განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2018
საქმის ნომერი
080100116002459981
ინსტანცია
თარიღი
11.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100116002459981

საქმე №1/ბ-303-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივნისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ რ--------- ლ----ის და მსჯავრდებულ ბ-------- ქ------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ბ-------- ქ------ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაბადებულის 1----–-–------------, ნასამართლევის, მცხოვრების ბ----------------------------–---------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1. ბრალდების შესახებ 2016 წლის 30 მარტის დადგენილების მიხედვით, ბ-------- ქ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დაუდგენელ დროსა და გარემოებებში ბ-------- ქ------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 6,441 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა 2016 წლის 21 მარტს, ქ---------–-----------–---–--------ში მდებარე მ---–---–------–-------------------ში ჩატარებული ბ-------- ქ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

ზემოაღნიშნულის გამო ბ-------- ქ------ეს წარდეგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).

 

1.2. 2018 წლის 17 აპრილს, პირველი ინსტანციის სასამართლოში სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------- ტ---–--ემ წარადგინა ბრალის ახალი ფორმულირება, რომლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 26 ივლისის კანონით შეტანილი ცვლილების გამო, ბ-------- ქ------ის ბრალდება შეიცვალა უფრო მსუბუქი ბრალდებით და მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

2.გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით:

 

ბ-------- ქ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბ-------- ქ------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

 

ბ-------- ქ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, წონით 6,58 გრამი, რომელიც ინახება პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, უნდა განადგურდეს.

 

3.სააპელაციო საჩივრების არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა რ--------- ლ----ემ და მსჯავრდებულმა ბ-------- ქ------ემ.

 

3.1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა რ--------- ლ----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ბ-------- ქ------ისთვის კანონის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის შენიშვნის მეორე პუნქტით განსაზღვრულია, რომ ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოთხმაგ ოდენობაზე ნაკლები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით ჯარიმის შერჩევისას სასამართლოს უნდა ემსჯელა ამავე მუხლის შენიშვნის მეორე პუნქტზე დაყრდნობით და ბ-------- ქ------ისათვის უნდა შეეფარდებინა ჯარიმა სულ მცირე 2000 ლარის ოდენობით.

 

3.2. მსჯავრდებულმა ბ-------- ქ------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგი საფუძვლებით:

 

აპელანტის მითითებით, ის დაავადებულია ეპილეფსიით, რაც ქრონიკული ხასიათისაა და დადგენილი აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ასევე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ფსიქიკური დაავადების გამო იგი სრულყოფილად ვერ აღიქვამს მის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ პროცედურებს. ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ ცნობილი იყო გამოძიების ეტაპზე, თუმცა მიუხედავად ამისა, არ დანიშნულა კომპლექსური სასამართლო-სამედიცინო და ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც ნათელს მოჰფენდა ბრალდებულის შერაცხადობის საკითხს, დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა თუ არა იგი შერაცხად მდგომარეობაში და ხომ არ იყო სახეზე ბრალის გამომრიცხავი გარემოებები, რის გამოც განაჩენი ვერ ჩაითვლება კანონიერად და დასაბუთებულად.

 

აპელანტის განმარტებით, საქმის არსებითი განხილვის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა მოქმედი კანონმდებლობა. ვინაიდან, მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ძველი რედაქციით, ბრალდების მხარემ დააზუსტა ბრალდება და წარუდგინა ბრალის ახალი ფორმულირება, რომლის თანახმად, მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით. რადგან იგი ვერ აცნობიერებდა და ამჯერადაც ვერ აღიქვამს თუ რა სამართლებრივი პროცედურები ხორციელდებოდა მის მიმართ, აღნიშნულს ეთანხმებოდა გაუცნობიერებლად. მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და არც ბრალდების შეცვალას დათანხმებია გაცნობიერებულად.

 

აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება _ გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო.

 

აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვისათვის არ შეიძლებოდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, ხოლო სხვა სახის სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი არ ითვალისწინებდა, სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში არ ხდებოდა სასჯელის დანიშვნა, ამდენად, ბრალის დაზუსტებით გაუარესდა მისი სამართლებრივი მდგომარეობა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ რ--------- ლ----ისა და მსჯავრდებულ ბ-------- ქ------ის სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრების მოთხოვნათა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ბ-------- ქ------ეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ბ-------- ქ------ის პოზიციას იმის შესახებ, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ-------- ქ------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

 

მოწმე ბ---- ჯ---------ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–--აში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 21 მარტს დილიდან იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ქ---------–--------------–---–--------–- მდებარე მ---–---–------–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოძრაობდა ბ-------- ქ------ე, რომელსაც სავარაუდოდ თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის თაობაზე მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

მოწმე მ------ გ---–------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–--აში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 21 მარტს იყო ოპერატიული მორიგე. დაახლოებით 13:00 საათზე, ამავე განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ბ---- ჯ---------მ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ---------–--------------–---–--------–- მდებარე პარკის ტერიტორიაზე ფეხით მოძრაობდა მოქალაქე ბ-------- ქ------ე, რომელსაც სავარაუდოდ თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ამის შემდეგ იგი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ა---------– ფ------–---სთან და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ბ----- ე-–----სთან ერთად გავიდა აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულებმა დაინახეს ფეხით მოძრავი ბ-------- ქ------ე, რომელმაც თანხმობა განაცხადა პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე და თან ნებაყოფლობით წარმოადგინა შარვლის მარჯვენა ჯიბეში მოთავსებული ქაღალდში გახვეული მომწვანო-მორუხო ფერის მცენარეული მასა, რომელიც იქვე დაილუქა გამომძიებლის მიერ.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა ა---------– ფ------–---მ.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბ-------- ქ------ემ ნებაყოფლობით წარუდგინა პოლიციის თანამშრომლებს შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში შენახული, გაზეთის ქაღალდში გახვეული მომწვანო-მორუხო ფერის მცენარეული მასა, რომელიც ამოღებული და დალუქული იქნა ერთ პაკეტად.

 

ქიმიური ექსპერტიზის №----- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, ბ-------- ქ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო და მოყავისფრო მცენარეული მასის ნარევი, საერთო წონით 6,78 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას წონაა 6,441 გრამი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან _ პრეიუდიცია.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების და დაცვის მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც მათ სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნული მტკიცებულებები ცნობილი იქნა უდავო მტკიცებულებებად და მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში არცერთი მტკიცებულება არ გამოკვლეულა და ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებები.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად მსჯავრდებულმა ბ-------- ქ------ემ როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას აღიარა ჩადენილი დანაშაული და თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას იმის შესახებ, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ვერ ჩაითვლება კანონიერად და დასაბუთებულად, ვინაიდან, არ ჩატარებულა კომპლექსური სასამართლო-სამედიცინო და ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, იმის გასარკვევად, დანაშაულის ჩადენის დროს იყო თუ არა იგი შერაცხად მდგომარეობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მტკიცებულებების მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა. ისინი თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. შესაბამისად, დაცვის მხარე უფლებამოსილი იყო, საჭიროების შემთხვევაში, თავად მოეპოვებინა და სასამართლოსთვის წარედგინა ექსპერტიზის დასკვნა ზემოხსენებულ საკითხზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბ-------- ქ------ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ე.ი დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მისი გამართლების თაობაზე არის უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

 

პალატა ასევე არ იზიარებს მსჯავრდებულის მოსაზრებას, რომ მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით ახალი ბრალის წარდგენით გაუარესდა მისი სამართლებრივი მდგომარეობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

როგორც ცნობილია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით, რომელიც კრძალავს არაჰუმანური და სასტიკი სასჯელის გამოყენებას, არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების – გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენა-შენახვის გამო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა, თუ არ არის დადგენილი გასაღების მიზნის არსებობა სასჯელის სახით არ შეიძლება გამოყენებული იქნეს თავისუფლების აღკვეთა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებით არ მომხდარა მსჯავრდებულ ბ-------- ქ------ის მიერ ჩადენილი ქმედების დეკრიმინალიზაცია. საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაადგინა არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედი რედაქციის, არამედ მხოლოდ მისი ისეთი ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა, რომლითაც შესაძლებელი იყო ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისათვის სასჯელად თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ერთადერთი სახის – თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ ერთი სახის ნარკოტიკული საშუალების – გამომშრალი მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 26 ივლისს შეტანილი ცვლილების შედეგად კი, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა იძლევა ასეთი ქმედებისათვის უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. შესაბამისად, ვინაიდან, ბ-------- ქ------ის მიერ დანაშაულის ჩადენიდან მის მიმართ განაჩენის გამოტანამდე შეიცვალა კანონი და ახალმა კანონმა შეამსუბუქა სასჯელი იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც დაედო მას ბრალი, ბ-------- ქ------ის მიმართ გამოყენებული იქნა ახალი კანონი, კერძოდ, მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას და მას სასჯელის სახით განესაზღვრა ყველაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელი _ ჯარიმა, რაც ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, არ შეიძლება შეფასდეს მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებად.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენი ბ-------- ქ------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში კანონიერია და შესაბამისად, არ არსებობს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარს, პალატა იზიარებს მის პოზიციას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული განაჩენი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნებს, კერძოდ: პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები, მაგრამ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბ-------- ქ------ისთვის ძირითად სასჯელად ჯარიმის _ 500 ლარის დაკისრება არასწორია, რადგან დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოთხმაგ ოდენობაზე ნაკლები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, შესაბამისი ქმედებისათვის _ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ჯარიმის ოდენობა არ უნდა იყოს 2000 ლარზე ნაკლები. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ რ--------- ლ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2.მსჯავრდებულ ბ-------- ქ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენში ბ-------- ქ------ის მიმართ შევიდეს ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

4.ბ-------- ქ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5.”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ბ-------- ქ------ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

 

6.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბ-------- ქ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.

 

7.ნივთიერი მტკიცებულება – ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, წონით 6,58 გრამი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–--აში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/