განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210118002498019
საქმე №2ბ/1433-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ქეთევან დუგლაძე
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - შპს „მ------–---------–----------ა“
წარმომადგენლები: დ-----------–--–---–ი, თ--------–--------ი
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ი--------–--ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „მ------–---------–---------ას“, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, დაეკისრა 171 018.52 ლარის გადახდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ შპს „მ------–---------–----------ასათვის“ განკუთვნილი გზავნილი ჩაბარდა 2018 წლის 26 სექტემბერს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა, რომელიც ამოიწურა 2018 წლის 6 ოქტომბერს, მაგრამ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. ამიტომ, სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია.
სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-418-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
2.2. 2018 წლის 13 ნოემბერს, მოპასუხე შპს „მ------–---------–----------ა“-მ წარადგინა საჩივარი და მოითხოვა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით მოპასუხე შპს „მ------–---------–----------ა“-ს საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლში ან იმ საფუძვლით, რომ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
ამასთან, „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას სასამართლო საქმის განხილვას სხვა დროისათვის ნიშნავს, რის შესახებაც ატყობინებს გამოუცხადებელ მხარეს, ხოლო „დ“ ქვეპუნქტში მითითებული სარჩელის აღძვრის წინაპირობების არარსებობისას სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას 272-ე მუხლის შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 3-ე პუნქტით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
განსახილველ შემთხვევაში შპს „მ------–---------–---------ას“ წარმომადგენელი, შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზად ასახელებდა იმ გარემოებას, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მხარეს არ ჩაბარებია. მისივე განმარტებით, აღნიშნული ჩაბარდა ს--–--------------ეს, რომელიც არის შპს ,,მ------–---------–----------ას“ მიერ დასაქმებული კონსულტანტის პოზიციაზე და მას არ ჰქონდა კორესპონდენციების ჩაბარების უფლებამოსილება. ასევე მისამართი, სადაც მხარეს ჩაბარდა სასამართლო გზავნილი (კ-------------ის ქ. №--) არის კომპანიის მიერ ოპერირებული მაღაზია და არა კანცელარია, (თუმცა წარმომადგენელმა საჩივრის განხილვისას ვერ დააზუსტა რა მისამართზე მდებარეობს მოპასუხის კანცელარია) აქედან გამომდინარე, სარჩელი თანდართული მასალით უნდა გაგზავნილიყო ქ---ს ქუჩა №--, რომელიც ასევე მითითებულია სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში, როგორც შპს „მ------–---------–----------ა“-ს საკონტაქტო მისამართი.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „მ------–---------–----------ა“-სთვის განკუთვნილი გზავნილი სსსკ-ის 74-ე მუხლის პირობების დაცვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, თანამშრომელს - ს--–--------------ეს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ხელწერილით. (ს/ფ 241).
მოპასუხე მხარე სადაოდ ხდის იმ გარემოებას, რომ სასამართლოს გზანილები ქ. თბილისი, კ-------------ის ქუჩა №---ში გაგზავნის მაგივრად უნდა გაგზავნილიყო ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ქ---ს ქუჩა №--.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით, (ს/ფ 209), 2018 წლის 02 ივლისს სარჩელი თანდართული მასალით მხარეს გაეგზავნა ქ. თბილისი, ქ---ს ქუჩა №---ში და კურიერის განმარტებით აღნიშნულ მისამართზე ზემოხსენებული ორგანიზაცია არ მდებარეობს, განთავსებულია „ს------------–ი“-ს მაღაზია. აღნიშნულის გამო სარჩელი თანდართული მასალებით მოპასუხეს გაეგზავნა მის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ საჩივარსა და შუამდგომლობაში მითითებულ მისამართზე - თბილისი, კ-------------ის ქუჩა №-- და ჩაბარდა მის თანამშრომელს ს--–--------------ეს 2018 წლის 26 სექტემბერს.
შესაგებლის წარმოსადგენად დანიშნული ვადა ამოიწურა 8 ოქტომბერს, მაგრამ შესაგებელი წარმოდგენილი არ იქნა და არც წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია მოპასუხეს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის 7-ე პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „მ------–---------–----------ა“-ს სარჩელი და თანდართული მასალების გზავნილი ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ფორმით. ამავდროულად სასამართლომ მიუთითა, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები შესაგებლის დანიშნულ ვადაში წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზად ვერ განიხილება და საჩივრის ავტორმა საპროცესო მოქმედების ვადაში შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი ვერ დაასაბუთა.
3. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი განმარტავს, რომ შპს „მ------–---------–----------ა“-ს არ ჩაბარებია სარჩელი სსკ-ით დადგენილი წესის შესაბამისად და, ამდენად, კომპანიის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა განპირობებული არ იყო მისი ბრალეული ქმედებით. გარდა ამისა, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, რადგან ეს უკანასკნელი ითვალისწინებს მოპასუხისათვის შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრებას.
აპელანტი მიუთითებს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „შესაბამისი უფლებამოსილება უნდა დადგინდეს ორგანიზაციაში დაკავებული თანამდებობისა და მისგან გამომდინარე დაკისრებული ვალდებულებების შეფასების საფუძველზე“ (იხ. სუსგ, #ას-1309-1247-2014, 17.06.2015).
როგორც საქართველოს ფოსტის ცნობიდან ირკვევა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი შპს „მ------–---------–----------ა“-სთან გაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 25 სექტემბერს (ფოსტის გზავნილის კოდი: A------------) შემდეგ მისამართზე: კ-------------ის ქ. 2-- თბილისი, საქართველო. ამავე დოკუმენტის მიხედვით, გზავნილი ჩაიბარა ს--–--------------ემ, „ორგანიზაციის წარმომადგენელმა“. ცნობაში მითითებული არ არის ს--–--------------ის პირადი ნომერი, რაც იმთავითვე გზავნილის მიმღები პირის იდენტიფიკაციის პრობლემას ქმნის.
აპელანტი განმარტავს, რომ კ-------------ის ქ. 2--ში განთავსებულია შპს „მ------–---------–----------ა“-ს მიერ ოპერირებული მაღაზია „M-------“. ს--–--------------ე (პ/ნ-----------) დასაქმებული იყო შპს „მ------–---------–----------ა“-ს მიერ აღნიშნულ მაღაზიაში კონსულტანტის პოზიციაზე. მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ს--–--------------ის ვალდებულებებში შედიოდა პროდუქციის გაყიდვა, კლიენტთან ანგარიშსწორება, გაყიდვების აღრიცხვა და რეპორტინგი. მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა შპს „მ------–---------–----------ა“-ს კორესპონდენციის წარმოება, მათ შორის, კომპანიის სახელით გზავნილების მიღება თუ გაგზავნა. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, სარჩელი არ ჩაბარებია შპს „მ------–---------–----------ა“-ს უფლებამოსილ პირს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიზნებისათვის. ს--–--------------ეს სარჩელი არ გადაუცია კომპანიის ხელმძღვანელობისათვის, რის გამოც გზავნილი რეალურად ადრესატამდე არ მისულა.
აპელანტს მიაჩნია, რომ სწორედ აღნიშნულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების უმთავრესი წინაპირობა - ფაქტი, რომ დოკუმენტი არ ჩაბარებია უფლებამოსილ პირს. სამწუხაროდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაში არ არის წარმოდგენილი სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო ს--–--------------ე უფლებამოსილი მიეღო გზავნილი შპს „მ------–---------–----------ა“-ს სახელით. მხოლოდ ის გარემოება, რომ იგი დასაქმებული იყო შპს „მ------–---------–----------ა“-ში, a priori არ ხდის მას უფლებამოსილ პირად, როგორც ამას ადასტურებს დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა.
აპელანტის მტკიცებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვისაც ცნობილი იყო, რომ კ-------------ის ქ. 2--ში არის განთავსებული მხოლოდ კომპანიის მიერ ოპერირებული მაღაზია და არა მისი ადმინისტრაცია ან კანცელარია. სწორედ ამიტომ, მათი კორესპონდენცია იგზავნებოდა ქ---ს ქ. 3--ში - მისამართზე, რომელიც ასევე მითითებულია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში, როგორც შპს „მ------–---------–----------ა“-ს საკონტაქტო მისამართი. სასამართლო აქცენტს აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ, კურიერის განმარტებით, ამ მისამართზე ორგანიზაცია არ მდებარეობს, თუმცა აპელანტისთვის გაურკვეველია ამ განმარტების ვალიდურობა მაშინ, როდესაც ამ მისამართზე (როგორც თავისი ადმინისტრაციის ყოფილ მისამართზე) შპს „მ------–---------–----------ა“ სადავო პერიოდში ჩვეულებისამებრ იღებდა კორესპონდენციას. სასამართლოს წინაშე დაფიქსირდა ისიც, რომ დღეისათვის კომპანიის ადმინისტრაცია განთავსებულია წ--–-------ს ქუჩაზე (უფრო კონკრეტულად კი, წ--–----------------).
აპელანტი აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის წარმოების ფარგლებში, 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს „მ------–---------–----------ა“-ს კუთვნილ, სს „ს----------–--------ში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე განთავსებულ თანხას სასარჩელო მოთხოვნის 171 018. 52 ლარის ფარგლებში. ასევე ყადაღა დაედო შპს „მ------–---------–----------ა“-ს კუთვნილ შემდეგ სატრანსპორტო საშუალებას: „H-------------- (----------------------), სახელმწიფო სანომრე ნიშნით №-------. მოპასუხის მიმართვის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიებები ჩანაცვლდა სს „ს----------–--------ის“ მიერ 2018 წლის 20 ივლისს გაცემული №--------- საბანკო გარანტიით. ის ფაქტი, რომ შპს „მ------–---------–----------ა“-მ მიმართა სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით, ჩაენაცვლებინა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და წარადგინა შესაბამისი საბანკო გარანტია, ადასტურებს მოპასუხის ინტერესს საქმის წარმოების მიმართ, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნა ეხება საკმაოდ მნიშვნელოვანი ოდენობის თანხის დაკისრებას. საგულისხმოა, რომ მოცემული საქმისწარმოების ფარგლებში, როგორც უზრუნველყოფის განჩინება, ისე სააღსრულებო ფურცელი შპს „მ------–---------–----------ა“-ს არ მიუღია მისამართზე, არამედ ჩაიბარა უშუალოდ სასამართლოში უფლებამოსილმა პირმა - ლ------------ამ.
აპელანტი უთითებს, რომ დღეისათვის, შპს „მ------–---------–----------ა“ აქტიურად ოპერირებს და უზრუნველყოფს შესაბამისი პროდუქციისა თუ სერვისების მიწოდებას არაერთი საჯარო თუ კერძო დაწესებულებისათვის. შესაბამისად, კომპანიას აქვს რეალური ინტერესი, წარადგინოს სასამართლოს წინაშე თავისი პოზიცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნებზე და არსებითად იდავოს სარჩელის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შპს „მ------–---------–----------ა“-ს არ სურს, თავი აარიდოს საპროცესო უფლებების განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ შპს „მ------–---------–----------ა“-მ თავისი პოზიცია პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით არაერთხელ აცნობა თავდაცვის სამინისტროს. როგორც საჩივარზე დართული წერილი ცხადყოფს, კომპანია იმთავითვე არ დაეთანხმა სამინისტროს მიერ შედგენილ პირგასამტეხლოს დარიცხვის აქტს, რადგან იგი ითვალისწინებდა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს - შესყიდვის ობიექტის 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როდესაც დადგენილი სასამართლო პრაქტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის მიხედვით, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით. აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტიც ადასტურებს, კომპანიის ინტერესს არსებითად შედავებოდა წარმოდგენილ სარჩელს და გაექარწყლებინა მასში ასახული არგუმენტაცია.
აპელანტს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე უნდა ემსჯელა სასამართლოსაც იურიდიული დასაბუთებულობის კონტექსტში, ვინაიდან აღნიშნული აშკარაა როგორც უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით (იხ. მაგალითად, სუსგ, Nას-896-846-2015, 12.02.2016), ისე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციით (ხელმისაწვდომია: http://procurement.gov.ge/getattachment/ELibrary/metod-mititebebi-da-recomendaciebi/recommendation.pdf.aspx). საჩივრის ამ ნაწილზე სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, რაც გადაწყვეტილების იურიდიულ დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს.
აპელანტი მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანითა და მისი ძალაში დატოვებით, შპს „მ------–---------–----------ა“-ს პრაქტიკულად ერთმევა კონსტიტუციური უფლება, სასამართლო წესით დაიცვას თავისი ინტერესები მაშინ, როდესაც (1) სარჩელი კომპანიას არ ჩაბარებია სსკ-ით დადგენილი წესით, (2) სარჩელით მოთხოვნილია იმდენად შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რომ აშკარაა მისი იურიდიული დაუსაბუთებლობა, და (3) კომპანიას არაერთხელ აქვს დეკლარირებული ინტერესი, არსებითად შეედავოს სარჩელს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გაგადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. 15.06.2018წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე შპს „მ------–---------–----------ას“ მიმართ, მასსა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 02 მარტს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს 171 018.52 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 29.10.2018წ. შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე შპს „მ------–---------–---------ას“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 171 018.52 ლარის გადახდა.
ამავე სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით მოპასუხე შპს „მ------–---------–----------ა“-ს საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4.3. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი კომპანიის მისამართის სისწორე (ნამდვილობა), მისი მითითებით, გზავნილი ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს. ამასთან, აპელანტი მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილია იმდენად შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რომ აშკარაა მისი იურიდიული დაუსაბუთებლობა.
4.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამავე კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც გულისხმობს რომ თუკი მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარადა სარჩელი და თანდართული დოკუმეტები მის მიმართ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება (გზავნილი) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლომ მოპასუხე შპს „მ------–---------–----------ას“ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები თავდაპირველად გაუგზავნა 02.03.2017წ. ხელშეკრულებასა და სარჩელში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ქ---ს ქუჩა №--. 10.07.2018წ. უკუგზავნილზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად აღნიშნულია, რომ ადრესატი მითითებულ მისამართზე არ იმყოფება.
დადგენილია, რომ 25.09.2018წ. მოპასუხე შპს „მ------–---------–----------ას“ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები გაეგზავნა მისამართზე - თბილისი, კ---------ს ქ. 2- და 2018 წლის 26 სექტემბერს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს ს--–--------------ეს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მისამართი თავად მოპასუხის მიერაა მითითებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ განცხადებებზე. ასევე 28.11.2017წ. ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან აპელანტის იურიდიულ მისამართად დაფიქსირებულია თბილისი, ლ----–--ის ქ. 2-. პალატა აღნიშნავს, რომ კ------------- ლ----–--ის ქუჩის დღევანდელი სახელწოდებაა კ-------------ის ქუჩა.
ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კომპანიის იურიდიულ მისამართზე სარჩელი ჩაბარდა ს--–--------------ეს, როგორც ორგანიზაციის თანამშრომელს, რაც სრულიად საკმარისი საფუძველია, რათა გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვალოს. აპელანტის მითითება მასზედ, რომ ს--–--------------ეს გზავნილი არ გადაუცია ხელმძღვანელი პირისათვის, ვერ ჩაითვლება საპატიო გარემოებად, მითუმეტეს, რომ აღნიშნულ ფაქტს აპელანტი რაიმე მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები.
4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლო შესაგებლის წარუდგენლობის პირობებში არ იკვლევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ფაქტობრივ გარემოებებს ადგენს სარჩელის მიხედვით. ანუ, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭიროა, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დამტკიცებულად ითვლებიან, ამართლებენ თუ არა სამართლებრივად მის სასარჩელო მოთხოვნას, რათა მიეცეს დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დანიშნოს სხდომა და მოისმინოს მოპასუხის სამართლებრივ მოსაზრებები სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
პალატა ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ამ თუ იმ ოდენობის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, ეს სამართლებრივი შეფასების საკითხია, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის პირობებშიც იმსჯელოს მისი გონივრულობის საკითხზე (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1125-1072-2014; 29 მაისი, 2015 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლი) სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ იმსჯელა იურიდიულად ამართლებდა თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტელხოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასება უნდა მოხდეს სარჩელის სამართლებრივი (იურიდიული) მართებულობის შემოწმების ჭრილში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ------–---------–----------ას“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეჯამებული სასამართლო ხარჯები მხარეთა შორის უნდა განაწილდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ------–---------–----------ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ქეთევან დუგლაძე