განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
330100117001989554
ინსტანცია
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117001989554 -1ბ/654-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

3 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

ნ---- სანდოძე

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ვ----–-----------

 

დაცვის მხარე:

გამართლებული: ჯე---–------ძე, დაბადებული 1--- წლის 2- მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.------–------–----------------------------–-.

 

ადვოკატი: გ-------------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ვ----–-----------მ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ჯე---–------ძის მიმართ.

 

დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯე---–------ძეს ბრალი ედებოდათ მასზედ, რომ რომ მან ჩაიდინა:

 

ჯე---–------ძემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“ - წონით 0,1633 გრამს, რაც 2017 წლის 21 მაისს ქ-------–---- პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. თ---–--–------------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე ჯე---–------ძის პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი ჯე---–------ძის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ზ---------------–---–-ა დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ 2017 წლის 21 მაისს, დაახლოებით 21:00 საათიდან - 21:30 საათამდე დროის პერიოდში ჯე---–------ძე იმყოფებოდა თ---–--–------------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე და პირადად უნდა ჰქონოდა ნარკოტიკულ საშუალებას, რაც მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლმა მოწმე ქ------–-------------- განმარტა, რომ ზ---------------–---–-- მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგემა ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისი ინსტრუქტაჟის მიღების შემდეგ, დეტექტივ-გამომძიებლებთან ს-----------–----------------------------------ნ ერთად გამოცხადდა ა----------------. დაახლოებით 15-20 წუთში პატაკში მითითებულ ადგილზე ტაქსით მივიდა ჯე---–------ძე. გამომძიებლებმა წარუდგინეს თავი, აჩვენეს სამსახურებრივი მოწმობები და განუცხადეს, რომ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა. გააცნეს ჩხრეკის თაობაზე დადგენილება, გადაიყვანეს იქვე ბორდიულზე და გაჩხრიკეს. მოწმის ჩვენებით, უშუალოდ მან ამოიღო ჯე---–------ძის შარვლიდან პირად ნივთებთან ერთად გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ფხვნილისებრი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“. ამოღებული ობიექტები ადგილზევე დაილუქა. პირადი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს ჯე---–------ძე. პირადი ჩხრეკის ადგილზევე შედგა პირადი ჩხრეკის ოქმი, ჯე---–------ძემ ნითმტკიცების ლუქზე და პირადი ჩხრეკის ოქმზე გაურკვეველი მიზეზით ხელი არ მოაწერა. პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ ჯე---–------ძე გადაიყვანეს უახლოეს პოლიციის განყოფილებაში.

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების დეტექტივ - გამომძიებლმა ო--------------- განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება. ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გავიდა პატაკში მითითებულ მისამართზე, ა--------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე წუთში ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ტაქსით მივიდა ჯე---–------ძე. გამომძიებელმა ს-----------–----ნმა ჯე---–------ძეს გააცნო გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება, განუმარტა უფლება-მოვალეობები, ამის შემდეგ რამდენიმე ნაბიჯით გადაინაცვლეს იქვე ბორდიულზე და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, ჩხრეკის შედეგად სხვა პირად ნივთებთან ერთად ქ------–-------------- ამოიღო პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ფხვიერი ნივთიერება ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“. ამოღებული ობიექტები ადგილზევე დაილუქა, ჯე---–------ძემ ლუქზე და პირადი ჩხრეკის ოქმზე გაურკვეველი მიზეზით ხელი არ მოაწერა. პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ ჯე---–------ძე გადაიყვანეს უახლოეს პოლიციის განყოფილებაში.

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების დეტექტივ - გამომძიებლმა ს-----------–----ნმა განმარტა, რომ 2017 წლის 21 მაისს, გამომძიებელ ზ---------------–---–-- მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და დაკომპლეკტდა ოპერატიული ჯგუფი. ზ---------------–---–-- პატაკის გაცნობიდან დაახლოებით ნახევარ საათში ჯგუფის წევრებთან ერთად გავიდა ა----------------, №23-ის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთში გამოჩნდა ჯე---–------ძე, რომელიც გადმოვიდა ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილიდან. დეტექტივ-გამომძიებლებმა წარუდგინეს თავი, აჩვენეს სამსახურებრივი მოწმობები, გააცნეს ოპერატიული ინფორმაცია და გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება. მოწმის ჩვენებით, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ წინასწარ შეავსო, უბრალოდ ჩხრეკის ადგილზე ქუჩის ნომერი მიუთითა. ჯე---–------ძე გაეცნო დადგენილებას, მაგრამ ხელი გაურკვეველი მიზეზით არ მოაწერა. ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა რომ არ შეფერხებულიყო, ჯე---–------ძე იქვე ტროტუარზე გადაიყვანეს და ქ------–-------------- და ო--------------- ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ქ------–-------------- ჯე---–------ძის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო პოლიეთილენის პარკში შეხვეული თეთრი ფერის ნივთიერება ,,ბუპრენორფინი“ და გადასცა ს-----------–----ნს. ს-----------–----ნმა ამოღებული ობიექტი მოათავსა პოლიეთილენის პარკში, შეფუთა შესაბამისი წესით და დალუქა. ჯე---–------ძემ ლუქზე გაურკვეველი მიზეზით ხელი არ მოაწერა. აღნიშნულის შემდეგ მოწმემ შეადგინა პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელსაც ჯე---–------ძემ ხელი ასევე არ მოაწერა გაურკვველი მიზეზით. ჩხრეკის ჩატარების შემდეგ დააკავეს ჯე---–------ძე და გადაიყვანეს პოლიციის უახლოეს განყოფილებაში.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 21 მაისს, ქ.თ---–--–------------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე 21:08 საათიდან - 21:40 საათის პერიოდში ჯე---–------ძეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პატარა ზომის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, რომელიც შეიფუთა პოლიეთილენის პარკში, დაილუქა შსს ქ-------–---- პოლიციის დეპარტამენტის №27/5 ბეჭდით. ნივთიერი მტკიცებულების ლუქს ჯე---–------ძის გარდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა მოაწერა ხელი.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად ჯე---–------ძე დაკავებულ იქნა 2017 წლის 21 მაისს 21:40 საათზე და გადაყვანილ იქნა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში.

 

ქიმიური ექსპერტიზის №1040/სქ-1183/ქრ დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ჩამკეტიანი პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული თეთრი ფერის ნივთიერება, ფხვნილისა და მცირე ზომის ტაბლეტის ნატეხების ჩანართების სახით, წონით - 8,1686 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინის და არანარკოტიკული, არაფსიქოტროპული და ახალი არაფსიქოაქტიური ნივთიერება ნალოქსონის შემცველ ფხვნილს და ტაბლეტის ნატეხების მცირე ჩანართებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის შემცველობაა - 0,1633 გრამი.

 

სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა თ-------------–---–მა და ს--------–--------მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №1040/სქ-1183/ქრ დასკვნის სისწორე.

 

2017 წლის 22 მაისის ბიოლოგიური ექსპერტიზის №003482517 დასკვნის მიხედვით, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „...ჯე---–------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მოთეთრო ფერის ნივთიერება...“, მოთავსებულ გამჭვირვალე პოლიეთილენის, თვითმკეტ პაკეტზე, მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი მასით, არსებული ბიომასალა (ობ. N1) ეკუთვნის ჯე---–------ძეს.

 

სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ქ-----------------–-–---–-ა დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის №003482517 დასკვნის სისწორე.

 

ნარკოლოგიური ექსპერტიზის №7011212 დასკვნის თანახმად, ჯე---–------ძე კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგი: ნარკოტიკული საშუალება არ დადგინდა.

 

ჯე---–------ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა. 2017 წლის 21 მაისს იმყოფებოდა საცოლესთან ნ----------–---–--ან ქორწინების საკითხის დაგეგმვის მიზნით. საღამოს გადაწყვიტა სახლში წასვლა, ნ----------–---–მა გამოიძახა ,,იანდექსის“ კომპანიის ტაქსი, ,,ტოიოტა პრიუსის“ ტაქსი, რომლითაც იგი მგზავრობდა, წავიდა არა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც უნდა წასულიყო, რაც ძალიან გაუკვირდა. არ----------------ის მიმდებარედ პოლიციის მუშაკებმა გააჩერეს ტაქსი, ჯე---–------ძე ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და ჩასვეს სხვა ავტომანქანაში. ავტომანქანამ, რომელშიც იგი ძალით ჩასვეს სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი და გადაიყვანეს სხვა ქუჩაზე, სადაც დაახლოებით 1 საათი მანქანაში შეაყოვნეს. პოლიციის თანამშრომლები მთელი ამ ხნის განმავლობაში მობილური ტელეფონით არკვევდნენ გარკვეულ საკითხებს, ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება და დაკავებული გადაიყვანეს ძვ--–-------–---------–-–--- განყოფილებაში. მას ა---------------- და არც შემდგომ პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია, მისგან ნარკოტიკული ნივთიერება არ ამოუღიათ. მისთვის ასევე არ განუმარტიათ დაკავების მიზეზი და საფუძველი. ძვ--–-------–---------–-–--- განყოფილებაში, პოლიციის მაღალჩინოსანმა თანამშრომელმა მუქარის ფონზე აიძულა პარკზე დანერწყვება, მან დაანერწყვა. ამის შემდეგ გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ადვოკატისგან შეიტყო, რომ დაკავებული იყო ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე ნ--------------მ დაადასტურა, რომ 2017 წლის 21 მაისს, დაახლოებით 21 საათზე, ავტომანქანით მოძრაობდა ჭ-------ის ქუჩიდან ა----------------. ა---------------- აპირებდა ავტომანქანის დაპარკინგებას, ამ დროს, მის წინ მოძრავ ტაქსს ვერცხლისფერმა მსუბუქმა ავტომანქანამ გადაუჭრა გზა. მანქანიდან გადმოვიდა 4 პირი, რომლებმაც ტაქსიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც პოლიციელებს წინააღმდეგობას არ უწევდა, სვამდა კითხვას თუ რა უნდოდათ მასთან და სად მიჰყავდათ. იგი ძალით ჩატენეს ერთ-ერთ ავტომანქანაში, სულ სამი ავტომანქანით იყვნენ და წაიყვანეს. აღნიშნულ პროცესს ქუჩაში მოქალაქეები შეესწრნენ, ერთ-ერთი ქალბატონი იყო შოკში იმით რაც დაინახა, ხმამაღლა გამოთქვამდა პროტესტს. მთელი ეს პროცესი გაგრძელდა დაახლოებით 1 წუთი, პოლიციელებს პირადი ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, არც არანაირი დოკუმენტი არ შეუდგენიათ, ხელშიც კი არ ეჭირათ ფურცლები. მოწმემ სხდომის დარბაზში დაადასტურა, რომ პირი, რომელიც მისი ჩვენებით ძალის გამოყენებით, ყოველგვარი ჩხრეკის გარეშე დააკავეს და მანქანით წაიყვანეს ა-------------დან, არის ჯე---–------ძე. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ 2017 წლის 21 მაისამდე არ იცნობდა ჯე---–------ძეს, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ტელევიზიის ჟურნალისტები ა----------------, რომლის მიმდებარედაც მოწმე ცხოვრობს, აკეთებდნენ სიუჟეტს, ამ სიუჟეტის ფარგლებში მან ჟურნალისტებს მოუყვა მისი თვალით დანახული ფაქტები და სწორედ მაშინ გაიგო დაკავებული პირის ვინაობა.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე ელ-------–------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 21 მაისს, 21:00 საათიდან - 22:00 საათის მონაკვეთში ფეხით მოძრაობდა ყ-------- და ა-------------ს კვეთაზე, მისი ყურადღება მიიპყრო რამდენიმე მეტრში განვითარებულმა შემდეგმა მოვლენებმა: ა---------------- გაჩერდნენ ავტომანქანები, ერთ-ერთი მანქანიდან რამდენიმე პირმა გადმოათრია მამაკაცი და ჩატენეს სხვა მანქანაში. ქუჩაში მოძრავმა ქალებმა დაიწყეს ყვირილი, აპროტესტებდნენ ძალადობას, ხოლო მამაკაცი ვინც დააკავეს განწირული ხმით გაიძახოდა ,,სუფთა ვარ, ნიშნობიდან მოვდივარო“. მთელი ეს პროცესი ძალიან სწრაფად, წამებში მოხდა, დაკავებული პირი მანქანით წაიყვანეს ჭ-------ის ქუჩის მიმართულებით. მოწმე მოვლენებს უყურებდა 15-20 მეტრის დაშორებით. მეორე დღეს შეიტყო, რომ აღნიშნულ ვითარებაში დაკავებული პირი იყო მისი ნაცნობი ჯე---–------ძე.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე ა-----------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ჯე---–------ძე არის მისი უახლოესი მეგობრის მეუღლე. 2017 წლის 21 მაისს ბა--- და ნი--ო მივიდნენ მასთან სახლში სტუმრად და გეგმავდნენ მათი ჯვრისწერის ამბებს, დაახლოებით 20:55 საათზე ბა---მ გადაწყვიტა სახლში წასვლა და ნ----მ გამოიძახა მობილური აპლიკაციით ტაქსი, დაახლოებით 7 წუთში მივიდა ტაქსი, ნ---- აკვირდებოდა გადაადგილებას, გამოძახებიდან რამდენიმე წუთში შენიშნა,რომ რაღაცა არ იყო მწყობრში, დარეკა და ჯემალის ნომერი გამორთული იყო, შემდეგ მძღოლს ურეკავდა და იმასაც გამორთული ჰქონდა. ნ----მ სახლშიც გადაამოწმა, დაახლოებით 6 საათის მერე გაირკვა, რომ ბა--- დაკავებული იყო. ერთ-ერთ დარეკვაზე ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონი ჩაირთო და უპასუხა, რომ ჯე---–------ძე მალევე ჩამოვიდა სკოლასთან და კვლავ გათიშა ტელეფონი.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე ზა-----–----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ხელმძღვანელობს სახელმწიფო დაცვის ადმინისტრაციას, ერთ ერთი არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ინიგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს. შევიდა დაცვის მხარის 2 განცხადება ვიდეო ჩანაწერის გადაცემის შესახებ, ორივეს თან ახლდა მოსამართლის განჩინება, ერთი დათვალიერება იყო, მეორე კი გამოთხოვა, სამსახურმა დააკმაყოფილა მოთხოვნა და დაათვალიერა ჩანაწერი და გადასცა. დროის ინტერვალში ცდომილებაში მოდის, ვინაიდან ავტომატურ რეჟიმში მას არ აქვს ინტერნეტთან არის მიერთებული და შესაბამისად დრო რეალურ დროსთან მიმართებაში მოდის ცდომილებაში, რასაც პერიოდულად ასწორებენ ხოლმე.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ვიდეოკამერებზე აღბეჭდილი ვიდეომასალის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა ნი----–-----------ძემ დაადასტურა, რომ კამერის ჩანაწერები სასამართლოს განჩინების საფუძველზე გადაეცა დაცვის მხარეს. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ვიდეო ჩანაწერში არსებული დრო იყო თანხვერდაში რეალურ დროსთან.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე შინაგან საქმეთა სამინისტროს ე--------–-----------–------–--------------------------------------------------–-------------------------------------–------------------------------------------–------------------------------------ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ჩანაწერში ცდომილება იყო, რაც წერილშიც აღნიშნა, დაცვის მიერ მითითებული დრო არ ემთხვეოდა ვიდეო ჩანაწერის დროს, რაც დააფიქსირეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩინების საფუძველზე დაცვის მხარის მიერ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა თ---–--–----------------------–- არსებული საერთო სასამართლოების დეპარტამენტის გარე პერიმეტრზე, კედლის წინა ფასადზე, კედლის მარჯვენა გვერდითა ფასადზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების - 2017 წლის 21 მაისის 21:00 საათიდან - 22:00 საათამდე პერიოდში აღბეჭდილი ვიდეო მასალა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა თ---–--–----------------------–- არსებულ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერები. საქმისთვის მნიშვნელოვან დროს - 2017 წლის 21 მაისს 21:06:41 საათზე ა---------------- კადრში ჩნდება ,,ტოიოტა პრიუსი“, რომელსაც უკან რამდენიმე მანქანა მიჰყვება, ქუჩის №23 ნომერთან 21:07:00 საათზე ავტომანქანებიდან, რომლებიც უკან მიჰყვებოდნენ ,,ტოიოტა პრიუსს“ გადმოდიან პირები, სწრაფი ნაბიჯებით მიდიან ,,ტოიოტა პრიუსთან“, ,,ტოიოტა პრიუსიდან“ ძიძგილაობით სწრაფად მოჰყავთ მამაკაცი, 21:07:52 საათზე ასევე სწრაფად სვამენ ერთ-ერთ ავტომანქანაში და სწრაფად ტოვებენ მითითებულ ადგილს. 21:08:00 წუთზე იხსნება სამანქანო გზა, რომელიც აღნიშნული ვითარების გამო შეფერხდა. კადრში ასევე ჩანს, რომ ამ ჩოჩქოლს უყურებდნენ მოქალაქეები, რომლებიც იმ დროს ქუჩაში ფეხით და მანქანით გადაადგილდებოდნენ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გამამართლებელ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

აღსანიშნავია, ასევე, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღიარებული დებულება, არამედ - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელევანტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა ჯე---–------ძის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ჯე---–------ძის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებზე, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერთან. კერძოდ, პოლიციის თანამშრომლებმა ს-----------–----ნმა, ო--------------- და ქ------–-------------- სასამართლოში განაცხადეს, რომ მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ტაქსით გადაადგილდებოდა ჯე---–------ძე, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშულება, მათ გააჩერეს აღნიშნული ტაქსი, თავი წარუდგინეს, როგორც პოლიციის თანამშრომლებმა და უთხრეს, რომ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე უნდა ჩაეტარებინათ ჯე---–------ძის პირადი ჩხრეკა. გადაინაცვლეს ბორდიურთან, ჯე---–------ძეს გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ და შემდგომ ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება, დალუქეს და ადგილზე შეადგინეს პირადი ჩხრეკის ოქმი, თუმცა აღნიშნული ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის როგორც ვიდეოჩანაწერთან, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებთან. კერძოდ:

 

მოწმე ა-----------ამ დაადასტურა ის გარემოება, რომ ჯე---–------ძე მის საცოლესთან ნ----სთან ერთად იმყოფებოდა მასთან სახლში და გეგმავდნენ ჯვრისწერის ამბებს, ხოლო დაახლოებით 20:55 საათზე ნ----მ მობილური აპლიკაცია „იანდექსის“ საშუალებით გამოიძახა ტაქსი და წავიდა ჯე---–------ძე. ნ---- აკვირდებოდა მობილურის საშუალებით ტაქსის გადაადგილებას, ნახა, რომ ტაქსი სრულიად საპირისპირო მხარეს წავიდა, ხოლო შემდგომ გაჩერდა. ამის შემდეგ ურეკავდნენ ჯე---–------ძეს და გამორთული ჰქონდა, ასევე მობილური ტელეფონი გამორთო ტაქსის მძღოლმა, ხოლო მოგვიანებით როდესაც უპასუხა მობილურ ტელეფონს, თქვა, რომ მგზავრი ჩამოსვა სკოლასთან და კვლავ გათიშა მობილური ტელეფონი.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ნეიტრალური მოწმეების ჩვენებაზე, რომლებიც ჯე---–------ძის დაკავების ფაქტს შემთხვევით შეესწრნენ, კერძოდ კი მოწმე ნ--------------მ დაადასტურა, რომ 2017 წლის 21 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ა---------------- მის წინ მოძრავ ტაქსს ვერცხლისფერმა ავტომანქანამ გადაუჭრა გზა, გადმოვიდა 4 პირი, რომლებმაც ტაქსიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, მამაკაცი პოლიციელებს წინააღმდეგობას არ უწევდა, სვამდა კითხვას თუ რა უნდოდათ მასთან და სად მიჰყავდათ, იგი ძალით ჩატენეს ერთ-ერთ ავტომანქანაში, სულ სამი ავტომანქანით იყვნენ და წაიყვანეს. მთელი ეს პროცესი გაგრძელდა დაახლოებით 1 წუთი, პოლიციელებს პირადი ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, არც არანაირი დოკუმენტი არ შეუდგენიათ, ხელშიც კი არ ეჭირათ ფურცლები.

 

აღნიშნული გარემოებები ასევე დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო მასალით, სადაც ნათლად ჩანს, რომ დეტექტივ-გამომძიებლები გადმოდიან ავტომანქანებიდან, მიდიან ,,ტოიოტა პრიუსთან“, ამ დროს კადრში ნათლად ჩანს შეხლა-შემოხლა, რაც დაახლოებით 52 წამი გრძელდება, ,,ტოიოტა პრიუსიდან“ გადმოყვანილი მამაკაცი სწრაფად მიჰყავთ სამსახურებრივ ავტომანქანასთან, ყველანი სხდებიან მანქანებში და სწრაფად ტოვებენ მითითებულ ადგილს. ხოლო, მეორე ვიდეო ჩანაწერის მიხედვით კი პოლიციელებს ჯე---–------ძესთან ჰქონდათ დაახლოებით 1 წუთიანი კონტაქტი, რაც გამორიცხავს პირადი ჩხრეკის მიმდინარეობას, რომელიც თითქოსდა გრძელდებოდა 32 წუთი, ხოლო ვიდეოჩანაწერის მიხედვით დაკავება დაახლოებით 1 წუთი. ჯე---–------ძის პირად ჩხრეკას, როგორც ეს ჩხრეკის ოქმშია მითითებული, ასევე გამორიცხავს მოწმე ელ-------–------ი.

 

რაც შეეხება ბიოლოგიური ექსპერტიზის №003482517 დასკვნის მიხედვით, ამოღებულ ნივთმტკიცებაზე არსებული ბიომასალის ჯე---–------ძის კუთვნილებასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე ეჭვს ქვეშ დგება გამართლებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის ავთენტურობა, შეუძლებელია ჯე---–------ძისაგან „ამოღებულ“ ნივთიერ მტკიცებულებაზე არსებული ბიოლოგიური მასალის მტკიცებულებითი ძალის მტკიცება. ამასთან ბამართლებულის განმარტებით მას იძულებით დაანერწყვებინეს პოლიეთილენის პარკზე.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართელოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და არ გააჩნია იურიდიული ძალა. მოცემულ შემთხვევაში, ა-------------ს ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, სახეზეა კანონის არსებითი დარღვევა, ჩანაწერი გამორიცხავს ჩხრეკის ოქმში ასახულ ინფორმაციას ჯე---–------ძის პირად ჩხრეკასთან დაკავშირებით, შესაბამისად, საეჭვო გახდა პირადი ჩხრეკის გზით ჯე---–------ძისგან ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების ფაქტი. ამდენად, ნარკოტიკული ნივთიერება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებაა და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე, ჯე---–------ძის ჩვენების გაუზიარებლობის შემთხვევაშიც კი, თუნდაც კანონიერად მოპოვებული ბიოლოგიური მასალა და შესაბამი ექსპერტიზა, რომელიც აუარესებს მის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და არ გააჩნია იურიდიული ძალა.

 

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ჯე---–------ძის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკუილი საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯე---–------ძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ჯე---–------ძის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებებს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის განაჩენი, ჯე---–------ძის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული ნარკოტიკული საშუალება - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 1005 აშშ დოლარი, 100 რუსული რუბლი, 330 ლარი, ოქროსფერი ცეფი და ჯვარი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, საქართველოს ბანკის ბარათი, ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მაჯის საათი, ხელის სამაჯური - დაუბრუნდეს ჯე---–------ძეს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 2-8-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვ----–----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ჯე---–------ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ნარკოტიკული საშუალება - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

1005 აშშ დოლარი, 100 რუსული რუბლი, 330 ლარი, ოქროსფერი ცეფი და ჯვარი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, საქართველოს ბანკის ბარათი, ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მაჯის საათი, ხელის სამაჯური - დაუბრუნდეს ჯე---–------ძეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ჯე---–------ძეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ. თეთრაული

 

ნ. სანდოძე