განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2019
საქმის ნომერი
160100118002738503
ინსტანცია
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №160100118002738503- 1ბ/443-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

10 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

ნ---- სანდოძე

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ-----------------

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული: ა------ პ------ი, დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, პირადი ნომერი N------------ რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------–-------------------------------------;

 

ადვოკატი: ნ---- ტ--------

 

თარჯიმანი: ა---------–---------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (2 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (2 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წელი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ--------–-ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ-----–----------მ და ითხოვა მსჯავრდებულ ა------ პ------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება; დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ ა------ პ------ს განესაზღვროს მინიმალური სასჯელი;

 

ა------ პ------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ა------ პ------მა გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს", საერთო წონით 0,0551 გრამი, რომელიც 2018 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ-----------––-----------------ზე 100 ლარად გაასაღა მოქალაქე რ-–--- მ------ზე.

 

ასევე, ა------ პ------მა გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს", საერთო წონით 0,0702 გრამი, რომელიც 2018 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ-----------––-----------------ზე 100 ლარად გაასაღა მოქალაქე რ-–--- მ------ზე.

 

ა------ პ------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს" საერთო წონით 0,3463 გრამი, რომელიც ამოღებული იქნა შსს მ--------–-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 22 ივნისს, 05:40 საათზე, ქ----------––-------------------------------ში მდებარე ა------ პ------ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩრეკის შედეგად.

 

ა------ პ------მა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მდებარე ქ. მ--------–-, ნ----------------------------ში, უკანონოდ დათესა, მოიყვანა და ახდენდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის" კულტივირებას, საერთო წონით 1238,85 გრამი, რაც ამოღებული იქნა შსს მ--------–-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 22 ივნისს, 05:40 საათზე, ა------ პ------ის საცხოვრებელ სახლში და დამხმარე ნაგებობაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ა------ პ------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: მოწმეების რ-–--- მ------ის და დ----- გ-----ს გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმები, ამოღებული ნივთმტკიცება, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ფარული საგამოძიებო მოქმედების მასალები, კრებსი, DVD-დისკზე არსებული ჩანაწერი, ს.ორუჯოვის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებები, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ა------ პ------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, ა------ პ------ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანაშაულს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი დიდი ოდენობით,ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანაშაულს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი, ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დაცვას.

 

ობიექტურ მხრივ განსახილველ დანაშაულთა უმრავლესობა აქტიურობითაა ჩადენილი. ასევე შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ობიექტურ მხრივ ამ დანაშაულთა უმრავლესობა ფორმალური შემადგენლობისაა. ე.ი. დამთავრებულია ქმედების ჩადენისთანავე, სუბიექტურ მხრივ ნარკოტიკულ დანაშაულთა უმრავლესობა განზრახია.

 

ნარკოტიკული საშუალების ცნებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში. საქართველოს კანონში ,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია, სადაც მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებები ,,ჰეროინი’’ და ,,კანაფი’’;

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ სხვადასხვა გზით. რაც შეეხება უკანონო შენახვას ეს არის განზრახ ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფლის მიჩენაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით ისე საზღაურის გარეშე. ამასთან მითითებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’ საერთო წონით 0,3463 გრამი წარმოადგენს დიდ ოდენობას და იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობას. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას, კულტივირებას მისი საზოგადოებრივი საშიშროება განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული ქმედებები თითქმის ყოველთვის მიმართულია აღნიშნულ მცენარეთა გასაღებისაკენ, ანდა მათი გადამუშავების გზით მიღებული ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისაკენ. დანაშაულის უშუალო ობიექტია ნარკოტიკული საშუალების ბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობები რომელიც მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით. ამ კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების დათესვა, მოყვანა და კულტივირება. დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში კერძოდ; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაში, მის მოყვანაში, ან კულტივირებაში. დათესვა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, იმის მიუხედავად, არის თუ არა ეს ნაკვეთი კონკრეტული პირის მფლობელობაში. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში, ხოლო მცენარეთა კულტივირება ნიშნავს მათ დამუშავებას, გაშენებას, ახალი სახეობის გამოყვანას, ან იმგვარად გადამუშავებას, რომ ამაღლდეს მისი მოსავლიანობა ან გამძლეობა არასახელსაყრელი გარემო პირობებისადმი.

 

განსახილველი დანაშაულის დამთავრებულია მაშინ, როცა პირი შეასრულებს მუხლის დისპოზიციაში მითითებულ მოქმედებათაგან ერთ-ერთს, ე.ი. ნებისმიერ ადგილას დათესვას ან მოყვანას, ან დაასრულებს ამ მცენარეთა კულტივირების პროცესს. სუბიექტურ მხრივ განსახილველი დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, ე.ი. პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ახდენს სწორდ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კანონსაწინააღმდეგოს დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას და სურს ეს. ამასთან მითითებული ნარკოტიკული საშუალების ,,კანაფის’’ დათესვა, მოყვანა და კულტივირება განსაკუთრებით დიდი ოდენობით იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ა------ პ------ის მიერ ჩადენილი ქმედების ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა; ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით. კერძოდ, მოწმეთა და მსჯავრდებული ჩვენებები, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ფარული საგამოძიებო მოქმედების მასალები, DVD-დისკზე არსებული ჩანაწერი, ს.ორუჯოვის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი აღნიშნული მტკიცებულებები თანხვედრილია ერთმანეთთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ირგვლივ არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული, კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რაც იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

პალატა უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის და იმის დასადასტურებლად, რომ ა------ პ------მა გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს", საერთო წონით 0,0551 გრამი, რომელიც 2018 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ-----------––-----------------ზე 100 ლარად გაასაღა მოქალაქე რ-–--- მ------ზე. ასევე გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს", საერთო წონით 0,0702 გრამს, რომელიც 2018 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზექ-----------––-----------------ზე 100 ლარად გაასაღა მოქალაქე რ-–--- მ------ზე, ხოლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებას ,,ჰეროინს’’.

 

მანვე უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს" საერთო წონით 0,3463 გრამს, რომელიც ამოღებული იქნა შსს მ--------–-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 22 ივნისს, 05:40 საათზე, ქ----------––-------------------------------ში მდებარე ა------ პ------ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩრეკის შედეგად, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებას ,,ჰეროინს’’.ხოლო თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მდებარე ქ. მ--------–-, ნ----------------------------ში, უკანონოდ დათესა, მოიყვანა და ახდენდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის" კულტივირებას, საერთო წონით 1238,85 გრამი, რაც ამოღებული იქნა შსს მ--------–-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 22 ივნისს, 05:40 საათზე, ა------ პ------ის საცხოვრებელ სახლში და დამხმარე ნაგებობაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღნიშნული ნივთიერება მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებას ,,კანაფს’’. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ იგი ახორციელებდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას და კულტივირებას;

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა------ პ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით", საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა------ პ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ის სრულად აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა------ პ------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ასევე ვერ გაითვალისწინებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა------ პ------ს დანიშნული სასჯელის შემცირების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (2 ეპიზოდი), სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 06 წლამდე ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (2 ეპიზოდი), სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 06 წლიდან 11 წლამდე ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი" სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლიდან 12 წლამდე; პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ა------ პ------ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (სრულად აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს ითანამშრომლა გამოძიებასთან), ასევე გათვალისწინებული იქნა ნარკოტიკული საშუალების არაერთჯერადი გასაღების ფაქტი, უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების სახეობა, გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა------ პ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 წლის ვადით.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა------ პ------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული აქვს უფლებები;

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ა------ პ------ს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი, ა------ პ------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ა------ პ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს;

 

რ-–--- მ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული - ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ საერთო წონით - 0,0702 გრ და ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ საერთო წონით - 0,0551 გრ, რომელიც ინახება შსს მ--------–-ს რაიონის სამმართველში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

ა------ პ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული - ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ საერთო წონით - 0,3463 გრ და 3 ძირი კანაფი, რომელიც ინახება რომელიც ინახება შსს მ--------–-ს რაიონის სამმართველში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მ--------–-ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ-----–----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.მსჯავრდებულ ა------ პ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ომარ მურადასილოვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3.ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

4.ა------ პ------ი (პირადი N 2----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ა------ პ------ს,დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

5.ა------ პ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 ივნისის 05:17 საათიდან;

 

6.ა------ პ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია;

 

7.,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა------ პ------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

8.ნივთიერი მტკიცებულება - ა------ პ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს;

 

რ-–--- მ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული - ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ საერთო წონით - 0,0702 გრ და ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ საერთო წონით - 0,0551 გრ, რომელიც ინახება შსს მ--------–-ს რაიონის სამმართველში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

ა------ პ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული - ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ საერთო წონით - 0,3463 გრ და 3 ძირი კანაფი, რომელიც ინახება რომელიც ინახება შსს მ--------–-ს რაიონის სამმართველში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ. თეთრაული

 

ნ. სანდოძე