განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002182547
საქმე №1ბ/436-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ა--------ას,მსჯავრდებულ - ბ--------------–---–ის,ადვოკატ - გ--–--------ას მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბ-------------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი N0----------), რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------------------–--–-------------. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენით:
ბ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თ/აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით.
ბ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თ/აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით.
ბ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თ/აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ბ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
ბ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 2017 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ბ--------------–---–მა ჩაიდინა:
ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ასევე, ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 14 ოქტომბერს, დახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ---–--–----------------------------–------------–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ--------------–---–მა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ------------–---–ს სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგად ლ------------–---–ს მიადგა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ---–--–----------------------------–------------–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ--------------–---–ს ხ--------------–-–--ლთან, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ერთად ცხოვრების გაგრძელებაზე უარის თქმის გამო მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც ხ--------------–-–--ლს სხეულის სხვადასხვა ადგილას, ხელის და ფეხის გამოყენებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ხ--------------–-–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.
2017 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ-------–--–----------------------- ე. წ. ვარკეთილის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე ბ--------------–---–ი აშკარად დაეუფლა ლ------------–---–ის და ხ--------------–-–--ლის კუთვნილ ხელჩანთებს, მასში მოთავსებული ფულად თანხით - 150 ლარის ოდენობით, რომელიც მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედების შედეგად ლ------------–---–ს მიადგა 100 ლარის ოდენობით ქონებრივი სახის ზიანი, ხოლო ხ--------------–-–--ლს მიადგა 50 ლარის ოდენობის ქონებრივი სახის ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა--------ამ, რომელმაც ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
ბრალდების მხარის მითითებით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს, თუმცა ბ--------------–---–ის მიმართ გამოიყენა ზედმეტად ლოიალური სასჯელი; ამასთან, არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის პიროვნება და მიყენებული ზიანის მნიშვნელობა. შესაბამისად, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ პირობითი მსჯავრის გამოყენება, მისი მსუბუქი ხასიათიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ა--------ამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა ბ--------------–---–მა და მისმა ადვოკატმა გ--–--------ამ მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ბ--------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: გიორგი ბაქრაძის, დაჩი გორგაძის, ხ--------------–-–--ლის და ლ------------–---–ის დაკითხვის ოქმებით; პირადი ჩხრეკის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ხელჩანთების დათვალიერების ოქმებით; თანხის ამოცნობის ოქმით; სასაქონლო ექსპერტიზის N----/ს დასკვნით; სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და საქმეში არსეული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ--------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ--------------–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპირციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება - აანაზრაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სწორად შეაფასა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი (არ გააჩნია) გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, მისი საზოგადოებრივი საშიშროება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მისი არაინტენსიური ხასიათი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი; აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ ჩათვალა, რომ ბ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელის - 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა, თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არის შეფასებადი, კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1------ გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის ლოიალურობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ბ--------------–---–ს განესაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, დადგენილი სანქციის ფარგლებში, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, პირობითი მსჯავრის გამოყენებით მსჯავრდებულისათვის დაწესებული გამოსაცდელი ვადა არის ის პირობა, რომელიც უზრუნველყოფს ბ--------------–---–ის მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი;
ბ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს თ/აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით.
ბ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს თ/აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით.
ბ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს თ/აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ბ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
ბ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 16 ოქტომბრიდან, 2017 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და მეთვალყურეობა დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, ბრალდებულ ბ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას მარინა ბეიტრიშვილის (პირადი ნომერი 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე, ქ-------–-----------------------ში, საკადასტრო კოდი №0----------------------.
ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სამაჯური, რკინის მონეტები, მობილური ტელეფონი და ტელეფონის დეტალები, ფულადი თანხა, რომელბიც ინახება ისანი-სამგორისა სამმართველოს მე-11 განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე