განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/357-19, 120310018002664610
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ნ----------------
წარმომადგენელი - ქ-----------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ლ------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, განაცდურის ანაზღაურება, თანამდებობრივი სარგოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 14 იანვრის ბრძანებით N-- ნ---------------- დაინიშნა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურში, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 10 ივლისის ბრძანებით N---- 11 ცვლილება შევიდა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 14 იანვრის N-- ბრძანებაში და ნ---------------- დაინიშნა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის - ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. მისი თანამდებობრივი ხელფასი განისაზღვრა დამტკიცებული სარგოს 900 ლარის ოდენობით.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის 05.06.2018წ. ბრძანებით N------ ასპინძის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით დაიწყო ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაცია, რომლის შედეგად მოხდა მერიის ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება, შტატების გადაადგილება და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა. რეორგანიზაცია შეეხო ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის, ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის, სახელმწიფო შესყიდვების, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების და ადმინისტრაციულ სამსახურებს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის 05.06.2018 წლის N------ ბრძანების თაობაზე ეცნობათ სამსახურის თანამშრომლებს, მათ შორის ნ---------------ს, რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა ბრძანების გაცნობა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 ივნისის N45 დადგენილებით დამტკიცდა ერთი განყოფილება, შტატი და თანამდებობა - ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და სტატისტიკის განყოფილების უფროსი და ორი უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.
2018 წლის 27 ივნისს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა ნ---------------ს და მიუთითა, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო, მისი შტატის შემცირებასთან დაკავშირებით, სთავაზობდა ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების 1 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობას ეკონომიკური დაგეგმვის, ქონების აღრიცხვის და მართვის საკითხებში.
2018 წლის 3 ივლისს, ნ----------------მა მიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს და მიუთითა, რომ არ იყო თანახმა რეორგანიზაციის შედეგად დაკავებული თანამდებობის გაუქმების გამო მისი გადაყვანა მომხდარიყო შეთავაზებულ - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2018 წლის 12 ივლისს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს და შემდგომი რეაგირების მიზნით წარადგინა ინფორმაცია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, აცნობა, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის განყოფილების უფროსმა ნ---------------მა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შტატის შემცირებასთან დაკავშირებით, მობილობის წესით შეთავაზებულ თანამდებობაზე განაცხადა უარი.
2018 წლის 18 ივლისს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს აცნობა, რომ ბიუროს მიერ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, სამცხე- ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით, მოძიებული იქნა ინფორმაცია პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების შესახებ და წარუდგინა შესაბამისი ნუსხა.
2018 წლის 20 ივლისს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს სამცხე-ჯავახეთის მხარეში და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას აცნობა, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში ნ---------------მა უარი განაცხადა შეთავაზებულ თანამდებობაზე და ითხოვა, რომ განეხილათ ნ----------------ს კანდიდატურა ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად.
2018 წლის 25 ივლისს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა აცნობა, რომ მერიაში საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების გამო, მობილობის განხორციელება ამ ეტაპისათვის შეუძლებელი იყო.
2018 წლის 31 ივლისს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილემ აცნობა, რომ ადმინისტრაცია არ არის თანახმა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატში განხორციელდეს ნ----------------ს მობილობის წესით დანიშვნა.
2018 წლის 26 ივლისს, ნ---------------მა მიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს და მიუთითა, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანტური თანამდებობებიდან შეეთავაზებინათ მისი თანამდებობის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა.
2018 წლის 3 აგვისტოს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა ნ---------------ს აცნობა, რომ მერიაში არსებული, მისი თანამდებობის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ შეესაბამება ნ----------------ს სპეციალობას და კვალიფიკაციას. შესაბამისად ვერ მოხდა მისთვის აღნიშნული თანამდებობების შეთავაზება. ამასთან, მიუთითა, რომ ნ---------------ს ჰქონდა უფლება და საშუალება მიეღო მერიის შეთავაზება ან მიეღო მონაწილეობა მერის მიერ გამოცხადებულ კონკურსში იმ პოზიციაზე, რომელსაც აკმაყოფილებდა განათლებით და კვალიფიკაციით.
2018 წლის 7 აგვისტოს, ნ---------------მა მიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს და ითხოვა დაესაბუთებინა, რატომ არ შეესაბამებოდა ნ---------------- შიდა აუდიტის სამსახურში არსებულ კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის - შიდა კონტროლის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობას, ასევე, რატომ არ შეთავაზეს ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის- ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე ჰორიზონტალურად გადაყვანა.
2018 წლის 7 აგვისტოს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ ნ---------------ს აცნობა, რომ რეორგანიზაციის მიმდინარეობის პროცესში, თანამდებობები, რომლებიც არ შეივსო მობილობის წესით და დარჩა ვაკანტური, საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთანხმებით, დაექვემდებარა მათ მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ვაკანსიების ატვირთვას და ღია კონკურსის გამოცხადებას. აღნიშნული ცნობილი იყო ნ----------------სათვის, რადგან წარდგენილი ჰქონდა განაცხადები კონკურსში მონაწილეობის მიზნით.
2018 წლის 14 აგვისტოს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა ნ---------------ს და აცნობა, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული თანამდებობისათვის განსაზღვრულია მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კერძოდ კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის შიდა კონტროლის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე - განათლება უმაღლესი, იურისტის, ფინანსისტის ან/და ეკონომისტის სპეციალობით. ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე - განათლება უმაღლესი, ეკონომისტის სპეციალობით. ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ზედამხედველობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე - განათლება უმაღლესი, ინჟინრის, იურისტის ან/და ეკონომისტის სპეციალობით. შესაბამისად ნ---------------ს განემარტა, რომ მისი სპეციალობა არ შეესაბამებოდა ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, რადგან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით ირკვევა, რომ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მინიჭებული აქვს ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია, სპეციალობით შრომის ორგანიზაცია და ნორმირება.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის 07.09.2018წ. ბრძანებით ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილების უფროსი ნ---------------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 10 სექტემბრიდან. ნ---------------- ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2018 წლის 10 სექტემბრიდან, 2 წლის ვადით.
ნ----------------ს მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
2018 წლის 12 სექტემბერს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა ნ---------------ს და მიუთითა, რომ მისი სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია მზადყოფნას გამოთქვამს მომავალშიც ითანამშრომლოს ნ---------------თან მოხელეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის პირობებში. ამასთან, მერიის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებლად მიიჩნია ნ----------------ს თანხმობის შემთხვევაში, დაეკისროს დროებითი ფუნქციების შესრულება მერიაში არსებულ რომელიმე ვაკანტურ პოზიციაზე, შესაბამისი ანაზღაურებით.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის - ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად სხვა მოთხოვნებთან ერთად გათვალისწინებული იყო შემდეგი მოთხოვნები: მინიმალური განათლება: უმაღლესი, ეკონომისტი სპეციალობით; სამუშაო გამოცდილება: ეკონომიკურ სფეროში 2 წელი; კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ძალიან კარგი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მეორე მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.
იმავე კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
იმავე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეა – პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
დადგენილია, რომ ნ---------------- მუშაობდა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის - ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, შესაბამისად წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რომელზეც ვრცელდება,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ლიკვიდაცია არის საჯარო დაწესებულების გაუქმება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება.
დადგენილია, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის 05.06.2018წ. ბრძანებით ასპინძის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით დაიწყო ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაცია, რომლის შედეგად მოხდა მერიის ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება, შტატების გადაადგილება და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა. რეორგანიზაცია შეეხო ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის, ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის, სახელმწიფო შესყიდვების, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების და ადმინისტრაციულ სამსახურებს. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა ეკონომიკურ სამსახურში არსებული ორი განყოფილება და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 ივნისის N45 დადგენილებით დამტკიცდა ერთი განყოფილება - ერთი შტატი და ერთი თანამდებობა - ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და სტატისტიკის განყოფილების უფროსი და ორი უფროსი სპეციალისტის თანამდებობა. მოცემულ შემთხვევაში მოხდა ორი განყოფილების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ განყოფილებაში გაერთიანება.
დადგენილია, რომ ნ---------------ს ეცნობა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ, რაც ნ---------------მა 2018 წლის 5 ივნისს დადასტურა ხელმოწერით.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 108-ე მუხლი განსაზღვრავს საჯარო მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების შესაძლო საფუძვლებს, როდესაც მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს და ამავე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლების ერთ-ერთი საფუძველს წარმოადგენს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება.
ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 106-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.დ." ქვეპუნქტის თანახმად, მერი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს. ეს წესი ასევე არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს. ამავე დადგენილების მეორე მუხლის თანახმად, მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება. ამავე დადგენილების მესამე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, შტატების შემცირება ნიშნავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირებას ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმებას.
იმავე დადგენილების მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანდა ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურში არსებული ორი განყოფილება და ჩამოყალიბდა მეორადი სტრუქტურული ერთეული - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლი მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილება. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 ივნისის N45 დადგენილებით ცვლილება შევიდა ,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ივნისის N13 დადგენილებაში და დამტკიცდა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო. აღნიშნული საშტატო ნუსხით შემცირდა თანამშრომელთა ოდენობა და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურში დამტკიცდა მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის უფროსის ერთი შტატი. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე სავალდებულო წესით საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ექვემდებარებოდა მობილობის პროცედურას.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ რეორგანიზაციის გამო შტატის შემცირებასთან დაკავშირებით ნ----------------ს შესთავაზა ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების 1 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა ეკონომიკური დაგეგმვის, ქონების აღრიცხვის და მართვის საკითხებში. შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, მობილობის წესით ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეთავაზებულ თანამდებობაზე ნ----------------მა უარი განაცხადა. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა საჯარო სამსახურის ბიუროს. რომლის მიერ მოძიებული იქნა ინფორმაცია საჯარო მოხელის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების შესახებ. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ არსებული ვაკანტური თანამდებობების შესაბამისად, მიწერა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატს, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას ვაკანტურ თანამდებობებზე ნ----------------ს კანდიდატურის განხილვის თხოვნით. ორივე შემთხვევაში ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას მიიღო უარი. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 7 სექტემბრის ბრძანებით ნ---------------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით. მასვე მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგო. მოგვიანებით ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ მზადყოფნა გამოთქვა ნ---------------თან მომავალში თანამშრომლობაზე მოხელეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის პირობებში, ამასთან შესთავაზა დროებითი ფუნქციების შესრულება მერიაში არსებულ ვაკანტურ პოზიციაზე, შესაბამისი შრომითი ანაზღაურებით.
აქვე სასამართლომ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ნ---------------- სპეციალობით არის ინჟინერ-ეკონომისტი. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულო მოთხოვნა იყო კანდიდატს ჰქონოდა უმაღლესი განათლება ეკონომისტის სპეციალობით, რასაც აკმაყოფილებდა მითითებულ თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ იწვევს მოხელის სტატუსის ავტომატურ შეწყვეტას, საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციის ინიციატივით საჯარო მოხელის შრომითი/სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სახეზე უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი - შტატების შემცირება, რომლის გარეშე ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამის თანამდებობის პირს უფლება არ აქვს შეუწყვიტოს საჯარო მოხელეს სამსახურეობრივი სტატუსი/ან არ დანიშნოს იგი შესაბამის თანამდებობაზე, რადგან საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 106-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" მე-4 მუხლის თანახმად, მობილობას ექვემდებარება შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე. შესაბამისად, რადგან სახეზე იყო შტატების შემცირება, ამიტომ მოსარჩელე ნ---------------- ექვემდებარებოდა მობილობის პროცედურას, რაც ნ----------------ს მიმართ ასპინძის მერის მიერ განხორციელებულია კანონმდებლობის დაცვით, რაც დასტურდება მხარეთა მიერ წარმოდგენილი საქმის მასალებით.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 114-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოხელეს, ამ კანონით გათვალისწინებული კუთვნილი კომპენსაციის გარდა, 1 თვის თანამდებობრივი სარგო ეძლევა.
მოსარჩელემ მოითხოა 1 თვის თანამდებობრივი სარგოს დაკისრება მოპასუხისათვის, ვინაიდან ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ დაარღვია 114-ე მუხლი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ საქმის განხილვით დადგენილია, რომ აღნიშნულის თაობაზე ნ----------------ი ინფორმირებული იყო, რაც დადასტურებულია მისივე ხელმოწერით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ყოველივე აღნიშნულს საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების დეფინიციის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის ’’ლ’’ ქვეპუნქტი მიხედვით ეს არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასება უმნიშვნელოვანეს პროცედურულ სტადიას წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული გამოცემული აქტით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. რამდენადაც სწორედ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მოწესრიგებისთვის სამართლის ნორმის შეფარდება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი. კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონისმიერი დათქმის პრინციპით, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა მხოლოდ შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება- დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას უზრუნველყო მიღებული გადაწყვეტილების სისწორე და კანონშესაბამისობა, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა კანონის შესაბამისად. შესაბამისად, მოსარჩელე ნ---------------ს უარი უთხრა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობაზე და სამსახურში აღდგენაზე. მოსარჩელეს ასევე უარი ეთქვა განაცდურის დაკისრებაზე, რადგან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
ნ----------------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტს მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა და შეფასების მიღმა დატოვა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები - კერძოდ, არ შეაფასა რამდენად შეესაბამებოდა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებები, არ გაითვალისწინა რეორგანიზაციის შემდგომ არსებობდა თუ არა ნ----------------ს მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში, აგრეთვე სასამართლომ არ იმსჯელა ნ----------------ს კვალიფიკაციაზე და საბოლოოდ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ნორმები. აპელანტის მითითებით, ნ----------------ს სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის საფუძველია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე და 110-ე მუხლები, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილებით დამტკიცებული "პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის" მე-13 მუხლი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მეოთხე პუნქტის მიხედვით, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. შესაბამისად, ნ---------------- გათავისუფლდა სამსახურიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით, აგრეთვე მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 05 ივნისის ბრძანებით N------ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო. აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტის მიხედვით, ასპინძის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით დაიწყო ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაცია, რომლის შედეგად მოხდა მერიის ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება, შტატების გადაადგილება და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა. რეორგანიზაცია შეეხო ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასქტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის, სახელმწიფო შესყიდვების, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების და ადმინისტრაციულ სამსახურებს. აგრეთვე, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული - ზედამხედველობის სამსახური.
რეორგანიზაციის შემდეგ, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური არ გაუქმებულა. თუ რეორგანიზაციამდე სამსახურში 5 შტატი იყო, რეორგანიზაციის შემდეგ ის 4 შტატით დაკომპლექტდა.
აღსანიშნავია, რომ აპელანტს 2018 წლის 27 ივნისს, წერილით N960-11 "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, შესთავაზეს ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების 1 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა ეკონომიკური დაგემვის, ქონების აღრიცხვისა და მართვის საკითხებში. აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებითვის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს დრო 2018 წლის 04 ივლისამდე განუსაზღვრა.
ნ---------------მა 2018 წლის 03 ივლისს წერილით N------- ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს აცნობა, რომ თანახმა არ იყო რეორგანიზაციის შედეგად დანიშნულიყო შემოთავაზებულ თანამდებობაზე. ნ---------------ს მიაჩნია, რომ აღნიშნული მისი დაკავებული თანამდებობის ტოლფასი არ იყო, რაც სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა და არ გაითვალისწინა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმადაც საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამ ნორმიდან გამომდინარე, ნ---------------ს თავდაპირველად უნდა შეთავაზებოდა მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა, ხოლო მხოლოდ ასეთის არარსებობის შემთხვევაში - უფრო დაბალი.
ყურადსაღებია, რომ რეორგანიზაციამდე აპელანტი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური გავნითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობას (II რანგი) იკავებდა, ხელფასი - 1000 ლარი.
მისთვის შეთავაზებული თანამდებობა - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების 1 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა ეკონომიკური დაგემვის, ქონების აღრიცხვისა და მართვის საკითხებში. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აგვისტოს №61 დადგენილების მიხედვით, განეკუთვნება მესამე რანგს, 800 ლარიანი ხელფასით.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იმსჯელა, იყო თუ არა ნ----------------სთვის შეთავაზებული აღნიშნული თანამდებობა იმ თანამდებობის ტოლფასი, რომელსაც ის გათავისუფლებამდე იკავებდა. აპელანტი მიუთითებს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკაზე, რომელიც თანხვედრაშია საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლთან: "სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ რეორგანიზაციის ფაქტი. გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამასთანავე, შტატის მხოლოდ სახელის ან დაქვემდებარების ცვლილება არ ადასტურებს შტატის გაუქმებას. ასეთ დროს არ არსებობს გათავისუფლების საფუძველი, მსგავს შემთხვევებში მოხელე უნდა დაინიშნოს მის მიერ დაკავებული თანამდებობის ადეკვატურ, ფუნქციურად და იერარქიულად იმავე სტატუსის მქონე თანამდებობაზე.“ (სუსგ ბს-50-50 (კ-18); 2018 წლის 21 ივნისი); აქედან გამომდინარე, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო აპელანტისთვის შეეთავაზებინა მის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობის ფუნქციურად, იერარქიულად, ანაზღაურებით შესაბამისი - ტოლფასი - თანამდებობა.
სასამართლომ სრულიად არასწორად შეაფასა და არასწორად მიუთითა, რომ "სახეზე იყო შტატების შემცირება, ამიტომ მოსარჩელე ნ---------------- ექვემდებარებოდა მობილობის პროცედურას, რაც ნ----------------ს მიმართ ასპინძის მერის მიერ განხორციელებულია კანონმდებლობის დაცვით, რაც დასტურდება მხარეთა წარმოდგენილი საქმის მასალებით" (გადაწყვეტილება, პუნქტი 6.1. გვ. 17). აპელანტი მიუთითებს, რომ ისევე როგორც მთლიან გადაწყვეტილებაში, აღნიშნულ მსჯელობაშიც არანაირი ლოგიკა და დასაბუთება არ იკვეთება.
საქმეში წარმოდგენილია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ვაკანსია N51128, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის - ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე (მეორე რანგი). აღნიშნული თანამდებობისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი თანამდებობრივი სარგო. ვაკანსიაში აღნიშნულია აღნიშნული თანამდებობის ფუნქციები: - სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. - მიწის იჯარისა და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მოძიება, საიჯარო ქირის გადახდის კონტროლი და აღრიცხვა. - საპრივატიზებო ქონების ნუსხის პროექტის, ქონების განკარგვის პროგრამების, პროექტებისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულების ანგარიშის წარდგენა; - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტებისატვის გადაცემასთან დაკავშირებით წინადადებებისა და სათანადო დოკუმენტაციის მომზადება გაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტა; - სოფლის მეურნეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; - სამსახური ახორციელებს ასევე მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქმეში ასევე წარმოდგენილია ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ვაკანსია 19893, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ეს სწორედ ის თანამდებობაა, რომელზეც ნ---------------- მუშაობდა. აქვეა მოცემული აღნიშნული თანამდებობის ფუნქციები: - ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას, რეგისტრაციას, ინვენტარიზაციას, კონტროლს ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე; - აწესრიგებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; - ამზადებს რეკომენდაციებს მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით, წინადადებებს მუნიციპალური ქონების კატეგორიის შესახებ; - ამზადებს საჭირო დოკუმენტაციას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, წინადადებებს და შესაბამის დოკუმეტანციას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველ ერთეულზე გადაცემაზე, გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტაზე; - ამზადებს მუნიციპალიტეტის ქონების მართვის გეგმის პროექტს; - ახდენს ადგილობრივი ქონების გამოყენების მონიტორინგს და მათი ექსპლუატაციის ეფექტურობის შეფასებას, ამორტიზებული ქონების ჩამოაწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებას; -ახდენს მუნიციპალიტეტის, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების რენტაბელობის ასამაღლებლად და საწარმოთა სიმძლავრეების ეფექტიანობის ასამაღლებლად სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარების კოორდინაციას და ა.შ.
აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ნ----------------ს მიერ დაკავებული თანამდებობა გაცილებით მეტ ფუნქციას მოიცავდა, ვიდრე მისი ტოლფასი თანამდებობა, რომელზედაც დანიშვნას ითხოვს მოსარჩელე. აღნიშნულ თანამდებობას დამატებული აქვს ფუნქცია - სოფლის მეურნეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად უგულებელყო და არ გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა: "გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამასთანავე, შტატის მხოლოდ სახელის ან დაქვემდებარების ცვლილება არ ადასტურებს შტატის გაუქმებას. საქმის მასალებით დგინდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად შენარჩუნებულ იქნა ადრინდელი საშტატო განრიგით გათვალისწინებული ძირითადი ფუნქციები. ორგანოს არ დაუსაბუთებია რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობების ფუნქციურად გაუქმება, ახალ საშტატო ნუსხაში ტოლფასი თანამდებობის არარსებობა. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც შტატი იმავე ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს, ახალი საშტატო ერთეულისათვის განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, არსებითად შეიცვალა საშტატო ერთეულის დასაკავებლად არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვ., განსახილველ შემთხვევაში, ორგანოს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია მსგავსი გარემოებების არსებობა." (ბს-687-687(კ-18), 04/10/2018).
"სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ რეორგანიზაციის ფაქტი. გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამასთანავე, შტატის მხოლოდ სახელის ან დაქვემდებარების ცვლილება არ ადასტურებს შტატის გაუქმებას. ასეთ დროს არ არსებობს გათავისუფლების საფუძველი, მსგავს შემთხვევებში მოხელე უნდა დაინიშნოს მის მიერ დაკავებული თანამდებობის ადეკვატურ, ფუნქციურად და იერარქიულად იმავე სტატუსის მქონე თანამდებობაზე.“ (სუსგ ბს-50-50 (კ-18), 2018 წლის 21 ივნისი); აპელანტის მითიტებით, გაუგებარია, თუ რატომ არ გაიზიარა სასამართლომ არსებული პრაქტიკა.
ცალსახაა, რომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა თანხვედრაშია საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონთან, რომელიც 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე მისი თანხმობით გადაიყვანოს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარემ აპელანტს წერილობით (ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 აგვისტოს წერილით 2729/11) აცნობა და სასამართლო დავის განხილვის დროსაც აპელირებდა, რომ მისთვის შესაბამისი თანამდებობის შეთავაზება შეუძლებელი იყო, რადგან ამ თანამდებობებისათვის განსაზღვრულია მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კერძოდ, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე - განათლება უმაღლესი, ეკონომისტის სპეციალობით. მოპასუხემ ჩათვალა, რომ ამ თანამდებობის მოსარჩელისთვის შეთავაზება შეუძლებელი იყო, რადგან მას ეკონომისტის კვალიფიკაცია არ ჰქონდა.
საქმეში წარმოდგენილია ნ----------------ს 2018 წლის 22 აგვისტოს წერილი, რომლითაც მან მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და იკითხა, მისი მიღებული განათლებით, კვალიფიკაციითა და სპეციალობით აქვს თუ არა უფლება იწოდებოდეს პროფესიით ეკონომისტად და აკმაყოფილებს თუ არა ეკონომისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა გასცა ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1992 წელს გაცემული დიპლომის მიხედვით მინიჭებული ინჟინერ ეკონომისტის კვალიფიკაცია უთანაბრდება ეკონომიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს. აქედან გამომდინარე, ნ----------------ს კვალიფიკაცია და განათლება შეესაბამებოდა ზემოთ ჩამოთვლილი თანამდებობების დასაკავებელ მოთხოვნებს, დასტურდება, რომ მას აქვს ეკონომისტის კვალიფიკაცია. თუმცა, სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულება საერთოდ არ შეაფასა. მან გადაწყვეტილებაში უბრალოდ აღნიშნა: "აქვე სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ნ---------------- სპეციალობით არის ინჟინერ-ეკონომისტი. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის უფროსის თნამდებობების დასაკავებლად სავალდებულო მოთხოვნა იყო კანდიდატს ჰქონოდა უმაღლესი განათლება, ეკონომისტის სპეციალობით, რასაც აკმაყოფილებდა მითითებულ თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატი." (სასამართლოს გადაწყვეტიელბა, პუნქტი 6.1., გვ. 17) სასამართლოს საერთოდ არ დაუსაბუთებია რატომ არ გაითვალისწინა შესაბამისი მტკიცებულება და ნ----------------ს არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მას ნამდვილად აქვს ეკონომისტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლოს შეფასება სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის ძირითად საგანს წარმოადგენს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის - მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან ნ----------------ს განთვისუფლების შესახებ, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 07 სექტემბრის N------- ბრძანების კანონიერების საკითხი, ვინაიდან აღნიშნული აქტით შეიზღუდა მოსარჩელის - ნ----------------ს შრომითი უფლება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის თანახმად, შრომა თავისუფალია. დასახელებული ნორმით დაცულია არა მარტო უფლება პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007).
იმავე რედაქციის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს, დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით ანიჭებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში პალატამ უნდა იმსჯელოს ნ----------------ს სამსახურიდან გათავისუფლებას ჰქონდა თუ არა კანონისმიერი საფუძვლები. ამგვარი საფუძვლების არარსებობის პირობებში, მოსარჩელე ექვემდებარებადარღვეულ უფლებებში აღდგენას.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, გათავისუფლებამდე ნ----------------ს მიერ დაკავებული ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობა და ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის - ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობა წარმოადგენს თუ არა ტოლფასოვან თანამდებობებს და აქედან გამომდინარე, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას გააჩნდა თუ არა ახლად შექმნილ თანამდებობაზე ნ----------------ს გადაყვანის ვალდებულება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ რეორგანიზაციის ფაქტი. გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამასთანავე, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება (იხ.სუსგ 08.12.2015. საქმე Nბს-449-442(კ-15)).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანდა ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურში არსებული ორი განყოფილება - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება და ჩამოყალიბდა მეორადი სტრუქტურული ერთეული - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილება. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 ივნისის N45 დადგენილებით ცვლილება შევიდა, „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ივნისის N13 დადგენილებაში და დამტკიცდა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო. აღნიშნული საშტატო ნუსხით შემცირდა თანამშრომელთა ოდენობა და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურში დამტკიცდა მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის უფროსის ერთი შტატი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ----------------ს მიერ დაკავებული ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონებისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობა და რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობა, წარმოადგენს ერთნაირ იერარქიულ საფეხურზე მყოფ, საჯარო სამსახურის მოხელის მეორე იერარქიულ რანგს.
რაც შეეხება აღნიშნული თანამდებობებისათვის მინიჭებულ ძირითად უფლებამოსილებათა წრეს, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბრის N33 დადგენილების მე-4 მუხლით ჩამოყალიბდა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის განყოფილებათა ფუნქციები. ამავე მუხლის 1.1. პუნქტის თანახმად, ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების ფუნქციებად განისაზღვრა: ა) სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი; ბ) სტატისტიკური ინფორმაციის მოძიება მერის წარმომადგენლებისაგან და ადმინისტრაციული ერთეულებიდან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული (მეცხოველეობა, მემცენარეობა, მებაღეობა, მეთევზეობა დ ა.შ.) სხვა საკითხების შესახებ; გ) ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ინსტრუქციების შემუშავება, სადავო საკითხების მოგვარებაში ჩართვა; დ) მიწის იჯარის და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მოძიება, საიჯარო ქირის გადახდის კონტროლი და აღრიცხვა. რაც შეეხება მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილებას, იმავე მუხლის 1.2. პუნქტის თანახმად, ამ განყოფილების კომპეტენციაა: ა) რეკომენდაციების შემუშავება წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს მართვის, მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან, ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; ბ) გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის, ქონების განკარგვის პროგრამების, პროექტებისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულების ანგარიშის შედგენა; გ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვის მუნიციპალური პროგრამების მომზადება; დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვას, რეგისტრაციას, ინვენტარიზაცია, მის დაცვა და მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლი, ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზადება; ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემასთან დაკავშირებით წინადადებისა და სათანადო დოკუმენტაციის მომზადება-გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტა; ვ) მიწის იჯარის და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაციის შექმნა; ზ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია; თ) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ნუსხის მომზადება; ი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის მართვის პროგრამების შემუშავება, ამ პროგრამათა განხორციელების პროცესების მართვა; კ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების პროექტის შემუშავება, გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაციას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა; ლ) ჩამდინარე წყლებისა და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა ჩაშვება-გაფრქვევის გამწმენდი ნაგებობების დანადგარებისა და აპარატების ექსპლუატაციაზე კონტროლი; მ) სოფლის მეურნეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ნ) სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად ნებადართული მინერალური სასუქების, პესტიციდებისა და სხვა პრეპარატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების, წყლის, ჰაერის, მიწის დაცვის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი. ასევე მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების შესრულება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში ახლად შექმნილი შტატის, მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის ფუნქციებად, საჯარო სამსახურის ბიუროს N51128 ვაკანსიის მიხედვით, განისაზღვრა: სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი, მიწის იჯარისა და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მოძიება, საიჯარო ქირის გადახდის კონტროლი და აღრიცხვა, საპროვატიზებო ქონების ნუსხის პროექტის, ქონების განკარგვის პროგრამების, პროექტებისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულების ანგარიშის შედგენა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემასთან დაკავშირებით წინადადებებისა და სათანადო დოკუმენტაციის მომზადება - გაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტა. სოფლის მეურნეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი. სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება, ასევე მოქმედი კანონდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების შესრულება (იხ. ტ.1. ს.ფ.97).
რაც შეეხება აღნიშნული თანამდებობის დაკავებისათვის წაყენებულ კრიტერიუმებს, საჯარო სამსახურის ბიუროს N51128 ვაკანსიის შესაბამისად, მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა მინიმალური განათლება - უმაღლესი, სამუშაო გამოცდილება - 2 წელი, პროფესია - ეკონომისტი, კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები - Microsoft Office Word (ცოდნის დონე - ძალიან კარგი) Microsoft Office Excel (ცოდნის დონე - ძალიან კარგი). დამატებითი მოთხოვნები - სამუშაო გამოცდილება ეკონომიკურ სფეროში - 2 წელი, ინფორმაციის მონაცემთა ანალიზის უნარი, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის უნარი, პრობლემების ანალიზის უნარი, გუნდურად მუშაობის უნარი, აქტიური მოსმენის უნარი, კონფლიქტებისა და დავების მართვის უნარი, იდეების დასაბუთების უნარი, ორიენტირება სიზუსტესა და დეტალებზე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს N19893 ვაკანსიის მიხედვით, ნ----------------ს მიერ დაკავებული ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის ვაკანტური ადგილის დაკავებისათვიის დადგენილ კრიტერიუმებს წარმოადგენდა, განათლება - ბაკალავრი, სამუშაო გამოცდილება - 1 წელი, კომპიუტერული პროგრამები და ოპერაციული სისტემები - Microsoft Office Word - დამაკმაყოფილებელი, Microsoft Office Excel - დამაკმაყოფილებელი, Internet Explorer - დამაკმაყოფილებელი (ტ.1. ს.ფ. 99-100).
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ივნისის N13 დადგენილების თანახმად, ნ----------------ს შრომის ანაზღაურება ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე შეადგენდა 1000 ლარს. „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ივნისის N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 06 ივნისის N45 დადგენილების შესაბამისად, ახლადშექმნილი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანმდებობრივი სარგო ასევე 1000 ლარით განისაზღვრა (ტ. 1. ს.ფ.132-139).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ ქ. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში ახლად შექმნილი შტატი არ არის ნ----------------ს მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული შტატის იდენტური, ვინაიდან ახლად შექმნილი განყოფილების უფროსისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა წრე უფრო ფართოა, ვიდრე ნ----------------ს მიერ დაკავებული თანამდებობისა. ახლად შექმნილი განყოფილების უფროსისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა წრე მოიცავს როგორც ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის, ისე ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილებების უფროსთა ფუნქციებს. გარდა ამისა, არსებითად შეიცვალა საშტატო ერთეულის დასაკავებლად არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. კერძოდ, პრეტენდენტისათვის სავალდებულო სამუშაო გამოცდილება ნაცვლად 1 წლისა, განისაზღვრა - 2 წლით, დაზუსტდა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სავალდებულო კვალიფიკაციად განისაზღვრა - ეკონომისტი, კომპიუტერული პროგრამებისა და ოპერაციული სისტემების - Microsoft Office Word და Microsoft Office Excel ცოდნის დონედ - ძალიან კარგი. ასევე, ვაკანსიის დასაკავებლად დაწესდა დამატებითი მოთხოვნები, კერძოდ, სამუშაო გამოცდილება ეკონომიკურ სფეროში - 2 წელი, ინფორმაციის მონაცემთა ანალიზის უნარი, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის უნარი, პრობლემების ანალიზის უნარი, გუნდურად მუშაობის უნარი, აქტიური მოსმენის უნარი, კონფლიქტებისა და დავების მართვის უნარი, იდეების დასაბუთების უნარი, ორიენტირება სიზუსტესა და დეტალებზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის იდენტურად მიიჩნევა ისეთი თანამდებობები, რომელთაც იგივე იერარქიული საფეხური, ძირითად უფლებამოსილებათა წრე, შრომის ანაზღაურება გააჩნიათ და თანამდებობის დასაკავებლად წაეყენებათ ერთი და იგივე მოთხოვნები, განსხვავებით ტოლფასი სამუშაოსაგან, რაც გულისხმობს როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე შრომის ანაზღაურებისა და რანგობრივი იერარქიით არა ზუსტად იგივე, არამედ მსგავს თანამდებობებს. იმის გათვალისწინებით, რომ ახლადშექმნილი ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობა თანამდებობათა რანგობრივი იერარქიის, ხელფასის ოდენობის, სამუშაოს აღწერილობის, თანამდებობის დასაკავებლად წაყენებული მოთხოვნებისა და დაკისრებულ ფუნქციათა თვალსაზრისით მსგავსია ნ----------------ს მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობისა, სააპელაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული თანამდებობები ერთმანეთის ტოლფას თანამდებობებს წარმოადგენს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ახლად შექმნილი თანამდებობა ნ----------------ს გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი იყო, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ღია კონკურსის გამოცხადებამდე, ამ თანამდებობაზე გადაყვანა უნდა შეეთავაზებინა როგორც ნ----------------ს, ისე გაუქმებული მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე მომუშავე პირისათვის და ადმინისტრაციულ ორგანოს სწორედ ამ მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების, გამოცდილების, კომპეტენციის, პიროვნული მახასიათებლებისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის სხვა აუცილებელი გარემოებების ურთიერთშედარების საფუძველზე, უნდა გადაწყვიტა ახლად შექმნილ ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად კონკრეტული კანდიდატისათვის უპირატესობის მინიჭების საკითხი.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას ახლად შექმნილ ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობასთან ნ----------------ს კვალიფიკაციის შეუსაბამობის შესახებ, ვინაიდან როგორც საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, ნ---------------- 2005 წლიდან მუშაობდა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობებზე, ხოლო ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 14 იანვრის ბრძანებით N-- დაინიშნა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურში, მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. აღნიშნულ თანამდებობაზე დასანიშნად, ნ---------------მა გაიარა კონკურსი, სადაც კონკურსანტთა შორის ყველაზე მაღალი, 60-დან 56 ქულა აიღო.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ნ---------------მა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სრული კურსი სპეციალობით შრომის ორგანიზაცია და ნორმირება და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1992 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით მიენიჭა ინჟინერ - ეკონომისტის კვალიფიკაცია.
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ცნობით დასტურდება, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1992 წელს გაცემული დიპლომის მიხედვით მინიჭებული ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია უთანაბრდება ეკონომიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს (ტ.1. ს.ფ. 101). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ----------------ს კვალიფიკაცია, ისევე როგორც მისი სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები სრულ თანხვედრაში იყო ახლად შექმნილ ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან, თუმცა აღნიშნული ვაკანსია ისე დაექვემდებარა ღია კონკურსის გამოცხადებას, რომ მითითებული გარემოებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გათვალისწინებული.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ დღეის მდგომარეობით მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობა აღარ არის ვაკანტური და აღნიშნული თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულია სხვა პირი, რომლის დანიშვნის კანონიერება არ არის სადავო. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული პირის აღდგენით არ უნდა შეილახოს სხვა პირთა უფლებები, რომლებიც ლეგიტიმურად იკავებენ თანამდებობას (იხ.სუსგ საქმე Nას-450-429-2015, Nბს-376-376 (2კ-18)) სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ნ----------------ს დანიშვნა მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ვეღარ მოხდება, თუმცა ვინაიდან ნ----------------ს გათავისუფლება ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიდან მოხდა კანონსაწინააღმდეგოდ, აღნიშნული ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასამართლოსათვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისა და ნ----------------სთვის ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების საფუძველს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, პირის მიერ დაკავებული პირვანდელი სამუშაო ადგილის ტოლფასი სამუშაოს განსაზღვრა ხორციელდება სამუშაოთა რანგობრივი იერარქიის, ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობისა და ხელფასის ურთიერთშედარებით. ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ დაწესებულებაში არსებული ვაკანტური თანამდებობების რანგის, ფუნქციური და შინაარსობრივი სპეციფიკისა და ნ----------------ს პიროვნული თუ პროფესიული მახასიათებლების გათვალისწინებით, უნდა განსაზღვროს ნ----------------ს განთავისუფლებამდე დაკავებული სამუშაოს ტოლფასი თანამდებობა და სადავო საკითხზე ახალი, დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით დაინიშნოს იგი ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის ტოლფას თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლით დადგენილი პროცედურების დაცვით.
რაც შეეხება ნ----------------ს დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ნ----------------ს სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 07 სექტემბრის N------- ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ამ ეტაპისათვის გამორიცხავს მოსარჩელის სხვა თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ვინაიდან განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 384-ე, 389-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ----------------ს წარმომადგენლის - ქეთევან როგავას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 07 სექტემბრის N------- ბრძანება ნ----------------ს სამსახურიდან გათავისუფლების და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ და დაევალოს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ----------------ს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილების უფროსის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;
5. ნ----------------ს სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე
გელა ბადრიაშვილი