განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002112633
საქმე №3ბ/628-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე
გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი: თეა გობეჯიშვილი
აპელანტი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - თ-----------ა
მოწინააღმდეგე მხარე - მ-------------ი
წარმომადგენელი - ნ-----–---------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 01 სექტემბრის M---------------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ---------------ის მიერ (2004-2009 წლებში) რუსეთის ფედერაციის ქ--------------------------------------------–---------აში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2009 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაცია, ქ--------------------–-----------------–---------–--------------–-–---------------------–-----------------------–---–------–-------–------------------------------------–----------ის მიერ მ--------------ის მიმართ, გაიცა დიპლომი 0------ მასზედ, რომ თ------------------------------–----------ის სახელმწიფო საატესტაციო კომისიის 2009 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით მ-------------ს მიენიჭა იურისპუდენციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი იურისპუდენციის განხრით. (ტ.1.ს/ფ 16-25).
2016 წლის 26 დეკემბერს მ-------------მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება. (ტ.1.ს/ფ 64-66).
მ-------------ის 2016 წლის 26 დეკემბრის განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 04 იანვრის M---------------- წერილით მ-------------ისაგან მოთხოვნილ იქნა სწავლის პერიოდში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 1---------------------------------- წერილით მ-------------ისაგან მოთხოვნილ იქნა სწავლის პერიოდში (2005-2009 წლებში) რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი და თ-----------------------------–----------ის მიერ მ-------------ის სახელზე გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნებოდა ინფორმაცია პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების რაოდენობისა და პერიოდის თაობაზე.
მ--------------ის განცხადებით ცენტრს ეცნობა, რომ სასწავლო პროცესი გავლილი ქონდა დისტანციურად, რის გამოც მოთხოვნილ დოკუმენტაციას ცენტრში ვერ წარადგენდა. (ტ.1. ს/ფ 35-36, 74, 76).
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის 31 მაისს M---------------- მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მ-------------ის განათლების შესახებ ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ-------------ი 2005-2009 წლებში თ-----------------------------–----------აში სწავლობდა დაუსწრებელი ფორმით, ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად. (ტ.1. ს/ფ 37-38, 90).
2017 წლის 31 ივლისს მ-------------მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, წარადგინმა მ-------------ის მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ აპოსტილით დამოწმებული დიპლომი, რითაც დადასტურდა დიპლომზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა და ბეჭდის ავთენტურობა, რის საფუძველზეც მოითხოვა მისივე №------- განცხადებაზე წარმოების განახლება. (ტ.1. ს/ფ 108-118).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 20 სექტემბრის M---------------- ცნობის მიხედვით, პოლიციის კაპიტანი მ-------------ი მუშაობს შსს ს-------–--------–-–---------------------------------------------------–---------–--------–-–----------------–---------------------------–--------–-–-----------------–-----------------ის თანამდებობაზე. (ტ.1. ს/ფ 26).
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 01 სექტემბრის M---------------- გადაწყვეტილებით, მ-------------ის განცხადება მის მიერ მიერ 2005-2009 წლებში რუსეთის ფედერაციის ქ--------------------------------------------–---------აში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ მ-------------ის მიერ არ ყოფილა წარდგენილი სწავლის პერიოდში მის მიერ რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი და თ-----------------------------–----------ის მიერ მ--------------ის სახელზე გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნებოდა ინფორმაცია პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების რაოდენობისა და პერიოდის თაობაზე.
მ-------------მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მას სწავლის პერიოდში რუსეთის ფედერაციაში არ უცხოვრია და სასწავლო პროცესი გავლილი აქვს დისტანციურად, ამდენად, მითითებულ დოკუმენტს ვერ წარადგენს. (ტ.1. ს/ფ 124-125).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლით განსაზღვრულია ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის 26–ე მუხლის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა).
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ”საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
ზემოხსენებული კანონქვემდებარე აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში.
სასამართლოს მითითებით საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2009 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაცია, ქ--------------------–-----------------–---------–--------------–-–---------------------–-----------------------–---–------–-------–-------------------------------------–-----------ის მიერ მ-------------ის მიმართ, გაიცა დიპლომი 0------ მასზედ, რომ თ-----------------------------–----------ის სახელმწიფო საატესტაციო კომისიის 2009 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით მ-------------ს მიენიჭა იურისპუდენციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი იურისპუდენციის განხრით.
მ-------------ის 2016 წლის 26 დეკემბრის განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 04 იანვრის M---------------- წერილით მ-------------ისაგან მოთხოვნილ იქნა სწავლის პერიოდში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 10 აგვისტოს M----------------- წერილით მ-------------ისაგან მოთხოვნილ იქნა სწავლის პერიოდში (2005-2009 წლებში) რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი და თ-----------------------------–----------ის მიერ მ-------------ის სახელზე გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნებოდა ინფორმაცია პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების რაოდენობისა და პერიოდის თაობაზე.
მ-------------ის განცხადებით ცენტრს ეცნობა, რომ სასწავლო პროცესი გავლილი ჰქონდა დისტანციურად, რის გამოც მოთხოვნილ დოკუმენტაციას ცენტრში ვერ წარადგენდა.
საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
მოცემული დავის ფარგლებში უდავოა, რომ მ-------------მა 2005-2009 წლებში დისტანციური სწავლების ფორმით მიიღო უმაღლესი განათლება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით საქმის მასალებით დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ--------------ი 2005-2009 წლებში თანამადროვე ჰუმანიტარული აკადემიაში სწავლობდა დაუსწრებელი ფორმით, ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად. რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა მ-------------ის სახელზე გაცემული დიპლომის აპოსტილით დამოწმება, რითაც დადასტურდა დიპლომზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა და ბეჭდის ავთენტურობა.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 01 სექტემბრის M---------------- გადაწყვეტილებით, მ-------------ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე განცხადების განუხილველად დატოვება ეფუძნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს. აღნიშნული ნორმის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. აღნიშნული ნორმა დღეს მოქმედი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ნოემბრის №147/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე.
სასამართლომ მიუთითა ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განათლების მიღება არის ფაქტი, რომელიც ამა თუ იმ კვალიფიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლების შედეგად შეძენას გულისხმობს. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ამავე მუხლის ”ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება იმ სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, რაც არსებობდა განათლების მიღების პროცესში და არა შემდგომში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით. ამგვარი მიდგომა შესაძლოა გამართლებული იყოს თუ ნორმის ახლებური მოწესრიგება პირის უფლებათა რეალიზების უკეთესი საშუალებაა, ვიდრე ამას მანამდე არსებული ნორმის ფარგლები განაპირობებდა.
განსახილველ შემთხვევაში, მ-------------ის მიერ სწავლების დასრულების მომენტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი არ მოქმედებდა, ხოლო მისი ამოქმედების შემდეგ, პირველადი რედაქციით, დასახელებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებდა, რომ უმაღლესი განათლების აღიარების წინაპირობაა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, ცვლილებებამდე არსებული საკანონმდებლო თუ ნორმატიული აქტის შინაარსი არ გამორიცხავდა უცხოეთში სწავლების ამა თუ იმ ფორმით მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას.
სასამართლომ ასევე მიუთითა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძვანელო პრინციპებში ასახულ პრინციპებზე, კერძოდ: უმაღლეს განათლებაში სტუდენტთა და დაინტერესებულ მხარეთა ნდობის მოპოვება უნდა დაეფუძნოს და შენარჩნულებული იქნას ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური ღონისძიებების საშუალებით, რომლებიც იძლევიან იმის გარანტიას, რომ პროგრამები კარგად იქნება შექმნილი, რეგულარულად მოხდება მათი მონიტორინგი და პერიოდული შემოწმება. პროგრამებისა და დიპლომების ხარისხის უზრუნველყოფა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: სწავლების დაგეგმილი შედეგების შემუშავება და გამოქვეყნება; კურიკულუმებისა და პროგრამების შედგენისა და მათი შინაარსის მიმართ ყურადღებით მოპყრობა; სხვადასხვა სახის მიწოდების სპეციფიკური საჭიროებანი (მაგ. სრული დრო, ნახევარი დრო, დისტანციური სწავლება, ელექტორნული სწავლება) და უმაღლესი განათლების ტიპები (მაგ. აკადემიური, პროფესიული, პროფესიულ-ტექნიკური); სასწავლო რესურსების მისაწვდომობა; პროგრამების ოფიციალურად დამტკიცების პოცედურები იმ ორგანოს მიერ, რომელიც განსხვავდება იმისგან, ვინც ამ პროგრამით ასწავლის; სტუდენტების პროგრესისა და მიღწევების მონიტორინგი; პროგრამების პერიოდული შემოწმება (გარეშე წევრების გუნდის ჩათვლით) დამსაქმებელთა, შრომის ბაზრის წარმომადგენელთა და სხვა ორგანიზაციების მხრიდან რეგულარული რეაგირება. ცალკე ინიციატივა იქნა შემუშავებული ერთობლივად OECD-ს და UNUNESCO-ს მიერ. მათ შეიმუშავეს ხარისხის შეთავაზების სახელმძღვანელო პრინციპები საზღვრის იქითა უმაღლეს განათლებაში. ეს პრინციპები საბოლოო სახეს მიიღებს 2005 წელს, თუმცა მისი შექმნის პროეცესში გამოიკვეთა სხვაობა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის დარეგულირების საჭიროებისა იმ ფაქტთან, რომ არსებული ეროვნული ხარისხის უზრუნველყოფა აქცენტირებულია მხოლოდ შიდა მიწოდებაზე შიდა ინსტიტუტების მიერ. ამდენად, არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებისთვის ერთგვარი გამოწვევაა, რომ განავითარონ შესაფერისი მეთოდოლოგიები და მექანიზმები, რომლებიც ეროვნულ მომწოდებლებსა და პროგრამებთან ერთად მოიცავს უცხოელ მომწოდებლებს და ოცხოურ პროგრამებს იმ მიზნით, რომ მოხდეს სარგებლიანობის მაქსიმალიზაცია და შეიზღუდოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციით მიღებული პოტენციური ზარალი. OECD-UNESCO-ს სახელმძღვანელო პრინციპები ითვალისწინებენ, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებმა უზრუნველყონ, რომ მათი ხარისხის უზრუნველყოფის საქმიანობა ითვალისწინებდეს უცხოურ და სარგებელზე ორიენტირებულ ინსტიტუტებს/მომწოდებლებს, და აგრეთვე დისტანციურ სწავლებას და განათლების მიწოდების სხვა არატრადიციულ მოდელებს. თუმცა, სახელმძღვანელო პრინციპების შექმნის პროცესი აცნობიერებს, რომ უცხოელი მომწოდებლების მონაწილეობა, ნაციონალური სააგენტოების დასუსტების თავიდან ასაცილებლად, უმრავლეს შემთხვევაში მოითხოვს ეროვნულ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ცვლილებებს.
აქვე, სასამართლო mutatis mutandis მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივესრიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).
გარდა ყოველივე აღნიშნულისა, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტიც (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) აღიარებს განათლების უფლებას; კერძოდ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „C“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის ნიჭის საფუძველზე, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელების, და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით.
გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის აღნიშნული მუხლის 1999 წლის ზოგადი კომენტარის თანახმად, განათლების უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა დანარჩენი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს სამი სახის ვალდებულებას: ვალდებულებას - პატივი სცეს, ვალდებულებას - დაიცვას და ვალდებულებას - განახორციელოს განათლების უფლება. განხორციელების ვალდებულება კი, თავის მხრივ, მოიცავს ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულებებს.
პატივისცემის ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ ღონისძიებებისაგან თავის შეკავებას, რომლებიც ხელს უშლის ან აბრკოლებს განათლების უფლების რეალიზაციას. დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც ხელს უშლის მესამე პირების მიერ უფლების დარღვევას. განხორციელების (ხელშეწყობის) ვალდებულების ძალით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა ინდივიდებმა და საზოგადოებამ შეძლონ და გაუადვილდეთ განათლების უფლების რეალიზაცია. განხორციელების (უზრუნველყოფის) ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს განათლების უფლების რეალიზაცია მაშინ, როცა, მათი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცალკეულ ინდივიდებსა თუ საზოგადოებას არ შეუძლია განათლების უფლების თავად რეალიზაცია მათ ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით.
ამდენად, უდავოა, რომ მ-------------ის მიერ არჩეული სწავლების ფორმა - დისტანციური სწავლება აღიარებულია უმაღლესი განათლების მიღების პროცესში. თუმცა უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპები ასევე ითვალისწინებენ გარე მომწოდებლისათვის გარკვეული ნორმატიული ჩარჩოების დადგენას, მაგრამ ამგვარი შეზღუდვა უკვე დასრულებულ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება. მ--------------ს არ შეეძლო ევარაუდა სასწავლო კურსის დასრულებისა და კვალიფიკაციის მინიჭების შემდეგ გამოცემული ნორმატიული აქტისა და განსახორციელებელი ნორმატიული ცვლილებების შინაარსი, რაც გამორიცხავდა არჩეული სწავლების ფორმით განათლების მიღების შეუსაბამობის ვარაუდს. ამდენად, ალბათობა იმისა, რომ მ-------------ის მიერ დისტანციურად მიღებული განათლების აღიარება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, განათლების მიღების პროცესში არ არსებობდა. შესაბამისად, უკვე განხორციელებულ უფლებაზე - განათლების მიღების უფლებაზე, დღეს მოქმედი ნორმატიული დანაწესის გავრცელება, რაც ფაქტობრივად მიღებული განათლების უფლების შეზღუდვას (საქართველოს ფარგლებში) იწვევს, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ზოგად წესს, ასევე ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის დანაწესს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დისტანციური სწავლება არის სწავლების ფორმატი, რომელიც ამა თუ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაძლოა იყოს სწავლების ძირითადი ფორმა. დისტანციური სწავლება შექმნილია სპეციალურად სტუდენტისთვის ან სტუდენტთა ჯგუფისთვის, რომლებიც ტრადიციულ აუდიტორიაში ან კაბინეტში ფიზიკურად არ იმყოფებიან. ეს არის პროცესი, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის სწავლას, როდესაც ინფორმაციის წყარო და მიმღები ერთმანეთისგან დროით, სივრცით ან ორივე შემთხვევაში დაშორებულნი არიან. ამასთან, დისტანციური სწავლებისათვის სივრცის რაიმე სახით შეზღუდვა დაუშვებელია, ვინაიდან სწავლების ეს ფორმა სწორედ სწავლების ადგილისაგან მოშორებით სასწავლო კურსის გავლას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის „უ1“ ქვეპუნქტი განმარტავს ელექტრონული სწავლების შინაარსს, კერძოდ ელექტრონული სწავლება არის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და მასწავლებლის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება. ამავე კანონის 474 მუხლის თანახმად, ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის სტუდენტთან ან/და მასწავლებელთან კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისათვის და სხვა. ელექტრონული სწავლება ხორციელდება ასინქრონული ან/და სინქრონული კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება. ელექტრონული სწავლების პროგრამა აგებულია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მისი დაძლევის შემდეგ პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და გაიცემა ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ელექტრონული სწავლების პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება მხოლოდ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე, ამ კანონის VIII თავით დადგენილი წესით.
ამდენად, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა იცნობს ელექტრონული სწავლების ფორმას, რომელიც სტუდენტისა და მასწავლებლის დისტანცირების პირობებში სასწავლო პროგრამის განხორციელებას გულისხმობს. უდავოა, რომ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლებას სტუდენტი ღებულობს იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ეს დაწესებულება არის ავტორიზებული და გავლილი აქვს პროგრამული აკრედიტაცია. სასამართლომ არ გაიზიარა ის მოსაზრება, რომ სასწავლო დაწესებულების ქვეყნის გარეთ მიღებული განათლება ვერ ჩაითვლება უცხოეთში (ამ ქვეყანაში) მიღებულ განათლებად, ვინაიდან განათლების მიღება არის ფაქტი, რომელიც სასწავლო პროგრამის დაძლევის შედეგად კვალიფიკაციის მინიჭებას გულისხმობს. შესაბამისად, განათლება იმ ქვეყანაში მიღებულად ჩაითვლება, სადაც უშუალოდ ფუნქციონირებს სასწავლო დაწესებულება და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მაგალითისათვის, სასამართლომ პარალელი გაავლო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ელექტრონული სწავლების ფორმასთან. ამ შემთხვევაშიც, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები პირის მიერ ელექტრონული სწავლების ფორმით განათლების მიღების ადგილად ჩაითვლება სასწავლო დაწესებულების ფუნქციონირების ადგილი და არა განათლების მიმღები პირის ადგილსამყოფელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. განათლების მიღების ადგილს ასევე ადასტურებს თავად განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი დიპლომი, რომლის ერთ-ერთი სავალდებულო რეკვიზიტია ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი (უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის ”ნ” ქვეპუნქტი).
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლი ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლის მე-2-მე-5 მუხლების თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა). 4. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. 5. შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი, ისე მინისტრის ბრძანება ერთხმად ადგენს, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება უნდა განხორციელდეს ევროპის რეგიონებში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციით აღიარებული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით. ამასთან, არც მინისტრის ბრძანება და არც კანონი არ ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების აუცილებელ პირობად განათლების მიღების პერიოდში სტუდენტის შესაბამის ტერიტორიაზე ყოფნის აუცილებლობას.
ევროპის რეგიონებში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციით (ლისაბონი 1997წ) აღიარებულია, რომ განათლების უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი უფლება, ხოლო უმაღლესი განათლება, რომელიც წარმოადგენს ცოდნის გაფართოებისა და განვითარების გადამწყვეტ ფაქტორს, არის განსაკუთრებით ღირებული კულტურული და მეცნიერული მიღწევა, როგორც ყოველი ადამიანისათვის, ასევე საზოგადოებისათვის. ევროპის რეგიონში განათლების სისტემათა დიდი მრავალფეროვნება წარმოადგენს მისი კულტურული, სოციალური, პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური და ეკონომიკური მრავალფეროვნების ანარეკლს, რაც არის განსაკუთრებული მონაპოვარი და მოითხოვს ყოველმხრივ პატივისცემას. კონვენციის მიზანია, რომ მისცენ საშუალება მოცემული რეგიონის ყველა ადამიანს, სრულად გამოიყენოს ეს მრავალფეროვნების წყარო, ყოველი ქვეყნის მოქალაქისა და ყოველი მხარის სასწავლო დაწესებულების მოსწავლისათვის სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო რესურსებთან დაშვების გამარტივების გზით, რაც გამოიხატება იმაში, რომ მხარი დაუჭირონ მათ მცდელობას გააგრძელონ განათლება ან დაამთავრონ სწავლების პერიოდი სხვა ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებში, თვლიან რა , რომ ევროპის რეგიონის რომელიმე სხვა ქვეყანაში მიღებული სასწავლო კურსების, მოწმობების, დიპლომებისა და ხარისხების ცნობა არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, მიმართული მხარეებს შორის აკადემიური მობილურობის გაფართოების ხელშეწყობისაკენ.
კონვენციის თანახმად, უმაღლესი განათლება არის სწავლების კურსების ყველა სახეობა ან სწავლების კურსების ერთობლიობა, აგრეთვე სპეციალისტთა ან მკვლევართა მომზადება საშუალო განათლების შემდგომ დონეზე, რომელსაც ცნობენ მხარის შესაბამისი ორგანოები როგორც თავისი უმაღლესი განათლების სისტემის შემადგენელ ნაწილს. ამავე კონვენციის VI.1 კარის თანახმად, რადგან ცნობის გადაწყვეტილება ეფუძნება ცოდნასა და ჩვევებს, რაც დადასტურებულია უმაღლესი განათლების კვალიფიკაციით, ყოველი მხარე ცნობს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას, მინიჭებულს მეორე მხარის მიერ იმ შემთხვევების გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება.
ლისაბონის აღიარების კონვენციის კომიტეტის მეხუთე შეხვედრაზე მიღებული უცხოური კვალიფიკაციების შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ რეკომენდაციებით განიმარტა თუ როგორ უნდა იქნეს გამოვლენილი შესადარისი კვალიფიკაცია, ასევე როგორ უნდა დადგინდეს საფუძვლიანი განსხვავება კვალიფიკაციის გამცემი პროგრამის/(ების) და მიმღები ქვეყნის რელევანტური კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრმის(ების) ძირითად ელემენტებს შორის. ხსენებული რეკომენდაციების თანახმად, უცხოური კვალიფიკაციების აღიარებისას იმ ქვეყნის განათლების სისტემაში, სადაც ხდება აღიარების ძიება უნდა მოხდეს ისეთი კვალიფიკაციის იდენტიფიცირება, რომლიც არის უცხოური კვალიფიკაციის შესადარისი და იმ მიზნის გათვალისწინებით რისთვისაც ხდება აღიარების ძიება. განათლების უცხოურ სისტემას მიკუთვნებულ კვალიფიკაციასთან მიმართებაში კი შეფასებამ უნდა გაითვალისწინოს მისი ადგილი და ფუნქცია იმავე სისტემის კვალიფიკაციებს შორის. იქ სადაც შესაძლებელია, აღიარების უფლებამოსილი ორგანომ, როგორც შეფასების პროცესის ნაწილი, ასევე უნდა დაიმოწმოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩოები და სხვა მსგავსი კვალიფიკაციების ჩარჩოები. დაახლოებით თანაბარი დონის კვალიფიკაციებმა შეიძლება დაგვანახოს განსხვავებები შინაარსთან, პროფილთან, ხარისხთან და სწავლის შედეგებთან მიმართებაში. უცხოური კვალიფიკაციების შეფასებისას ეს განსხვავებები უნდა განვიხილოთ მოქნილი მიდგომით და მხოლოდ აღიარების მიზნებისათვის არსებულმა საფუძვლიანმა განსხვავებამ შეიძლება მიგვიყვანოს ნაწილობრივ აღიარებამდე (მაგ., აკადემიური ან დეფაქტო პროფესიული აღიარება) ან უცხოური კვალიფიკაციის არ-აღიარებამდე. უცხოური კვალიფიკაციების აღიარება უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევის გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების ჩვენება აღიარების მაძიებელ უცხოურ კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის სადაც ხდება აღიარების ძიება. ამ პრინციპების გამოყენებით შეფასებამ უნდა დაადგინოს: ა) არის თუ არა აღიარების მაძიებელ უცხოურ კვალიფიკაციისა და მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) რელევანტურ კვალიფიკაციის სწავლის შედეგებს შორის განსხვავება იმდენად საფუძვლიანი, რომ არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების შესაძლებლობას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა. (ბ) არის თუ არა აღიარების მაძიებელი უცხოური კვალიფიკაციისა და მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) რელევანტური კვალიფიკაციის შემდგომ საქმიანობაზე დაშვების (როგორიცაა, შემდგომი სწავლა, კვლევითი საქმიანობა და ხელსაყრელი დასაქმება) პირობებს შორის განსხვავება იმდენად საფუძვლიანი, რომ ის არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების საშუალებას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა. (გ) არის თუ არა კვალიფიკაციის გამცემი პროგრამის/(ების) და მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) რელევანტური კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრმის(ების) ძირითად ელემენტებს შორის განსხვავება იმდენად საფუძვლიანი, რომ ის არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების საშუალებას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა. პროგრამის ელემენტების შესადარობა უნდა გაანალიზდეს მხოლოდ სწავლის შედეგების შესადარობისა და განათლების შემდგომი საქმიანობაზე დაშვების თვალსაზრისით და არა როგორც აუცილებელი პირობა მისი საკუთარი უფლებებით აღიარებისათვის. (დ) უფლებამოსილმა ორგანომ შეძლო თუ არა იმის დოკუმენტირება, რომ კვალიფიკაციის გამცემი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და ინსტიტუციის ხარისხი იმდენად საფუძვლიანად განსხვავდება მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) მსგავსი კვალიფიკაციის გამცემი პროგრამისა ან/და ინსტიტუციის ხარისხიგან, რომ ის არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების საშუალებას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მ-------------ის სარჩელი მიიჩნია საფუძვლიანად და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 01 სექტემბრის M---------------- გადაწყვეტილება და უნდა დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-------------ის მიერ 2005-2009 წლებში რუსეთის ფედერაციის ქ--------------------------------------------–---------აში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით ,,სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.“
აღნიშნული საერთაშორისო აქტებით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, თუმცაღა მათ არ შეუსაბამა შესაბამისი სამართლებრივი ნორმები. აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება არსებითად დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილების მსჯელობა აცდენილია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდგომ შესაბამისი ნორმათა შეფარდების პროცესთან. აღნიშნულით კი, უხეშად დაირღვა ზემოაღნიშნული საერთაშორისო აქტის მითითებული ნორმის მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
აპელანტის განმარტებით პირველი ინსტანციის სასამართლო უთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე. რომლის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა). სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ მითითებით აღნიშნული ნორმის. თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალიწინა ზემოაღნიშნული ნორმის ,,ბ" ქვეპუნქტი. ვინაიდან, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება შეუძლებელია უცოხეთში მიღებული განათლების აღიარება. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას, როდესაც სტუდენტი არ იმყოფება საგანმანათლებლო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" (შემდგომში - წესი) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე. აღნიშნული მუხლი განმარტავს, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება. კერძოდ, ,,უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში".
სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში უთითებს ყველა იმ ნორმაზე, რომელთა შესაბამისადაც ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ცენტრის მიერ გამოცემული აქტით არ მოხდარა უცხოეთში მიღებული განათლების არ აღიარება. ცენტრმა არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამო მოსარჩელეს უარი უთხრა განცხადების განხილვაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ასევე, წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ცენტრმა მიმართა მ-------------ს 2017 წლის 10 აგვისტოს №------ წერილით და ითხოვა ცენტრში წარმოედგინა მის მიერ სწავლის პერიოდში (2005-2009 წწ.) რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი და თ-----------------------------–---------ის მიერ მის სახელზე გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნებოდა ინფორმაცია პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების რაოდენობისა და პერიოდის თაობაზე. 2017 წლის 25 აგვისტოს №------ განცხადებით ცენტრს მან აცნობა, რომ ვერ წარმოდგენდა ზემოაღნიშნულ მოთხოვნილ დოკუმენტს, ვინაიდან დაწესებულებაში იყო არდადაგები.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ აღნიშნული კორესპონდენციის მიუხედავად 3.1.3 პუნქტით დადგენილად მიიჩნია, ის გარემოება, რომ მ-------------ის განცხადებით ცენტრს ეცნობა, რომ სასწავლო პროცესი გავლილი ჰქონდა დისტანციურად, რის გამოც მოთხონილ დოკუმენტაციას ცენტრში ვერ წარადგენდა. აღნიშნული სახის განცხადებით მ-------------ს ცენტრისათვის არ მოუმართვას. მოსარჩელემ სასამართლო პროცესზე დაადასტურა მოცემული ინფორმაცია. შესაბამისიად, სასამართლოს უნდა ემსჯელა და გადაწყვეტილება მიეღო იმ აქტის ფარგლებში რაც იყო გამოცემული ცენტრის მიერ.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, დაუსაბუთებული და არარელევანტურია სასამართლოს მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებულ განათლების უფლებაში არამართლზომიერ ჩარევასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, ცენტრის მიერ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების განხორციელებისას, მით უფრო, განათლების აღიარების პროცედურის განხორციელებისას, ვერ იქნება სახეზე კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ცხადია, სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით და ეს მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. აპელანტის მითითებით, სასამართლომ ამ ნორმის განმარტებისას უგულებელყო ნორმის მე-2 და მე-4 პუნქტები, რომლის თანახმადაც, გადამწყვეტია სახელმწიფოს როლი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მყოფი საგანმანათლებლო სისტემის შექმნის პროცესში. განათლების სისტემა სოციალური სისტემის განუყოფელი ნაწილია. ეს ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაშიც, რომლის მიხედვით, ,,განათლების სისტემა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს განუყოფელი ელემენტია, მისი შექმნა კი უმაღლესი დონის ლეგიტიმური მიზანი” (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის № 2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე მაია ნათენაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ).
საგულისხმოა, რომ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ სწრაფვა ეჭქვეშ დადგებოდა მისი ხარისხის განვითარების მექანიზმების არსებობის გარეშე. საამისოდ მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება კი, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89 /ნ ბრძანების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-2 მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს ცენტრს.
აპელანტს მიაჩნია, რომ კონკრეტული პირის განათლების უფლებაზე აპელირება დაუშვებელია თავად საგანმანათლებლო სისტემის, მისი ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების უგულებელყოფის საპირწონედ. მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში, ცენტრს არ განუხორციელებია არამართლოზმიერი ჩარევა მოსარჩელის განათლების უფლებით დაცულ სფეროში.
სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში უთითებს ნორმატიული აქტების შესახებ, საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. სასამართლოს განმარტებით, "პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება იმ სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, რაც არსებობდა განათლების მიღების პროცესში და არა შემდგომში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით." სასამართოს აღნიშნული განმარტება და მითითება კანონის უკუძალაზე საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებულია. ვინაიდან, ცენტრის მიერ აქტის გამოცემისას არ დარღვეულა ზემოაღნიშნული კანონი.
აპელანტის განმარტებით, გაუგებარია, სასამართლოს მსჯელობა ზემოაღნიშნულ ნორმებთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრის აქტი არ შეეხებოდა უცხოეთში მიღებული განათლების აღარებაზე უარს. ცენტრმა დამატებითი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განუხილველად დატოვა მ-------------ის განცხადება.
აპელანტის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ (ESG). თუმცა სასამართლო მხოლოდ შემოიფარგლა აღნიშნული სტანდარტების მითითებით. სასამართლოს არ განუმარტავს ის მიზნები, რასაც ისახავს აღნიშნული სტანდარტები და პრინციპები. კერძოდ, ESG განსაზღვრავს კრიტერიუმებს ევროპულ დონეზე, რომლის საფუძველზეც ხდება ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებისა და მათი საქმიანობის შეფასება.
ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები სამ ნაწილადაა გაყოფილი:
- ხარისხის შიდა უზრუნველყოფა
- ხარისხის გარე უზრუნველყოფა
- ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოები
ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ნაწილები მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული და სამივე ერთად ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ჩარჩოს საფუძველს ქმნის. ნაწილი 2, ხარისხის გარე უზრუნველყოფა, აღიარებს ხარისხის შიდა უზრუნველყოფის სტანდარტს, რომელიც პირველ ნაწილშია მოცემული და ამით უზრუნველყოფს დაწესებულების მიერ განხორციელებული შიდა საქმიანობის პირდაპირ რელევანტურობას ხარისხის გარე უზრუნველყოფასთან. აღნიშნულის მსგავსად, მესამე ნაწილი იმოწმებს მეორე ნაწილს. ამდენად, ეს სამი ნაწილი, როგორც უსდ-ებში, ასევე სააგენტოებში ურთიერთზე დამატებით ფუნქციონირებს და ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ ამ ჩარჩოში სხვა დაინტერესებულ მხარესაც შეაქვს თავისი წვლილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამივე ნაწილი უნდა წავიკითხოთ, როგორც ერთი მთლიანობა.
მოცემული სახელმძღვანელოს მიხედვით განათლების აღიარების შესაბამისი პროცედურები ეფუძნება: - აღიარების ინსტიტუციურ გამოცდილებას, რომელიც შესაბამისობაშია ლისაბონის აღიარების კონვენციასთან (ლისაბონის კონვენციის VI.1 კარის მიხედვით კი, ყოველი მხარე ცნობს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას, მინიჭებულს მეორე მხარის მიერ იმ შემთხვევის გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება. მოცემულ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასა და საქართველოს კანონმდებლობას შორის არსებობს საფუძვლიანი განსხვავება. რუსეთის ფედერაცია ცნობს დისტანციური ფორმით მღებულ განათლებას, როდესაც სტუდენტი არ იმყოფება საგანმანათლებლო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს ამ ფორმით მიღებულ განათლებას. ამდენად, ცენტრი რუსეთის კანონმდებლობით ვერ იხელმძღვანელებს. ცენტრი ხელმძღვანელობს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით. კანონმდებლობა კი, არცერთ ეტაპზე არ ცნობდა და არ ცნობს ასეთი ფორმით მიღებულ განათლებას); - თანამშრომლობს სხვა დაწესებულებებთან, ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსა და ENIC/NARIC ეროვნულ ცენტრთან, რათა ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს აღიარების შეთანხმებული პროცედურები და კრიტერიუმები.
დაწესებულებამ უნდა განახორციელოს თავისი პროგრამების მონიტორინგი და პერიოდული შეფასება, რათა უზრუნველყოს დაგეგმილი მიზნების მიღწევა და რეაგირება მოახდინოს სტუდენტებისა და საზოგადოების საჭიროებებზე. შეფასებამ უნდა გამოიწვიოს პროგრამების უწყვეტი გაუმჯობესება. ამ პროცესის შედეგად დაგეგმილი ან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა უნდა ეცნობოს ყველა შესაბამის მხარეს. საგანმანათლებლო პროგრამების რეგულარული მონიტორინგის, შეფასებისა და რევიზიის მიზანია პროგრამის სათანადოდ განხორციელების უზრუნველყოფა და სტუდენტების მხარდამჭერი და ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა. ის მოიცავს ისეთი საკითხების შეფასებას როგორიცაა:
- საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს უახლეს კვლევებს მოცემულ დისციპლინაში და უზრუნველყოფს პროგრამის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობას;
- საზოგადოების ცვალებადი საჭიროებები;
- სტუდენტების სასწავლო დატვირთვა, პროგრესია და პროგრამის დასრულება;
- სტუდენტების შეფასების პროცედურების ეფექტურობა;
- საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებაში სტუდენტების მოლოდინები, საჭიროებები და კმაყოფილება;
- სასწავლო გარემო და სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისები და მოცემული პროგრამის მიზნებთან მათი შესაბამისობა.
პროგრამების შეფასება და რევიზია ხორციელდება პერიოდულად სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. ხდება მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და პროგრამის მოდიფიცირება/ადაპტირება მისი განახლების უზრუნველსაყოფად. განახლებული პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას.
დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს პროგრამის ისეთი გზით მიწოდება, რაც წაახალისებს სტუდენტებს შეასრულონ აქტიური როლი სასწავლო პროცესის ჩამოყალიბებაში. ამასთან, სტუდენტების შეფასებამ უნდა ასახოს ეს მიდგომა. სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა და სწავლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტის მოტივაციის, თვით-რეფლექციისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის სტიმულირებაში. ეს ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება, ასევე შედეგების შეფასება განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით უნდა განიხილებოდეს. (მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას. რაც ავტომატურად გამორიცხავს ამ ფორმით მიღებული განათლების ხარისხის შეფასების და კონტროლის საკითხს. შესაბამისად, ის სტანდარტები და მოთხოვნები რაც გათვალისწინებულია ამ სახელმძღვანელოს მიხედვით ვერ შესრულდება).
აღსანიშნავია, რომ საქართველო ხელმძღვანელობს აღნიშნული სტანდარტებისა და პრინციპების შესაბამისად. ზრუნავს განათლების სფეროში ხარისხის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს და მითითებებს რაც საერთაშორისო კანონმდებლობით აქვს ნაკისრი. სწორედ ამ მითითებების საფუძველზე ცენტრი ახორციელებს საქმიანობას და მისი მიზანია ხარისხიანი განათლების მიღების უფლება განამტკიცოს ქვეყანაში. ხოლო, სასამართლოს ამგვარი განმარტებები დისტანციური ფორმით მიღებული განათლების დასაშვებობასთან დაკავშირებით, ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის განათლების ხარისხის უზრუნველყოფას. აღნიშნული გადაწყვეტილებები საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტეგრაციის ხელშეწყობას და მათ მიმართ ნდობის ამაღლებას უშლის ხელს. ვინაიდან, ამგვარი გადაწყვეტილებების ძალაში შესვლა განაპირობებს ლისაბონის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას. რაც თავის მხრივ საერთაშორისო დონეზე საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისადმი იწვევს ნდობის დაკარგვას.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული და გამოყენებული „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-13 მუხლი, რომლის თანახმადაც, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემა.
სასამართლო არ ასაბუთებს თუ რაში გამოიხატა ცენტრის მხრიდან „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ ან მისი ზოგადი კომენტარში განსაზღვრული დებულებების დარღვევა, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის დარღვევა. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ საერთაშორისო აქტების ციტირებით, მისი ფორმალური მითითებით და ამ ნორმათა ცოდნის დემონსტრირებით.
შეუძლებელია ცენტრის აქტი არღვევდეს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს“ და ზღუდავდეს კონკრეტული პირის, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის უფლებას მიიღოს განათლება. მათთვის არავის აუკრძალავს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების მიღების უფლება. ამასთან, ცენტრს არ უგულებელყვია და არ გაუბათილებია მათ მიერ უკვე მიღებული სწავლის შედეგები, არამედ ცენტრმა თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით უარი უთხრა განცხადების განხილვაზე.
აპელანტის მითითებით, გაუგებარია ცენტრი, როგორ უნდა პროვოცირებდეს მესამე პირთა ჩარევას მოსარჩელის განათლების უფლების რეალიზაციაში. თუ განათლების უფლების ხელშეშლასა და დაბრკოლებაში სასამართლო საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" არსებობასა და მის პრაქტიკაში რეალიზებას მოიაზრებს, ამგვარი განმარტება ზიანს მიაყენებს განათლების სისტემას.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო პრაქტიკულად უგულებელყოფს და ეჭვქეშ აყენებს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს. სასამართლო ვერ უთითებს, თუ რომელი კანონის მოთხოვნა აქვს დარღვეული ცენტრს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას. სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება, არასდროს დამდგარა კითხვის ქვეშ და ცენტრს იგი სადავოდ არ გაუხდია.
ყოველივე ზემოაღნიშნული ნორმის მიუხედავად, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული ელექტრონული სწავლების ფორმა. აგრეთვე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,როგორც უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, ისე მინისტრის ბრძანება ერთხმად ადგენს, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება უნდა განხორციელდეს ევროპის რეგიონებში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციით აღიარებული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით. ამასთან, არც მინისტრის ბრძანება და არც კანონი არ ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების აუცილებელ პირობად განათლების მიღების პერიოდში სტუდენტის შესაბამის ტერიტორიაზე ყოფნის აუცილებლობას". (იხ.გადაწყვეტილება, გვ. 13-14).
აღსანიშნავია, რომ ამგვარ დაშვებას არ იცნობს არცერთი საკანონმდებლო ნორმა და სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება აცდენილია მოქმედ კანონმდებლობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველის ოქტომბრის № 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" (შემდგომში - წესი), რომელიც წარმოადგენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების სპეციალურ მარეგულირებელ ნორმატიული აქტს, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განალების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი მათ შორის უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისათვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
გაუგებარი და დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა დისტანციური სწავლების ფორმის შინაარსთან მიმართებაში იმ პირობებში, როდესაც ზოგადად საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს უმაღლესი განათლების დისტანციური ფორმით მიღების შესაძლებლობას.
სასამართლო აღნიშნულ გარემოებათა შეფასებისას ასევე არ იღებს მხედველობაში „ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის შესახებ“ 1997 წლის ლისაბონის კონვენციით დადგენილი წესს, რომლის შესაბამისადაც. ზემოაღნიშნული კონვენციის VI.1 კარის თანახმად, „ყოველი მხარე ცნობს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას, მინიჭებულს მეორე მხარის მიერ იმ შემთხვევის გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლო ეჭვქვეშ აყენებს იმ გარემოებას, რომ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სადავო გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ კვალიფიკაციის გამცემი პროგრამის/(ების) და მიმღები ქვეყნის რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამის(ების) ძირითად ელემენეტებს შორის ,,საფუძვლიანი განსხვავება", როგორც საკითხის გადაწყვეტის აუცილებელი პირობა, ცენტრმა სათანადოდ არ შეაფასა (იხ.გადაწყვეტილება, გვ.15).
საგულისხმოა, რომ ცენტრს საერთოდ არ შეუფასებია აღნიშნული გარემოება გასაჩივრებულ აქტში. შესაბამისად, სასამართლოს მითითება მოცემულ საკითხთან დაკავშრებით უსაფუძვლოა.
აპელანტის მითითებით, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის „უ(1)“ ქვეპუნატის თანახმად, განმარტებულია ელექტრონული სწავლების შინაარსი, კერძოდ ელექტრონული სწავლება არის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და მასწავლებლის ერთდროულად ყოფნას.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობაში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. ამასთან შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
სწორედ ასევეა დადგენილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მეორე მუხლის პირველი პუნქტით, რომ ცენტრი, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისას, ხელმძღვანელობს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.“ საქართველოში უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედ საკანონმდებლო აქტს წარმოადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ კანონი“. უმაღლესი განათლების აღიარებას ცენტრი ახდენს N98/ნ ბრძანებით დადგენილი რეგულაციების, „უმაღლესი განათლების შესახებ კანონისა“ და „ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის შესახებ“ 1997 წლის ლისაბონის კონვენციით დადგენილი წესების შესაბამისად. ზემოაღნიშნული კონვენციის VI.1 კარის თანახმად, „ყოველი მხარე ცნობს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას, მინიჭებულს მეორე მხარის მიერ იმ შემთხვევის გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება“. „უმაღლესი განათლების შესახებ“, საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ(1)“ ქვეპუნქტის თანახმად კი: „ელექტრონული სწავლება არის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და მასწავლებლის ერთდროულად ყოფნას“. საქართველოს კანონმდებლობა დისტანციურად უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის. წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. შესაბამისად, იმ პირთა მიერ დისტანციურად მიღებული უმაღლესი განათლება, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ არ მონაწილეობენ სასწავლო პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში, ვერ აღიარდება როგორც უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლება.
უცხოური კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენისას, ცენტრი მხედველობაში იღებს სტუდენტის სასწავლო საქმიანობას და მის შედეგად მიღწეული სწავლის შედეგებს. ცენტრი მიიჩნევს, რომ თავსებადობის დადგენისათვის შესაძლებელი უნდა იყოს სტუდენტის მიერ უცხოეთის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შედარება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს ლეგიტიმური საფუძველი დასკვნისათვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სახეზე არ არის აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალური და ფორმალური კანონიერების წინაპირობების დაცვით.
ცენტრი არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვერ შეძლებს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან მისი საქმიანობა ეფუძნება მხოლოდ კანონს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც გახდებოდა მისი უკანონოდ ცნობის საფუძველი. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ცენტრს უნდა დაედგინა კვალიფიკაციის გამცემი პროგრამის(ების) და მიმღები ქვეყნის რელევანტური კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრამის(ების) ძირითად ელემენტებს შორის „საფუძვლიანი განსხვავება“, როგორც საკითხის გადაწყვეტის აუცილებელი პირობა, თითქოს არ შეუფასებია. თუმცა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ცენტრმა გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-------------ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, გამოთხოვილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო. მას ცენტრისათვის არ უცნობებია განცხადებით, რომ განათლება მიღებული ჰქონდა დისტანციური ფორმით.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოკლებულია შესაძლებლობას განსხვავებულად განმარტოს საქმის იგივე გარემოებები და შეაფასოს ისინი. ისევე როგორც სასამართლო, ცენტრიც შებოჭილია კანონმდებლობით, მისი საქმიანობის საფუძველია კანონიერების პრინციპის დაცვა, რაც გამორიცხავს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა ის, რაც სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით კანონის უგულვებელყოფის ტოლფასია.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 01 სექტემბრის N---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის მ-------------ის მიერ 2005-2009 წლებში რუსეთის ფედერაციის ქ--------------------------------------------–---------აში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2009 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაცია, ქ. მოსკოვის უმაღლესი პროფესიული განათლების არასახელმწიფო აკრედიტებული კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების თ-----------------------------–----------ის მიერ მ--------------ზე გაიცა დიპლომი 0------ მასზედ, რომ თ------------------------------–----------ის სახელმწიფო საატესტაციო კომისიის 2009 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით მ-------------ს მიენიჭა იურისპუდენციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი იურისპუდენციის განხრით. (ტ.1.ს/ფ 16-25).
2016 წლის 26 დეკემბერს მ-------------მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება. (ტ.1.ს/ფ 64-66).
მ-------------ის 2016 წლის 26 დეკემბრის განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 04 იანვრის M---------------- წერილით მ-------------ისაგან მოთხოვნილ იქნა სწავლის პერიოდში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 1---------------------------------- წერილით მ-------------ისაგან მოთხოვნილ იქნა სწავლის პერიოდში (2005-2009 წლებში) რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი და თ-----------------------------–----------ის მიერ მ-------------ის სახელზე გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნებოდა ინფორმაცია პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების რაოდენობის და პერიოდის თაობაზე.
მ--------------ის განცხადებით ცენტრს ეცნობა, რომ სასწავლო პროცესი გავლილი ჰქონდა დისტანციურად. (ტ.1. ს/ფ 35-36, 74, 76).
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის 31 მაისს M---------------- მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მ-------------ის განათლების შესახებ ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ-------------ი 2005-2009 წლებში თ-----------------------------–---------აში სწავლობდა დაუსწრებელი ფორმით, ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად. (ტ.1. ს/ფ 37-38, 90).
2017 წლის 31 ივლისს მ-------------მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, წარადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ აპოსტილით დამოწმებული დიპლომი, რითაც დადასტურდა დიპლომზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა და ბეჭდის ავთენტურობა, რის საფუძველზეც მოითხოვა მისივე №------- განცხადებაზე წარმოების განახლება. (ტ.1. ს/ფ 108-118).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 20 სექტემბრის M---------------- ცნობის მიხედვით, პოლიციის კაპიტანი მ-------------ი მუშაობს შსს ს-------–--------–-–---------------------------------------------------–---------–--------–-–----------------–---------------------------–--------–-–-----------------–-----------------ის თანამდებობაზე. (ტ.1. ს/ფ 26).
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 01 სექტემბრის M---------------- გადაწყვეტილებით, მ-------------ის განცხადება მის მიერ 2005-2009 წლებში რუსეთის ფედერაციის ქ--------------------------------------------–---------აში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ მ-------------ის მიერ არ ყოფილა წარდგენილი სწავლის პერიოდში მის მიერ რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი და თ-----------------------------–----------ის მიერ მ--------------ის სახელზე გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნებოდა ინფორმაცია პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების რაოდენობისა და პერიოდის თაობაზე.
მ-------------მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მას სწავლის პერიოდში რუსეთის ფედერაციაში არ უცხოვრია და სასწავლო პროცესი გავლილი აქვს დისტანციურად, ამდენად, მითითებულ დოკუმენტს ვერ წარადგენს.
სააპელაციო სასამართლო წინამდებარე დავის გადაწყვეტის თვალსაზრისით მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილი ადგენს: ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველზე, რომელზე დაყრდნობითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე და მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში - არსებული რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ნოემბრის №147/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე.
რაც შეეხება მანამდე მოქმედ ნორმებს ადგენდა, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში შეიძლება წარდგენილ იქნეს საგანმანათლებლო დოკუმენტი ან მისი ასლი, როგორც აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, ასევე მის გარეშე; ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე უცხოეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული ის პირები, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა„ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას დაურთავენ მიღებული განათლების დამადასტურებელ მათ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს ან/და მიუთითებენ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე განცხადება შესაძლებელია შეიცავდეს დაინტერესებული პირის დადასტურებას საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის შესახებ; დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განაცხადი უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს; საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
არსებულ პირობებში სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიუთითებს, რომ მ-------------ის მიერ სწავლების დასრულების მომენტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი არ მოქმედებდა, ხოლო მისი ამოქმედების შემდეგ 2016 წლის ცვლილებებამდე არსებული საკანონმდებლო თუ ნორმატიული აქტის შინაარსი არ გამორიცხავდა უცხოეთში სწავლების ამა თუ იმ ფორმით მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას. შესაბამისად, უკვე განხორციელებულ უფლებაზე - განათლების მიღების უფლებაზე, დღეს მოქმედი ნორმატიული დანაწესის გავრცელება, რაც ფაქტობრივად მიღებული განათლების უფლების შეზღუდვას (საქართველოს ფარგლებში) იწვევს, არ შეესაბამება ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის დანაწესს, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლის ზოგად წესს, რაშიც სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს.
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის შესაბამისად: დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რაც შეეხება განმარტებას, თუ რა მოიაზრება კვალიფიკაციაში, აღნიშნულია ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტში, რომელიც განსაზღვრავს, რომ კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით;
მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლო ადასტურებს, რომ განათლების მიღება არის ფაქტი, რომელიც სასწავლო პროგრამის დაძლევის შედეგად კვალიფიკაციის მინიჭებას გულისხმობს. შესაბამისად, განათლება იმ ქვეყანაში მიღებულად ჩაითვლება, სადაც უშუალოდ ფუნქციონირებს სასწავლო დაწესებულება და მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. განათლების მიღების ადგილს ასევე ადასტურებს თავად განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი დიპლომი, რომლის ერთ-ერთი სავალდებულო რეკვიზიტია ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი (უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი).
ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობდა მ-------------ის განცხადების იმ მოტივით განუხილველად დატოვების საფუძველი, რომ მ-------------მა ვერ წარადგინა სწავლის პერიოდში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულება.
მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ ნაწილში ფაქტობრივად სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს, თვლის, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ არ მომხდარა მ-------------ის განცხადების არსებითად განხილვა, შესაბამისად, ცენტრის მსჯელობა არ შეხებია უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობას, რისი წინამდებარე დავის ფარგლებში განხილვა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სცდება სასამართლო კომპეტენციის ფარგლებს.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას ადგენს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად.
,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული §1 დანართის მე-6 მუხლის მე-2-მე-5 მუხლების თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა). 4. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. 5. შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
როგორც ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების პროცესი მოიცავს ორ საფეხურს, რა დროსაც, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი ახდენს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას, ხოლო მეორე ეტაპი უკავშირდება უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობის განსაზღვრასთან, რა დროსაც ხდება სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
სააპელაციო სასამართლო თვლის, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა მხოლოდ მ-------------ის მიერ მიღებული განათლების ფორმის შესაბამისობაზე და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს არ დაუდგენია უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით განმსაზღვრელი - კვალიფიკაციის თავსებადობა, სასამართლო, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემოწმების ეტაპზე, არ არის უფლებამოსილი დავის საგანზე მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება, რა თვალსაზრისითაც სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვლის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საკითხის ხელახლა გამოკვლევა და მ-------------ის მიერ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის თავსებადობის დადგენა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი სასამართლომ გამოიყენოს მისთვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს სათანადო ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საპროცესო ხარჯები:
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ განთლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. მ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ბათილად იქნას ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 01 სექტემბრის M---------------- გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს მ-------------ის მიერ (2004-2009 წლებში) რუსეთის ფედერაციის ქ--------------------------------------------–---------აში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საკითხის განხილვა.
4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მ-------------ის სასარგებლოდ გადახდეს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე
გელა ბადრიაშვილი