განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100119002828729
საქმე №1/ბ-361-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ნ---------ს ძე კ---------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ნ----------------------;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ დ----- კ---------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 დეკემბერს ქუთაისი, ნ----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, დ----- კ---------ე დედას დ-------- ბ-–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განაჩენით დ----- კ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ მოსახდელად სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ--------------–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განაჩენში დ----- კ---------ის მიმართ და მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებული, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა დანაშულის ხასიათი, მოსალოდნელი საფრთხეები და დ. კ---------ეს განუსაზღვრა შეუსაბამო სასჯელი.
მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ----- კ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ----- კ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ დ-------- ბ-–--ის, მოწმე ნ-------- კ---------ის გამოკითხვის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ დ----- კ---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ დ----- კ---------ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, პალატას მიაჩნია, რომ დ----- კ---------ის მიმართ ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელი სამართლიანია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, მსჯავრდებულ დ----- კ---------ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
დ----- კ---------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ დ----- კ---------ის მიმართ დანიშნული ჯარიმის აღსრულება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე