ------–-–---–ი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 8 აგვისტოს დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (საქმე №0-----------) (ტომი I, ს.ფ. 22).
დ---- ყ------–-–---–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ადეკვატური მკურნალობის ჩატარების მიზნით სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/3408-10) დ---- ყ------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინებით (საქმე №3ბ/2459-10). დ---- ყ------–-–---–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივნისის განჩინებით (საქმე №ბს-592-587(კ-11))
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №3/3408-10) (ტომი III, ს.ფ. 9-13)
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინება (საქმე №3ბ/2459-10) (ტომი III, ს.ფ. 14-21)
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივნისის განჩინება (საქმე №ბს-
592-587(კ-11)) (ტომი III, ს.ფ. 22)
სასჯელის მოხდის პერიოდში სათანადო მკურნალობის ჩაუტარებლობის შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით დ---- ყ------–-–---–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე № 3/2014-11) დ---- ყ------–-–---–ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ არ გაიზიარა დ---- ყ------–-–---–ის მოთხოვნა არასათანადო მკურნალობით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული მორალური ზიანის – 1.000.000 ლარის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიმართ მკურნალობის ჩატარებაზე უარის თქმას ან არასათანადო მკურნალობის ჩატარებას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მხრიდან.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ---- ყ------–-–---–ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (საქმე №3ბ/1447-11).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე № 3/2014-11) (ტომი III, ს.ფ. 23-33)
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება (საქმე №3ბ/1447-11) (ტომი I, ს.ფ. 71-84)
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ექიმ - ინფექციონისტ ნ------------–------ის 2010 წლის 24 მაისის მიმართვის თანახმად, დ---- ყ------–-–---–ის პირველი თვითდაზიანება დაფიქსირებულია 2008 წლის 17 დეკემბერს, რომელიც მიიყენა ორივე წინამხრის არეში. მეორე თვითდაზიანება დაფიქსირდა 2009 წლის 12 იანვარს და გამოიხატა ორივე მტევანზე კანის საფარველის მთლიანობის დარღვევით, პალატის კარებზე და კედლებზე ხელის მტევნების მირტყმის შედეგად. მესამე თვითდაზიანება გამოხატულ იქნა ორივე მტევნის კედელზე მირტყმით (2009 წლის 23 იანვარი). მეოთხე თვითდაზიანება განხორციელდა 2009 წლის 10 ივნისს ორივე წინამხრის წინა ზედაპირზე მრავლობითი ერთმანეთის პარალელურად განლაგებული ნაკვეთი ჭრილობების განხორციელებით, დაზიანდა კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი. მეხუთე თვითდაზიანება დაფიქსირდა 2009 წლის 12 სექტემბერს მუცლის წინა ზედაპირზე მრავლობითი ჰორიზონტული ზერელე ჭრილობებით, საერთო რაოდენობა - 15. მეექვსე თვითდაზიანება დაფიქსირებულია 2009 წლის 13 სექტემბერს, ორივე ზედა კიდურის არეში მრავლობითი ჭრილობებით, ობიექტურად ორივე ზედა კიდურის წინამხარზე აღენიშნებოდა განივი და ირიბი მიმართულების ნაკვეთი სწორკიდეებიანი და ზომიერად სისხლმდენი ჭრილობები, დაახლოებით, 5-6 სმ სიგრძის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ექიმ- ინფექციონისტ ნ------------–------ის 2010 წლის 24 მაისის მიმართვა (ტომი IV, ს.ფ. 11).
2--- წლის 15 თებერვალს გაიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს შორის არსებული ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა. კომისიამ განიხილა დ---- ყ------–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების საკითხი. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სამედიცინო ასოციაციების მიერ ნომინირებულმა ექიმმა - სპეციალისტებმა. კომისიის გადაწყვეტილებით, საკითხი გადაწყდა უარყოფითად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2--- წლის 25 თებერვლის მიმართვა (ტომი IV, ს.ფ. 96).
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 11 მარტის №0-------- დასკვნის მიხედვით, დ---- ყ------–-–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: არტერიული ჰიპერტენზია მე-3 ხარისხი, ლატენტური (არა აქტიური) HCV ინფექცია, ლატენტური (არა აქტიური) HBV ინფექცია, ლატენტური (არააქტიური) HDV ინფექცია, ღვიძლის ფიბროზი, უცნობი ეტიოლოგიის ცხელება (სუბფებრილური). დ. ყ------–-–---–ი ამჟამად კარდიოლოგიური, ჰეპატოლოგიური და სეფსისოლოგიური თვალსაზრისით არ მიეკუთვნება მძიმე ავადმყოფთა კატეგორიას და ამ ეტაპზე მის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 11 მარტის №0-------- დასკვნა (ტომი IV, ს.ფ. 322-326).
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 1--------–ის №0-------- დასკვნის თანახმად, დ---- ყ------–-–---–ის სიკვდილის მიზეზია მიოკარდიოზიტების მწვავე იშემიური დაზიანება, განვითარებული მწვავე კარდიტის შედეგად, ბრონქოპნევმონიისა და ფილტვის ქსოვილის აბსცესების ფონზე. გვამის გამოკვლევის, ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით სიკვდილის დადგომიდან, გვამის სასამართლო სამედიცინო გამოკვლევამდე გასულია არანაკლებ 18 საათისა. დ---- ყ------–-–---–ის გვამის გამოკვლევისას ნანახია სიცოცხლისდროინდელი დაზიანებანი: გულმკერდის, მარცხენა ფერდქვეშა, მარცხენა მხრის და იდაყვის სახსრის მიდამოებში მრავლობითი ნაჭდევები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად სიკვდილის დადგომამდე 2-3 დღით ადრე და განეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. აღნიშნული დაზიანებანი სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან.
დ---- ყ------–-–---–ის სისხლში, კანსა და შინაგან ორგანოებში აღმოჩნდა ფსიქოტროპული ნივთიერება - დიაზეპამი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 1--------–ის №0-------- დასკვნა (ტომი III, ს.ფ. 52-69).
დ---- ყ------–-–---–ის სამედიცინო დოკუმენტაციაზე 2014 წლის 07 ივლისის სარეცენზიო დასკვნის თანახმად, კარდიოლოგიური თვალსაზრისით ჩატარებული იყო ყველა საჭირო პროცედურა. უტარდებოდა ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა ლაციპილით, ფიზიოტენზით. სრულყოფილი ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება ვერ მოხერხდა პორტის ინფიცირების გამო, უტარდებოდა პერორალური ანტიბიოტიკოთერაპია. პაციენტმა უარი განაცხადა ცენტრალური ვენის პორტის კათეტერის ამოღებაზე. უტარდებოდა ანტიკოაგულანტური მკურნალობა.
დასკვნის სახით, ჩანაწერების მიხედვით, კარდიოლოგიური თვალსაზრისით, ჩატარებული იყო ყველა საჭირო დიაგნოსტიკური პროცედურა და დასმული იყო დიაგნოზი. კონსერვატული მკურნალობა იყო ადეკვატური დიაგნოზის. ქირურგიული ჩვენებები არ აღინიშნებოდა. სიკვდილის მიზეზი, როგორც ჩანს პათანატომიური კვლევიდან, იყო პოლიორგანული უკმარისობა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- დ---- ყ------–-–---–ის სამედიცინო დოკუმენტაციაზე 2014 წლის 07 ივლისის სარეცენზიო დასკვნა (ტომი V, ს.ფ. 21-23).
დ---- ყ------–-–---–ის სამედიცინო დოკუმენტაციაზე 2014 წლის 17 ივლისის სარეცენზიო დასკვნის მიხედვით, დიაგნოზი სწორადაა დასმული, დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებების ადეკვატურია, დროულია და შეესაბამება კლინიკურ დიაგნოზს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- დ---- ყ------–-–---–ის სამედიცინო დოკუმენტაციაზე 2014 წლის 17 ივლისის სარეცენზიო დასკვნა (ტომი V, ს.ფ. 17-19).
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, ს.ა.დ. N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის წერილზე თანდართული, მსჯავრდებულ დ---- ყ------–-–---–ის განცხადების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის (N9-------------- წ), ქ. თბილისის პროკურატურის (N5------------- წ) წერილებისა და მოქალაქე მ------- ყ------–-–---–ის განცხადების (N9------------- წ) საფუძველზე, შესწავლილ იქნა აწ გარდაცვლილ მსჯავრდებულ დ---- ყ------–-–---–ისათვის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ს.ა.დ. N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხი. აღნიშნული საკთხი 2015 წლის 20 მარტს განხილულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს N2 სხდომაზე.
პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, „საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, ს.ა.დ. N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ექიმებს: ი------------ეს (სახ. სერტიფიკატი „ნევროლოგია“), ნ-------------ეს (სახ. სერტიფიკატი „ინფექციური სნეულებები“), თ--------------–---–ს (სახ. სერტიფიკატი „ინფექციური სნეულებები”), თ---------------------–---–ს (სახ. სერტიფიკატი „კარდიოლოგია”), ი-----–------------ეს (სახ. სერტიფიკატი „სამედიცინო რადიოლოგია”,„პულმონოლოგია”) და თ---------------–----ეს (სახ. სერტიფიკატი „ანესთეზიოლოგია“) მიეცათ წერილობითი გაფრთხილება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2015 წლის 2--------ის წერილი (ტომი VI, ს.ფ. 16)
2008 წლის 6 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს განაცხადით მიმართა დ---- ყ------–-–---–მა. 2--- წლის 11 ოქტომბერს მ------- ყ------–-–---–მა სასამართლოს აცნობა, რომ მისი მეუღლე ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ყოველგვარი ახალი საჩივრის შეტანის გარეშე იგი აპირებდა მისი მეუღლის ინტერესების დაცვას, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემოდა.
განმცხადებლის საჩივარი ეხებოდა კონვენციის მე-3 მუხლს და იგი აღნიშნავდა, რომ მისი პატიმრობის პირობები სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებაში არ შეესაბამებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ციხეში არაჯეროვნად მკურნალობდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ წინასწარი პატიმრობა იყო უკანონო და ეჭვქვეშ აყენებდა შიდა სასამართლოების ფაქტობრივ დასკვნებს, რომელიც ეთანხმება მის რწმენას კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად. კონვენციის მე-8 მუხლით, მომჩივანი აღნიშნავდა, რომ ციხის უფროსები წინასწარი პატიმრობის დროს მის ცოლს ნებას არ აძლევდნენ მოენახულებინა მომჩივანი. კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლებით მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ციხის უფროსები უმალავდნენ ლოცვანსა და ხატებს ციხის ახალ საავადმყოფოში გადაყვანისას და ასევე უარი განუცხადეს გაზეთებისა და რადიოს მიცემაზე. კონვენციის 34-ე მუხლით, მომჩივანი, ასევე, აცხადებდა, რომ ციხის ახალ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ციხის უფროსები მას უფლებას არ აძლევდნენ, შეხვედროდა მის კანონიერ წარმომადგენლებს, რათა მას ჰქონოდა სასამართლოსთან რაიმე კავშირი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დ---- ყ------–-–---–ი 2005 წლის 5-----------ს დაკავებულ იქნა მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის. 2005 წლის 5--------ოდან 2006 წლის 5 აპრილამდე განმცხადებელი იმყოფებოდა თბილისის სასჯელაღსრულების №5 დაწესებულებაში, საიდანაც გადაიყვანეს თბილისის სასჯელაღსრულების №1 დაწესებულებაში, სადაც იმყოფებოდა 2006 წლის 14 დეკემბრამდე, საიდანაც გადაიყვანეს რუსთავის სასჯელაღსრულების №6 დაწესებულებაში. აქ ის იმყოფებოდა 2008 წლის 1--------–ამდე, რა დროსაც მოხდა მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა. შემდეგ იგი გადაყვანილ იქნა ციხის ახლად გახსნილ საავადმყოფოში. განმცხადებელი დაინფიცირდა C ჰეპატიტის ვირუსით, სანამ დააპატიმრებდნენ. 2002 წელს ბელგიაში ჩატარებულმა სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ მას აწუხებდა უკურნებელი და განსაკუთრებით საშიში ფორმა ვირუსული ჰეპატიტის. 2003 წლის 1--------–იდან უტარებდნენ ანტივირუსულ მკურნალობას რეფერონის გამოყენებით. დაპატიმრების შემდეგ მან დაიწყო ანტივირუსული წამლის - ინტერფერონის მიღება ციხეში, აღნიშნული მკურნალობა მხოლოდ ერთი პრეპარატის გამოყენებით დასრულდა ერთ წელიწადში, მაგრამ ვირუსი არ რეაგირებდა აღნიშნულ პრეპარატზე. 2008 წლის 1--------–ს აღენიშნებოდა ციებ-ცხელება და გადაყვანილ იქნა ციხის საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ანალიზები და დაუდგინდა შიდსის ვირუსიც, რაც განსაკუთრებით სახიფათოა ჰეპატიტის ვირუსის ფონზე. 2008 წლის 2 ივლისს ღვიძლის გამოსაკვლევად ჩატარდა ტესტები, რომლებმაც აჩვენა ღვიძლის ფიროზი. განმცხადებელმა 2008 წლის 23 და 28 ივლისს, 4, 22 და 27 აგვისტოს და 4 სექტემბერს მიმართა ციხის ადმინისტრაციას იმუნოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ცენტრში მოთავსების თაობაზე. მისი თხოვნების უმეტესობა უპასუხოდ დარჩა. 2008 წლის 4 სექტემბერს ციხის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა აღნიშნა, რომ ღვიძლის ფიროზი გაუარესდა, დ---- ყ------–-–---–მა უნდა იმკურნალოს ზომიერი პრეპარატების გამოყენებით და არ არის მიზეზი, რომ გადაიყვანონ სპეციალიზებულ კლინიკაში. 2008 წლის 10 სექტემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური მომსახურების სამსახურის დირექტორმა უპასუხა დ---- ყ------–-–---–ს 2008 წლის 22 აგვისტოს განცხადებაზე და აცნობა, რომ მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა არ დაკვლიფიცირდა, როგორც სერიოზული და არ არსებობდა მისი სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანის საჭიროება. 2009 წლის 6 იანვარს ციხის საავადმყოფოს ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა აცნობა განმცხადებელს, რომ D ჰეპატიტის მკურნალობის უმეტესობა წარუმატებლად სრულდებოდა და ამ მხრივ არც მისი საქმე აღმოჩნდა გამონაკლისი. განმცხადებელმა ჩაიტარა მკურნალობის კურსი, რომელმაც შედეგი არ გამოიღო, ვერ განიკურნა და ერთადერთი გზა დარჩა, რომ იმყოფებოდეს მუდმივი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ და ის უკვე იმყოფებოდა ასეთი ზედამხედველობის ქვეშ ციხის საავადმყოფოში.
საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 29 მაისის წერილით სასამართლოს შესთავაზა ცალმხრივი დეკლარაცია, რომლის მიხედვით, მთავრობა იზიარებს იმ მოსაზრებას აღნიშნული საქმის კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს ხარვეზების არსებობას ბატონი ყ------–-–---–ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო მკურნალობის პროცესში. აღნიშნულის გათვალისწინებით მთავრობა აცხადებს მზაობას, განმცხადებლის მეუღლეს - მ------- ყ------–-–---–ს გადაუხადოს 4500 (ოთხიათასხუთასი) ევრო მორალური და მატერიალური ზიანისა და ხარჯების ასანაზღაურებლად.
2014 წლის 23 ივნისის წერილით განმცხადებლის მეუღლემ გამოთქვა უკმაყოფილება ცალმხრივი დეკლარაციის პირობებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობა არაადეკვატური იყო.
ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ გარკვეულ შემთხვევებში, საქმე შეიძლება ამოიღონ სიიდან 37-ე მუხლის მიხედვით ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე მაშინაც კი, თუ მომჩივანს საქმის განხილვის გაგრძელება სურს. სასამართლომ აღნიშნა, რომ განცხადებაში მკაფიოდ და ნათლად არის აღნიშნული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის ფაქტი, რაც გულისხმობს განმცხადებლის მიმართ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის მიზნით განხორციელებულ არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. დეკლარაციის შინაარსიდან და შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული კომპენსაცია შეესაბამება პრეცედენტული სამართლით გათვალისწინებულ იდენტურ საქმეებში არსებული თანხის ოდენობას. უფრო მეტიც, განსაკუთრებით აღნიშნულ საკითხზე არსებული ნათელი და ვრცელი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციით და პროტოკოლით განსაზღვრული ადამიანის უფლებები არ დარღვეულა და განაცხადის გადასინჯვა არ გაგრძელდება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით (აპლიკანტის ნომერი 2-------) განცხადების ნაწილი ამოიღო სიიდან კონვენციის 37-ე მუხლის შესაბამისად. განაცხადი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 1-------ის გადაწყვეტილება (აპლიკანტის ნომერი 2-------) (ტომი VI, ს.ფ. 94-102)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 9 თებერვლის №0-------- დასკვნის მიხედვით, ექსპერტის დაკვნა №0---------ის ჩანაწერებით დ---- ყ------–-–---–ის სიკვდილის მიზეზია მიოკარდიოციტების მწვავე იშემიური დაზიანება, განვითარებული მწვავე კარდიტის შედეგად, ბრონქოპნევმონიისა და ფილტვის ქსოვილის აბსცესების ფონზე. საქმეში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით დ---- ყ------–-–---–ს უტარდებოდა შესაბამისი კვლევები და ადეკვატური მკურნალობა. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დოკუმენტაციაში მითითებული ხარვეზები არ გამხდარა დ---- ყ------–-–---–ის სიცოცხლის ლეტალური დასრულების მიზეზი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
2016 წლის 9 თებერვლის №0-------- დასკვნა (ტომი VI, ს.ფ. 59-75)
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.
საქმის განმხილველმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ დავის ფარგლებში, უნდა შეამოწმოს არსებობდა თუ არა ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კანონით დადგენილ პირობათა ერთობლიობა. მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით დადგენილია ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულება. ადამიანის ღირსება აბსოლუტური ძირითადი უფლებაა და ნებისმიერი ჩარევა მასში კონსტიტუციურ - სამართლებრივად გაუმართლებელია. პირის ძირითად უფლებებს მიეკუთვნება ასევე თავისუფლების უფლება, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში, კანონით დადგენილი ვადებითა და წესით. პირის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფოს მიერ და აღნიშნული აუცილებლად უნდა განხორციელდეს კანონშესაბამისად, რამეთუ თავისუფლების უფლებაში ჩარევა დაკავშირებულია მხარისთვის ნეგატიურ განცდებთან, ფსიქოლოგიურ სტრესთან, სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობის შეზღუდვასთან. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი უკანონოდ დაკავებულ პირს ანიჭებს სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მ------- ყ------–-–---–ის ქმრის დ---- ყ------–-–---–ის მიმართ არ დამდგარა გამამართლებელი განაჩენი, თუმცაღა მოსარჩელის მიერ სადავოდაა ქცეული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი მეუღლის მიმართ გაწეული მკურნალობის სათანადოობა. მ------- ყ------–-–---–ი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს არ უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა, რაც წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს. უფრო მეტიც, მიიჩნევს, რომ სწორედ არასათანადო მკურნალობა გახდა დ---- ყ------–-–---–ის გარდაცვალების მიზეზი. ამდენად, მოსარჩელე მიუთითებს მორალური ზიანის ანაზღაურების ორ საფუძველზე: სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დ---- ყ------–-–---–ისთვის სათანადო მკურნალობის ჩატარება და სახელმწიფოს მიერ ნაკისრი პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია დ---- ყ------–-–---–ის გარდაცვალება.
სასამართლომ განმარტა, რომ პირისთვის კანონმდებობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, რომ იზრუნოს თავისუფლებააღკვეთილ პირზე, შეუქმნას მას სათანადო პირობები, დაიცვას მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებები.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით საქმის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ---- ყ------–-–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრამდე იყო დაავადებული. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარის იმ განმარტებაზე, რომ მის მეუღლეს სათანადო მკურნალობა არ გაეწია.
სასამართლოს განმარტებით, დ---- ყ------–-–---–ის მიმართ არასათანადო მკურნალობის გაწევა აღიარებულია საქართველოს სახელმწიფოს მიერ და დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს 2015 წლის 1-------ის გადაწყვეტილებით. საქართველომ ცალსახად და მკაფიოდ მიუთითა დ---- ყ------–-–---–ისთვის გაწეულ მკურნალობაში ხარვეზების არსებობის შესახებ. უფრო მეტიც, აღნიშნული უფლებების დარღვევისთვის სახელმწიფომ გადაუხადა მოსარჩელეს 4500 ევრო ზიანის ასანაზღაურებლად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ცალმხრივი დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნული თანხა გამიზნული იყო მორალური და მატერიალური ზიანისა და ხარჯების ასანაზღაურებლად. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მხარის მითითება მასზედ, რომ 4500 ევრო არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებისთვის შესაბამის ოდენობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დ---- ყ------–-–---–ის მიმართ არასათანადო მკურნალობის გაწევიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების საკითხზე უკვე ნამსჯელი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, თავად სახელმწიფომაც ღიად აღიარა მის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით განსაზღვრული უფლებების დარღვევის ფაქტი და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად გადაუხადა მოსარჩელეს 4500 ევრო, რაც ევროპული სასამართლოს მიერ გამართლებულ ოდენობად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, მ------- ყ------–-–---–ს უკვე აუნაზღაურა სახელმწიფომ დ---- ყ------–-–---–ის მიმართ არასათანადო მკურნალობით გამოწვეული მორალური ზიანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ცალმხრივი დეკლარაციის შესაბამისად და აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელისთვის ზიანის მეორედ ანაზღაურების მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
რაც შეეხება მოთხოვნას - მორალური ზიანის ანაზღაურებას დ---- ყ------–-–---–ის გარდაცვალებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მითითებულ საკითხზე არ უმსჯელია ევროპულ სასამართლოს, რომელიც მხოლოდ არასათანადო მკურნალობის განხორციელების საკითხს შეისწავლიდა. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შეუსრულებლობით ადამიანის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენება და პირის გარდაცვალება კი წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების განსხვავებულ საფუძველს, რამეთუ სხვადასხვა სამართლებრივ სიკეთესთან გვაქვს საქმე და ადამიანის, როგორც უზენაესი ღირებულების, უმთავრესი ბუნებითი უფლება მისი სიცოცხლის უფლებაა.
საქმის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დამდგარ ზიანში, შედეგსა და ქმედებას შორის მიზეზ - შედეგობრივი კავშირის არსებობასა და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობაში. საქმის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ---- ყ------–-–---–ი გარდაიცვალა 2--- წლის 2-------------ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ასევე განმარტა, რომ სადავოდ არ არის ქცეული სახელმწიფოს მიერ მისთვის არასათანადო მკურნალობის გაწევის ფაქტი. სასამართლომ მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა დადგინდეს, გამოიწვია თუ არა პირის გარდაცვალება სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ექსპერტიზის დასკვნებზე და განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცებულებათა წარდგენა, რომლითაც ცალსახად დადგინდებოდა მისი მეუღლის გარდაცვალებასა და მის არასათანადო მკურნალობას შორის მიზეზ - შედეგობრივი კავშირი. განმარტა, რომ სახელმწიფოს მხრიდან შეუსაბამო მკურნალობის გაწევის ფაქტის აღიარება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პირის გარდაცვალება აღნიშნული მიზეზით დადგა, ვინაიდან, პირის გარდაცვალების გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს და იგი ყოველთვის არ არის დაკავშირებული არასათანადო მკურნალობასთან. მით უფრო, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, მიზეზ - შედეგობრივი კავშირი არ იკვეთება. მოსარჩელემ კი ვერ წარადგინა აღნიშნული დოკუმენტების საწინააღმდეგო მტკიცებულებები.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. მ------- ყ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ მითითებული სამართლებრივი ნორმებით ვერ იქნა გაბათილებული მხარის არგუმენტები. წარმომადგენელი აპელირებს საქართველოს კონსტიტუციაზე და განმარტავს, რომ ყველა პირისათვის სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება არ არის ფორმალური უფლება და იგი არ მოიცავს მხოლოდ მხარის უფლებას მიმართოს სასამართლოს, ხოლო სასამართლომ ფორმალური საპროცესო ნორმებით განიხილოს სარჩელი.
წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის ცალმხრივი დეკლარაცია, მხარეს აუნაზღაურდა რეალურად მიყენებული მატერიალური ზიანი, რადგან სასამართლომ განიხილა ევროპული კომვენციის მე-3 და მე-5 დარღვევის საკითხი და არ გამოუტანია მოტივირებული გადაწყვეტილება, რამეთუ ცალმხრივი დეკლარაციის დამტკიცებისას, ევროპული სასამართლო მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებს უსვამს ხაზს და დეკლარაციის შინაარსი მოჰყავს გადაწყვეტილებაში, შესაბამისად, აპელანტის განმარტებით, ევროპული სასამართლოს კომპეტენციას არ განეკუთვნება განიხილოს და დაადგინოს ის გარემოებები თუ რა სახის მატერიალური და მორალური ზიანი მიადგა. აპელანტის განმარტებით, მხოლოდ ეროვნული სასამართლოების პრეროგატივაა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე განიხილოს და დაადგინოს რეალურად მხარეს მიადგა თუ არა ზიანი.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ვინაიდან ევროპული სასამართლოს მიერ დამტკიცებული იქნა ცალმხრივი დეკლარაცია და სახელმწიფომ დ---- ყ------–-–---–ის მიმართ არასათანადო მკურნალობით გამოწვეული მორალური ზიანი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ცალმხრივი დეკლარაციის შესაბამისად მ------- ყ------–-–---–ს უკვე აუნაზღაურა, აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელისთვის ზიანის მეორედ ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა. ზემოაღნიშნულ არგუმენტზე აპელანტი განმარტავს, რომ არ ერთმევა უფლება ცალკე წესით იდავოს პენიტენციური სამსახურის მიმართ დ---- ყ------–-–---–ის გარდაცვალებიდან გამომდინარე მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურება.
პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. აღნიშნული მუხლი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავs.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
პალატა ყურადღება ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდარების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2---წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება.
მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილზე რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
პალატა განმარტავს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.
პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში, უნდა შეამოწმოს არსებობს თუ არა ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კანონით დადგენილ პირობათა ერთობლიობა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
კონსტიტუციის მე-9 მუხლის თანახმად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებულია თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია: a) უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის კანონიერი დაპატიმრება; b) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის ან კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად; c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩად---- საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩად---- თუ მისი ჩად---- შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა; d) არასრულწლოვნის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან მისი კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად; e) პირთა კანონიერი დაპატიმრება ინფექციურ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფების, ალკოჰოლიკების, ნარკომანებისა თუ მაწანწალების კანონიერი დაპატიმრება; f) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, ან იმ პირის დაკავება თუ დაპატიმრება, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება ღონისძიებები დეპორტაციისა თუ ექსტრადიციის მიზნით.
ამდენად, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით დადგენილია ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულება. ადამიანის ღირსება აბსოლუტური ძირითადი უფლებაა და ნებისმიერი ჩარევა მასში კონსტიტუციურ - სამართლებრივად გაუმართლებელია. პირის ძირითად უფლებებს მიეკუთვნება ასევე თავისუფლების უფლება, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში, კანონით დადგენილი ვადებითა და წესით. პირის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფოს მიერ და აღნიშნული აუცილებლად უნდა განხორციელდეს კანონშესაბამისად, რამეთუ თავისუფლების უფლებაში ჩარევა დაკავშირებულია მხარისთვის ნეგატიურ განცდებთან, ფსიქოლოგიურ სტრესთან, სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობის შეზღუდვასთან. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი უკანონოდ დაკავებულ პირს ანიჭებს სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მ------- ყ------–-–---–ის ქმრის, დ---- ყ------–-–---–ის მიმართ არ დამდგარა გამამართლებელი განაჩენი, თუმცაღა მოსაჩელის მიერ სადავოდაა ქცეული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი მეუღლის მიმართ გაწეული მკურნალობის სათანადოობა. მ------- ყ------–-–---–ი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს არ უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა, რაც წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს. უფრო მეტიც, მიიჩნევს, რომ სწორედ არასათანადო მკურნალობა გახდა დ---- ყ------–-–---–ის გარდაცვალების მიზეზი. ამდენად, მოსარჩელე მიუთითებს მორალური ზიანის ანაზღაურების ორ საფუძველზე: სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დ---- ყ------–-–---–ისთვის სათანადო მკურნალობის ჩატარება და სახელმწიფოს მიერ ნაკისრი პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია დ---- ყ------–-–---–ის გარდაცვალება.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ პირისთვის კანონმდებობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, რომ იზრუნოს თავისუფლებააღკვეთილ პირზე, შეუქმნას მას სათანადო პირობები, დაიცვას მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებები. სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებაზე („ალიევი საქართველოს წინააღმდეგ“), სადაც განმარტებულია, რომ კონვენციის მე-3 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, უზუნველყოს, რომ თითოეული პატიმარი იმყოფებოდეს მისი ადამიანური ღირსების პატივისცემის პირობებში, რომ სასჯელის აღსრულებამ არ გამოიწვიოს განსაცდელი ან ტანჯვა რომლის ინტენსივობაც გადააჭარბებს პატიმრობის თანმდევ, გარდაუვალ ტანჯვას (იხ. სხვებს შორის, Ostrovar c. Moldova, no 35207/03, §79, 13 septembre 2005 ; Kafkaris c. Chypre [GC], n o 21906/04, §96, CEDH 2008-...). პატიმრის ჯანმრთელობის გარდა, ასევე ადეკვატურად და პატიმრობის გონივრული მოთხოვნილებების გათვალისწინებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მისი კეთილდღეობა (Sakkopoulos c. Grèce, n o 61828/00, §38, 15 janvier 2004 ; Kudła, ხსენებული ზემოთ, §94). ლოგისტიკური და ფინანსური პრობლემების მიუხედავად, სახელმწიფო ვალდებულია, ისე მოაწყოს თავისი პენიტენციური სისტემა, რომ უზრუნველყოს პატიმრების ადამიანური ღირსების პატივისცემა (Soukhovoy c. Russie, no 63955/00, § 31, 27 mars 2008 ; Benediktov c. Russie, no 106/02, §37, 10 mai 2007). 72. სასამართლო ასევე შეახსენებს, რომ კონვენციის მე-3 მუხლის ქვეშ მოსახვედრად, მოპყრობამ უნდა მიაღწიოს „ტანჯვის მინიმალურ ზღვარს.“ ამ მინიმუმის შეფასება დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე, (Labita c. Italie, arrêt du 6 avril 2000, Recueil 2000-IV, §120). კერძოდ, მოპყრობის კონტექსტსა და ხასიათზე, ასევე მის ხანგრძლივობაზე, მის მიერ გამოწვეულ ფიზიკურ და მენტალურ შედეგებზე და ზოგიერთ შემთხვევაში, მსხვერპლის სქესზე, ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. (Price c. Royaume-Uni, no 33394/96, § 24, CEDH 2001- VII ; Mikadzé c. Russie, no 52697/99, §108, 7 juin 2007).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ დ---- ყ------–-–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრამდე იყო დაავადებული. კერძოდ, 2002 წელს ბელგიაში ჩატარებულმა სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ მას აწუხებდა უკურნებელი და განსაკუთრებით საშიში ფორმა ვირუსული ჰეპატიტის. 2003 წლის 1--------–იდან უტარებდნენ ანტივირუსულ მკურნალობას რეფერონის გამოყენებით. ამდენად, მოსარჩელის მეუღლეს აღენიშნებოდა რა სხვადასხვა დაავადება, საჭიროებდა განსაკუთრებულ ყურადღებასა და მკურნალობას. მოსარჩელე აპელირებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ მის მეუღლეს სათანადო მკურნალობა არ გაეწია.
პალატა ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2008 წლის 6 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს განაცხადით მიმართა დ---- ყ------–-–---–მა. განმცხადებლის საჩივარი ეხებოდა კონვენციის მე-3 მუხლს და იგი აღნიშნავდა, რომ მისი პატიმრობის პირობები სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებაში არ შეესაბამებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ციხეში არაჯეროვნად მკურნალობდნენ. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავრობამ წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია და აღიარა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს ხარვეზების არსებობას დ---- ყ------–-–---–ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო მკურნალობის პროცესში. ამასთან, მთავრობამ გამოთქვა მზაობა, რომ მიყენებული მატერიალური და არამატერიალური ზიანისა და ხარჯების ასანაზღაურებლად გადაეხადა განმცხადებლის მეუღლისთვის - მ------- ყ------–-–---–ისთვის 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ევრო. მიუხედავად მოსარჩელის მიერ აღნიშნული თანხის ოდენობის არაადეკვატურად მიჩნევისა, ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებაში მკაფიოდ და ნათლად არის აღნიშნული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის ფაქტი, რაც გულისხმობს განმცხადებლის მიმართ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის მიზნით განხორციელებულ არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. დეკლარაციის შინაარსიდან და შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული კომპენსაცია შეესაბამება პრეცედენტული სამართლით გათვალისწინებულ იდენტურ საქმეებში არსებული თანხის ოდენობას. უფრო მეტიც, განსაკუთრებით აღნიშნულ საკითხზე არსებული ნათელი და ვრცელი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციით და პროტოკოლით განსაზღვრული ადამიანის უფლებები არ დარღვეულა და განაცხადის გადასინჯვა არ გაგრძელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის 1-------ის გადაწყვეტილებით (აპლიკანტის ნომერი 2-------) განაცხადის ნაწილი ამოიღო სიიდან კონვენციის 37-ე მუხლის შესაბამისად. განაცხადი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ზემოაღნიშნული მოწმობს, რომ დ---- ყ------–-–---–ის მიმართ არასათანადო მკურნალობის გაწევა აღიარებულია საქართველოს სახელმწიფოს მიერ და დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 1-------ის გადაწყვეტილებით. საქართველომ ცალსახად და მკაფიოდ მიუთითა დ---- ყ------–-–---–ისთვის გაწეულ მკურნალობაში ხარვეზების არსებობის შესახებ. უფრო მეტიც, აღნიშნული უფლებების დარღვევისთვის სახელმწიფომ გადაუხადა მოსარჩელეს 4500 ევრო ზიანის ასანაზღაურებლად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ცალმხრივი დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნული თანხა გამიზნული იყო მორალური და მატერიალური ზიანისა და ხარჯების ასანაზღაურებლად.
სასამართლომ მიუთითა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონვენციის დარღვევის ფაქტის გამოვლენას, არამედ ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, მხარისთვის ,,სამართლიანი დაკმაყოფილების“ მიკუთვნებასაც. ევროპული სასამართლო ემსახურება მხარეთა კონვენციით გარანტირებული უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ეფექტურ დაცვასა და რეალიზებას, რაც არ ამოიწურება მხოლოდ მხარის ბუნებითი უფლებების შეზღუდვის ფაქტის დადასტურებით, არამედ მოიცავს მხარისთვის შესაბამისი კომპენსაციის მინიჭებასაც.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მხარის მითითება მასზედ, რომ 4500 ევრო არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებისთვის შესაბამის ოდენობას.
პალატა აღნიშნავს, რომ არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკომონიკურ შინაარსს, არ გააჩნია ღირებულება, სწორედ ამიტომ ამგვარი ზიანის დამტკიცებისთვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ - ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მისი ანაზღაურების უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს, დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მხრიდან. სწორედ ამიტომ, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული თანხა ყოველთვის არ წარმოადგენს მხარისთვის მიყენებული ზიანის ეკვივალენტს და მიზნად ისახავს მისთვის მიყენებული ტანჯვის შემსუბუქებას. ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა კომპენსაციის ოდენობას და ჩათვალა იგი დამკვიდრებული პრეცედენტული პრაქტიკის შესაბამისად. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ევროპული სასამართლოსთვის იყო წარდგენილი დ---- ყ------–-–---–ის მიმართ გაწეული მკურნალობის ამსახველი დოკუმენტაცია და ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია ევროპულმა სასამართლომ მთავრობის ცალმხრივ დეკლარაციაში მითითებული კომპენსაციის ოდენობა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მატერიალური და მორალური ზიანისა და დანახარჯების ანაზღაურება, გამართლებულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დ---- ყ------–-–---–ის მიმართ არასათანადო მკურნალობის გაწევიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების საკითხზე უკვე ნამსჯელი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, თავად სახელმწიფომაც ღიად აღიარა მის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით განსაზღვრული უფლებების დარღვევის ფაქტი და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად გადაუხადა მოსარჩელეს 4500 ევრო, რაც ევროპული სასამართლოს მიერ გამართლებულ ოდენობად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, მ------- ყ------–-–---–ს უკვე აუნაზღაურა სახელმწიფომ დ---- ყ------–-–---–ის მიმართ არასათანადო მკურნალობით გამოწვეული მორალური ზიანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ცალმხრივი დეკლარაციის შესაბამისად და აღნიშნული საფუძვლით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოსარჩელისთვის ზიანის მეორედ ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, ასევე, დ---- ყ------–-–---–ის გარდაცვალებიდან გამომდინარე. მითითებულ საკითხზე არ უმსჯელია ევროპულ სასამართლოს, რომელიც მხოლოდ არასათანადო მკურნალობის განხორციელების საკითხს შეისწავლიდა. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შეუსრულებლობით ადამიანის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენება და პირის გარდაცვალება კი წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების განსხვავებულ საფუძველს, რამეთუ სხვადასხვა სამართლებრივ სიკეთესთან გვაქვს საქმე და ადამიანის, როგორც უზენაესი ღირებულების, უმთავრესი ბუნებითი უფლება მისი სიცოცხლის უფლებაა.
ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დამდგარ ზიანში, შედეგსა და ქმედებას შორის მიზეზ - შედეგობრივი კავშირის არსებობასა და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობაში. დადგენილია, რომ დ---- ყ------–-–---–ი გარდაიცვალა 2--- წლის 2-------------ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ასევე სადავოდ არაა ქცეული სახელმწიფოს მიერ მისთვის არასათანადო მკურნალობის გაწევის ფაქტი. ამდენად, სახეზეა დამდგარი ზიანი, პირის ძირითადი უფლების - სიცოცხლის ხელყოფა. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა დადგინდეს, გამოიწვია თუ არა პირის გარდაცვალება სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ.
პალატა განმარტავს, რომ აუცილებელია მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უშუალო ჯაჭვის (მიზეზობრივი კავშირის) არსებობა. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი იყო პიდაპირი (და არა ირიბი) და გარდაუვალი შედეგი ზიანის მიმყენებლის ქმედებისა თუ უმოქმედობისა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე. კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 1--------–ის №0-------- დასკვნის თანახმად, დ---- ყ------–-–---–ის სიკვდილის მიზეზია მიოკარდიოზიტების მწვავე იშემიური დაზიანება, განვითარებული მწვავე კარდიტის შედეგად, ბრონქოპნევმონიისა და ფილტვის ქსოვილის აბსცესების ფონზე. დ---- ყ------–-–---–ის გვამის გამოკვლევისას ნანახია სიცოცხლისდროინდელი დაზიანებანი: გულმკერდის, მარცხენა ფერდქვეშა, მარცხენა მხრის და იდაყვის სახსრის მიდამოებში მრავლობითი ნაჭდევები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად სიკვდილის დადგომამდე 2-3 დღით ადრე და განეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. აღნიშნული დაზიანებანი სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 9 თებერვლის №0-------- დასკვნის მიხედვით, საქმეში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დოკუმენტაციაში მითითებული ხარვეზები არ გამხდარა დ---- ყ------–-–---–ის სიცოცხლის ლეტალური დასრულების მიზეზი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება - მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა ვერ უზრუნველყო მტკიცებულებათა წარმოდგენა, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს რომლითაც ცალსახად დადგინდებოდა მისი მეუღლის გარდაცვალებასა და მის არასათანადო მკურნალობას შორის მიზეზ - შედეგობრივი კავშირი. სახელმწიფოს მხრიდან შეუსაბამო მკურნალობის გაწევის ფაქტის აღიარება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პირის გარდაცვალება აღნიშნული მიზეზით დადგა, ვინაიდან პირის გარდაცვალების გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს და იგი ყოველთვის არ არის დაკავშირებული არასათანადო მკურნალობასთან. მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, მიზეზ - შედეგობრივი კავშირი არ იკვეთება. მოსარჩელემ კი ვერ წარმოადგინა აღნიშნული დოკუმენტების საწინააღმდეგო მტკიცებულებები.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით იყენებს (იხ. მაგალითად ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tsintsabadze v. Georgia), განაცხადი no. 35403/06, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტი 73) ვერ შეარაცხავს სახელმწიფოს დ---- ყ------–-–---–ის სიკვდილის ფაქტს, რის გამოც, სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი მართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება მოსარჩელენი – სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით. ამდენად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------- ყ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე : გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები: ილონა თოდუა
შოთა გეწაძე