განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002568637
საქმე №3ბ/860-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
გელა ბადრიაშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარე - ა--------- ბ----------ი;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტების მოთხოვნა:
1.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თბერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
1.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, ა--------- ბ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 19 აპრილის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1--------------- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 1-----–---- გადაწყვეტილება ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.
2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2018 წლის 1--------–ს სგპ ,,სადახლო-საავტომობილოს“ საბაჟო კონტროლის ზონაში შევიდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახ. ნომრით 6------), რომელსაც მართავდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე A-----------------. მებაჟე-ოფიცრის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე დასადეკლარირებელი, მათ შორის, სიგარეტი, პიროვნებამ განაცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ 40 კოლოფი სიგარეტი. განხორციელდა A------------------ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერება, რის შედეგადაც ავტომანქანის საბარგულში არსებული სათადარიგო საბურავის ქვეშ აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული 190 კოლოფი სხვადასხვა დასახელების სიგარეტი, კერძოდ, MT BLUE 100 კოლოფი და DAVIDOFF - 90 კოლოფი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 1--------–ს, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ B--------------------ის მიმართ შედგენილ იქნა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მოსარჩელე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარით, ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება, რაზეც შედგენილ იქნა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი №6----------.
B-------------------ის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, ასევე, შედგენილ იქნა 2018 წლის 1--------–ის №A------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილით.(ტ.1.ს.ფ. 16-18).
დადგენილია, რომ მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის დადგენილებით ა--------- ბ----------ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახედ და ზომად დაეკისრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.(ტ.1. ს.ფ. 21-25).
A------------------მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 1--------–ის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1--------------- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.(ტ.1.ს.ფ. 26-29).
2018 წლის 24 მაისს ა--------- ბ----------მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1--------------- ბრძანებისა და საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 1--------–ის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 1-----–---- გადაწყვეტილებით საჩივარი №5937/2/2018 არ დაკმაყოფილდა.(ტ.1.ს.ფ. 103-111).
2018 წლის 19 აპრილს A-------------------ისათვის ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალება K--------------- 2.4, საიდენტიფიკაციო ნომერი K----------------, სარეგისტრაციო ნიშანი 6------, წარმოადგენს ა------------------ის საკუთრებას.(ტ.1.ს.ფ. 49).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა; ხოლო საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ 2018 წლის 1--------–ს სგპ ,,სადახლო-საავტომობილოს“ საბაჟო კონტროლის ზონაში შემოვიდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახ. ნომრით 6------), რომელსაც მართავდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე A-----------------. მენაჟე-პფიცრის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე დასადეკლარირებელი, მათ შორის სიგარეტი, პიროვნებამ განაცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ 40 კოლოფი სიგარეტი. განხორციელდა A------------------ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერება, რის შედეგადაც ავტომანქანის საბარგულში არსებული სათადარიგო საბურავის ქვეშ აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული 190 კოლოფი სხვადასხვა დასახელების სიგარეტი, კერძოდ, MT BLUE 100 კოლოფი და DAVIDOFF - 90 კოლოფი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 1--------–ს, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, მოსარჩელე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარით, ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება.
მოსარჩელე ითხოვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას ავტოსატრანსპორტო ჩამორთმევის ნაწილში. ამასთან, აღნიშნავს, რომ ა--------- ბ----------ის მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს სხვის საკუთრებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა: საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა. ამავე კოდექსის 199-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „დ.გ.“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 90001 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, აგრეთვე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, რომ კანონმდებლობით, მართალია, გათვალისწინებულია საქონლის დაუბეგრავი რაოდენობა და ღირებულება, თუმცაღა, ერთი მხრივ, აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პირი უნდა ეცადოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლას, მეორე მხრივ კი, მოსარჩელის მიერ შემოტანილი სიგარეტის რაოდენობა აღემატებოდა დაუბეგრავ ოდენობას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში უდავოდ დგინდება როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ისე პირის მიმართ საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმის გამოყენება, მხოლოდ გამოყენებული სანქციის სახე არის სადავო, აუცილებელია, განისაზღვროს საგადასახადო სანქციის გამოყენების მიზნები, მისი შეფარდების წესი და უშუალოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის გამოსაყენებელი სანქციის სახეები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შინაარსი ცხადყოფს, რომ კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა მოიცავს სამი სახის ღონისძიებას - დაჯარიმებას, საქონლის ჩამორთმევას, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. მოცემული სახდელები შეიძლება იყოს როგორც ალტერნატიული, ისე კუმულატიური, რომლის განსაზღვრაც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული მუხლით საგადასახადო ორგანოს ენიჭება რა დისკრეციული უფლებამოსილება, მან უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით და უნდა იმოქმედოს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ნაკარნახევი კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე გადაწყვეტილების მიღებით. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს გამოსაყენებელი სანქციის სახისა და ოდენობის არჩევის შესაძლებლობა, რასაც თან სდევს პირის უფლებათა და კანონით დაცულ ინტერესთა შეზღუდვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას სანქციის შეფარდების ზოგადი პრინციპები.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე ბს-222-219(კ-14), სადაც „საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახეა. იურიდიული პასუხისმგებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიმართ სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენებას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის. საკუთარი ქმედებისათვის ადამიანი პასუხს აგებს კანონისა და სასამართლოს წინაშე. იურიდიული პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმაა. იგი ყოველთვის წარსულს (მოქმედება ან უმოქმედობა) აფასებს და დადგება სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევისათვის. იურიდიული პასუხისმგებლობა სამართლის ნორმების დარღვევის გარდაუვალი შედეგია. იურიდიული პასუხისმგებლობა განუყოფლად არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან, სამართლის ნორმებთან, ფიზიკური პირებისა და მათი გაერთიანებების ვალდებულებასთან და მართლსაწინააღმდეგო ქცევასთან. პასუხისმგებლობის გამოყენებისათვის უნდა არსებობდეს წინაპირობები: პირის ბრალეულობა, მისი ქცევის მართლწინააღმდეგობა, მიყენებული ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მის ქცევასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის.“ „საგადასახადო პასუხისმგებლობას, იურიდიული ფუნქციის გარდა, სოციალური ფუნქციაც გააჩნია. საგადასახადო პასუხისმგებლობის სოციალური ფუნქცია საგადასახადო სამართალდარღვევის თავიდან აცილების ზოგადი და კერძო პრევენციით ხორციელდება.“ „საგადასახადო პასუხისმგებლობა, იურიდიული პასუხისმგებლობის სხვა სახეების მსგავსად, კანონიერების, სამართლიანობის, პასუხისმგებლობის გარდაუვალობის და ა.შ. პრინციპებს ეფუძნება, ანუ პრინციპთა ერთიან სისტემას, რომლებიც ასახავენ მის შინაარსს, არსს, ფუნქციებსა და რეალიზაციის ფორმებს. საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპები ასახავენ მის ობიექტურ არსს, მიზნებს, ბუნებას და დანიშნულებას. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრის დროს კანონმდებელი შეზღუდულია სამართლიანობის, პროპორციულობის და სამართლის სხვა კონსტიტუციური და ზოგადი პრინციპების მოთხოვნებით. საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი და არსებითია არა მხოლოდ საგადასახადო სამართალდამრღვევის დასჯა, არამედ საჯარო ქონებრივი ინტერესების აღდგენა და წარმოშობილი ზიანის კომპენსაცია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საგადასახადო სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს.“
ამრიგად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენება საგადასახადო პასუხისმგებლობა. ამასთან, საგადასახდო პასუხისმგებლობის მიზანია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, გააჩნია როგორც „სადამსჯელო“, ისე პრევენციული დანიშნულება და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა იყოს ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი და პროპორციული, მას არ უნდა გააჩნდეს მხოლოდ „სადამსჯელო“ ხასიათი და უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას, სამომავლოდ სამართალდარღვევის ჩადენის აცილებას, გათვალისწინებულ უნდა იქნას სამართალდარღვევის შინაარსი, გამოწვეული ზიანი და სამართალდამრღვევი სუბიექტის პიროვნება. მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე არის შესაბამისი კანონშესაბამისი და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის ბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ „ის გარემოება, რომ საბაჟო ორგანო სანქციის დაკისრებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გაეთვალისწინებინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები სახდელის დაკისრებისას, მხედველობაში მიეღო მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. სზაკ-ის 7.1 მუხლის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება აქტის გამოცემა, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთანავე, წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას (სზაკ-ის 53-ე მუხ.). ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული თუ რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული მიზანი მოსარჩელისათვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სანქციის შეფარდებით.“
„კანონმდებლობა სასამართლოს, როგორც ნორმის შემფარდებელ ორგანოს, ანიჭებს უფლებამოსილებას თავად აირჩიოს სამართლებრივი შედეგი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.“ „იმის გათვალისწინებით, რომ საჯარიმო სანქცია უკავშირდება საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, გამოყენებული სანქცია ყველა შემთხვევაში უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს. ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს იურიდიული თანასწორობა, გამოყენებული სანქცია უნდა ითვალისწინებდეს ჩადენილი ქმედების ხასიათს და იყოს თანაზომიერი იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საბაჟო რეჟიმის უზრუნველმყოფი ნორმა, აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა შედეგად გამოიღოს ნორმის თვითნებური გამოყენება და განმარტება.“
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდებისას დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რამეთუ მოსარჩელის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშეც, სხვა სანქციის შეფარდებით, სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი მიიღწეოდა. კონკრეტული ნორმით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა კი განპირობებულია სამართალდარღვევის შინაარსისა და სამართალდამრღვევის სუბიექტის მაქსიმალური გათვალისწინებითა და მასთან გამოყენებული სანქციის შესაბამისობის დაცვით. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა პირველად, მის მიმართ სანქციის სახით გამოყენებულია ჯარიმაც და საქონლის ჩამორთმევაც, შესაბამისად, დამატებით ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ეძლევა სადამსჯელო, რეპრესიული ხასიათი, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპსა და საგადასახადო სანქციის გამოყენების მიზნებს, ჩადენილი სამართალდარღვევის სახე და გამოყენებული სანქცია არ არის თანაბარზომიერი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივად საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს განმარტებით მოსარჩელე ასევე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა სხვის საკუთრებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 19 აპრილს A-------------------ისათვის ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალება KIA OPTIMA 2.4, საიდენტიფიკაციო ნომერი K----------------, სარეგისტრაციო ნიშანი 6------, წარმოადგენს არა ა--------- ბ----------ის, არამედ ა------------------ის საკუთრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის" 78-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება არის სამართალდამრღვევი პირის ქონება ან/და სამართალდარღვევის ობიექტი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმე №ბს-327-323(კ-14), 2 დეკემბერი, 2014 წ.), რომ „საგადასახადო სამართალდარღვევა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა სპეციფიკურ სახეს, შესაბამისად, მის მიმართ სრულად ვრცელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობის მოთხოვნები.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
ამავე კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო (გარდა ამ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგნისა), მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განმარტებაზე (საქმე ბს-1655-1627 (კ-11), სადაც განმარტებულია, რომ ,,საქართველოს მთავრობის 20.12.06წ. 238 დადგენილებით დამტკიცებული ,,საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფისათვის საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდარღვევის სუბიექტის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებისა და მათი განხორციელების წესის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის თანახმად, აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სანქციის უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება სამართალდარღვევის სუბიექტის ქონება ან/და სამართალდარღვევის ობიექტი იყო. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სანქციის შეფარდებისას უნდა შეაფასოს სამართალდარღვევის ჩადენის საშუალების - ავტომანქანის ჩამორთმევის მართლზომიერება.“ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სადავო ნაწილში არ შეესაბამება კანონს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი:
აპელანტის მითითებით, 2018 წლის 1--------–ს ს.გ.პ. „სადახლო-საავტომობილო“-ს კონტროლის ზონაში სომხეთის მხრიდან შემოვიდა KIA OPTIMA-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანა სომხეთის სახელმწიფო ნომრით 6------, რომელსაც მართავდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა--------- ბ----------ი (პასპორტის ნომერი 6--------). მებაჟე-ოფიცრის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები, მათ შორის სიგარეტი, პირმა განაცხადა, რომ ჰქონდა 4 (ოთხი) ბლოკი სიგარეტი. ავტომანქანის დეტალური დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა 190 (ას ოთხმოცდაათი) კოლოფი სიგარეტი: "MT BLUE" 100 (ასი) კოლოფი "DAVIDOFF" 90 (ოთხმოცდაათი) კოლოფი, რომელიც მოთავსებული იყო ავტომანქანის საბარგულში სათადარიგო საბურავის ადგილზე.
აღნიშნულ სამართალდარღვევაზე 2018 წლის 1--------–ს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი #E------- და სამართალდამრღვევი დაჯარიმდა სსკ-ის 289.14-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციით. პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის #3/4232-18 გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1--------–ის #E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1--------------- ბრძანება და სფს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 1-----–---- გადაწყვეტილება ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლო სადავო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში უდავოდ დგინდება როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ისე პირის მიმართ საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმის გამოყენება, მხოლოდ გამოყენებული სანქციის სახე არის სადავო და აუცილებელია, განისაზღვროს საგადასახადო სანქციის გამოყენების მიზნები, მისი შეფარდების წესი და უშუალოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.14-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის გამოსაყენებელი სანქციის სახეები. სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა მოიცავს სამი სახის ღონისძიებას: დაჯარიმებას, საქონლის ჩამორთმევას და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. მოცემული სახდელები შეიძლება იყოს როგორც ალტერნატიული, ისე კუმულატიური, რომლის განსაზღვრაც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ენიჭება რა დისკრეციული უფლებამოსილება, უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
აპელანტი არ იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველ მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა, ხოლო „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას ხორციელდება ზოგადი დეკლარირება, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე ხორციელდება ზოგადი დეკლარირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს. ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის გაფორმების მიზნით, წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება სასაქონლო ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის გაფორმებისას გამოიყენება შემდეგი სასაქონლო ოპერაციები: იმპორტი; ექსპორტი; რეექსპორტი; ტრანზიტი; საწყობი; თავისუფალი ზონა; დროებითი შემოტანა; შიდა გადამუშავება; გარე გადამუშავება. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, საქონლის გაფორმებისას ხორციელდება დეკლარირება. საქონლის გაფორმებისას, სასაქონლო ოპერაციის პირობების შესაბამისად, წარმოიშობა კუთვნილი გადასახდელების გადახდის ან/და გარანტიის წარდგენის ვალდებულება. ამავე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით კი დადგენილია, რომ გადასახდელების გადახდის ან/და გარანტიის წარდგენის ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან საქონლის მფლობელს.
ამასთან, სასაქონლო ოპერაციებში საქონლის მოქცევისა და სასაქონლო ოპერაციების გამოყენების წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს.
ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული ან საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას.
მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ზოგად დეკლარირებას ახორციელებს: ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი ან საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი; ბ) საქონლის მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს. ამავე ინსტრუქციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა: ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას; ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია; გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის შემოტანისას; დ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში. ე) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას.
აღნიშნული ინსტრუქციის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია ივსება საბაჟო გამშვებ პუნქტში, დეკლარაციის მე-3 ნაწილში მითითებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე ბარგით ან/და ხელბარგით გადაადგილებისას, ფიზიკური პირის მიერ ან საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის მიერ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია ივსება ფიზიკური პირის სურვილისამებრ – ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. გაურკვევლად შევსებული დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს მიერ არ მიიღება.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, NXI–02 დანართის შესაბამისად შევსებული „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა“ (შემდგომში – ნუსხა) თან ერთვის ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციას შემდეგ შემთხვევებში: ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), გარდა ამ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევებისა; ბ) 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოდან გატანის დროს, გარდა ამ საქონლის გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირების შემთხვევისა; გ) ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში (იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით) მოქცევისას; დ) იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიერ ერთდროულად გადაადგილდება „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი, ივსება 2 ნუსხა – ცალ-ცალკე. ე) როდესაც საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირი „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს მის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდება.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისას საქონლის მფლობელი ვალდებულია, ერთი მხრივ, შეცნობილი ჰქონდეს, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანისას საქონლის მფლობელი ვალდებულია, საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის სრულყოფილი წარდგენით უზრუნველყოს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტური განხორციელებისათვის ხელის შეწყობა. აღნიშნული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება თუ შეუსრულებლობა საფრთხეს უქმნის საბაჟო გამშვებ პუნქტში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობითი ფუნქციების შესრულებას, ხოლო, თავის მხრივ, საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა/გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით/მისგან მალულად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით.
საქონლის წარდგენას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სავარაუდოდ კუთვნილი გადასახდელების განსაზღვრასთან მიმართებით. კერძოდ, წარდგენილი საქონლის გაფორმების მიზნით საქონლის მფლობელის/დეკლარანტის მიერ ხორციელდება საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრას და შემდგომში სასაქონლო ოპერაციის პირობების შესაბამისად, კუთვნილი გადასახდელების გადახდის ან/და გარანტიის წარდგენის ვალდებულების წარმოშობას. ამასთან, გადასახდელების გადახდის ან/და გარანტიის წარდგენის ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან საქონლის მფლობელს. განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქონლის მფლობელს და მის გადამაადგილებელ პირს წარმოადგენდა ა--------- ბ----------ი, სასაქონლო ოპერაციის შერჩევა და მასში საქონლის მოქცევა სწორედ მას ევალებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ სამართალწარმოებისას კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში განსაზღვრული ფაქტების დადგენას უკავშირდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირადი ნივთი არის მგზავრის პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი საგანი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას გადაიზიდება ბარგით ან/და ხელბარგით. ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბარგი არის მგზავრებისაგან განცალკევებულად გადასაზიდი საგანი; ამავე მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ხელბარგი არის მგზავრის მიერ პირადად გადასატანი საგანი.
ზემოხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით აპელანტი აღნიშნავს, რომ პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი საგნები განთავსებული უნდა იყოს ბარგში ან ხელბარგში. ამასთან, აუცილებელია, რომ ბარგი მოთავსებული იყოს მგზავრებისაგან განცალკევებულ ადგილას, მაგალითად, ავტომობილის საბარგულში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონელი, რომელიც თან არ ახლავს საბაჟო საზღვარზე გადამაადგილებელ პირს და მოთავსებული არ არის მგზავრის ბარგსა თუ ხელბარგში, წარმოადგენს არაპირადი გამოყენების ნივთს, რომელიც ექვემდებარება დეკლარირებას.
სამართალდარღვევის ბრალეულად ჩადენის საკითხთან მიმართებით აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილი ალტერნატიულად იძლევა საბაჟო კონტროლისაგან როგორც მალულად, ასევე, მისი გვერდის ავლით საბაჟო საზღვარზე საქონლის გადმოტანის/გადატანის სახით ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პირის დაჯარიმების შესაძლებლობას. მითითებული მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ერთმანეთისაგან მკვეთრად იმიჯნება სამართალდარღვევის ჩადენის ორი ალტერნატიული „გზა“ - საბაჟო კონტროლის გვერდის ავლა და საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადმოტანა/გადატანა. შესაბამისად, ერთმანეთისაგან განსხვავებულია ის სამართლებრივი წინაპირობებიც, რომლებიც თითოეულ შემთხვევაში პირის მხრიდან აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის დროს აუცილებლად უნდა იკვეთებოდეს. კერძოდ, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლის გადმოტანის/გადატანის მიმართ პირის განზრახვა გამოხატულია შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული საბაჟო გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, მათ გარეთ არსებული სივრციდან სახელმწიფო საზღვრის შიგნით ან, პირიქით, საზღვრებს შიგნიდან - გარეთ საქონლის უკანონო გადაადგილების სურვილში, მაშინ, როდესაც საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადაადგილების მიმართ არსებული განზრახვა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თუმცა მისგან ფარულად, საბაჟო კონტროლისათვის საქონლის გადაადგილების შემჩნევისათვის შემაფერხებელი გარემოებების შექმნის მცდელობით ვლინდება. საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადმოტანა/გადატანა არ გულისხმობს მხოლოდ სპეციალური სამალავით, ანუ მანქანის კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი, არაქარხნული, კუსტალურად დამზადებული, საქონლის ფარული გადაზიდვისათვის მოწყობილი სპეციალურად დახურული საშუალებით გადაზიდვას. საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადაადგილება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ზემოხსენებული სამალავით, ასევე, მის გარეშე.
განსახილველი სამართალდარღვევის მალულად ჩადენა არ გამოიხატება აღნიშნული ქმედების კონკრეტული, სპეციალურად მოწყობილი საშუალებისა თუ საგნის გამოყენებით განხორციელებაში. იგი დაკავშირებულია პირის ბრალეულ ქმედებასთან, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს პირის განზრახვას, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადააადგილოს საქონელი საქართველოს საბაჟო საზღვარზე, ხოლო, მეორე მხრივ, მის გაუფრთხილებელ ქმედებას, რომლითაც დაირღვა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების მიმართ საჭირო ყურადღებიანობისა თუ გულისხმიერების აუცილებელი მოთხოვნები, რასაც, შედეგად, მოჰყვა პირის მიერ საბაჟო საზღვარზე გაუფრთხილებლობით საქონლის წარუდგენლობა და რასაც შეეძლო პოტენციური საფრთხე შეექმნა საბაჟო ზედამხედველობისა თუ კონტროლის ეფექტური განხორციელებისათვის.
დეკლარირების მიზანს საბაჟო საზღვარზე გადასაადგილებელი ქონების წარდგენა წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული ქმედების ზედმიწევნით განხორციელებაზეა დამოკიდებული საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტურობის ხარისხიც. შესაბამისად, დეკლარაციის წარუდგენლობა და საბაჟო საზღვარზე საქონლის მალულად გადატანა წარმოშობს საფრთხეს იმისა, რომ ზემოხსენებული ქმედებები ვერ განხორციელდება. აღნიშნული კი, ავტომატურად ქმნის საბაჟო საზღვარზე საქონლის მალულად გადამაადგილებელი პირისათვის საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სსკ-ის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით განსაზღვრულია სანქციის შეფარდების რამოდენიმე ალტერნატიული სახე, როგორც განცალკევებულად, ისე ერთობლივად, რაც უფლებამოსილ ადმინისრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ საქმეზე არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გონივრული და ჯეროვანი შეფასების შედეგად, ისე რომ დაცულ იქნეს სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანები, რათა დაუსაბუთებლად არ იქნეს შეზღუდული მოქალაქეთა უფლებები და ინტერესები.
აპელანტის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანო სანქციის დაკისრებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ისე, რომ მის მიერ გათვალისწინებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ლ” ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის მოთხოვნები, რომლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ზომები არ იწვევს პირის კანონიერ უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას, არამედ მთლიანად არის გათვალისწინებული საჯარო და კერძო ინტერესები, რადგან სანქციის გამოყენების არსებით მიზანს წარმოადგენს სამართალდარღვევის თავიდან აცილება.
ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას აქტის გამომცემი ორგანო ხელმძღვანელობდა ისეთი საჯარო ინტერესით, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და შედეგიანობით ბევრად აღემატება მომჩივნის კერძო ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში საჯარო ინტერესი, თავისი მნიშვნელობითა და შედეგიანობით ბევრად აღემატება სამართალდამრღვევის კერძო ინტერესს, რადგან საბაჟო ვალდებულებების დარღვევისას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობა არაერთ გარემოებას და დასაცავ სიკეთეს მოიცავს.
კანომდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას თავად აირჩიოს სამართლებრივი შედეგი. სადავო აქტით განსაზღვრული სანქციის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოუყენებლობა კი ნიშნავს იმას, რომ მომჩივანს მიეცემა კიდევ ერთი შანსი სამართალდამრღვევს ანალოგიური ქმედების ჩადენისათვის და სამართალდამრღვევის მიერ კვლავ განხორციელდება საქართველოში არადეკლარირებული საქონლის და თუნდაც უაქციზო სიგარეტის შემოდინება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები. გამოყენებული სანქციით დაცულია თანაზომიერების პრინციპი, უზრუნველყოფილია იურიდიული თანასწორობა. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საგადასახადო ორგანო.
ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სხვა სანქციის შეფარდებით (ჯარიმა - 1000 ლარი) ვერ იქნება მიღწეული სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანი.
სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია სამართალდარღვევის ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, სსკ–ის 289-ე მუხლი მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული სანქცია კანონშესაბამისია, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე შესწავლილი, გამოკვლეული და გაანალიზებულია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც მნიშვნელოვანია საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად და სახეზე არ არის მისი მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების საფუძველი.
3.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი:
აპელანტის მითითებით, 2018 წლის 19 აპრილს სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან შემოვიდა მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც მართავდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა--------- ბ----------ი. მებაჟე-ოფიცრის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე დასადეკლარირებელი, მათ შორის სიგარეტი, განაცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ 40 კოლოფი სიგარეტი. ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ავტომანქანის საბარგულში არსებული სათადარიგო საბურავის ქვეშ, აღმოჩნდა არადეკლარირებული, 190 კოლოფი სხვადასხვა დასახელების სიგარეტი, კერძოდ: MT BLUE 100 კოლოფი და DAVIDOFF 90 კოლოფი.
სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ უფლებამოსილი პირის მიერ 1--------- წელს შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და №A------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ასევე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
1--------- წლის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 2018 წლის 20 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1--------- წლის №----- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
დადგენილია, რომ 2018 წლის 1--------–ს სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსული მსუბუქი ავტომობილის დათვალიერების შედეგად ავტომანქანის საბარგულში არსებულ სათადარიგო საბურავის ქვეშ აღმოჩნდა არადეკლარირებული 3800 ღერი სიგარეტი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ოდენობას აღემატება და ექვემდებარება დეკლარირებას და გაფორმებას.
გადამხდელის განმარტებით, საბაჟო საზღვარზე არ დაურღვევია პროცედურები, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია მებაჟე-ოფიცრისათვის გარდა იმის რომ დააფიქსირა თავისი პოზიცია, მებაჟე-ოფიცერმა არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, არ აუხსნია მისი უფლებები ისე შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, რითაც თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა და სომხეთიდან შემოსული სტუმრის მიმართ თავისი არაპროფესიონალური მიდგომით შეცდომა დააშვებინა.
საბაჟო დეპარტამენტის 6.06.2018 წლის №6---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მომჩივანი პირველად არ გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე (10 შესვლა/გასვლა) და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო პროცედურები. რაც შეეხება მისთვის ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნებას, ასეთ შემთხვევაში არსებობს მნიშვნელოვანი ალბათობა იმისა, რომ ავტომობილი მომავალშიც იქნას გამოყენებული არადეკლარირებული საქონლის მალულად გადასატანად.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას სრულად გამოიკვლია თითოეული ის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე. სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 3000 ლარამდე ღირებულების აქციზური საქონლის გადაადგილებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მისგან მალულად. მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, აღნიშნული სამართალდადრღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციების სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება ფინანსთა სამინისტროს მართლზომიერად მიაჩნია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილი საგადასახადო ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, სამართალდამრღვევი დააჯარიმოს როგორც ფულადი სანქციით, ასევე დამატებით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, კანონით გათვალისწინებული სანქციის სრულად გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილი ადგენს: საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოების განმარტებებს და მიიჩნევს, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო სანქციის დაკისრების პროცესში მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას სახდელის დადების პროცესში გაითვალისწინოს და მხედველობაში მიიღოს სანქციის პროპორციულობა და თანაზომიერება.
სააპელაციო სასამართლო კვლავაც ყურადღებას მიაქცევს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსს და აღნიშნავს, ამ შემთხვევაშიც, როგორც პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა უმეტეს ნაწილში, დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქციის, მათ შორის რამოდენიმე სანქციის კუმულატიურად გამოყენების შესაძლებლობა, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ცალკეული გადაცდომა მათი ერთგვაროვანი შინაარსის მიუხედავად, ყოველთვის ხასიათდება კონკრეტული ობიექტური თუ სუბიექტური მახასიათებლებით, გადაცდომის სიმძიმით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადექვატურობას.
ზაკ-ის მე-7 მუხლი ადგენს: 1. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; 2. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მითითებული ნორმის შინაარსს და თვლის, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პროცესში ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ცალკეული პირის სუბიექტური უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლება, რომლის შეზღუდვა საჭიროებს განსაკუთრებულ დასაბუთებას. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების პროცესში პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც ის იქნა გატარებული.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტების მითითება იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და სანქცია დაკისრებულია კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის საფუძველზე. აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოები ვერ ასაბუთებენ, რითია განპირობებული გამოყენებული სანქციის, კონკრეტულად სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარდაუვალობა და რატომ ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზანს სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სანქციის შეფარდება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოთვლის საგადასახადო სანქციის სხვადასხვა სახეებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით. ეს მუხლი აწესებს ასევე საგადასახადო სანქციის დაკისრების ზოგად პრინციპებს, როგორიცაა ერთი და იმავე ქმედებისთვის ორჯერ დასჯის აკრძალვა, სახდელთა შეკრების პრინციპი, ასევე აწესრიგებს სხვა საკითხებს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა არ შეიცავს პირდაპირ რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაცემები უნდა მიიღოს მხედველობაში სახდელის შემფარდებელმა ორგანომ სახდელის შერჩევისას, თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული საყოველთაო თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სხვადასხვა სიმძიმის სახდელების დაწესება, სულ მცირე, არ უნდა ატარებდეს რეპრესიულ ხასიათს და ეწინააღმდეგებოდეს სამართლიანობის პრინციპს.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სადავო სანქციის სახე დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, შესაბამისად, სანქციის ამ სახის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე საკუთრების უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში და მის გასამართლებლად არ არის საკმარისი მოპასუხის არგუმენტი მასშტაბურად გავრცელებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანთან დაკავშირებით. სამართალდარღვევის ჩადენის ინდივიდუალური თუ ზოგადი პრევენცია, თავისთავად, წარმოადგენს სანქციის ერთ-ერთ მიზანს, განსაკუთრებით კი ისეთი სახის სამართალდარღვევის, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, თუმცა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და დაუშვებელია, ერთი სახის სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ განურჩევლად ერთგვაროვანი მიდგომა. გასათვალისწინებელია საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მის ქონებრივ მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორები. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ მიიღეს მხედველობაში ამგვარი ინდივიდუალური გარემოებები.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილი გათვალისწინებული სანქციის სამივე სახის გამოყენება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ ღონისძიებას. სანქციის სახით 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება და საქონლის ჩამორთმევა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სრულად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევადობას და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სამართალდამრღვევის მდგომარეობას.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტები სააპელაციო საჩივრებში ვერ უთითებენ იმ გარემოებებზე, რომელიც გაამართლებდა შეფარდებული სანქციის ერთობლიობაში გამოყენების აუცილებლობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული იმ გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ და „ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
გელა ბადრიაშვილი