განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002573061
საქმე №3ბ/258-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი
მოსამართლეები - გიორგი ტყავაძე
თამარ ონიანი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქ------- დ--------ძე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
2. მოწინააღმდეგე მხარისა პოზიცია
მოწინააღმდეგე მხარე წარმოდგენილი სააპელაციო შესაგებლით არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ------- დ--------ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 0-----–-სის M-- 9------------ გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ------- დ--------ძის სახელზე შპს ა---––---- ს------–--ო კ---–---ის მიერ 2----–--–ს გაცემული საშუალო პროფესიული განათლების ა---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ქ------- დ--------ძე 2----–--–ს შევიდა და 2----–--–ს დაამთავრა ა---––---- ს------–--ო კ---–---ი ფ-----–----ის სპეციალობით. 2----–--–ს მასზე გაიცა დიპლომი ა----------.
2018 წლის 2-----სს ქ------- დ--------ძემ განცხადებით მიმართ სსიპ განათების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს ა---––---- ს------–--ო კ---–---ის მიერ გაცემული საშუალო პროფესიული განათლების ა---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 2------ის M-- 9------------ წერილით ა(ა)იპ ა---––---- ს------------------ კ---–---იდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ქ------- დ--------ძის სწავლის პერიოდის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით.
ა(ა)იპ ა---––---- ს------------------ კ---–---ის 2018 წლის 0-------ის N-- წერილის მიხედვით, ქ------- დ--------ძის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 0---------–--–ს. ქ------- დ--------ძე ჩაირიცხა ა---––---- ს------–--ო კ---–---ში ფ-----–----ის სპეციალობაზე 2001 წლის 3---------ოს N-- ბრძანებით. აღნიშნული სასწავლებელი დაამთავრა 2004 წლის 0-------სს N-- ბრძანებით. მასე გაცემულია დიპლომი ა--------- სარეგისტრაციო N---.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 2-------ის M-- 6------------ სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, ა---––---- რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2-----------ს დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,ა---––---- ს------–--ო კ---–---ი’’ (რეგისტრაციის N----------). უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2001 წლის 2--------------ს შპს ,,ა---––---- ს------–--ო კ---–---ზე’’ გასცა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის N-------- ლიცენზია. ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის აღნიშნულ იურიდიულ პირს, მიენიჭა უფლებამოსილება საშუალო პროფესიული პროგრამებით სწავლება დაესრულებინა, ჩარიცხულ მოსწავლეთათვის: ა) 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე - თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 2 წელი; ბ) 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე - თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 3 წელი.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 0-----–-სის M-- 9------------ გადაწყვეტილებით ქ------- დ--------ძეს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. გადაწყვეტილების მიხედვით, ქ------- დ--------ძის სწავლის პერიოდი და შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელებული საქმიანობის საფუძველზე მის სახელზე გაცემული საშუალო პროფესიული განათლების ა---------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
”განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლით განსაზღვრულია ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის 25–ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე- 3 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა
”საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
ზემოხსენებული კანონქვემდებარე აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 2-----სს ქ------- დ--------ძემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა ა(ა)იპ ა---––---- ს------------------ კ---–---ის დიპლომის ა--------- ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 0-----–-სის M-- 9------------ გადაწყვეტილებით ქ------- დ--------ძეს უარი ეთქვა ა---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველ მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების ფუნქციისა და ადგილის განსაზღვრა, პროფესიული განათლების სისტემის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
ამავე კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, პროფესიული განათლება იყოფა ფორმალურ და არაფორმალურ პროფესიულ განათლებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო ან/და საწარმოო პრაქტიკას და სრულდება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პროფესიული კვალიფიკაცია/კვალიფიკაცია არის პროფესიული ცოდნისა და უნარების ფლობა, რაც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით.
სადავო პერიოდში მოქმედი ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებული საჯარო და ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებულ პროფესიული სწავლების ცენტრებად და სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონეებად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. რეორგანიზაციამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები საქმიანობას განაგრძობენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული წესდებების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაასრულოს საშუალო პროფესიული პროგრამებით სწავლება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებით, იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც ჩაირიცხნენ ამ კანონის ამოქმედებამდე: ა) 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 2 წელი; ბ) 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 3 წელი. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაასრულებენ 2008-2009/2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ათვისებული საშუალო პროფესიული განათლების პროგრამები უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება ჩათვალოს უმაღლესი განათლების კრედიტებად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დროს.
საქმეში წარმოდგენილი ა(ა)იპ ა---––---- ს------------------ კ---–---ის 2018 წლის 0-------ის N-- წერილის მიხედვით, ქ------- დ--------ძის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 3 (სამი) წელს. ქ------- დ--------ძე ჩაირიცხა ა---––---- ს------–--ო კ---–---ში ფ-----–----ის სპეციალობაზე
2001 წლის 3---------ოს N-- ბრძანებით. აღნიშნული სასწავლებელი დაამთავრა 2004 წლის 0------სს N-- ბრძანებით. მასე გაცემულია დიპლომი ა--------- სარეგისტრაციო N---.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე - ქ------- დ--------ძის სახელზე 2----–--–ს ა(ა)იპ ა---––---- ს------------------ კ---–---ის მიერ გაცემულია დიპლომი. დიპლომის თანახმად, ქ------- დ--------ძეს სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 2004 წლის 06 ი------ გადაწყვეტილებით მიენიჭა ფ-----–----ის კვალიფიკაცია. ამდენად, ქ------- დ--------ძის სახელზე დიპლომის გაცემის ფაქტი უდავოა.
ა---––---- რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2-----------ს დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,ა---––---- ს------–--ო კ---–---ი’’ (რეგისტრაციის N-----------). უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2001 წლის 2--------------სს შპს ,,ა---––---- ს------–--ო კ---–---ზე’’ გასცა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის N-------- ლიცენზია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ------- დ--------ძის სწავლის პერიოდში ა(ა)იპ ა---––---- ს------------------ კ---–---ი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე, სადაც ქ------- დ--------ძე გადიოდა შესაბამის სასწავლო დისციპლინებს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სრულად ჰქონდა გავლილი კანონით დადგენილი სასწავლო კურსი.
სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ქ------- დ--------ძეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში, - პროფესიული საქმიანობის უფლებას, სამართალმცოდნეობის კვალიფიკაციით. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, ს------------------ ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა ა(ა)იპ ა---––---- ს------------------ კ---–---ის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.
აქვე, სასამართლომ მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივესრიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34- ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ------- დ--------ძის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 0-----–-სის №M-- 9------------ გადაწყვეტილება ქ------- დ--------ძის ა---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და უნდა დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ა(ა)იპ ა---––---- ს------------------ კ---–---ის მიერ ქ------- დ--------ძის კუთვნილი ა---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლი, რომელიც აქტის ბათილად ცნობის პირობებს განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, ცენტრმა დაიცვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, გადაწყვეტილებები მიიღო კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.
სასამართლო თავად უთითებს, რომ დავის განხიილვისას უნდა შემოწმდეს აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადაო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამავდორულად, კი იმ მოცემულობით, როცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ყველა საკანონმდებლო დანაწესი სრულყოფილადაა შესრულებული და დაცული, აქტი მაინც იქნა ბათილად ცნობილი, რაც ნიშნავს, იმას, რომ სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ეწინააღმდეგება მის მიერვე ხსენებულ ზოგად, მაგრამ ძირეულ დანაწესს.
სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით ,,სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.“
აღნიშნული საერთაშორისო აქტებით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე, როგორც საზოგადოებისათვის ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
იგივე უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს არა მხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი გამჭვირვალე სასამართლოს უფლებას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების ამომწურავად შეფასებას.
აპელანტის წარმომადგენლის აღნიშვნით სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები. (კონსტიტუციის ახალი რედაქციის 27-ე მუხლი, განსახილველ პერიოდში 35-ე)
სასამართლო უსაფუძვლოდ აპელირებს ცენტრის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა ცენტრის მხრიდან კონსტიტუციის დებულებების დარღვევა. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ნორმათა ციტირებითა და მათი ფორმალური მითითებით, რაც დაცლილია ნორმის მითითების სამართლებრივი ლოგიკისაგან. აღსანიშნავია, რომ სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესის პრაქტიკულ რეალიზებას ემსახურება ცენტრის თითოეული ქმედება, კერძოდ, ცენტრის მიზანია, ყველას ჰქონდეს თანაბარ პირობებში განათლების მიღების უფლება, საბოლოოდ კი, ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფილი იქნეს ქართული საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია საერთაშრისო საგანმანათლებლო სივრცეში. ცენტრის მხრიდან არათუ დარღვეულია კონსტიტუციური დებულება, არამედ პირიქით, სრულად არის იგი დაცული. მხოლოდ ხარისხიანი, შესაბამისად კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღებული განათლება წარმოედგენს სამართლით დაცულ სიკეთეს. ცენტრი, სწორედ ის ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე ევალება განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფილ და ჯეროვან დაცვას. ზოგადად, ცენტრს არავისთვის აუკრძალავს (და ვერც აუკრძალავს) განათლების სასურველი ფორმით, სასურველ დაწესებულებაში მიღება, ეს ცხადია, კონკრეტული პირის არჩევანია, თუმცა, ის თუ რამდენად მოხდება ამ განათლების სახელმწიფო დონეზე აღიარება, ეს უკვე დამოკიდებულია კონკრეტულ საკანონმდებლო დანაწესებზე, რისი დაცვის უპირველესი ვალდებულბაც სწორედ სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკისრია. შეუძლებელია ცენტრის აქტი არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციას და ზღუდავდეს კონკრეტული პირის, მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის უფლებას მიიღოს განათლება. როგორც უკვე აღინიშნა, მისთვის არ აუკრძალავთ კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების მიღების უფლება. ამასთან, ცენტრს არ უგულებელყვია და არ გაუბათილებია მის მიერ უკვე მიღებული სწავლის შედეგები, არამედ ცენტრმა თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომლებიც დასტურდებოდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე. აქვე საგულისხმოა, რომ ეს სამართლებრივი შედეგი გამომდინარეობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან.
სასამართლო, ასევე უთითებს მე-6 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესებამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. აღნიშნული მუხლიც მხოლოდ ფორმალურადაა სასამართლოს მხრიდან მოხმობილი, რადგან მას არ მიესადაგება კონკრეტული ფაქტობრივ-სამართლებრივი მოცემულობა. განათლების სფეროში არსებული ყველა საერთაშრისო სამართლებრივი ნორმა განამტკიცებს განათლებას, როგორც ადამიანის ძირითად უფლებას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაცული, განხორცილებული და პატივცემული. ამავდროულად, სახელმწიფო შიდა ნორმატიული აქტებით უზრუნველყოფს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. განათლების კანონმდებლობაში არსებული როგორც აღმჭურველი, ასევე, მავალდებულებელი ხასიათის დანაწესები ემსახურება ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, რომლის გარეშეც განათლების, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების განმტკიცება მხოლოდ ფორმალური ჩანაწერია, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარეშე აღნიშნული უფლება არა ყველასი, არამედ არავისი გამოდის. არც ერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტი არ უთითებს, რომ სახელმწიფომ ნორმატიულ დონეზე არ გაწეროს განათლების ხარისხის უზრუნველმყოფი მექანიზმები. ქართული კანონმდებლობა არ მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო აქტებთან, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მათზე აპელირება არაა მართებული. ცენტრის მიერ გადაწყვეტილება გამოცემულია ეროვნული და საერთაშორისო აქტების გათვალისწინებით, მათი მოთხოვნების დაცვითა და შეჯერებით.
სასამართლო, ასევე, აპელირებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს, ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. აღნიშნული დანაწესიც მოკლებულია ნორმის გამოყენების ლოგიკას, რადგან არაა საკმარისი მსჯელობა განვითარებული თუ რა კუთხით მიესადაგება იგი მოსარჩელის სახელზე გამოცემული აქტის კანონიერება-უკანონობას. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, რომ საჯარო დაწესებულებამ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა, ცენტრი, ცალსახად და აბსოლუტურად ეთანხმება ამ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ იგი მოქმედებდა სწორედ ხსენებული დანაწესის ფარგლებში. ცენტრის ყოველი გადაწყვეტილება განმსჭვალულია განათლების უფლების ნამდვილი შინაარის გაზიარებისა და პრაქტიკული რეალიზების მოტივით, შესაბამისად, სახეზე არ არის უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ზოგადად, ზემოხსენებულ ჩარჩო ნორმებზე აპელირებით, რეალურად, სასამართლო განათლების უფლების ხელშეშლასა და დაბრკოლებაში საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" არსებობას და მის პრაქტიკაში რეალიზებას მოიაზრებს, ამგვარი განმარტება ზიანს მიაყენებს ქვეყანაში არსებულ განათლების სისტემას, მეტიც არღვევს სახელისუფლებო შტოთა გაწონასწორების პრინციპს. ამასთან, ნორმათა არაკონსტიტუციურად მიჩნევის შემთხვევაში, სასამართლოს აქვს რეაგირების კანონთან შესაბამისი ბერკეტი, რაც არ გულისხმობს, მოქმედი საკანონმდებლო აქტის იგნორირებასა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონიერების პრინციპის დარღვევისაკენ მითითებას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო პრაქტიკულად უგულებელყოფს მოქმედ სამართლებრივ რეალობას და ეჭვქეშ აყენებს საგანმანათლებლო ინსტიტუციების ლეგიტიმაციას.
ამავდროულად, სასამართლო მოიხმობს, თუმცა ფაქტობრივ გარემოებებს არ უსადაგებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის'' რიგ დებულებებს და ამასთან, უსაფუძვლოა სასამართლო მსჯელობა ცენტრის მიერ მათ დარღვევასთან დაკავშირებითაც.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია და განხორციელდა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამვილობის დადასტურების სპეციალური მარეგულირებელი აქტის - წესის არსისა და მიზნის საწინააღმდეგო განმარტება.
აპელანტის წარმომადგენლის მითითებით ზემოაღნიშნული ,,წესი'' განმარტავს, თუ რას ნიშნავს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, კერძოდ, წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. მთელი ზემოახნიშნული, მსჯელობა, ცხადია, წარმოადგენს ნორმატიულ სინამდვილეს, რომელთა საფუძველზეც სასამართლო ასკვნის, რომ ხსენებული ,,წესი'' ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. სწორედ აღნიშნული ვალდებულებაა შესრულებული ცენტრის მიერ როცა გამოიცა 2018 წლის 2-----–---ს N------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო თავადვე უთითებს იმ გარემოებაზე, რაც ცენტრის მხრიდან მიჩნეულია მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად, თუმცა არ მიიჩნევს მას საკმარის ფაქტობრივ სამართლებრივ საფუძვლად და აკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას. ზემოხსენებული საკანონმდებლო მოცემულობისა და იმ ფატობრივი გარემოების ფონზე, რომ მოსარჩელის მიერ ა---––---- ს------–--- კ---–---ში ნასწავლი რამდენიმეთვინი ულიცენზიო პერიოდი არ იყო სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული, სასამართლო, მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ არ იზიარებს ცენტრის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ზემოხსენებული წესის მოქმედების პირობებში ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია საქმეზე სხვაგვარი რეაგირების შესაძლებლობას, ისევე, როგორც სასამართლოა ვალდებული მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და დაასაბუთოს იგი მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით.
აპელანტის წარმომადგენლის მიიჩნევს, რომ სასამართლო უგულებელყოფს შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას:
ა---––---- რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2-----------ს დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს "ა---––---- ს------–--ო კ---–---ი" (რეგ. №2---------).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 2001 წლის 2--------------ს შპს "ა---––---- ს------–--ო კ---–---ზე" გასცა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის №0------- ლიცენზია.
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის აღნიშნულ იურიდიულ პირს, მიენიჭა უფლებამოსილება საშუალო პროფესიული პროგრამებით სწავლება დაესრულებინა, ჩარიცხულ მოსწავლეთათვის:
ა) 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 2 წელი;
ბ) 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 3 წელი.
1999 წლის 14 მაისს მიღებული "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის "ლ" ქვეპუნქტის თანახმად, კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა წარმოსდგენდა ლიცენზირებას დაქვემდებარებულ სამეწარმეო საქმიანობას, რომელზედაც ლიცენზიის გამცემ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს განათლების სამინისტრო. ამავე კანონის მე-2 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზია წარმოადგენდა სახელმწიფო ორგანოს სპეციალურ ნებართვას, რომელიც ლიცენზიის მფლობელს აძლევდა უფლებას განსაზღვრული პირობების დაცვით განეხორციელებინა გარკვეული სახის საქმიანობა. 2002 წლის 14 მაისს მიღებული "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის "ვ" ქვეპუნქტიდან გამომდინარე, აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებათა საქმიანობა წარმოადგენდა ლიცენზირებადი საქმიანობის სახეს და შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ორგანო იყო საქართველოს განათლების სამინისტრო. ამავე კანონის მე-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზია წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებულ უფლებას, განუსაზღვრელი ვადით განეხორციელებინა ამ კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა წარმოადგენდა ლიცენზირებადი საქმიანობის სახეს. ამავე კანონებიდან გამომდინარე, ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობის (საგანმანათლებლო საქმიანობა) განხორციელების წინაპირობას წარმოადგენდა ლიცენზიის გამცემის (საქართველოს განათლების სამინისტრო) მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის თაობაზე. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 2001 წლის 2--------------ს შპს "ა---––---- ს------–--ო კ---–---ზე" გასცა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის №0------- ლიცენზია, ხოლო ა(ა)იპ ა---––---- ს------------------ კ---–---ის მიერ ქ------- დ--------ძის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე 2018 წლის 0-------ს წარმოდგენილი №-- (ცენტრში რეგისტრაციის №------) კორესპონდენციის შესაბამისად, აღნიშნული პირი შპს ა---––---- ს------–--ო კ---–---ში ჩარიცხულია 2001 წლის 3---------ოს (ბრძანება №--). აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს შპს ა---––---- ს------–--ო კ---–---ის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილების მიღების არგუმენტაცია აცდენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის'' იმ ნორმათა შინაარსსა და მიზანს, რომლებითაც რეგულირებულია საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვდილობის დადასტურების პროცედურა.
სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60-ე (1) მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებულ კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მისი მნიშვნელობა.
საგულისხმოა, რომ ცენტრმა იმსჯელა საშუალო პროფესიული განათლების ა---------- დიპლომის მიმართ ქ------- დ--------ძის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 (1) მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
უპირველეს ყოვლისა, დიპლომი არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის იმ სამართლებრივ ფორმას, რომელთან მიმართებითაც, ფორმალურად მაინც, შესაძლებელია კანონიერი ნდობის საკითხზე მსჯელობა, კერძოდ, დიპლომს არ გააჩნია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბუნება. ამავდროულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად (ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე) ადგენს, რომ კანონიერი ნდობის საკითხი მიემართება მხოლოდ აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საკითხის მომწესრიგებელი დანაწესებიდან ნათლად იკითხება კანონმდებლის ნება, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ზემოაღნიშნულ საქმიანობის სამართლებრივ ფორმასთან მიმართებითაა შესაძლებელი დაცულ იქნეს აქტის ადრესატის კანონიერი ინტერესები კანონიერი ნდობის, როგორც დამცველობითი ფუნქციის მქონე ინსტიტუტის მეშვეობით.
აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამიტომ იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმა ცენტრმა გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრის მიერ უნდა იყოს განხორციელებული ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც ქ------- დ--------ძემ მიიღო რაიმე უფლება ან სარგებელი. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა ქ------- დ--------ძის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია.
გარდა ამისა, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს ლიცენზირების გარეშე საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი, როდესაც საქმიანობის აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, კონკრეტული, ლიცენზირებას დაქვემდებარებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოს, საზოგადოებასა და მესამე პირებს გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან ლიცენზიის მიღების გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან.
საგულისხმოა ისიც, რომ კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ცხადია, ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
ამდენად, თუნდაც დავუშვებთ, რომ დიპლომთან მიმართებითაც ტექნიკურად, ნორმის გრამატიკული წაკითხვის უგულებელყოფის ფონზე, შესაძლებელია არსებობდეს კანონიერი ნდობა, მოცემულ შემთხვევაში კანონიერების პრინციპს, ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, უნდა მინიჭებოდა უპირატესი მნიშვნელობა კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვრცლად მსჯელობს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპის შეპირისპირებაზე. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ "აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (მიუხედავად მისი უკანონობისა) განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას. ამ პირობებში უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი და თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით დადგინდეს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული, რომელი პრინციპია აღმატებული ხარისხის და რომლის უზრუნველყოფა არის დაცვის ღირსი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ,,კანონიერების პრინციპი", რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი". ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ამდენად, შეუძლებელია ცალსახად პრობლემის გადაწყვეტა. ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული სასამართალწარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინონ ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება. (#-ბს-143-137(კ-10), 6 ივლისი, 2010 წელი). შესაბამისად, იმ პირობებში, თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ დიპლომთან (რომელიც არ არის ინდივიდიულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მიმართებითაც შესაძლებელია კანონიერი ნდობის პრინციპზე მსჯელობა, მას მყარად უნდა დაესაბუთებინა რა გარემოებებზე დაყრდნობით ჩათვალა, რომ კანონიერების პრინციპი მოცემულ შემთხვევაში არ იყო უპირატესი მნიშვნელობის მქონე. სასამართლო გადაწყვეტილებით გაბათილებული უნდა ყოფილიყო ცენტრის აქტში ასახული დასაბუთებული მსჯელობა, საიდან გამომდინარეც მოსარჩელეს არ გააჩნდა კანონიერი ნდობა. აღნიშნულის გარეშე, მხოლოდ კანონიერი ნდობის პრიმატზე მითითება და მასზე გადაწყვეტილების დაყრდნობა, კანონსაწინააღმდეგო შედეგის არსებობის წინაპირობაა. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივად გამართულ ფუნქციობირებას.
შესაბამისად აპელანტის წარმომადგენლისთვის გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ კანონიერი ნდობის პრიმატი კანონიერების პრინციპთან მიმართებით. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება აზრს უკარგავს ადმინისტრაციულ წარმოებას და ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მიიღოს აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითიც უგულებელყოფს კანონიერების პრიცნიპს.
მოცემულ შემთხვევაში, ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა „წესის" ნორმები, რომლებიც საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების პროცედურასა და წესს არეგულირებენ.
საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასეთი ფართო განმარტება, საფრთხეს უქმნის თავად სასამართლო წარმოების მიზანს, მიღებულ იქნას კანონთან შესაბამისი, სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება. საკანონმდებლო რეგულაციებისაგან ამდენად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს სასამართლოს შინაგანი რწმენიდან (თუმცა კი, შინაგანი რწმენის ამოსავალსაც კანონი წარმოადგენს), უდავოა, რომ გადაწყვეტილება მოითხოვს მეტ დასაბუთებასა და არგუმენტაციას.
სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილი შინაარსი.
საგულისხმოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ლიცენზირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფოს მხრიდან აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება ან ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომელთაც არ მიეცათ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ან რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება) უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია. არათანასწორი მოპყრობის პირობებში ადგილი აქვს მნიშვნელოვნად თანასწორისადმი თვითნებურად უთანასწოროდ ან მნიშვნელოვნად უთანასწოროსადმი თვითნებურად თანასწორად მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დარღვევად ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ნორმის ადრესატთა ერთი ჯგუფისადმი ადრესატთა მეორე ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად მოპყრობა იმის მიუხედავად, რომ ჯგუფებს შორის არ არსებობს ისეთი მასშტაბის განსხვავება, რომლითაც შეიძლება გამართლებული იქნეს უთანასწორო მოპყრობა. ზემოხსენებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, არ დგინდება კანონის ნორმის ადრესატთა დიფერენცირების (არათანასწორი მოპყრობის) ლეგიტიმური საჯარო მიზანი, დიფერენცირების გამოსადეგი კრიტერიუმის, დიფერენცირების ინტენსივობისა და სიძლიერის აუცილებლობის და თავად დიფერენცირების შესაბამისობის (ზომიერების) არსებობა.
აპელანტის წარმომადგენლს დაუსაბუთებლად მიიაჩნია, სასამართლოს მითითება, მიურსელ ერენის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს შეეხება, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციაზე ან ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტზე, რადგან აღნიშნული აქტის დანაწესები ცენტრს არ დაურღვევია, ამასთან, ისინი წარმოადგენენ, ფუნდამენტურ, ზოგადი ხასიათის დანაწესებს, რომლებიც კონკრეტული, მატერიალური უფლების დამდგენი ნორმის გარეშე ვერ იქნებიან მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება და არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი.
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ქ------- დ--------ძის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების ა---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. ისინი თანახმა არიან, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. შემდეგ ისინი თანახმა არიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა წარმოადგენს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც, ამავე კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას.
მითითებული საკანონმდებლო აქტით საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების უფლებამოსილება მიენიჭა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, ამავე კანონის 25-ე მუხლით კი განისაზღვრა ამ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები, კერძოდ, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობებსა და პროცედურას.
ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი); იმავე მუხლის მე-3 პუნქტი კი მიუთითებს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი.
მაშასადამე, დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისთვის ცენტრმა უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა პირის სახელზე გაცემული დიპლომი, რაც თავისთავად ადასტურებს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს, შეამოწმოს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შეამოწმოს სწავლის პერიოდი, საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარება და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან, დაადგინოს პირისათვის მინიჭებული კვალიფიკაციის პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხი. მითითებული ნორმა განსაზღვრავს უფლებამოსილების კონკრეტულ ფარგლებს, თუ რა საკითხები უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ცენტრმა დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისას.
დადგენილია, რომ ა---––---- რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2-----------ს დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,ა---––---- ს------–--ო კ---–---ი’’ (რეგისტრაციის N-----------). უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2001 წლის 2--------------სს შპს ,,ა---––---- ს------–--ო კ---–---ზე’’ გასცა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის N-------- ლიცენზია.
სადავო პერიოდში მოქმედი ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველ მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების ფუნქციისა და ადგილის განსაზღვრა, პროფესიული განათლების სისტემის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ამავე კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, პროფესიული განათლება იყოფა ფორმალურ და არაფორმალურ პროფესიულ განათლებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო ან/და საწარმოო პრაქტიკას და სრულდება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პროფესიული კვალიფიკაცია/კვალიფიკაცია არის პროფესიული ცოდნისა და უნარების ფლობა, რაც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით. სადავო პერიოდში მოქმედი ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებული საჯარო და ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებულ პროფესიული სწავლების ცენტრებად და სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონეებად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. რეორგანიზაციამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები საქმიანობას განაგრძობენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული წესდებების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაასრულოს საშუალო პროფესიული პროგრამებით სწავლება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებით, იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც ჩაირიცხნენ ამ კანონის ამოქმედებამდე: ა) 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 2 წელი; ბ) 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 3 წელი. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაასრულებენ 2008-2009/2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ათვისებული საშუალო პროფესიული განათლების პროგრამები უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება ჩათვალოს უმაღლესი განათლების კრედიტებად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დროს.
ა(ა)იპ ა---––---- ს------------------ კ---–---ის 2018 წლის 0-------ის N-- წერილის მიხედვით ირკვევა, რომ ქ------- დ--------ძის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 0---------–--–ს. ქ------- დ--------ძე ჩაირიცხა ა---––---- ს------–--ო კ---–---ში ფ-----–----ის სპეციალობაზე 2001 წლის 3---------ოს N-- ბრძანებით. აღნიშნული სასწავლებელი დაამთავრა 2004 წლის 0-------სს N-- ბრძანებით. მასე გაცემულია დიპლომი ა--------- სარეგისტრაციო N---. დიპლომის თანახმად, ქ------- დ--------ძეს სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 2004 წლის 06 ი------ გადაწყვეტილებით მიენიჭა ფ-----–----ის კვალიფიკაცია. ამდენად, ქ------- დ--------ძის სახელზე დიპლომის გაცემის ფაქტი უდავოა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი ნორმების ანალიზი ძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ა(ა)იპ ა---––---- ს------------------ კ---–---ს ქ------- დ--------ძის სწავლის დროს, კ---–---ს ჰქონდა ლიცენზია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს აქვს გავლილი კანონით დადგენილი სასწავლო კურსი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით და განმარტავს, რომ არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი გათვალისწინებულია კანონით. დაუშვებელია პირისთვის განმსაზღვრელ უფლებაზე ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის გავრცელება, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი მაშინ, როდესაც არის დაცული პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, თუმცა მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად, კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, დაცვის ღირსია პირის კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სახელმწიფო, ს------------------ ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას, მოსარჩელე ენდობოდა მის მიმართ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში, ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას. პალატის მოსაზრებით, ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესი, შესაბამისად, მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და აპელანტის მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (სსსკ 102-ე მუხლი), იმ გარემოებების დასადგენად, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აპელანტ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: მანანა ჩოხელი
მოსამართლეები: გიორგი ტყავაძე
თამარ ონიანი