განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.03.2019
საქმის ნომერი
330210018002271763
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002271763

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/5549-18 19 მარტი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - თ-- ს---–---–---–ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - გ------- ნ-------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ------- ს------–- (მოსარჩელე )

წარმომადგენელი - დ----- ჩ----ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების მიზნით დაეკისროს 2 800 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის საფუძვლები:

2. 10.09.2---–. თ-- ს---–---–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა მერსედესი, სახელმწიფო ნომრით S------ შეეჯახა მოსარჩელის კუთვნილ ავტომაქანას „აუდი“ სახელმწიფო ნომრით D------. საგზაო შემთხევა გამოწვეულია მოპასუხის ბრალეული ქმედებით, ხოლო ზიანის ოდენობა შეადგენს 2 580 ლარს. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საჯარიმო ავტოსადგომზე ავტომობილის განთავსებისათვის გადახდილი თანხის მოპასუხეზე დაკისრება.

 

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე. მოპასუხის განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევიდან გასულია 3 წელზე მეტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. გადაწყვეტილებით:

1. ჯ------- ს------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა;

1.1. თ-- ს---–---–---–ს დაეკისრა ჯ------- ს------–-ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით 2 800 ლარის გადახდა;

4.1. 2----–-–----- სექტემბერს ქ. თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ჯ------- ს------–-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „აუდი“, ს/ნ D------;

4.2. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია თ-- ს---–---–---–ის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით;

4.3. ზიანის ოდენობა შეადგენს: ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანი - 2 580 ლარი, საჯარიმო ავტოსადგომზე გადახდილი მომსახურების თანხა - 220 ლარი;

4.4. 2016 წლის 24 აგვისტოს ჯ------- ს------–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სს სადაზღვევო კომპანია „ჯ------------–-------“ წინააღმდეგ და მოითხოვა მის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურება სადაზღვევო ურთიერთობის ფარგლებში. 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, ჯ-------ს ს------–-ს სარჩელი, მისი გამოხმობის მოტივით დარჩა განუხილველად;

4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

აღნიშნული მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით, სადაც დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია უშუალოდ დელიქტის წინაპირობები, რაც შესაძლებელს ხდის ჯ-------ს ს------–-ს უფლების განხორციელებას ამ სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში.

თუმცა, თ-- ს---–---–---–ის მიერ წარმოდგენილია უფლების განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, სადაც იგი მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ. გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციფიკისა, ხანდაზმულობის ვადის ათვლის პროცედურაზე ვრცელდება ამ ინსტიტუტის ზოგადი პრინციპები, მათ შორის, ვადის შეჩერების და შეწყვეტის კუთხით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 24 აგვისტოს ჯ-------ს ს------–მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა მოთხოვნის ადრესატად მან მიუთითა ს/ს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ი“. ამავე სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, ჯ------- ს------–-ს სარჩელი მისი გამოხმობის მოტივით დარჩა განუხილველად, ხოლო მიმდინარე პროცესი ინიცირებულია მოსარჩელის მიერ 2018 წლის 24 იანვარს, ანუ სარჩელის განუხილველად დატოვებიდან 2 თვის შემდეგ. სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლი შესაძლებლობას ანიჭებს კრედიტორს სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს 6 თვის განმავლობაში და ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად ითვლება სარჩელის პირველი წარდგენის მომენტიდან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ფორმალურად მოთხოვნა წარმოდგენილია ხანდაზმულობის ვადების ფარგლებში, თუმცა სადავო საკითხია უნდა გავრცელდეს თუ არა მოვალეზე ხანდაზმულობის აღმჭურველი უფლება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ცდილობს უფლების რეალიზაციას, თუნდაც არამართებულად.

 

კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს სწორედ ხანდაზმულობის ინსტიტუტის მოქმედება სამოქალაქო სამართალში, ვინაიდან შეუძლებელია, მოვალე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუდმივად იყოს კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის წარდგენის მოლოდინში. ხანდაზმულობის ინსტიტუტის არარსებობა გამოიწვევდა კრედიტორების არაკეთილსინდისიერ ქმედებებს და შედეგად - სამართლებრივად არასტაბილურ, განსაზღვრულობას მოკლებულ სამოქალაქო ბრუნვას. ამგვარად, ხანდაზმულობის ინსტიტუტის სამართლებირივი ფუნქცია უკავშირდება კრედიტორის პასიურობას მისი უფლების რეალიზაციის კონტექსტში. ჯ------- ს------–-ს ობიექტურად არსებული ნება დაეცვა დარღვეული უფლება დელიქტურ-სამართლებრივ ჭრილში და განესაზღვრა პასუხისმგებელი პირი, თუნდაც მცდარი პროცედურის გამოყენებით, გამორიცხავს სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევას. ამიტომ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მცდელობა ეფექტურია ხანდაზმულობის მიმდინარეობის შეჩერების კონტექსტში, ხოლო ახალი სარჩელი წარმოდგენილი იყო 2018 წლის 24 იანვარს 6 თვიანი ვადის ფარგლებში.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტი აღნიშნავს რომ:

 

5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული გარემოება მასზედ, რომ 2---------წ. ჯ------- ს------–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სს სადაზღვევო კომპანია „ჯ------------–-------“ წინააღმდეგ და მოითხოვა მის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურება სადაზღვევო ურთიერთობების ფარგლებში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 0-----2017წ. განჩინებით, ჯ-------ს ს------–-ს სარჩელი მისი გამოხმობის მოტივით დარჩა განუხილველად.

 

აღნიშნული განჩინების საფუძველზე შეუძლებელია პარალელი გაივლოს სს სადაზღვევო კომპანია „ჯ------------–-------“ წინააღმდეგ აღძრულ დავასა და თ-- ს---–---–---–ის მიმართ 10.09.2---–. ავტოსაგზაო შემთხვევიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრულ დავას შორის. აღნიშნული მტკიცებულებით შეუძლებელია რაიმე ფაქტის დადგენა მოსარჩელესა და მოპასუხის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან მიმართებაში.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ფორმალურად მოთხოვნა წარდგენილია ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში. უცნობია, რომელ ფორმალურ მოთხოვნაზე საუბრობს პირველი ინსტანციის სასამართლო. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ ჯ------- ს------–-ს მოთხოვნა იყო ფორმალური და თანაც ეს ფორმალური მოთხოვნა პირდაპირ კავშირშია 10.09.2---–. მოპასუხის ბრალეულობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან.

 

5.2. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება მიღებულია 2---------წ.. მოსარჩელისთვის ზიანის არსებობის შესახებ ცნობლი იყო ჯერ კიდევ 10.09.2---–.-დან ან მაქსიმუმ, 2---------წ., დადგენილების გამოცემის დღიდან. სარჩელი ხანდაზმულია და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, რომლის თანახმადაც სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების/ძალაში დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ: ზიანი, ქმედების მართლწინააღმდეგობა, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა.

 

8. 2----–-–----- სექტემბერს ქ. თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გალაქტიონის ხიდის მხრიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, სავალი ნაწილის მეორე ზოლში დაახლოებით 40კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომანქანა „მ-------------–-“სახ. #S------, რომელსაც მართავდა თ-- ს---–---–---–ი (შემდგომში „მოპასუხე“). წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ მსვლელობისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა შუქნიშნის წითელ ფერზე გაჩერებულ ავტომობილს „აუდი“, სახ. # D------, რომელსაც მართავდა ჯ------- ს------–- (შემდგომში „მოსარჩელე“). შეჯახების შედეგად დაზიანება მიიღო თავად თ-- ს---–---–---–მა (იხ.: სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის 2---------წ. დადგენილება, ტ.I, ს.ფ. 20,21).

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2---------წ. დადგენილებით შეწყდა გამოძიება თ-- ს---–---–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე და დადგენილება მოპასუხის მიმართ შესაბამისი რეაგირებისათვის გადაიგზავნა შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა აღრიცხვის და ანალიზის სამსახურში (ტ.I, ს.ფ. 20,21).

 

ამდენად, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის დადასტურებულია, რასაც არც თავად მოპასუხე ხდის სადავოდ.

 

9. მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 1481 ლარს, საიდანაც 1265 ლარი წარმოადგენს დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო თანხას, ხოლო 216 ლარი - საჯარიმო ავტოსადგომზე ავტომანქანის განთავსებისთვის გადახდილ მომსახურების ღირებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ზიანის ოდენობის სადავოობასთან მიმართებაში პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რაც შეეხება ზიანის ოდენობას (იხ.: მე-2 და მე-3 ფაქტობრივი გარემოება სარჩელში, ტ.1, ს.ფ. 4), მოპასუხემ შესაგებელში განმარტა, რომ აღნიშნულ გარემოებებს საქმისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინაიდან სარჩელი იყო ხანდაზმული (იხ.:მე-2 და მე-3 ფაქტობრივი გარემოება შესაგებელში, ტ.1, ს.ფ.32). ამდენად, მოპასუხემ არც უარყო და არც დაადასტურა სარჩელში მითითებული ზიანის ოდენობა. შესაბამისად, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დადგინდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეფასების შედეგად.

 

9.1. უნდა დადგინდეს: რა თანხაა საჭირო დაზიანებული ავტომანქანის იმ მდგომარეობაში აღდგენისათვის, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო მითითებული ავტოსაგზაო შემთხვევა.

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ავტომანქანის აღდგენისთვის საჭირო თანხის ანაზღაურება 2580 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით წარმოდგენილია დოკუმენტი, რომლიც შედგენილია შპს „ა-------------------“ ბლანკზე, ნაბეჭდი სახით, თუმცა პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილია ხელმოუწერელი სახით (ტ.1, ს.ფ. 22).

 

ამდენად, სათანადო რეკვიზიტების არქონის გამო სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მსჯელობა აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით ზიანის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის 2---------წ. დადგენილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტიზაზე წარდგენილი ა/ მანქანის „აუ------ 3.0 სახ. D------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა აღდგენისთვის საჭირო თანხის გათვალისწინებით შეადგენს 1265 ლარს (ტ.1, ს.ფ. 20).

 

პალატას მიაჩნია, რომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება ავტომობილის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისათვის საჭირო ხარჯის ოდენობასთან დაკავშირებით უნდა დადგინდეს 2---------წ. დადგენილებაზე დაყრდნობით, რომლითაც მიყენებული ზიანი განსაზღვრულია 1265 ლარით.

 

9.2. მოსარჩელე ასევე ითხოვს საჯარიმო ავტოსადგომზე ავტომანქანის განთავსებისთვის გადახდილ მომსახურების თანხას 220 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 3).

 

საქმეში წარმოდგენილია შპს „სე------–------ის“ მიერ 14.06.2016წ. გაცემული ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ შპს „სე------–------ის“ საჯარიმო ავტოსადგომზე 2----–-–----- სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე იდგა ავტომანქანა აუდი D------, რისთვისაც გადახდილი იქნა მომსახურების თანხა 216 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 24).

 

ამდენად, სარჩელი საფუძვლიანია მოპასუხისთვის საჯარიმო ავტოსადგომზე ავტომანქანის განთავსებისთვის გადახდილი 216 ლარის ანაზღაურების ნაწილში.

 

10. აპელანტი გადაწყვეტილებაზე პრეტენზიას აცხადებს იმ საფუძვლით, რომ სარჩელი ხანდაზმულია. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ კუთხით მის მიერ მითითებულ ყველა გარემოებას უნდა მიეცეს შეფასება:

 

10.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს. ასეთად კი მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

ამდენად, გასაზიარებელია მსჯელობა მასზედ, რომ მოსარჩელეს 2---------წ. დადგენილების გაცნობისთანავე ჰქონდა ინფორმაცია ზიანის და ზიანის მიმყენებელი პირის თაობაზე, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე და 1008-ე მუხლების დანაწესების გათვალისწინებით, მოთხოვნის ხანდაზმულობის დაწყების საფუძველია. ამასთან, ვადა ავტო-საგზაო შემთხვევის დადგომის დღიდანაც რომ ავითვალოთ, სამწლიანი ხანდაზმულობა აქაც დაცულია.

 

10.2. უნდა დადგინდეს, შეწყდა თუ არა ხანდაზმულობის ვადის დენა სარჩელის შეტანით. ამისათვის გამოკვლეული უნდა იქნეს საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 0-----2017წ. განჩინება, რომლის საფუძველზეც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად, გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. ამავე კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

 

საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 0-----2017წ. განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა და სამოქალაქო საქმე N2/2-----16 მოსარჩელე ჯ------- ს------–-ს სარჩელის გამო მოპასუხე სს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-------“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დარჩა განუხილველი (ტ.1, ს.ფ. 56-58). 0-----2017წ. განჩინებით დგინდება, რომ ჯ------- ს------–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სს სადაზღვევო კომპანია „ჯ------------–-------“ წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით სარჩელით მიმართა 2016 წლის 24 აგვისტოს.

 

აპელანტი სადავოდ ხდის აღნიშნული განჩინების კავშირს წინამდებარე დავასთან და მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი არასწორად მიიჩნია მოცემულ დავაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ.2. ს.ფ. 8-21).

 

მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ განმარტა, რომ სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრა განპირობებული იყო იმით, რომ როგორც მისთვის ავტო-საგზაო შემთხვევის შემდეგ გახდა ცნობილი, მოპასუხეს ავტომანქანა დაზღვეული ჰქონდა სს სადაზღვევო კომპანია „ჯ------------–-----ში“. შემთხვევის შემდეგ ადგილზე მივიდა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი, თუმცა, საბოლოოდ, მოსარჩელეს ზიანი არ აუნაზღაურდა და მან უფლებების დასაცავად მიმართა სასამართლოს სარჩელით. აღნიშნულ სარჩელში მხარედ ან/და მესამე პირად თ-- ს---–---–---–ი დასახელებული არ ყოფილა და მოსარჩელემ მიზანშეწონილად მიიჩნია სარჩელის გახმობა და ახალი სარჩელის აღძვრა უშუალოდ დღევანდელი მოპასუხის მიმართ (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.03.2019წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 17:31:02 – 17:33:42).

 

აღნიშნულის საპასუხოდ აპელანტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია მითითებული გარემოებების შესახებ, ვინაიდან პირველ ინსტანციის სასამართლოში ამ საკითხებზე მსჯელობა არ ყოფილა (19.03.2019წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 17:34:27 - 17:36:07).

 

ამასთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე მასზედ, რომ როგორც თბილსის საქალაქო სასამართლოს 31.05.2018წ. სხდომის ოქმით დგინდება, მოსარჩელის მიერ 0-----2017წ. განჩინების წარდგენის შემდეგ მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ იმდროინდელი სარჩელი წარდგენილი იყო იმავე მასალებზე დაყრდნობით, რაზეც წინამდებარე სარჩელი. მხარე მიზანშეწონილად მიიჩნევდა დავას სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ, თუმცა, ვინაიდან სადაზღვევო კომპანიის კონტრაჰენტი მხარე იყო მოპასუხე, ხოლო სარჩელი ეფუძნებოდა დელიქტს, მოსარჩელემ სარჩელი გაიხმო (იხ.: 31.05.2018წ. სხდომის ოქმი, 14:18:04-14:18:50). აღნიშნულზე პასუხად მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენას გამოიწვევდა სარჩელის შეტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წარდგენილი იქნებოდა უშუალოდ წინამდებარე დავის მოპასუხის მიმართ 14:18:58 – 14:20:32). ანუ ფაქტი მასზედ, რომ მოპასუხე არ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში მითითებულ სადაზღვევო კომპანიასთან, არგუმენტირებულად შედავებული არ ყოფილა და არც შესაბამისი მტკიცებულებით მომხდარა მისი უარყოფა.

 

ამდენად, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში სააპელაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 0-----2017წ. განჩინებით განუხილველი დარჩა სარჩელი, რომლიც აღძრული იყო მოპასუხის კონტრაჰენტი სადაზღვევო კომპანიის მიმართ, თუმცა მოგვიანებით დავაში დღევანდელი მოპასუხის ჩართვის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი და აღძრა ახალი სარჩელი უკვე უშუალოდ მოპასუხე თ-- ს---–---–---–ის მიმართ.

 

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ზიანის ასანაზღაურებლად სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ დავა და სარჩელის შეტანის ფაქტი, მოსარჩელის მოთხოვნის მიმართ სსკ-ის 138-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგს წარმოშობს. საკითხი მასზედ, ერთი წარმოების ფარგლებში მოხდება არასათანადო მოპასუხის შეცვლა სათანადოთი, თუ ახალი სარჩელი იქნება აღძრული ასეთი პირის წინააღმდეგ, არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის უფლებების აღდგენაზე უარის საფუძველი, როცა მხარე კეთილსინდისიერად მოქმედებს და ცდილობს დარღვეული უფლების აღდგენას სასამართლოს მეშვეობით.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელი განუხილველი დარჩა 0-----2017წ., ხოლო მიმდინარე პროცესი მოსარჩელის მიერ ინიცირებულია 2018 წლის 24 იანვარს, ანუ სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლით განსაზღვრული ვადის დაცვით.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელით მოთხოვნილია 10.09.2---–. ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო სასარჩელო ხანდაზმულობა შეწყვეტილია ჯერ კიდევ 2---------წ., დგინდება, რომ 24--------წ. წარმოდგენილი სარჩელი აღძრულია დელიქტური ვალდებულებებისთვის დადგენილი სამწლიანი ვადის დაცვით და იგი ხანდაზმული არ არის.

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 75 ლარის ოდენობით, რამეთუ 29.03.2018წ. ამოქმედებული ცვლილებებით მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი გახდა ქონებრივი დავები, რომელთა ღირებულება არ აღემატება 5000 ლარს (ტ.2, ს.ფ. 22). ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება 1319 ლარის ნაწილში, - ნაცვლად დაკისრებული 2800 ლარისა, მოპასუხეს ეკისრება 1481 ლარის (1265 +216) გადახდა, ანუ კმაყოფილდება სააპელაციო მოთხოვნის 47,1 % , აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 35,32 ლარის ოდენობით (75 ლარის 47,1 %) ოდენობით.

 

სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 100 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ.17). ვინაიდან სარჩელი კმაყოფილდება 52.8 %-ით, - ნაცვლად მოთხოვნილი 2800 ლარისა, მოპასუხეს ეკისრება 1481 ლარის (1265 +216) გადახდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 52.8 ლარის ოდენობით (100 ლარის 52.8%).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. თ-- ს---–---–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ჯ------- ს------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. თ-- ს---–---–---–ს ჯ------- ს------–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1481 ლარის გადახდა.

 

5. თ-- ს---–---–---–ს ჯ------- ს------–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 52.8 ლარის ოდენობით.

 

6. ჯ------- ს------–ს თ-- ს---–---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 35,32 ლარის ოდენობით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე