განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002546774
საქმე №1ბ/855-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------–-------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------–------------------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა---------–-------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 23:35 საათზე, ქ-------–--------------–------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ა---------–-------მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის ე-–---–-------ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ ხელი ორჯერ დაარტყა სახისა და კეფის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ძალადობის განხორციელებისას ე-–---–-------ი იყო ორსულად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით ა---------–-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ- ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 აპრილის განაჩენის გაუქმება და ა---------–-------ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ა---------–------ის ბრალეულობაში, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო შემოწმების ბარათი და აღნიშნული ბარათის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა---------–-------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ა---------–-------ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად უთითებს მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს და წერილობით მტკიცებულებებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებები (გარდა დაზარალებულ ე-–---–-------ის და მოწმე რ------------ს ჩვენებებისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, კერძოდ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრულ-ინსპექტორების ს----------------–---–---------------------ს გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ 2018 წლის 30 ივნისს 07:25 საათზე რ----------------–---------------ის საშუალებით მიიღეს შეტყობინება, ქ-------–--–-------------------–----------------------------–- განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. რის შემდეგაც დაუყოვნებლივ გავიდნენ გამოძახების ადგილზე, სადაც დახვდათ მოქალაქე ე-–---–-------ი. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მეუღლემ - ა---------–-------მა, რომელსაც ნასვამ მდგომარეობაში ეძინა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა 2018 წლის 29 ივნისს, 23:35 საათზე. პატრულ-ინსპექტორების მიერ შედგენილი იქნა რეაგირების ოქმი, რაც გადასცეს ქვემო ფონიჭალის პოლიციის განყოფილებას.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გაცემული ე-–----–-------ის სამედიცინო ბარათით და 2018 წლის 30 ივნისის პაციენტის სამედიცინო ბარათის დათვალიერების ოქმით, დასტურდება, რომ ე-–---–-------ს ამ უკანასკნელის გადმოცემით მეუღლემ ა---------–-------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა სახის არეში. სამედიცინო ბარათის თანახმად ე-–---–-------ს აღენიშნება მცირედი მტკივნეულობა, თავის ზედაპირული ტრამვა.
საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-9 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ი-–----------–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 30 ივნისს დილის საათებში ზემოაღნიშნულ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე გაემართა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ განმცხადებელი ე-–---–-------ი, მისი მეუღლე ა---------–-------ი და ორი არასრულწლოვანი შვილი. ე-–---–-------მა განმარტა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ 29 ივნისს, ღამის საათებში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სახეში რამდენჯერმე ხელის დარტყმით. დაზარალებულის მითითებით დაკავებულ იქნა ა---------–-------ი ოჯახური ძალადობის ბრალდებით.
ბრალდებულ ა---------–-------ის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 30 ივნისს 09:25 საათზე ე-–---–-------ის მითითებით დაკავებულ იქნა ა---------–-------ი.
დაზარალებულ ე-–---–-------ის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის N--- ცნობით დასტურდება, რომ 2018 წლის 05 ივლისის მდგომარეობით ე-–---–-------ი იყო 1--------ს ორსული.
სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა: ე-–---–-------მა და რ------------მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით არ მიეცათ ახლო ნათესავის მიმართ მამხილებელი ჩვენება.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით და წერილობითი მტკიცებულებებით, დასტურდება ა---------–-------ის ბრალდება, ვინაიდან საჩივარში მითითებული მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ, სამედიცინო შემოწმების ბარათი, გამომდინარეობს დაზარალებულისაგან მიღებული ინფორმაციიდან, ხოლო როგორც აღინიშნა დაზარალებულმა და აგრეთვე მოწმე რ------------მ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რაც არ იძლევა მყარ საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ ა---------–-------მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ა---------–-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ა---------–-------ის მხრიდან ე-–---–-------ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ა---------–-------მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ა---------–-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი ა---------–-------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ა---------–-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ- ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ა---------–-------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია, ხოლო განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ა---------–-------ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულება:
ელექტრონული დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი