განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
080100118002602506
ინსტანცია
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002602506

საქმე №1/ბ-751-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ე------- კ----------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის ქ---------–--------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით:

 

ე------- კ----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, ე------- კ----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 580 (ხუთას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე------- კ----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 580 (ხუთას ოთხმოცი) საათის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ე------- კ----------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 27 ივლისიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით (83 დღე), შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 165 (ას სამოცდახუთი) საათის ვადით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

 

ე------- კ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ე------- კ----------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

 

მსჯავრდებულ ე------- კ----------ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალა შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მსჯავრდებულმა.

 

მსჯავრდებულ ე------- კ----------ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის _ 2000 (ორი ათასი) ლარის ნაწილში განაჩენის აღსრულება დაევალა შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე------- კ----------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის დეკემბრის თვეში, ქ---------–----------–-----–---------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე------- კ----------ემ ეჭვიანობის ნიადაგზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს _ თ-------–---ს ხელი დაარტყა სახის არეში, აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის 18 ივნისიდან ექვსი თვის განმავლობაში იგი არასრულწლოვანი შვილის (მ------ კ-----ის) თანდასწრებით, სისტემატურად, დაახლოებით თვეში სამჯერ ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს _ თ-------–---ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

 

2018 წლის 18 ივლისს, ქ-------–----------–-----–---------–- მდებარე საცხოვრებელ სახლთან ე------- კ----------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს _ თ-------–---ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ------- ვ------------მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ე------- კ----------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ე------- კ----------ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის ქმედება, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, არასრულწოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ასევე ფიზიკური ძალადობა და მუქარა, რაც მეტყველებს მასზე, როგორც მოძალადე პიროვნებაზე. სასამართლოს მიერ არ მოხდა ძალადობრივ ქმედებათა სათანადო შეფასება, მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინება ოჯახში ძალადობისათვის სასჯელის დანიშვნისას და მიღებული გადაწყვეტილება მსუბუქი სასჯელის დანიშვნის შესახებ, რაც შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან.

 

მსჯავრდებულმა ე------- კ----------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ---–- კ------ემ სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ------------ს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ თ--------–---ს და მოწმეების _ მ------ კ-----ის და ნ----------–--ის გამოკითხვის ოქმებით; სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერით, შეტყობინებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ე------- კ----------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

ბრალდების მხარემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა ე------- კ----------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ე------- კ----------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მან სრულად აღიარა ჩადენილი ქმედება და ითანამშრომლა გამოძიებასთან. მართალია, იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის, მაგრამ მის მიერ წარსულში ჩადენილი ქმედება (საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა) არ არის ძალადობრივი ხასიათის. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ე------- კ----------ე პატიმრობაში იმყოფებოდა თითქმის 3 თვე.

 

რაც შეეხება პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებას, რომ ე------- კ----------ემ დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით, სააპელაციო პალატა, მართალია, თვლის, რომ არასრულწლოვნის თანდასწრებით ე------- კ----------ისთვის შერაცხული ქმედების (ოჯახური ძალადობის) ჩადენა მომეტებულად გასაკიცხია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენს მუხლის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, სასჯელის განსაზღვრისას მას მხედველობაში ვერ მიიღებს, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ე------- კ----------ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი ე------- კ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი ე------- კ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ე------- კ----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, ე------- კ----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 580 (ხუთას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე------- კ----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 580 (ხუთას ოთხმოცი) საათის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ე------- კ----------ეს, სასამართლო განხილვამდე _ 2018 წლის 27 ივლისიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით (83 დღე) დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი და მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 165 (ას სამოცდახუთი) საათის ვადით, რომლის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ.

 

7.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ე------- კ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

8.მსჯავრდებულ ე------- კ----------ისათვის სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ჯარიმის ნაწილში განაჩენის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/