განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100119002831048, №1/ბ-752-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ოთ-------------–---–ი.
დაცვის მხარე:
გამართლებული - უშ---- სტ------–---–ი, დაბადებული 196--–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: გო----------------------–-----–-------ი;
ადვოკატი - ეკ--------- მა-----–---–ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასჯელი:
უშ---- სტ------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, უშ---- სტ------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
▪ განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებდნენ უშ---- სტ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას;
▪ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას სასამართლო დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ უშ---- სტ------–---–ის მეუღლემ და შვილმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს უშ---- სტ------–---–ის ბრალეულობას;
▪ უშ---- სტ------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ში შესული დაზარალებულ ნა-----------–---–ის შეტყობინებით, რაც ადასტურებს, რომ მან მეუღლის მუქარა აღიქვა რეალურად, შეეშინდა და ითხოვა დახმარება. პოლიციის თანამშრომლების გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ადგილზე მისვლისას ნა-----------–---–ი იმყოფებოდა ეზოში, ვერ შედიოდა სახლში და ეზოში მყოფმა მიუთითა სამზარეულოში მყოფ მეუღლეზე. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებულია, რომ დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაზარალებულის მითითებით ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი - ჩანგალი. ალკოტესტზე შემოწმების ქვითრით დადგენილია, რომ უშ---- სტ------–---–ი აღნიშნული ქმედების ჩადენის დროს, იმყოფებოდა მთვრალი. იგი იყო აგრესიული მათ შორის ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლების მიმართ. ნა-----------–---–ის აღელვებულ და განერვიულებულ მდგომარეობაში ყოფნა ასევე დაადასტურა მოწმე გუ-–----- ქვ--–--ემ;
▪ უშ---- სტ------–---–ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება მიეკუთვნება იმ დანაშაულთა კატეგორიას, რომელთა შემსწრე პირები უმეტესწილად არიან ოჯახის წევრები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, არ აძლევენ ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებას, რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაშიც. იმისთვის, რომ დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი და ეს არ გახდეს ოჯახში ძალადობის წამახალისებელი, სასამართლომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეაფასოს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა სხვა მტკიცებულება (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);
დაცვის მხარის პოზიცია - გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნა-----------–---–მა არ მისცა ჩვენება სასამართლოს, ანუ მან არ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია. ამასთან, სხვა რაიმე პირდაპირი სახის მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, უშ---- სტ------–---–ს ბრალი წარედგინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, გო----------------------–----–-------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში და სახლის ეზოში, უშ---- სტ------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნა-----------–---–ს, რა დროსაც ამ უკა---კნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განაჩენით, უშ---- სტ------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენცია მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან, მათ შორის, კონვენცია მოუწოდებს მხარეებს მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ადამიანზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს იძულების ან მუქარის გამოყენებით. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, ისე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, ოჯახის წევრს ასევე წარმოადგენს მეუღლე.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსხვერპლი - ნა-----------–---–ი არის უშ---- სტ------–---–ის მეუღლე, შესაბამისად, ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია 111 მუხლით - პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, არის სწორი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, უშ---- სტ------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გარდა ნა-----------–---–ის და ლე--- სტ------–---–ის ჩვენებებისა, საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ნა-----------–---–მა, სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. ახლო ნათესავის - მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე ასევე უარი განაცხადა ლე--- სტ------–---–მა და ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით.
ისეთი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, წარმოადგენს მოწმის უფლებას. აღნიშნული უფლებით სარგებლობა კი არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განაჩენში აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (ვრცლად იხილეთ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა არათუ შეცვალა, არამედ ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, რაც უპირობოდ არ გულისხმობს გამოძიების მიმდინარეობისას საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის გამორიცხვას და დაუდასტურებლობას, როგორც ეს აღნიშნა დაცვის მხარემ. დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის დროს ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებსაც, რაც, როგორც წესი, განპირობებულია ოჯახური დანაშაულის ხასიათით, მოძალადისადმი დამოკიდებულებით და სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგებს. შესაბამისად, შესაფასებელია გარემოება, თუ რა დადგინდა პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებებით და ამის შემდეგ მოხდეს აღნიშნული ფაქტების უარყოფა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მხარეები საქმის ფაქტობრივ გარემოებებს გამოკვლევის გარეშე იღებენ მტკიცებულებად, ესე იგი ისინი თავისუფლდებიან მტკიცების ტვირთისაგან, ხოლო ინფორმაცია კი ავტომატურად იძენს მტკიცებულებით ხასიათს, რაც, ბუნებრივია, არსებით სხდომაზე მათ დამატებით გამოკვლევას აღარ საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეიუდიციის ინსტიტუტი საერთოდ აზრს დაკარგავდა, რადგან ყველა ის მტკიცებულება, რომელსაც მხარეები პრეიუდიციად მიიჩნევდნენ, ნებისმიერ დროს გახდებოდა მხარეთათვის მიუღებელი და სადავო. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის მიხედვით, პრეიუდიცია გათანაბრებულია მტკიცებულებასთან და გათავისუფლებულია გამოკვლევის პროცესისგან (ვრცლად იხილეთ 2019 წლის 17 იანვრის განაჩენი საქმეზე №455აპ-18).
პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა უპირობოდ არ გულისხმობს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, თუმცა პალატა არ ეთანხმება იმ მსჯელობას, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმით, ნა-----------–---–მა ფაქტობრივად უარყო მუქარის და მისი განხორციელების რეალური საშიშროების აღქმის ფაქტი.
როგორც აღინიშნა, მოწმის მიერ ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება არ გამორიცხავს დანაშაულის არსებობას. შესაბამისად, პალატამ უნდა შეაფასოს, თუნდაც უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით რამდენად წარმოადგენს საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
პრეიუდიციად ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი:
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ნა-----------–---–ის მიერ გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებული ზარი. შეტყობინების თანახმად, განმცხადებელს ეჩხუბება ნასვამი მეუღლე და დანით ემუქრება, რის გამოც ითხოვს პოლიციის გამოძახებას.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, უშ---- სტ------–---–ი დაკავებულია 2018 წლის 10 დეკემბერს 19:35 საათზე. ოქმში მითითებულია, რომ დაკავება მოხდა ნა-----------–---–ის მითითების საფუძველზე. ასევე მითითებულია, რომ უშ---- სტ------–---–ი დაკავებისას იყო აგრესიული, იგინებოდა, დამკავებელ პირებს უწევდა წინააღმდეგობას, რის გამოც გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ძალა.
სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ქვითრის მიხედვით, 2018 წლის 10 დეკემბერს, 20:51 საათზე შემოწმებისას უშ---- სტ------–---–ს დაუდგინდა თრობა 1,848 პრომილეს ოდენობით.
2018 წლის 10 დეკემბერს, 21:45 საათიდან 22:25 საათამდე პერიოდში, ნა-----------–---–ის თანხმობის საფუძველზე და მისი მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი მისამართზე: გო----------------------–----–-------ში. ოქმში მითითებულია, რომ სამზარეულო ოთახიდან ნა-----------–---–მა მიუთითა იმ ჩანგალზე, რომლის გამოყენებითაც მეუღლე - უშ---- სტ------–---–ი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ოქმის სისწორე დადასტურებული აქვს ასევე ნა-----------–---–ს და ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება გაკეთებული არ აქვს.
2018 წლის 10 დეკემბერს, 22:40 საათიდან 23:30 საათამდე პერიოდში, ნა-----------–---–ის თანხმობის საფუძველზე და მისი მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ნა-----------–---–მა მიუთითა სამზარეულოს ოთახზე, სადაც მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ საცხოვრებელი სახლის ოთახზე, სადაც გაერიდა უშ---- სტ------–---–ს და სადაც მეუღლემ განახორციელა მის მიმართ მუქარა. სამზარეულოს ოთახზე, საიდანაც უშ---- სტ------–---–მა აიღო ჩანგალი და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, შემდეგ ეზოს იმ ადგილზე, საიდანაც განახორციელა ზარი 112-ში და ითხოვა დახმარება. ოქმი ხელმოწერით დადასტურებული აქვს ნა-----------–---–ს და მასზე რაიმე სახის შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება დაფიქსირებული არ აქვს. ოქმს ერთვის ფოტოცხრილი, სადაც ჩანს ნა-----------–---–ი.
პრეიუდიციადაა ცნობილი შემაკავებელი ორდერიც, თანდართული მასალით. როგორც ორდერის, ასევე შემაკავებელი ორდერის N0----- ოქმის სისწორე ხელმოწერით დადასტურებული აქვს ნა-----------–---–ს. ოქმში ასახულია ინფორმაცია სავარაუდო მსხვერპლის, მოძალადის და ინციდენტის შესახებ, ასევე მითითებულია მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. კითხვებზე: N1. „ფიქრობთ, რომ მოძალადე ჯანმრთელობის დაზიანებას მოგაყენებთ ან მოგკლავთ თქვენ ან/და თქვენს შვილებს ან/და თქვენს ახლობელს?“ და N10. მოძალადე დაგემუქრათ ჯანმრთელობის დაზიანებით ან მოკვლით?“ პასუხად მითითებულია „კი“. N1 კითხვის დამატებით ველში, „დადებით შემთხვევაში მიუთითეთ, რატომ ფიქრობს მსხვერპლი ამგვარად“ მითითებულია შემდეგი: „უშ---- სტ------–---–ი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით ნა-----------–---–ს, რა დროსაც უშ----ს ხელში ეჭირა ჩანგალი, რომლითაც ემუქრებოდა ნა---“.
მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება ნა-----------–---–ის შეტყობინების (ნასვამი მეუღლე ეჩხუბება და დანით ემუქრება) საფუძველზე შემთხვევის ადგილზე შსს გორის რაიონული სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლების: მა----- ზე------ის, მა-–---- ჩა-------–ის და გი------ მე------–---–ის მისვლის ფაქტი. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ნა-----------–---–ი მათ დახვდათ ეზოში და მისი მითითების საფუძველზე სამზარეულოს ოთახში დააკავეს უშ---- სტ------–---–ი, რომელიც დაკავებისას იყო აგრესიული, იგინებოდა და უწევდა წინააღმდეგობას. მოწმე გუ-–----- ქვ--–--ის ჩვენებით კი დასტურდება, რომ ცხოვრობს ნა-----------–---–ის და უშ---- სტ------–---–ის მეზობლად. 2018 წლის 10 დეკემბერს სახლში მიმავალს ნა-----------–---–ის სახლიდან შემოესმა ჩხუბის და ყვირილის ხმა. დააინტერესა და წავიდა სახლის მიმართულებით. სახლის ჭიშკართან იდგა ნა-----------–---–ი, რომელიც იყო განერვიულებული.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
თავდაპირველად უნდა გაიმიჯნოს, თუ რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ უნდა შეფასდეს, გამოყენებული იყოს თუ არა ეს მტკიცებულება ბრალდების დასადასტურებლად. შესაძლებელია, რომ მხოლოდ ჩვენების ნაწილი ეხებოდეს გარემოებას (რასაც მოცემულ შემთხვევაშიც აქვს ადგილი), რომელიც სხვა პირისგან გახდა ცნობილი. მოცემულ შემთხვევაში, ჩხუბის და ყვირილის ხმას ადასტურებს მოწმე გუ-–----- ქვ--–--ე, რომელიც ამასთან აღწერს ნა-----------–---–ის ემოციურ მდგომარეობასაც, ხოლო შსს გორის რაიონული სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლების: მა----- ზე------ის, მა-–---- ჩა-------–ის და გი------ მე------–---–ის ჩვენებებით დასტურდება ნა-----------–---–ის ეზოში დახვედრის და მისი მითითების საფუძველზე უშ---- სტ------–---–ის დაკავების ფაქტი, რაც არ შეიძლება შეფასდეს ირიბ ჩვენებად.
რასაკვირველია, პოლიციის თანამშრომლები ვერ იქნებოდნენ უშ---- სტ------–---–ის და ნა-----------–---–ის ოჯახში არსებული მუქარის შემსწრე პირები და გამოკითხვისას არც განუცხადებიათ რაიმე ფაქტზე წასწრების შემთხვევაზე. დაცვის მხარის განმარტება, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი არ აქვს არათუ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, ვერ იქნება გაზიარებული. თავდაპირველად უნდა განიმარტოს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ავტომატურად არ აბათილებს აღნიშნული პირის მონაწილეობით შედგენილ და უდავო მტკიცებულებად მიჩნეულ საგამოძიებო მოქმედების სისწორეს და ოქმებში არსებულ გარემოებებს.
შეტყობინება, დაკავების ოქმი, დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, ალკოტესტზე შემოწმების ქვითარი, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, საკმარისია ოჯახში არსებული ჩხუბის და შედეგად უშ---- სტ------–---–ის მიერ ნა-----------–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის დასადასტურებლად. ფაქტია, რომ შეტყობინება მუქარის ფაქტის თაობაზე მიწოდებულია ნა-----------–---–ის მიერ. ჩხუბის და ყვირილის ხმის გაგონების ფაქტი დადგენილია უდავო მტკიცებულებით - გუ-–----- ქვ--–--ის გამოკითხვის ოქმით. ფაქტია, რომ დაზარალებული პოლიციის მისვლას ელოდებოდა ეზოში და მიუთითა სამზარეულოში მყოფ უშ---- სტ------–---–ზე, რომელიც ამ პერიოდში იმყოფებოდა შვილთან ერთად. უდავოა, რომ უშ---- სტ------–---–ი ნამდვილად იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში, დაკავებისას იყო აგრესიული და დამკავებელ პირებს უწევდა წინააღმდეგობას. ასევე ფაქტია ისიც, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნა-----------–---–მა მიუთითა ჩანგალზე, რომლითაც ემუქრებოდა მას უშ---- სტ------–---–ი. აღნიშნული ჩანგალი ამოღებული იქნა დათვალიერებისას და დათვალიერების ოქმის სისწორე დადასტურებული აქვს დაზარალებულს. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, პალატა მას ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად არ იყენებს, ვინაიდან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. მიუხედავად აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული სხვა მტკიცებულებები საკმარისია მუქარის დასადასტურებლად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, დაირღვეს მაშინ, როცა პირი ადამიანს ემუქრება ძალადობრივი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ობიექტური მხრივ, აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს მატერიალურ დანაშაულს, ვინაიდან აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა) და მისგან გამოწვეული შედეგი (შიში). ამასთან, შიში უნდა იყოს საფუძვლიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს არამხოლოდ სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმებიც. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი ან აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.
მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ შიშთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ შიშის საფუძვლიანობა უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც. ის ფაქტი, რომ ნა-----------–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გარანტირებული უფლებით, რომლის თანახმად, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, უპირობოდ არ გულისხმობს მოწმის ახლო ნათესავის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში. ნა-----------–---–მა მეუღლის მიერ განხორციელებული მუქარა აღიქვა რეალურად, რაც დასტურდება მისი მხრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დარეკვასა და მის ემოციურ მდგომარეობაში, რაც მის მიერ საგამოძიებო მოქმედების ოქმში და შემაკავებელი ორდერის ოქმში დაფიქსირებულ განმარტებებთან ერთად ამყარებს რწმენას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდასთან დაკავშირებით.
წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ უშ---- სტ------–---–ის ქმედებით განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის გამამართლებელი განაჩენი უშ---- სტ------–---–ის მიმართ და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა, ხოლო სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (2018 წლის 10 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) , დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
იმისათვის, რომ განისაზღვროს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნები, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ თუ ქმედებებმა.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. შესაბამისად, უნდა შეფასდეს არამხოლოდ პიროვნული მონაცემები, არამედ დამნაშავის ქმედებებიც. რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან. შესაბამისად, სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნებითაც.
სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე და 531 მუხლებით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთან, უშ---- სტ------–---–ის ასაკის და წარსული ცხოვრების მხედველობაში მიღებით, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ და ზომად 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის განსაზღვრა. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, რომლის გათვალისწინებითაც მას შეუმცირდება დანიშნული სასჯელი. პალატა იმედოვნებს, რომ დანიშნული სასჯელი იქნება შემაკავებელი ხასიათის და დამაფიქრებელი უშ---- სტ------–---–ისთვის - უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების შესრულებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის გამამართლებელი განაჩენი უშ---- სტ------–---–ის მიმართ და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.
უშ---- სტ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უშ---- სტ------–---–ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი), დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 550 ლარის ოდენობით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია უშ---- სტ------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 ლარის ოდენობით, სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ,,ჩანგალი“, რომელიც ინახება საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მესამე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე