განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002409042
საქმე #1/ბ-263-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქეთევან სონიძე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ვა---– ა------------ ცე--–---ე - დაბადებული 1--- წლის 4------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------- ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ლა---------------------------–------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------, #6----- ამჟამად პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის).
სასჯელი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენით ვა---– ცე--–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ვა---– ცე--–---ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 14 აპრილიდან.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულმა ვა---– ცე--–---ემ (აპელანტი) მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება იმ საფუძვლით, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, დაკავებამდე მუშაობდა სხვადასხვა ადგილას, ყავს მარტოხელა, ავადმყოფი დედა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ვა---– ცე--–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება. მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 22 მარტს, დილის საათებში, ქ.რუსთავში, მე-7 მიკრორაიონის #1/35-ში მდებარე ფრ------ ჯა--–---–ის საცხოვრებელი ბინიდან ქურდობისა და ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ვა---– ცე--–---ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ფრ------ ჯა--–---–ის კუთვნილ D----ის ფირმის ლეპტოპს, S----ის ფირმის მობილურ ტელეფონს და M---- ფირმის რესივერს. აღნიშნულით ფრ------ ჯა--–---–ს მიადგა 280 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვა---– ცე--–---ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვა---– ცე--–---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჩადენილი ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას ვა---– ცე--–---ისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, ვინაიდან ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა, ქმედების ჩადენის შემდეგ მსჯავრდებულის ქცევის, მისი პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის გათვალისწინებით, ვა---– ცე--–---ისთვის განსაზღვრული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
მსჯავრდებულ ვა---– ცე--–---ის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილი აქვს დამამძიმებელ გარემოებებში ქურდობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საკმაოდ გავრცელებული დანაშაული, რომელიც ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს, ხელყოფს ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას), მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს (პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია), ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს (ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული) და მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ ვა---– ცე--–---ეს განუსაზღვრა მსჯავრდებულის პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული ვა---– ცე--–---ე, დანაშაულის აღიარებისას ბოლომდე გულწრფელი არ იყო. მის განმარტებას, რომ გამომძიებელს რაც სურდა იმას წერდა, ასევე სიმთვრალეში დაზარალებულმა ლომბარდში ჩასაბარებლად გაატანა ლეპტოპი, შემდეგ კი განაცხადა, რომ მოპარეს, სასამართლო ვერ ჩაუთვლის გულწრფელ აღიარებად.
პალატას მიაჩნია, რომ ვა---– ცე--–---ისთვის მინიმუმთან მიახლოებული საბოლოო სასჯელის განსაზღვრით (5 წლით თავისუფლების აღკვეთა) სრულად იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები. როგორც მსჯავრდებული, ასევე სხვა პირები განიმსჭვალებიან მართლწესრიგის დაცვით და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებას, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრად დაუბრუნდება საზოგადოებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ვა---– ცე--–---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვა---– ცე--–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენი ვა---– ცე--–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ვა---– ცე--–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ვა---– ცე--–---ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 14 აპრილიდან.
ვა---– ცე--–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება:
მობილური ტელეფონის ყუთი, რესივერი და ლეპტოპი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სუნის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე