განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2018
საქმის ნომერი
010100118002337643
ინსტანცია
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002337643

საქმე №1/ბ-608-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივანის – თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ა--------------ს

ადვოკატის – პ----- ნ-----ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულის _ ე-–----- ჯ--------ის მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე, აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ-------------ის და მსჯავრდებულ ე-–----- ჯ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ნ-----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ე-–----- ჯ--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, ა------------ის მოქალაქის, დაუოჯახებლის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ა------------ის რესპუბლიკაში, ქ------–---------------------------, ბინა №---ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით:

 

ე-–----- ჯ--------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ე-–----- ჯ--------ს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2018 წლის 26 იანვრიდან 2018 წლის 05 თებერვლის ჩათვლით) გათვალისწინებით, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ე-–----- ჯ--------ის მიმართ 2018 წლის 27 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს - თ------ ხ-------–---–ს (პ/ნ 1----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი თანხა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი №-------, დასტურის №-------).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლების საფუძველზე, ე-–----- ჯ--------ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გაუვლელად გადმოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 44 994,10 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო წონა შეადგენს 694,89 გრამს.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ს----------ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ DVD დისკზე და დაცვის მხარის მიერ ს----------ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ DVD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს, მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–----- ჯ--------მა ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა------------ის რესპუბლიკის მოქალაქე ე-–----- ჯ--------მა 2018 წლის 26 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტ „------ში“, ტანთმოსილი ტანისამოსით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთები _ ოქროს ნაკეთობები, კერძოდ, საბაჟო გამშვები პუნქტი „------ის“ გავლით თ--------ის რესპუბლიკიდან გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული მისი ფიზიკური დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა ე-–----- ჯ--------ის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთები _ ოქროს ნაკეთობები: ოქროს ორეული (საყურე, ბეჭედი) 585 სინჯის _ 15 წყვილი; ოქროს სამეული (საყურე, ბეჭედი, კულონი) 585 სინჯის _ 6 წყვილი; ოქროს კულონი 585 სინჯის _ 43 ცალი; ოქროს საყურე 585 სინჯის _ 96 წყვილი; ოქროს სამაჯური 585 სინჯის _ 35 ცალი; ოქროს ყელსაბამი 585 სინჯის _ 13 ცალი; ოქროს ყელსაბამი კულონით 585 სინჯის _ 26 ცალი; ოქროს ბეჭედი 585 სინჯის _ 86 ცალი, სულ 694.89 გრამი, ღირებული 44 494.10 ლარად.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

 

აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორმა დ-------------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ე-–----- ჯ--------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანა არის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი, რაც ზიანს აყენებს ქვეყნის საფინანსო საბიუჯეტო სისტემას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება განზრახ მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ითვალისიწინებს როგორც ჯარიმას, ასევე თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. მიუხედავად ამისა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე-–----- ჯ--------ს ძირითად სასჯელად დაუნიშნა მხოლოდ ჯარიმა, რაც აშკარად არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამასთან, საქართვეელოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, შემოსავლით და სხვა გარემოებებით. მოცემულ შემთხვევაში კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე-–----- ჯ--------ს დაუნიშნა ჯარიმა იმ ოდენობით, რაც დანაშაულის სიმძიმესთან, მსჯავრდებულის პიროვნებასთან და მის მატერიალურ მდგომარეობასთან აშკარად შეუსაბამოა.

 

მსჯავრდებულ ე-–----- ჯ--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- ნ-----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ე-–----- ჯ--------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

განაჩენში არ არის ნამსჯელები თუ რატომ გაიზიარა სასამართლომ მებაჟე ოფიცრების ჩვენებები, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან, კერძოდ, დ-------- ყ---–----მ და გ------- ნ--------ემ აჩვენეს, რომ ე-–----- ჯ--------ის ჯიბეებიდან მათ მიერ იქნა ამოღებული ოქროს ნივთები, მ----- ვ-–-----ემ კი განმარტა, რომ ერთი ჯიბიდან მან ამოიღო ერთი შეკვრა, ხოლო დანარჩენი ჯიბეებიდან ამოიღო თვითონ ე-–----- ჯ--------მა. ასევე გაუგებარია რატომ გაიზიარა სასამართლომ მებაჟე ოფიცერ ხ------- მ--------ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ იგი იდგა ე-–----- ჯ--------ისა და მ----- ვ-–-----ისაგან 2 მეტრში, მაშინ როცა ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერის მიხედვით, მ----- ვ-–-----ისა და ე-–----- ჯ--------ის საუბრის დროს იგი საერთოდ არ ჩანს მათთან ახლოს. სასამართლოს ასევე არ უმსჯელია მ----- ვ-–-----ის მიერ საბაჟო ტერიტორიაზე ფაქტიურად დაწყებულ დათვალიერებაზე, როცა მან ხელის შეხებით გასინჯა ჯ--------ის შარვლის უკანა ჯიბე. ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერში აშკარად ჩანს, რომ მ----- ვ-–-----ე მგზავრ ე-–----- ჯ--------ის დათვალიერებას იწყებს ჯერ კიდევ დარბაზში, საბაჟო კონტროლის ზონაში, როცა ის ხელით სინჯავს შარვლის უკანა ჯიბეს, თუმცა ეს გარემოება სასამართლოს არ შეუფასებია. გარდა ამისა, სასამართლომ შეფასება არ მისცა მ----- ვ-–-----ის ჩვენებას იმ ნაწილში, სადაც ის განმარტავს, რომ მსჯავრდებულს ხელის ჟესტით მიუთითა დეკლარაციის ოთახისაკენ, მაშინ, როცა ჩანაწერში ასეთი რამ არ ფიქსირდება, ე.ი. იგი იძლევა ცრუ ჩვენებას.

 

აპელანტის მითითებით, დაცვის მხარე არ დავობს იმაზე, ჰქონდა თუ არა ე-–----- ჯ--------ს ოქროს ნივთები, რადგან დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჰქონდა მას ეს ნივთები, რაც ამოღებულია. დაცვის მხარე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ როდესაც მგზავრმა განუცხადა საბაჟო კონტროლის ზონაში მებაჟეს ოქროს ნივთების არსებობის შესახებ, რის შემდეგაც მებაჟემ იცოდა დაზუსტებულად, რომ ე-–----- ჯ--------ს ჰქონდა ოქროს ნივთები, მან არ შეასრულა თავისი მოვალეობები, არ განუმარტა ე-–----- ჯ--------ს, რომ უნდა შეევსო სატრანზიტო დეკლარაცია და საშუალება მისცა დაეტოვებინა საბაჟო კონტროლის ზონა, რის შემდეგაც ქუჩიდან მოაბრუნა იგი დათვალიერების მიზნით, თუმცა დათვალიერება უკვე დაწყებული ჰქონდა საბაჟო კონტროლის ზონაში, რაც აშკარად ჩანს სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერიდან. ე.ი. მებაჟემ დაარღვია საბაჟო და საგადასახადო კოდექსების მოთხოვნები, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 01 აგვისტოს №12858 ბრძანება და მგზავრს მოუწყო პროვოკაცია.

 

რეალურად, 2018 წლის 26 იანვარს, ე-–----- ჯ--------მა დილით გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, რა დროსაც ტანსაცმლის ჯიბეებში ჰქონდა დაახლოებით 700 გრამამდე ოქროს ნაკეთობები, რომლებიც შეიძინა თ--------ის რესპუბლიკაში და ა------------ში გადაჰქონდა. საქართველოს საზღვარზე, საბაჟო კონტროლის ზონაში, მასთან მივიდა მებაჟე ოფიცერი მ----- ვ-–-----ე, ხელი მოჰკიდა შარვლის უკანა ჯიბეზე და როცა ხელში რაღაც საგნები მოხვდა, ჰკითხა რა ედო ჯიბეში. ე-–----- ჯ-------მა უპასუხა, რომ ჯიბეში ჰქონდა ოქროს ნივთები და იკითხა რაიმე პრობლემა ხომ არ იყო. მ----- ვ-–-----ემ უპასუხა, რომ არანაირი პრობლემა არ იყო, რის შემდეგაც მებაჟემ ე-–----- ჯ-------ს მისცა საშუალება დაეტოვებინა საბაჟო კონტროლის ტერიტორია და როცა დარწმუნდა, რომ დატოვა აღნიშნული ტერიტორია, დაცვის თანამშრომლების დახმარებით ქუჩიდან უკან მოაბრუნა იგი, ჩაუტარა დათვალიერება და ჯიბეებიდან ამოუღო დაახლოებით 700 გრამი ოქროს ნაკეთობები.

 

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, პირველი ინსტანციის სასამართლოს ყველა გარემოება რომ გაეთვალისიწინებინა და მოეხდინა მტკიცებულებების რეალური შეფასება, ე-–----- ჯ--------ის მიმართ არ დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ა--------------მ მხარი დაუჭირა აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ-------------ის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულ ე-–----- ჯ--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- ნ-----ემ ითხოვა თავისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ-------------ის და მსჯავრდებულ ე-–----- ჯ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ნ-----ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ე-–----- ჯ--------ის გამართლების თაობაზე, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ე-–----- ჯ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

 

მოწმე მ----- ვ-–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს სგპ „------ში“, მთავარი მებაჟე ოფიცრის თანამდებობაზე. 2018 წლის 26 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ახორციელებდა საქართველოში შემომსვლელი მგზავრების შემოწმებას და საბაჟო კონტროლის ღონისძიებებს. ხსენებულ დღეს თ--------ის რესპუბლიკიდან საბაჟო საზღვარი გადმოკვეთა ა------------ის მოქალქე ე-–----- ჯ--------მა, რომელიც შეაჩერა და მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე ჰკითხა, ხომ არ გადმოჰქონდა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, რაზედაც მან უპასუხა, რომ დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი არ ჰქონდა, კარგად იცნობდა ქართულ კანონმდებლობას და ასეთ შემთხვევაში საქონელს გადააგზავნიდა, ვინაიდან, ტრანზიტით სარგებლობდა და საქართველოს გავლით მიდიოდა ა------------ში. მან მაინც განუმარტა ე-–----- ჯ--------ს, რომ თუ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, უნდა შეევსო დეკლარაცია, საქონელიც დაუზუსტა და ჩამოუთვალა, თუ რომელი სახის საქონელი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლის გავლას და აღრიცხვას, თან მიუთითა საბაჟო კონტროლის დერეფანზე, მაგრამ ე-–----- ჯ--------მა იუარა დასადეკლარირებელი საქონლის თან ქონის ფაქტი. შემდეგ მოითხოვა მისი ხელბარგის შემოწმება და აჩვენა რენდგენოსკანერის ადგილმდებარეობა. ე-–----- ჯ--------ი გამოცხადდა სკანერთან და გაატარა ხელბარგი. ამ ყველაფერს თვითონ თვალყურს ადევნებდა, რა დროსაც გაუჩნდა ეჭვი, რომ ე-–----- ჯ--------ი აპირებდა ტერიტორიის სწრაფად დატოვებას, რადგან იქცეოდა არაბუნებრივად, რის გამოც გადაწყვიტა მოეხდინა მისი პირადი დათვალიერება. აღნიშნულის თაობაზე აცნობა ცვლის უფროსს, დ--- ყ---–----ს და მთავარ მებაჟე ოფიცერს, გ------- ნ--------ეს. თან მოიწვიეს პირი, რომელსაც უნდა შეესრულებინა თარჯიმანის მოვალეობა. ამასობაში ე-–----- ჯ--------ს უკვე დატოვებული ჰქონდა საბაჟო კონტროლის ზონა და რადგან ვერ ახერხებდა მასზე დაწევას, დასახმარებლად მიმართა დაცვის პოლიციის თანამშრომელს, რომელმაც მოაბრუნა საბაჟოს ტერიტორიიდან გასული ე-–----- ჯ--------ი. იგი შეიყვანა სპეციალურად გამოყოფილ დათვალიერების ოთახში, სადაც მიმართა, რომ თუ ჰქონდა დასადეკლარირებელი საქონელი, წარმოედგინა, რაზეც მან კვლავ უარი განაცხადა. ამის შემდეგ თავად მოახდინა ე-–----- ჯ--------ის დათვალიერება, რა დროსაც მისი ტანთცმული ქურთუკის და შარვლის ჯიბეებიდან ამოღებული იქნა სულ რვა შენაფუთი, რომლებშიც ვიზუალური დათვალიერებით მოთავსებული იყო ოქროს ნაკეთობები. მოწმის განმარტებით, ე-–----- ჯ--------მა აღიარა, რომ ოქროს ნაკეთობები შეიძინა თ--------ში და მიჰქონდა ა------------ში სარეალიზაციოდ, გარკვეული შემოსავლის მიღების მიზნით. ვინაიდან, ე-–----- ჯ--------ის ქმედება შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შესაბამის საგამოძიებო სამსახურს.

 

მოწმე დ--- ყ---–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ს-----ის საბაჟო გამშვებ პუნქტში, ცვლის უფროსის თანამდებობაზე. 2018 წლის 26 იანვარს ცვლაში მორიგეობის დროს მებაჟე ოფიცერმა მ----- ვ-–-----ემ გადმოსცა რაციით, რომ ა------------ის მოქალაქე გადაჰყავდა პირად დათვალიერებაზე. ამის შემდეგ მივიდა დათვალიერების ოთახში, სადაც შეყვანილი იქნა ა------------ის მოქალაქე ე-–----- ჯ--------ი. ამ უკანასკნელს თარჯიმნის მეშვეობით, მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე განემარტა უფლება-მოვალეობები და მიეცა წინადადება, რომ ნებაყოფლობით წარმოედგინა დასადეკლარირებელი ნივთები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაზეც მან განაცხადა, რომ დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები არ გააჩნდა. ამის შემდეგ ე-–----- ჯ--------ს ჩაუტარდა პირადი დათვალიერება, რა დროსაც მ----- ვ-–-----ის მიერ მისი ქურთუკის და შარვლის ჯიბეებიდან ამოღებული იქნა რვა ცალ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ოქროს ნაკეთობები, რომელთა ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 45 000 ლარს.

 

მოწმე გ------- ნ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ს-----ის სასაზღვრო გამტარ პუნქტში მთავარი მებაჟე ოფიცრის თანამდებობაზე. 2018 წლის 26 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, ახდენდა ფიზიკური პირების და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს საზღვარზე გადმოსვლისას. ხსენებულ დღეს მებაჟე ოფიცერმა მ----- ვ-–-----ემ შეატყობინა, რომ აპირებდა უცხო ქვეყნის მოქალაქის პირად დათვალიერებას. ამის შემდეგ იგი ცვლის უფროსთან, დ--- ყ---–----სთან და თარჯიმნის სახით მონაწილე პირთან ერთად მივიდა დათვალიერების ოთახში, სადაც შეყვანილი იქნა აღნიშნული მოქალაქე _ ე-–----- ჯ--------ი. თარჯიმნის მეშვეობით უფლება-მოვალეობების განმარტების შემდეგ მ----- ვ-–-----ემ მას წინადადება მისცა, ნებაყოფლობით წარმოედგინა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, თუკი ჰქონდა ასეთი, იმავდროულად ჩამოუთვალა რა სახის ნივთებზე იყო საუბარი. ე-–----- ჯ--------მა განაცხადა, რომ მას არ გააჩნდა ისეთი საქონელი, რაც ექვემდებარეობდა დეკლარირებას. ამის შემდეგ მოხდა მისი დათვალიერება, რა დროსაც ქურთუკის და შარვლის სხვადასხვა ჯიბეებიდან ამოუღეს პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკის რვა ცალ შეფუთვაში მოთავსებული ოქროს ნაკეთობები, რომლებიც მის თვალწინ დაილუქა. ე-–----- ჯ--------მა განმარტა, რომ აღნიშნული ოქროულობა შეძენილი ჰქონდა თ--------ის რესპუბლიკაში და სურდა ა------------ში სარეალიზაციოდ გადატანა.

 

მოწმე ხ------- მ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს სგპ „------ში“ უფროსი მებაჟე ოფიცრის თანამდებობაზე. 2018 წლის 26 იანვარს იმყოფებოდა ცვლაში და ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 11:25 საათზე, ს----------ს საბაჟო გამშვებ პუნქტში თ--------ის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მოქალაქე ე-–----- ჯ--------ი, რომელსაც მ----- ვ-–-----ემ ჩაუტარა ინტერვიუირება, სკანერზე გატარებული იქნა მისი ხელბარგი, რის შემდეგაც იგი მოაბრუნეს და გადაიყვანეს დათვალიერების ოთახში. თვითონ ვიზუალურად ხედავდა როგორ ესაუბრებოდა მ----- ვ-–-----ე ე-–----- ჯ--------ს, თუმცა საუბრის რაღაც ნაწილი არ ესმოდა. როგორც წესი, ამ დროს ხდება შეთავაზება მოქალაქისთვის _ თუკი აქვს დასადეკლარირებელი საქონელი, რა უნდა მოიმოქმედოს. მ----- ვ-–-----ესთან ე-–----- ჯ--------ის ურთიერთობა გაგრძელდა დაახლოებით 4 წუთი. მ-----ი მას ესაუბრებოდა რუსულად, მაგრამ კონკრეტულად რაზე საუბრობდა იგი, ყველაფერი არ მოუსმენია.

 

მოწმე გ------ ა---–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ა----ის სამმართველოში და მისი სამუშაო ადგილია ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტი. 2018 წლის 26 იანვარს იმყოფებოდა ცვლაში და ასრულებდა თავის მოვალეობას. დაახლოებით 11:30 საათზე იდგა ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელთან, პ----- ჯ---------სთან ერთად და ესაუბრებოდა მას, რა დროსაც დაუძახა მებაჟე ოფიცერმა მ----- ვ-–-----ემ და თხოვა დახმარებოდა უცხო მამაკაცის მობრუნებაში. ის და პ----- ჯ--------- უკან გაჰყვნენ აღნიშნულ მამაკაცს, რომელიც მათი თვალთახედვის არიდან არ გასულა. მამაკაცი შეაჩერეს საბაჟოს ტერიტორიის გარეთ, მოაბრუნეს და მიიყვანეს მებაჟესთან, რომელმაც იგი გადაიყვანა დათვალიერების ოთახში.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა და იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმე პ----- ჯ---------მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ის და გ------ ა---–---ი უკან გაჰყვნენ მ----- ვ-–-----ის მიერ მითითებულ პიროვნებას, რომელიც მათი თვალთახედვის არეში იმყოფებოდა მათ მიერ შეჩერებამდე, ამ პერიოდში ის არავის არ დაკავშირებია და მისთვის ვინმეს რაიმე არ გადაუცია.

 

მოწმის სახით დაკითხული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ა------------------- სამმართველოს უფროსი გამომძიებლის, ჯ--- ს---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე საბაჟო სამსახურიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული ე-–----- ჯ--------ი, რომელმაც გამოკითხვაზე უარი განაცხადა და მისი პოზიცია გამოძიების მიმდინარეობის დროს არ დაფიქსირებულა. ე-–----- ჯ--------ისგან ამოღებულ ნივთებში იყო ბევრი ერთი და იგივე სახეობის ნივთი, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ისინი არ იყო პირადი ნივთები და შეძენილი იყო კომერციული მიზნებისათვის. მოწმე ჯ--- ს---------ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და კანონიერება და განმარტა, რომ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ გაცხადებულა.

 

ბრალდებულმა ე-–----- ჯ--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 26 იანვარს იმყოფებოდა თ--------ის რესპუბლიკაში. როცა საზღვარზე შემოვიდა, საბაჟოს თანამშრომელმა დაუძახა და ჰკითხა, თუ რა ნივთები ჰქონდა ზურგჩანთაში. უპასუხა, რომ ზურგჩანთაში ზეთი ედო და სკანერზე გაატარა ხელბარგი. მებაჟე მას ხელით შეეხო ჯიბეზე და თავადაც უთხრა, რომ ჯიბეში ჰქონდა პირადი ოქროს ნივთები, თუმცა მებაჟეს მისთვის არ განუმარტავს, რომ უნდა მოეხდინა ამ ნივთების დეკლარირება. მანაც შეუფერხებლად გაიარა კონტროლი და როცა უკვე გავიდა შენობიდან, იმ დროს მოაბრუნეს და შეიყვანეს დათვალიერების ოთახში, სადაც ნებაყოფლობით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე წარადგინა ოქროს ნივთები. ე-–----- ჯ--------ის განმარტებით, მებაჟეს რომ აეხსნა მისთვის, ის აუცილებლად მოახდენდა ამ ნივთების დეკლარირებას.

 

მგზავრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 იანვარს, სგპ „------ის“ ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალურად გამოყოფილ ფიზიკურ პირთა დათვალიერების ოთახში, სგპ „------ის“ მთავარი მებაჟე ოფიცრის, მ----- ვ-–-----ის მიერ დათვალიერებული იქნა მგზავრი _ ა------------ის მოქალაქე ე-–----- ჯ--------ი, რასაც ესწრებოდნენ სგპ „------ის“ ცვლის უფროსი დ--- ყ---–----, მთავარი მებაჟე ოფიცერი გ------- ნ--------ე და თარჯიმანი ე----- ვ----–-–-. დათვალიერების დაწყებამდე ე-–----- ჯ--------ს ეცნობა დათვალიერების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, განემარტა მისი უფლება-მოვალეობები და მიეცა წინადადება დამალული საქონლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნებაყოფლობით გადაცემის თაობაზე. აღნიშნულზე ე-–----- ჯ--------მა განმარტა, რომ მას დამალული ან დასადეკლარირებელი საქონელი არ ჰქონდა. ამის შემდეგ ჩატარდა ე-–----- ჯ--------ის ფიზიკური დათვალიერება, რის შედეგადაც მისი ტანთმოსილი ქურთუკის შიდა ორი ჯიბიდან და გარე ორი ჯიბიდან, შარვლის უკანა ორი ჯიბიდან და წინა ორი ჯიბიდან ამოღებული იქნა რვა ცალ პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში მოთავსებული, სავარაუდოდ, ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო წონა შეადგენდა 694 გრამს. ამოღებული ნივთები მოთავსდა ერთ ცალ ტომარაში და დაილუქა საბაჟო სამსახურის ერთჯერადი ლუქით G--------. ოქმი ხელმოწერილია დათვალიერებაში მონაწილე პირების მიერ. ე-–----- ჯ--------ი თარჯიმნის მეშვეობით გაეცნო აღნიშნულ ოქმს, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ა------------------- სამმართველოს უფროსი გამომძიებლის, ჯ--- ს---------ის მიერ 2018 წლის 26 იანვარს შედგენილი დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ სგპ „------ის“ ცვლის უფროსის დ--- ყ---–----ს, მებაჟე ოფიცრების (ექსპერტების) _ ნ----- დ-------ისა და ე-–--- კ---------ის, უფროსი მებაჟე ოფიცრის მ----- ვ-–-----ის, მოქ.ე-–----- ჯ--------ის და თარჯიმნის, ა------ ბ---------ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა 2018 წლის 26 იანვარს ე-–----- ჯ--------ის მიერ საქართველოს საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანილი 694.89 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები: ოქროს ორეული (საყურე, ბეჭედი) 585 სინჯის _ 15 წყვილი; ოქროს სამეული (საყურე, ბეჭედი, კულონი) 585 სინჯის _ 6 წყვილი; ოქროს კულონი 585 სინჯის _ 43 ცალი; ოქროს საყურე 585 სინჯის _ 96 წყვილი; ოქროს სამაჯური 585 სინჯის _ 35 ცალი; ოქროს ყელსაბამი 585 სინჯის _ 13 ცალი; ოქროს ყელსაბამი კულონით 585 სინჯის _ 26 ცალი; ოქროს ბეჭედი 585 სინჯის _ 86 ცალი; საერთო წონით 694.89 გრამი. დათვალიერებაში მონაწილე ე-–----- ჯ--------ის განმარტებით, მისი პირადი დათვალიერებისას ამოღებული ამოღებული ოქროს ნაკეთობები წარმოადგენდა მის საკუთრებას, რომლებიც შეიძინა თ--------ის რესპუბლიკაში და 2018 წლის 26 იანვარს გადმოიტანა საქართველოს საბაჟო საზღვარზე. დათვალიერების ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების და თავად ე-–----- ჯ--------ის მიერ, რომელსაც ოქმზე რაიმე შენიშვნა ან განცხადება არ გაუკეთებია.

 

საქონლის რაოდენობის, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტიზის №0---------- დასკვნის (შემსრულებლები: ე-–--- კ---------ე და ნ----- დ-------ე) თანახმად, ე-–----- ჯ--------ის პირადი დათვალიერების შედეგად ამოღებული 694.89 გრამი ოქროს სამკაულების საერთო საბაჟო ღირებულება შეადგენს 44994.10 ლარს.

 

ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ----- დ-------ემ და ე-–--- კ---------ემ.

 

საქართველოს შსს მონაცემთა ბაზაში ა------------ის რესპუბლიკის მოქალაქე ე-–----- ჯ--------ის მიერ საზღვრის კვეთის მონაცემების დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ მას 29-ჯერ აქვს გადაკვეთილი სახელმწიფო საზღვარი, მათ შორის, ფიქსირდება ე-–----- ჯ--------ის საქართველოდან გასვლა 2018 წლის 25 იანვარს, 18:15 საათზე და საქართველოში შემოსვლა 2018 წლის 26 იანვარს, 11:25 საათზე.

 

საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, სგპ „------ის“ ვიდეოსათვალთვალო კამერების 2018 წლის 26 იანვრის, 11:25 საათიდან 2018 წლის 26 იანვრის 11:32 საათამდე პერიოდის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ე-–----- ჯ--------ს ნამდვილად ესაუბრება მებაჟე ოფიცერი, რომლის მითითებით იგი სკანერზე ატარებს ხელბარგს. ამის შემდეგ ე-–----- ჯ--------ი ტოვებს საბაჟოს ადმინისტრაციულ შენობას, რა დროსაც მას უკან აბრუნებს დაცვის თანამშრომელი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო სხდომაზე მითითებულ არგუმენტებს ე-–----- ჯ--------ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, ასეთი პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება ზემოთ ხსენებულ მტკიცებულებებს, რომელთა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია ე-–----- ჯ--------ის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტი, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2018 წლის 26 იანვარს ე-–----- ჯ--------მა საბაჟო გამშვები პუნქტი „------ის“ გავლით თ--------ის რესპუბლიკიდან გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც გადმოიტანა ტანთმოსილი ქურთუკისა და შარვლის ჯიბეებში მოთავსებული 694.89 გრამი, 44994.10 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს ნაკეთობები, რომელთა დეკლარირება მას არ განუხორციელებია.

 

დაცვის მხარის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ე-–----- ჯ--------მა ოქროს ნივთების არსებობის შესახებ საბაჟო კონტროლის ზონაში განუცხადა მებაჟე ოფიცერს, რომელმაც არ შეასრულა თავისი მოვალეობები და არ განუმარტა მას, რომ უნდა შეევსო დეკლარაცია და საშუალება მისცა დაეტოვებინა საბაჟო კონტროლის ზონა, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ამ მოსაზრების საპირისპიროდ საქმეში არსებობს უტყუარი მტკიცებულებები _ მოწმის სახით დაკითხული საბაჟოს თანამშრომლების ჩვენებები, რომლებითაც დადგენილი და დადასტურებულია, რომ მებაჟე ოფიცრის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები, ე-–----- ჯ--------მა როგორც ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის დერეფანში, ისე დათვალიერების ოთახში უპასუხა, რომ ასეთი ნივთები მას არ გააჩნდა. ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ეს ვალდებულება ეკისრებოდა თავად ე-–----- ჯ--------ს.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ე-–----- ჯ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ნ-----ის მიერ საჩივარში აღნიშნულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმის სახით დაკითხული მებაჟე ოფიცრების ჩვენებები განსხვავდება ერთმანეთისაგან, რის გამოც სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ისინი, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებულ მოწმეთა ჩვენებებს შორის არ არსებობს რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭქვეშ დააყენებდა ამ ჩვენებების სანდოობას და გამოიწვევდა მათ გაზიარებაზე უარის თქმას.

 

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ე-–----- ჯ--------ისათვის უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნის შესახებ, ვინაიდან, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ე-–----- ჯ--------ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ხასიათს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.

 

ამრიგად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად, როგორც ე-–----- ჯ--------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების, ისე მისთვის განსაზღვრული სასჯელის ნაწილში, ხოლო აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ-------------ის და მსჯავრდებულ ე-–----- ჯ--------ის ინეტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ნ-----ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ-------------ის და მსჯავრდებულ ე-–----- ჯ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ნ-----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი ე-–----- ჯ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ე-–----- ჯ--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ე-–----- ჯ--------ს 2018 წლის 26 იანვრიდან 2018 წლის 05 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, ე-–----- ჯ--------ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გაუვლელად გადმოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 44 994,10 ლარის საბაჟო ღირებულების 694,89 გრამი ოქროს ნაკეთობები.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ე-–----- ჯ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად. გირაოს შემტანს _ თ------ ხ-------–---–ს (პ/ნ 1----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი №-------, დასტურის №--------).

 

7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ს----------ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები ორ ცალ DVD დისკზე, რომლებიც თან ერთვის საქმეს, შენახული იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/