განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2019
საქმის ნომერი
330210016001321618
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001321618

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2970-18 05 მარტი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები თამარ ალანია

ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ-------“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - მ---- პა------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ------- ტ--------ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - დ----- გ-------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.03.2018წ. გადაწყვეტილება

- ამავე სასამართლოს 26.03.2018წ. საოქმო განჩინებები მოპასუხის შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 76 881 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელემ 2014 წლის ბოლოს შეამჩნია, რომ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა ბზარები და ქუჩის ასფალტის საფარმა დაიწია. მოპასუხის ვარაუდით, აღნიშნული გამოწვეული იყო წყლის მილსადენის დაზიანებით. მოსარჩელემ გამოიძახა საავარიო სამსახური, მაგრამ იმ მოტივით, რომ წყალს არ ამოუხეთქავს, დაზიანება არ აღმოფხვრეს. 2015 წლის ივნისის თვის დასაწყისში ჩაინგრა ქუჩა და წამოვიდა დიდი ოდენობით წყალი. საავარიო სამსახურმა გათხარა ქუჩა და შეაკეთა დაზიანებული მილსადენი. მისლადენის დაზიანების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა მოსარჩელის და მისი მეზობლის სახლები. მოპასუხემ მოსარჩელის მეზობელს ზიანის ანაზღაურების მიზნით ჩაურიცხა 19815 ლარი, ხოლო მოსარჩელეს ზიანი არ აუნაზღაურა იმ მოტივით, რომ წყლის მილსადენის შენობა- ნაგებობიდან დაშორება უნდა იყოს 5 მეტრი.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. შესაგებელში მოპასუხემ სადავოდ გახადა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომლის კვლევით ნაწილში აუდიტორი მიუთითებს, რომ წლების მანძილზე წყლის გადინების ზემოქმედებით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. მოპასუხის განმარტებით, აუდიტს არ გააჩნია შენობის დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენის კომპეტენცია, ამისთვის საჭიროა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ასევე ნიადაგის გეოლოგიური კვლევა. რაც შეეხება ხარჯთაღრიცხვას, იგი შედგენილია სახლის პროექტის გარეშე, რის გამოც გაურკვეველია, საიდან აიღო მონაცემები აუდიტორმა და რის საფუძველზე დაითვალა მონაცემები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.03.2018წ. გადაწყვეტილებით ნ------- ტ--------ის სარჩელი შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ-------ს“ მიმართ სრულად დაკმაყოფილდა. შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ს“ დაეკისრა ნ------- ტ--------ის სასარგებლოდ 76 881 ლარის გადახდა.

4.1. ქ. თ---–-–--–---–--------- ქუჩა გასასვლელი N19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და რეგისტრირებულია მის სახელზე.

4.2. საცხოვრებელი სახლის მიმდებარე მოწყობილია წყლის გამავალი ქსელი, რომლის ხშირი დაზიანება იწვევს წყლის გადინებას მილსადენიდან.

4.3. ნ------- ტ--------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარე, ქ.თ---–-–--–---–--------- ქუჩა გასასვლელი N19-ში არის ავარიულ მდგომარეობაში, რაც შეუძლებელს ხდის არსებულ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობას.

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მიზეზობრივი კავშირის დადგენა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რადგან მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის სახლზე ბზარების გაჩენა და ქუჩის ასფალტის საფარის დაწევა გამოწვეულია წყლის მილსადენების დაზიანებით, რომელთა ეფექტურ მუშაობაზეც პასუხისმგებელია მოპასუხე. მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ მის ქმედებას, წყლის მილსადენების დროულად შეუკეთებლობას, არანაირი კავშირი არ აქვს დამდგარ შედეგთან, საცხოვრებელი სახლის დაზიანებასთან. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია დიდი ხნის მანძილზე დაზიანებული საკანალიზაციო-წყალმომარაგების მილგაყვანილობიდან გამონადენი წყლის ზემოქმედებით. ექსპერტი მიუთითებს იმისაც, რომ წინა ფასადზე ეზოს მხარეს არსებულ მცირე ფართს და ავტოფარეხის იატაკს აშკარადა ეტყობა, რომ გრუნტი დაწეულია და დეფორმირებულია მის ქვეშ წყლების გადინების გამო. ამასთანავე, დღეის მდგომარეობით აღნიშნული მონაკვეთი მშრალია, რაც თავისთავად მიუთითებს გრუნტის წყლების არარსებობას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაზიანებების ხანდაზმულობის დადგენა კონკრეტულად შეუძლებელია, სასამართლო ხელმძღვანელობს რა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით და მიიჩნევს, რომ ბზარები გამოიწვია წყლის მილსადენების დაზიანებამ, რომელზეც პასუხისმეგებელი გახლდათ მოპასუხის საავარიო სამსახური, ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა ტიპის წყლების, მათ შორის არც გრუნტის წყლების, არსებობა არ ფიქსირდება.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.03.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტი აღნიშნავს, რომ:

 

5.1. არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელის სახლის მიმდებარედ მოწყობილი წყალსადენის ქსელის ხშირი დაზიანება იწვევს წყლის გადინებას მილსადენიდან. მოსარჩელის მიერ წყალსადენის ხშირი დაზიანების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოადგენილი არ არის. სარჩელზე დართული ფოტოსურათებით დგინდება, რომ დაზიანება მოხდა მხოლოდ ერთხელ, რაც დროულად შეაკეთა მოპასუხემ. სასმელი წყლის მილის ერთჯერად დაზიანებას არ შეეძლო გამოეწვია მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები.

 

5.2. ის გარემოება, რომ მოსარჩელის სახლზე ბზარები გამოიწვია მოპასუხის კუთვნილი წყლის მილსადენების დაზიანებამ, სასამართლომ დაადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, რომელიც მომზადებულია სახლის ვიზუალური დათვალიერების და მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე. სასამართლომ მოპასუხე მხარეს არ მისცა შესაძლებლობა წარედგინა საპირისპირო დასკვნა, რითაც დაირღვა შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზა სრულყოფილად არ ჩატარებულა და ამასთან, დასკვნის თანახმად, შეუძლებელია დაზიანებების ხანდაზმულობის დადგენა, სასამართლომ იხელმძღვანელა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით და მიიჩნია, რომ დაზიანება გამოიწვია წყლის მილების დაზიანებამ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამიად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ საქმის გარემოებები დაადგინა შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე და ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნაცვლად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

 

5.3. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მოპასუხის პოზიციაზე, რომლითაც სადავო იყო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვა. ხარჯთაღრიცხვა შედგენილია შესაბამისი პროექტის და მონაცემების გარეშე.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე #ას-72-72-2018).

 

8. უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, წ---–--------- ქუჩა, გასასვლელი N19 (საკადასტრო კოდი N 0---------------), საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე შუშანიკ ტ--------ის უფლებამონაცვლის - ნ-------ი ტ--------ის (შემდგომში „მოსარჩელე“) სახელზე (იხ.: ამონაწერი, ტ. 1, ს.ფ. 123,124; საოქმო განჩინება, ტ.1, ს.ფ. 126).

 

9. სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია დიდი ხნის მანძილზე დაზიანებული საკანალიზაციო-წყალმომარაგების მილგაყვანილობიდან გამონადენი წყლების ზემოქმედებით.

 

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2---------წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (იხ.:ტ.1, ს.ფ. 153-162):

- ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვა იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, დაზიანების გამომწვევი მიზეზები და დაზიანებების ხანდაზმულობა.

 

- დასკვნაში აღნიშნულია, რომ საკვლევი შენობის ტექნიკური მდგომარეობა მწვავედ ავარიულ მდგომარეობაშია. ვიზუალური შესწავლით დადგინდა: წინა ფასადზე ეზოს მხარეს არსებული მცირე ფართს და ავტოფარეხის იატაკს აშკარად ეტყობა, რომ გრუნტი დაწეულია და დეფორმირებულია მის ქვეშ წლების მანძილზე წყლების გადინების გამო. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ აღნიშნული მონაკვეთები დღეის მდგომარეობით მშრალია, რაც იმას მიუთითებს, რომ გრუნტის წყლების არსებობა არ ფიქსირდება. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ შენობის ქვეშ გრუნტის გაწყლიანება გამოწვეულია წლების განმავლობაში ტექნოგენური წყლების მოდინებით. გრუნტმა განიცადა ჯდენითი დეფორმაციები, რამაც გამოიწვია კედლებში გაჩენილი ბზარები და დაზიანებები. მარჯვენა ტორსული კედლის მხარეს კუთხე ჩამონგრეულია, მიმდებარე შიდა კუთხე გახსნილა. ეს მონაკვეთი საფრთხის შემცველია. დიდი ალბათობაა მათი ჩამონგრევის. ფასადზე გაჩენილია ვერტიკალური ბზარები დიდი გახსნილობით 10-25 მმ.. უკანა ფასადის მხარეს შიდა ოთახებში კედლები მრავალმხრივ არის დაბზარულ-დაზიანებული და აქვს გამჭოლი ბზარები როგორც კუთხეში, ასევე ყველა კედელში. ზოგიერთ ოთახში მოწყობილია დროებითი საყრდენები ხის ელემენტების მეშვეობით. სახლის კედლები, სახურავი და იატაკი იმდენადაა დაძრულ დეფორმირებული, რომ დიდი ალბათობაა მათი ჩამოშლის... შენობა სეისმურ ნორმებთან მცირედ შეუსაბამოა: წინა ფასადზე შუაკედლისების არსებული სიგანე არ შეესაბამება სამშენებლო ნორმებს, თუმცა ამ ნორმის დარღვევას დღევანდელ ავარიულ მდგომარეობაში კედლის მდგრადობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ექსპერტმა დაასკვნა რომ:

1. მოსარჩელის საცხოვრებელ სახლს აღენიშნება მეოთხე ხარისხის დაზიანებები.

 

2. აღნიშნული დაზიანებების ხანდაზმულობის დადგენა კონკრეტულად შეუძლებელია.

 

3. დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია დიდი ხნის მანძილზე დაზიანებული საკანალიზაციო-წყალმომარაგების მილგაყვანილობიდან გამონადენი წყლების ზემოქმედებით.

 

4. საცხოვრებელი სახლი სამშენებლო ნორმებთან შეუსაბამოა, თუმცა აღნიშნული ნორმების დარღვევის, ასევე მიწისძვრების ბიძგების, ნიადაგში არსებული გრუნტების წყლების და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებას, არ შეეძლო აღნიშნული შენობის დღევანდელ მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მოყვანა.

 

5. საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია მიზანშეწონილი არ არის. საჭიროა მისი დემონტაჟი და ახლის აშენება (ტ.1, ს.ფ. 153-162).

 

პალატა მიუთითებს, რომ საექსპერტო კვლევა ჩატარებული აქვს ექსპერტ ა-------–-----------ს - კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტს სპეციალობით მუშაობის 45 წლის სტაჟით (ტ.1, ს.ფ. 154).

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტის და აუდიტორის დ----- რ-------ის 04--------წ. ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია, აღდგენა-შეკეთებას არ ექვემდებარება, წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშს, რის გამოც უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი-რეაბილიტაცია და ახლით ჩანაცვლება, რისთვისაც საჭირო იქნება 76 88.00 ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ტ.1, ს.ფ. 47-57). დასკვნის კვლევით ნაწილის თანახმად, სადავო ფართს აშკარად ეტყობა, რომ მიწა დაწეულია და დეფორმირებულია მის ქვეშ წლების მანძილზე წყლების გადინების გამო. სწორედ წლების მანძილზე წყლების გადინების (მიწის ქვეშ და ზემოდანაც) ზემოქმედების შედეგია ის ფაქტი, რომ დღეისათვის საცხოვრებელი სახლი გამოუსადეგარ და მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია. სახლის კედლები მრავალმხრივ არის დაბზარულ-დაზიანებული და აქვს გამჭოლი ბზარები როგორც კუთხეებში, ასევე თითქმის ყველა კედელზე. კედლების ჯდომის გამო დეფორმირებულია სახლის ჭერი და იატაკი, დაძრულია სახლის კედლები, რაც აშკარად შეინიშნება როგორც შიგა ფართში შესვლისას, ასევე გარედან. სახლის ცალკეულ ნაწილებს გაკეთებული აქვს დროებითი საყრდენები და ფაქტობრივად ფართში შესვლა შემსვლელის სიცოცხლისთვის საშიშროებას წარმოადგენს (ტ.1, ს.ფ. 48).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულია მოსარჩელისთვის მოპასუხის ქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი, რაც მოპასუხე მხარის მიერ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით სარწმუნოდ ვერ იქნა უარყოფილი, რაც მის საპროცესო მოვალეობას წარმოადგენდა.

 

10. აპელანტი სადავოდ ხდის ასევე საცხოვრებელი სახლისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ ემყარება შესაბამის საპროექტო მონაცემებს.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტი, აუდიტორი დ----- რ-------ის 04--------წ. დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი აღდგენა-შეკეთებას არ ექვემდებარება, უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი-რეაბილიტაცია და ახლით ჩანაცვლება, რისთვისაც საჭირო იქნება 76 88.00 ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ტ.1, ს.ფ. 47-57). დასკვნას ერთვის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც დეტალურადაა აღნიშნული თითოეული შესასრულებელი სამუშაო და მისი ღირებულება (ტ.1, ს.ფ. 51-57). სხვა მტკიცებულება, რაც განსახორციელებელი სამუშაოების სხვა ღირებულებაზე მიუთითებდა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა და ასეთ მტკიცებულებაზე არც სააპელაციო საჩივარშია მითითებული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ზიანის ოდენობას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების მიზნით მართებულად დაეკისრა 76 881 ლარის გადახდა.

 

11. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ სასამართლომ მოპასუხე მხარეს არ მისცა დრო ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად და აღნიშნულით დაარღვია დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპი. აღნიშნული საფუძვლით აპელანტი წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ითხოვს გადაწყვეტილების წინმსწრები 26.03.2018წ. საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა გეოლოგიური დასკვნის წარმოდგენის მიზნით სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე. აპელანტი სააპელაციო საჩივრით ასევე ითხოვს გაუქმდეს 26.03.2018წ. საოქმო განჩინება ექსპერტის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ (ტ.2, ს.ფ. 11-21).

11.1. პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე (სსსკ-ის მე-4 მუხლი), კანონის იმპერატიული ნება სწორედ ამ პრინციპის დაცვით მართლმსაჯულების განხორციელებისკენაა მიმართული. საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომისათვის საქმის განსახილველად მომზადება მხარეთა წერილობითი პოზიციების სრულყოფასა და დავის ძირითადი სურათის განსაზღვრას ემსახურება, სწორედ ამითაა გამართლებული ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილისა (მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია, პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა) და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) დებულებების არსებობა პროცესში, რომელთა განუხრელად დაცვა პროცესის სწორად წარმართვაზე მიუთითებს (სუსგ №ას-216-216-2018, 31.10.2018წ.).

 

11.2. დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 21.04.2016წ. (ტ.1, ს.ფ. 66). შესაგებელი სასამართლოში წარდგენილი იქნა 04.05.2016წ., თუმცა შესაგებელი არ შეიცავს რაიმე სახის კონკრეტულ მსჯელობას სარჩელში მითითებულ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში და უთითებს დაზუსტებული შესაგებლის წარდგენის ნების არსებობის თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 67-74).

 

11.3. დაზუსტებული შესაგებელი სასამართლოში წარდგენილი იქნა მხოლოდ 10.04.2017წ., ანუ თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველი შესაგებლის წარდგენიდან (ტ.1, ს.ფ.101-109), რომლითაც მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის სარჩელზე თანდართულ დ----- რ-------ის 04--------წ. დასკვნას და განმარტავს, რომ აუდიტს არ გააჩნია შენობის დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენის კომპეტენცია, ამისთვის საჭიროა საინჟინრო -ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ასევე ნიადაგის გეოლოგიური გამოკვლევა, შესაგებლით ასევე შედავებულია დასკვანაში მოცემული ხარჯთაღრიცხვა. ამასთან, დაზუსტებული შესაგებლით მოთხოვნილი არ ყოფილა დამატებითი ვადა მტკიცებულებების წარმოსადგენად და მოპასუხეს არც იმ გარემოებაზე მიუთითებია, რომ იგი აპირებდა რაიმე საექსპერტო კვლევის ჩატარებას (ტ.1, ს.ფ. 101-109).

 

11.4. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 17.11.2017წ. განჩინებით მიზანშეწონილად მიიჩნია საქმეზე დაენიშნა საინჟინრო ექსპერტიზა (ტ.1, ს.ფ. 144-146), რის საფუძველზეც მომზადდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2---------წ. დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 153-162). პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე მასზედ, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება, სასამართლოს განჩინებით ექსპერტიზის წინაშე დაისვა სწორედ ის საკითხები, რასაც მოპასუხის წარმომადგენელი დავის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონედ მიიჩნევდა და წერილობით წარუდგინა სასამართლოს (იხ.: 22.11.2017წ. განცხადება, ტ.1, ს.ფ. 147).

 

11.5. ექსპერტიზის 2---------წ. დასკვნა მოპასუხეს ჩაბარდა 19.03.2018წ. (ტ.1, ს.ფ. 172).

 

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას არ ჰქონია ადგილი მხარეთა შორის შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპების დარღვევას.

 

12. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ასევე არ არსებობს სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი სასამართლო სხდომის გადადებაზე უარის თქმის შესახებ 26.03.2018წ. საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი (ტ.1, ს.ფ. 182,183).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხე მხარისათვის სარჩელი და თანდართული მასალების ჩაბარების მომენტიდანვე ცნობილი იყო დავის არსი და შესაბამისად, რომელიმე ფაქტობრივი გარემოების მტკიცებისათვის მტკიცებულებათა წარმოსადგენად და ასევე, გეოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა მას ჰქონდა. შესაბამისად, არ არსებობდა სასამართლო სხდომის აღნიშნული მოტივით გადადების სამართლებრივი საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ 26.03.2018წ. საოქმო განჩინებით მართებულად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე.

 

13. არ არსებობს არც სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი ექსპერტის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ 26.03.2018წ. საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი (ტ.1, ს.ფ.183,184).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.03.2018წ. საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2---------წ. დასკვნის შემდგენელი ექსპერტის, ა-------–-----------ს დაკითხვის თაობაზე. პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ექსპერტის დასკვნის შემოწმების, ექსპერტისათვის შეკითხვის მიცემის წესს. აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება სასამართლო სხდომაზე. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, ხოლო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით ექსპერტს შეიძლება მიეცეს შეკითხვები.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ დასაბუთებული ვერ იქნა დასკვნაში მოცემული რა გარემოებების განმარტებას ან/და შევსებას შეძლებდა ექსპერტი სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, ან/და რაში მდგომარეობდა დასკვნის ბუნდოვანება. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ 26.03.2018წ. საოქმო განჩინებით მართებულად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ექსპერტის დაკითხვის თაობაზე.

 

14. სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი და შესაბამისად, იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

15. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.2, ს.ფ.28).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ-------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები თამარ ალანია

 

ქეთევან მესხიშვილი