განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002596325
საქმე #1ბ/527-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: მ------–--------ს, ა-–---------–-–---–ის
ადვოკატის: კ--------–------–---–ის
მსჯავრდებულის: ლ-–-----–-----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ლ-–----–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ლ-–----–-----ის, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------–----–----------–----------------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-–----–-----ემ ჩაიდინა:
- სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
- ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა დანის გამოყენებით, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 ივნისს, საღამოს საათებში, ქ-------–--–--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან „----------–---ის" უკანა მხარეს, ურთიერთშელაპარაკებისა და გაღიზიანების საფუძველზე, ლ-–-----–-----ემ ლ-–-----------ეს გაარტყა სახეში სილა, რა დროსაც ამ უკანასკნელს აეწვა სახე და იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
იმავე დროს და იმავე ადგილას, ლ-–----–-----ე, დანის გამოყენებით, დაემუქრა ლ-–----------ეს ჯანმრთელობის დაზიანებით, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით:
ლ-–----–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ლ-–----–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-–-----–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 27 ივნისიდან 2018 წლის 29 ივნისის ჩათვლით), შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, ლ-–----–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ-–----–-----ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვა მის მიმართ დადგენილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ლ-–----–-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ლ-–----–-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ-–----–-----ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ ლ-–----------ის და მოწმეების - თ--------------სა და ხ-------------ის ჩვენებებით და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ-–----–-----ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მსჯავრდებულის პოზიციას, რომ მას (ლ-–----–-----ეს) დანაშაულები არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ ლ-–----------ის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დროს მიცემულ ჩვენებას, რომელმაც განმარტა - ლ-–----–-----ე გაიცნო 2013 წელს კაზინო აჭარაში. მასთან ახლობლობდა და სახლშიც დადიოდა სტუმრად. ლ-–----–-----ესთან შეყვარებულის გამო მოუვიდა კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირება, რის შემდეგ გაიქცა და იმალებოდა სამტრედიაში. 2018 წლის 27 ივნისს, შუადღისას, დაუკავშირდა ლ-–----–-----ე, რომელსაც სურდა წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო მასთან (დაზარალებულთან) შეხვედრა. ერთმანეთს შეხვდნენ სპორტის სასახლესთან, რა დროსაც ლ-–----–-----ემ უთხრა, რომ ციხეში ყოფნისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი (ლ-–----------ე) პოლიციის თანამშრომლებთან იყო შეკრული, რის გამოც გაარტყა ხელი და აგინებდა, ხელიდან წაართვა მობილური ტელეფონი, უკანა ჯიბიდან ან ქამრიდან ამოიღო დანა და დაემუქრა, რომ დააინვალიდებდა. ის (ლ-–----------ე) შეშინდა და გაიქცა. ლ-–----–-----ე მას გინებით დაედევნა. ამ დროს, „ფ---–-------იდან“ გადმოხტა მეორე ბიჭი, რომელსაც არ იცნობდა და ორივე ერთად გამოეკიდა. სირბილისას დაინახა პოლიციის თანამშრომლები, რომლებთანაც მივიდა და დახმარება სთხოვა. ამასთან, მიუთითა პირებზე, რომლებიც მისდევდნენ. პოლიციელებმა განახორციელეს დევნა და მის (დაზარალებულის) მიერ მითითებული პირები დააკავეს.
მოწმე თ--------------ს განმარტებით, მუშაობს ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 27 ივნისს, საღამოს საათებში, მეწყვილესთან - ხ-------------თან ერთად სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ამ დროს მათთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი - ლ-–----------ე, რომელიც იყო ძალიან აღელვებული. ლ-–----------ემ ხელით მიუთითა ორ პიროვნებაზე, რომლებიც ჩქარი ნაბიჯებით მოდიოდნენ ან მორბოდნენ (ზუსტად არ ახსოვს მოწმეს) მისი მიმართულებით და განუმარტა, რომ ლ-–----–-----ემ წაართვა მობილური ტელეფონი, თან დანის გამოყენებით ემუქრებოდა სხეულის დაზიანებით და ითხოვდა დახმარებას. იგი (მოწმე) მეწყვილესთან ერთად გაემართა ზემოაღნიშნული პირების მიმართულებით. როგორც კი შენიშნეს ფორმიანი პოლიციელები, ლ-–----–-----ე და მისი თანხლები პირი შებრუნდნენ და გაიქცნენ, ამასთან, სცადეს ტაქსის გაჩერება, მაგრამ, როდესაც ნახეს, რომ ისინი (პოლიციის თანამშრომლები) ეწეოდნენ, ტაქსის გაჩერება გადაიფიქრეს და სირბილი გააგრძელეს. ისინი (თ-------------- და ხ-------------ი) ბოლომდე გაყვნენ, დაეწივნენ ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ორივე დააკავეს, გამოიძახეს დამხმარე ჯგუფი და დაკავებულები გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე ხ-------------ის განმარტებით, 2018 წლის 27 ივნისს, თ--------------სთან ერთად ახდენდა პატრულირებას, რა დროსაც მათ მიმართა მოქალაქე ლ-–----------ემ, რომელმაც მათ (პოლიციის თანამშრომლებს) განუმარტა, რომ ორმა პიროვნებამ სცემა, ტელეფონი წაართვა და დანით დაემუქრა, ლ-–----------ემ მიუთითა ორივე პიროვნებაზე. ისინი (ხ-------------ი და თ--------------) გაემართნენ მითითებული ორი პირის დასაკავებლად. პოლიციის თანამშრომელთა დანახვაზე ორივე გაიქცა, სცადეს ტქსის გაჩერება, მაგრამ ვერ მოასწრეს, გააგრძელეს სირბილი და გადაკვეთეს კოსტავას ქუჩა. დევნის შედეგად, ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსთან მათ (პოლიციის თანაშროლებმა) ორივე პირი, რომლებიც აღმოჩნდნენ ლ-–----–-----ე და ლ-–---–---–---–ი, დააკავეს, გამოიძახეს დამხმარე ჯგუფი და ორივე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, დაზარალებულმა ლ-–----------ემ მიუთითა იმ ადგილის შესახებ, სადაც შეხვდა მსჯავრდებულ ლ-–----–-----ეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას დაზარალებულმა დეტალურად განმარტა, კონკრეტულად რაში გამოიხატა მის მიმართ განხორციელებული ძალადობა და მუქარა (იხ. საგამოძიებო ექსპერმენტის ოქმი).
ლ-–----–-----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა - შემთხვევის დღეს დაზარალებულს შეხვდა სპორტის სასახლესთან. მას (ლ-–----–-----ეს) კაზინოში მოგებული ჰქონდა ორასი ლარი, ლ-–----------ე სთხოვდა ორმოცი ლარის გადაცემას. აღნიშნულთან დაკავშირებით მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც დ------ემ უთხრა, რომ წელში დანა ჰქონდა, რის გამოც ერთხელ შეაგინა, მაგრამ არ დამუქრებია და არც დაურტყამს. ამის შემდეგ, დაზარალებული გაიქცა და თავადაც დაედევნა მეგობართან ერთად, ხოლო ლ-–----------ე პოლიციის თანამშრომლებთან მივიდა და მათი თავი დააჭერინა. წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის არადამაჯერებელ ჩვენებას და საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. სააპელაციო პალატა აპელანტის მოსაზრებას არ იზიარებს და შეფასებას აძლევს რა დაზარალებულ ლ-–----------ის ჩვენებას, მიიჩნევს, რომ ის სრულ თანხვედრაშია, როგორც მოწმე პოლიციის თანაშრომელთა ჩვენებებთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულ ლ-–----------ის ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს, დაზარალებულის ჩვენება თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული მსჯავრდებულის განმარტება იმის შესახებ, რომ დაზარალებულს არ დამუქრებია და არც უძალადია მასზე. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში პრეტენზიას, თუ დაზარალებულის ჩვენება რეალობას შეესაბამება, რატომ არ იქნა ამოღებული დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას ან საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მობილური ტელეფონი და დანა, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, ლ-–----–-----ისა და ლ-–---–---–---–ის დაკავება არ მომხდარა შემთხვევის (დანაშაულის ჩადენის) ადგილზე, არამედ პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს მათი დევნა, რის შედეგად ისინი დააკავეს ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსთან და მათ ჰქონდათ დანის და მობილური ტელეფონის თავიდან მოცილების შესაძლებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ლ-–----–-----ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ლ-–----–-----ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულებრივ და შესაბამისად, დასჯად ქმედებად ცხადდება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ–ის 126–ე მუხლის დისპოზიციის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგ: ხელის ერთ გარტყმაში (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქოდნა ადგილი). მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ამასთან, სავალდებულოა მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობრივ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ ტკივილს შორის. ხშირ შემთხვევაში ცემის ან ძალადობის შედეგად სხეულის ზედაპირზე შეიძლება დაზარალებულს არანაირი კვალი არ დაეტყოს სისხლნაჟღენთის ან დაბეჟილობის სახით. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განცდილი ძალადობის შედეგად განაცხადოს, ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის - მუქარის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, მუქარა გულისხმობს მოქმედებას, როდესაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს კი ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. მოცემული დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულ ლ-–----------ის გაცხადებული ინფორმაციით, მას ლ-–----–-----ე ნამდვილად დაემუქრა დანით, შეეშინდა (მუქარის განხორციელების შიში გაუჩნდა) და გაიქცა. დაზარალებულის აღნიშნულ განმარტებას ამყარებს მოწმე თ--------------ს ჩვენება, რომელმაც აღნიშნა, რომ მათთან დახმარების თხოვნით მისული ლ-–----------ე იყო ძალიან აღელვებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ლ-–----–-----ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ლ-–----–-----ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ლ-–----–-----ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ-–----–-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ-–----–-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ-–----–-----ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ლ-–----–-----ის მიმართ, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში დარჩეს უცვლელი;
ლ-–----–-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
ლ-–----–-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-–-----–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 27 ივნისიდან 2018 წლის 29 ივნისის ჩათვლით), შეუმსუბუქდეს და ლ-–----–-----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ლ-–----–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას მ-----------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ-----------–---–----------–----------------------------------------------- კვ.მ, საკადასტრო კოდით - 0------------------, რომელიც დაყადაღებულია 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ნაწილში;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე