განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2018
საქმის ნომერი
030100117002081462
ინსტანცია
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 030100117002081462

საქმე №1/ბ-30-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე

ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის – ლევან ტაბიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ფ--–--- ჯ--–--------ს

გამართლებულის _ ვ--–----- კ-----–--–---–ის

ადვოკატის – ზ---- კ--------–--ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის _ ფ--–--- ჯ--–--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ვ--–----- კ-----–--–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–--------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ცოლშვილიანის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ-------–--------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ--–----- კ-----–--–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ვ--–----- კ-----–--–---–ი 2017 წლის 02 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2017 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ვ--–----- კ-----–--–---–მა ქ-------–---------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს – მ--- კ-----–--–---–ს მარცხენა მკლავზე ერთხელ დაარტყა ჩაქუჩი, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

ზემოაღნიშნულის გამო ვ--–----- კ-----–--–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ბრალდებული ვ--–----- კ-----–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ვ--–----- კ-----–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა. ასევე გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით ვ--–----- კ-----–--–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის შესაბამისად დაწესებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდა საქმის გამომძიებლისათვის ჩაბარებული პასპორტი და პირადობის მოწმობა.

 

გამართლებულ ვ--–----- კ-----–--–---–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ _ ფ--–--- ჯ--–--------მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ვ--–----- კ-----–--–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

უდავოდ დადგენილია, რომ ვ--–----- კ-----–--–---–მა დაზარალებულს ჩაქუჩი დაარტყა მხოლოდ თავისი მეუღლის თანდასწრებით. ამ უკანასკნელმა, მართალია, გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა აღნიშნული ფაქტი, მაგრამ სასამართლოში გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ასეთ მოცემულობაში, დარჩა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება – დაზარალებულის ჩვენება, რომლითაც დასტურდება ვ--–----- კ-----–--–---–ის მიერ მ--- კ-----–--–---–ზე ჩაქუჩის დარტყმის ფაქტი. თუმცა მტკიცებულებები უნდა ფასდებოდეს არა სიმრავლით, არამედ სამართლებრივი წონით. შესაძლებელია მტკიცებულების უტყუარობის შესაფასებლად არ მოიპოვებოდეს სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მაგრამ თუკი მოიპოვება სხვა, ერთი ან რამდენიმე არაპირდაპირი მტკიცებულება, რომლებიც მის უტყუარობას ადასტურებენ და, ამასთან, ისინი ეჭვს არ იწვევენ მათი სანდოობის თვალსაზრისით, მაშინ ეს სავსებით საკმარისია ასეთი მტკიცებულების სარწმუნოდ მიჩნევისათვის. მ--- კ-----–--–---–ის ჩვენებები სრულ თანხვედრაში იყო ყველა მტკიცებულებასთან, რაც საბოლოო ჯამში ქმნიდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. მით უფრო, რომ დაზარალებულ მ--- კ-----–--–---–ის ჩვენების ან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ დაცვის მხარეს არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მ--- კ-----–--–---–მა დეტალურად და გულწრფელად აღწერა ვ--–----- კ-----–--–---–ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედება. დაზარალებულის ჩვენების უტყუარობა დასტურდება 112-ის შეტყობინებით, გამომძიებელ ხ------- შ--------ს და ექიმ თემურ ლ-----ის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ შ----- თ------ის ჩვენებით და ასევე თვით ვ--–----- კ-----–--–---–ის ჩვენებითაც, რომელმაც დაზარალებულის მიერ გადმოცემული ყველა ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა, გარდა ერთი გამონაკლისისა, რომელიც შეეხება ჩაქუჩის დარტყმას.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ფ--–--- ჯ--–--------მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა ვ--–----- კ-----–--–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---- კ--------–--მ ითხოვეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა ვ--–----- კ-----–--–---–ის მიერ თავისი შვილის _ მ--- კ-----–--–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი, კერძოდ:

 

ბრალდებულმა ვ--–----- კ-----–--–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და კატეგორიულად უარყო მ--- კ-----–--–---–ისთვის ჩაქუჩის დარტყმის ფაქტი. მის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა დაზარალებულ მ--- კ-----–--–---–ისა და ფაქტის შემსწრე ერთადერთი მოწმის, ს---–---- კ-----–--–---–ის (დაზარალებულის დედის) მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს, რომელთა თანახმად, 2017 წლის 21 ივლისს, ვ--–----- კ-----–--–---–მა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ--- კ-----–--–---–ს მარცხენა მკლავზე დაარტყა ჩაქუჩი. ანალოგიური დაადასტურა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა მ--- კ-----–--–---–მა, ხოლო მოწმე ს---–---- კ-----–--–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის – ვ--–----- კ-----–--–---–ის დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს ს---–---- კ-----–--–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ დაზარალებულ მ--- კ-----–--–---–ის ჩვენება საკმარისი არ არის ვ--–----- კ-----–--–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდა დაზარალებულის მიერ მითითებული გარემოებების რეალობაში დარწმუნების საშუალებას. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კრიტერიუმს და იგი საფუძვლად ვერ დაედება ვ--–----- კ-----–--–---–ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტის მტკიცებას.

 

რაც შეეხება მოწმეების _ გამომძიებელ ხ------- შ--------ს და ექიმ-ტრავმატოლოგის, თემურ ლ-----ის ჩვენებებს, ისინი პირადად არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს და გადმოსცემენ მათთვის მ--- კ-----–--–---–ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რის გამოც მიჩნეული ვერ იქნებიან ფაქტის დამადასტურებელ დამატებით მტკიცებულებებად და, შესაბამისად, მტკიცებულებათა ერთობლიობად. ამასთან, აღნიშნული ჩვენებები თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის მიხედვით, დაზარალებულ მ--- კ-----–--–---–ს აღენიშნებოდა მარცხენა წინამხრის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა და კანქვეშა ჰემატომა მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში, ლატერალურ ზედაპირზე. ამავე დასკვნის თანახმად, დაჟეჟილობა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თვალსაზრისით არ წარმოადგენს მექანიკური დაზიანების ობიექტურ ნიშანს, ხოლო დაზიანება კანქვეშა ჰემატომის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. პალატა პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული არ არის დაზიანებების ხანდაზმულობა, ამასთან, იგი იძლევა ინფორმაციას მხოლოდ დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ და შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულება ვერ ადასტურებს დაზარალებულისთვის ამ დაზიანებების ვ--–----- კ-----–--–---–ის მიერ მიყენების ფაქტს.

 

სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვ--–----- კ-----–--–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ „ინ დუბიო პრო რეო“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ვ--–----- კ-----–--–---–ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. შესაბამისად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი ვ--–----- კ-----–--–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის, ფ--–--- ჯ--–--------ს მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის, ფ--–--- ჯ--–--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენი ვ--–----- კ-----–--–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ვ--–----- კ-----–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.ვ--–----- კ-----–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გამოყენებული ვალდებულებები გაუქმებულია.

 

5.გამართლებულ ვ--–----- კ-----–--–---–ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/