განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
330100114567524
ინსტანცია
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100114567524

საქმე №1ბ/132-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

სოფიკო კაპანაძის, ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორების - ზ--------------–---–ის და ზ--------–------ს,ადვოკატების - დ----------------ის, ლ-----------–--ის, დ------------ის,მსჯავრდებულ - ი------------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ი------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ----------------ის და ლ-----------–--ის, ასევე საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ზ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ი-----------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------–--------------------; დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენით:

 

ი-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 6 000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6 000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

ი-----------------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით;

 

მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას. იმავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები; მე-6 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და წყალზე სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას.

 

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. იმავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად; მე-2 პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 10 მეტრი, 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 20 მეტრი, 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 30 მეტრი, 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის – 50 მეტრი. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მდინარე ჭოროხის სიგრძე 438 კილომეტრია, ხოლო მდინარე აჭარის-წყლის - 90 კილომეტრი. შესაბამისად, ორივე მდინარისთვის წყალდაცვითი ზოლის სიგანე წარმოადგენს მდინარის კალაპოტიდან ორივე მხარეს - 50 მეტრს.

 

2011 წლის 01 ივლისს, საქართველოს მთავრობასა და შპს „ა-------------------ს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, აღნიშნული კომპანია აჭარის რეგიონში, კერძოდ: მდინარეების ჭოროხისა და აჭარის-წყლის ხეობებში ახორციელებს სამი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობას. ხსენებული მემორანდუმის თანახმად, მითითებულმა კომპანიამ იკისრა პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწის ნაკვეთის შესყიდვის ვალდებულება და შესაბამისად, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სანაცლოდ, კომპენსაციის სახით ერთ კვადრატულ მეტრში მოქალაქეებს უხდიდა 20 ლარს.

 

ქ. ბათუმში ი-----------------ეს საარქივო მონაცემებით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ---------ში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 მ2 მიწის ნაკვეთი. ი-----------------ემ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭოროხის კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა-------------------ზე“ რეალიზებით თაღლითურად დაუფლებოდა იმავე კომპანიის ფულად თანხას.

 

ამ მიზნით ი-----------------ემ დახმარებისათვის მიმართა შპს „გ---ს“ ამზომველ ხ--------–-----ეს და სთხოვა მის სახელზე აეზომა მდინარე ჭოროხის კალაპოტში არსებული 2884 კვ/მ ფართი. აღნიშნულზე ხ--------–-----ე დათანხმდა და 2013 წლის 4 იანვარს, ი-----------------ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც აღნიშნული ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად მიუთითა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

 

გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად ი-----------------ემ მიმართა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ--------------–---------–ს ჯ----–--–------ს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და იმავე ფართის მის პირად სარგებლობაში არსებობის დადასტურება. აღნიშნულზე ჯ----–--–------მ თანხმობა განუცხადა და 2013 წლის 04 იანვარს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა ი-----------------ის პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული 2884 კვ/მ ფართის არსებობის შესახებ.

 

ამის შემდეგ, 2013 წლის 15 იანვარს, ი-----------------ემ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის დავით გორგილაძის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 23 იანვარს, ი-----------------ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მ---------ში რეალურად მდინარე ჭოროხის კალაპოტში, კერძოდ: ნაწილობრივ მდინარე ჭოროხში და ნაწილობრივ მდინარე ციცაბო მთის ფერდობზე არსებული 2886 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდით 2-----------. ამ გზით ი-----------------ემ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა-------------------ის“ კუთვნილ, ჯამში 57 720 ლარს, რითიც სახელმწიფოს და შპს „ა-------------------ს“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

 

2014 წლის 03 აპრილს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული, ზემოაღნიშნული 2886 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი------------------ემ და მისმა ადვოკატებმა დ----------------ემ და ლ-----------–--ემ, ასევე საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ზ--------------–---–მა.

 

დაცვის მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

ადვოკატის განმარტებით, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას საქალაქო სასამართლომ არსებითად დაარღვია კანონი, არასწორად დაადგინა და შეაფასა რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა უდანაშაულო პირის მსჯავრდება. ი-----------------ესა და მისი ოჯახის წევრებს სახელმწიფოს მიერ ჰქონდათ მინიჭებული უფლება, საკუთრებაში დააერეგისტრირებინათ 5000 კვ.მ. მიწის ფართი, რა უფლებითაც ისარგებლა ი-----------------ემ და დაირეგისტრირა გამოყოფილი ფართობის ნაწილი - 2886 კვ.მ. აღნიშნული უფლების რეალიზების განხილვა, როგორც სახელწიფოსათვის ზიანის მიყენება, ყოველგვარ სამართლებრივ და ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია. ასევე, არასწორია მითითება, თითქოს ი-----------------ემ დაარღვია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება და არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ თურმე „ჭალა“ არის მდინარის კალაპოტი. ამასთან, ის რაც დატანილია საქმეში არსებულ აზომვით ნახაზზე, ფაქტიურად ჭალასაც არ წარმოადგენს. არც საჯარო რეესტრის კომისიას და არც გამოძებას არ დაუდგენიათ, თუ მდ. ჭოროხიდან რამდენ მეტრშია ი------------------ის მიერ პრივატიზებული მიწის ნაკვეთი, აქედან რა ადგილი უკავია ჭალას, რა ნაწილია მთის ციცაბო ფერდობი და სხვა. დამცველების განმარტებით, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, „წყალდაცვითი ზოლის მიწები შიძლება გადაეცეთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ან სარგებლობაში საქმიანობის ან კნონით დადგენილი შეხთუდვების დაცვის პირობით.“ ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, „წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის გამოყენებას აკონტროლებს სამინისტრო და თვითმმართველი ერთეულები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.“ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია თვითმმართველი ერთეულის ხელვაჩაურის გამგ---ბის რწმუნებულის ჯ----–--–-----ის ცნობა და ჩვენება, რომლითაც მან დაადასტურა ი-----------ის ფაქტიური სარგებლობა სადავო მიწის ნაკვეთით და მისი შესაბამისობა საარქივო მონაცემებთან. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი, თითქოს ი-----------------ესა და მისი ოჯახის წევრებზე რეგისტრირებული 2886 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და არის ციცაბო ადგილი. საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის მიერ გადაღებული ფოტოსურათები, რომლებშიც მკაფიოდ ჩანს მცენარეები და ხეები.

 

დაცვის მხარის მტკიცებით, საქალაქო სასამართლომ ი-----------------ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო საჯარო რეესტრის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები და აქტები, ისე რომ არ შეუმოწმებია მათში გადმოცემული ფაქტების სისწორე და რეალობა. ასევე არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება და გამამტყუნებელ განაჩენში მისი მტკიცებულებად გამოყენება, რომ თითქოსდა სოფელ მ--------------–---------–მა ჯ----–--–------მ ი-----------------ეზე გასცა ყალბი ცნობა. ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებად წარმოდეგნილი განაჩენები სასამართლოს საერთოდ არ უნდა გაეზიარებინა, როგორც პრეიუდიცია, ვინაიდან ისინი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს. რაც შეეხება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნებას მოწმეთა ჩვენებებზე, ისინი ი-----------------ის ბრალეულობას კი არ ადგენენ, უბრალოდ მიუთითებენ ისეთ გარემოებებზე, რომელთაც კავშირი არ აქვთ ი-----------ის ბრალის დადასტურებასთან. და ბოლოს, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----------------ე თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 2886 კვ.მ. მიწის ფართობს და ასევე დანაშაულებრივ ქმედებად შერაცხა იგივე ქონების სხვა პირზე გასხვისება, რაც არასწორია და წინააღმდეგობაში მოდის თაღლითობის შემადგენლობასთან.

 

ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით და ი-----------------ის მიმართ სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. პროკურორის განმარტებით, ი-----------------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით 6000 ლარის ჯარიმის დანიშვნა დაუსაბუთებელი, ლმობიერი და არასამართლიანია, არ არის შესაბამისობაში ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას. მსჯავრდებული ი-----------------ე თავს არ ცნობს დამნაშავედ, არ აუნაზღაურებია დაზარალებული კომპანიისათვის მიყენებული დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი და ამასთან, ი-----------------ეს მთელი პროცესის მანძილზე არ დაუფიქსირებია პოზიცია, აღნიშნული კომპანიისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის მომავალში შესაძლო ანაზღაურების თაობაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გამამრთლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულ ი-----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებებში ი-----------------ის ბრალეულობა; ამასთან, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და ადეკვატური, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ------------------–-ამ განმარტა, რომ არის იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოს გამომძიებელი. მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2013 წლის 21 დეკემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქმეს დაერთო ეროვნული სააგენტოდან შემოსული მასალები, რომლის თანახმად ენერგეტიკის სამინისტროდან შესული ინფორმაციის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელები, კერძოდ, გ---დეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ აჭარის რეგიონში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარის-წყლის კალაპოტში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციების გადამოწმების მიზნით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაახლოებით 96 რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მდინარე ჭოროხის და აჭარის-წყლის კალაპოტში, რიყეზე, გამყოფ კუნძულებზე, ასევე მთის ფერდობზე, მაშინ როცა მათი კერძო საკუთრებაში რეგისტრაცია და პრივატიზება კანონის თანახმად, აკრძალულია. კონკრეტულად ი-----------------ის შემთხვევაში გამოიკვეთა, რომ მას საარქივო დოკუმენტის საფუძველზე, გამოყოფილი ჰქონდა 5 000 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, როგორც სახნავი ასევე ვენახი, თუმცა მის მიერ აღნიშნული საარქივო დოკუმენტაციის გამოყენების გზით, დაკავებული იქნა - სახელმწიფოს ტერიტორია, კერძოდ მდინარე ჭოროხის კალაპოტში არსებული - 2886 კვ.მ. ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ნაწილობრივ მდინარე ჭოროხში, ნაწილობრივ ციცაბო მთის ფერდობზე. ი-----------------ემ რეგისტრაციის შემდგომ გაასხვისა ნაკვეთი შპს „აჭ-------------------ზე“ და სანაცვლოდ მიიღო 57 720 ლარი. მსგავსი მდებარეობის მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია კერძო პირის საკუთრებაში, კანონის თანახმად აკრძალულია. მოგვიანებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ჩატარდა ადმინისტრაციული საჯარო მოსმენა, რა დროსაც მოწვეული იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფოს სტრუქტურების წარმომადგენლები, მათ შორის გარემოს დაცვის, ენერგეტიკის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები, ვის საკუთრებაში იყო რეგისტრირებული ნაკვეთები და სხვა პირები, ვისაც შემთხვევა ქონდა აღნიშნულ რეგისტრაციებთან, რა დროსაც დადგინდა, რომ რეგისტრაციები უნდა გაუქმებულიყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ--------–---–------ა განმარტა, რომ 2013-2014 წლებშიც მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. სამსახური ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მონიტორინგს და აღრიცხვას. მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებული იქნა მდინარის მიმდებარე ტერიტორია - კალაპოტზე არსებული ნაკვეთი. მოწმემ განმარტა, რომ თუ არ არსებობს რაიმე იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უძრავ ქონებაზე პირის საკუთრების უფლებას, ქონება ავტომატურად ითვლება და წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. მდინარის კალაპოტის საკუთრებაში დარეგისტრირება კი საჭიროებს გარკვეულ პროცედურას და რეგულირდება შესაბამისი კანონით. სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ასეთი ნაკვეთის გასხვისება დაუშვებელია. ზაქარია წიკლაურის მითითებით, თუ ნაკვეთი რაიონშია და მობილური ჯგუფი არ გადის მის სანახავად, ხელმძღვანელობენ პროგრამით და ზუსტი კოორდინატებით, საკადასტრო კოდით ზუსტად ადგენენ ადგილმდებარეობას. მოცემულ შემთხვევაში ნაკვეთი მდინარის კალაპოტის იმ მონაკვეთში მდებარეობს, რომლის გასხვისებაც არ არის მიზანშეწონილი. შესაბამისად, მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ იყო კანონიერი და სახელმწიფოს მიადგა ზიანი. ამჟამად რეგისტრაცია გაუქმებულია და დაბრუნებულია პირვანდელ მდგომარეობაში, თუმცა როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–--–----–---–----ა განმარტა, რომ დაახლოებით 2010 წლიდან თანამშრომლობს შპს „ა-------------------თან“. კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების აშენება, 2007 წელს სახელმწიფოსთან გააფორმა მემორანდუმი და იკისრა ვალდებულებები ჰიდროელექტრო სადგურისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ოპერირებისათვის სახელმწიფოსგან და კერძო პირებისაგან უნდა შეეძინა საჭირო მიწის ნაკვეთები, იმის შესაბამისად ვის საკუთრებაში იქნებოდა კონკრეტული ნაკვეთი. საჭირო ტერიტორიაზე აღმოჩნდა დაახლოებით 30-მდე რეგისტრირებული ნაკვეთი, შესაბამისად კომპანიამ მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად მფლობელებს გადაუხადა შესაბამისი თანხა, თუმცა მალევე საჯარო რეესტრმა გააუქმა საკუთრების უფლება, რადგანაც დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება გამსხვისებელ პირებს უკანონოდ ქონდათ მოპოვებული და დარეგისტრირებული. შედეგად კომპანია დარჩა საკუთრების უფლების გარეშე, მოტყუებული და დაზარალებულები, იმ თანხით, რაც გადაიხადა მიწის ნაკვეთების შესაძენად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ტ------–-–--------მ განმარტა, რომ 2013-2014 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსად. 2013 წლის სექტემბერი-ოქტომბერში ენერგეტიკის სამინისტროდან შევიდა წერილი, რომლის თანახმადაც არსებობდა გარკვეული ეჭვი, რომ ხელვაჩაურის რაიონის კონკრეტული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ნაწილში არსებობდა ხარვეზები და ადგილი ქონდა არასწორად აღრიცხულ უძრავი ქონებას. ტ------–-–-------ის მოვალეობაში შედიოდა არასწორ, დაგვიანებით რეგისტრაციებზე და გადაცდომებზე რეაგირება. სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში კი საქმე გადაეცემოდა გენერალურ ინსპექციას. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, გ---დეზიის სამსახურის ორ თანამშრომელთან - შ--–---------------ნ და ე-–---------------------ან ერთად ჩავიდა ადგილზე, რათა ენახათ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მითითებული უძრავი ქონების მდებარეობა - მდინარე ჭოროხიდან მოყოლებული, მდინარე აჭარისწყალამდე. გ---დეზიის სამსახურის თანამშრომლები აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური აპარატურით, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს კონკრეტული უძრავი ქონების ადგილმდებარეობას, კერძოდ, აპარატურა აფიქსირებს იმ საკადასტრო კოდის კოორდინატებს, რომელშიც არის. სანტიმეტრების სიზუსტით, 2-3 სმ ცდომილებით, აჩვენებს, თუ რომელ საკადასტრო კოდში დგახარ. მოწყობილობის საშუალებით ხდება მიწის ნაკვეთის მონაცემების შედარება სამსახურში დაცულ მონაცემებთან, რომელიც მოიცავს მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა უძრავი ქონების მონაცემებს; განხორციელდა ფოტოგადაღებაც. სამუშაოების განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ უძრავი ქონების ნაწილი რეგისტრირებული იყო მდინარეში, ნაწილი - ნახევრად მდინარეში, რიყეზე, ციცაბო ან ტყიან ნაწილში; და ეს მაშინ, როცა მსგავს ადგილას, უძრავი ქონების რეგისტრაცია არ ხდება, რადგან იქ მოსავალი არ მოდის და სოფლის მეურნეობისთვის არ გამოდგება. აშკარად ჩანდა, რომ მდინარის ადიდებისას, ნაკვეთი დაიფარებოდა. რეგისტრაციები ჩათვალეს საეჭვოდ და მასალები გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოებს. საქმეზე უძრავი ქონების მესაკუთრეების თანდასწრებით ჩატარდა ზეპირი ადმინისტრაციული საქმის წარმოება და ყველა რეგისტრაცია გაუქმდა. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მიწოდებული ნაკვეთებიდან დაახლოებით 5% იყო კანონიერად რეგისტრირებული, რომელიც არანაირ ეჭვს არ იწვევდა, დანარჩენი კი იყო მდინარეში, ნაწილობრივ მდინარეში, კლდეზე და ციცაბო ადგილებში რეგისტრირებული, ანუ ისეთი ადგილებში, რომლებიც მიწის რეფორმის შედეგად არ გაიცემოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–---–---მ განმარტა, რომ 2013-2014 წლებში ხელმძღვანელობდა გ---დეზიის და კარტოგრაფიის სამსახურს. მის დაქვემდებარებულ სამსახურში მუშაობდნენ ე-–-----------------ე, შ--–----------ე და ნ-------------. განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მათ შეასრულეს სამუშაოები, კერძოდ გადაამოწმეს რეგისტრირებული მონაცემებისა და ფაქტობრივ მდგომარეობის შესაბამისობა. კონკრეტულ ადგილზე მივლინებულ იქნენ საველე ჯგუფის წარმომადგენლები: შ--–----------ე და ე-–-----------------ე, რათა ადგილზე ენახათ და შემდგომ სამსახურში წარმოედგინათ ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ტექნიკური მასალა. მათ ადგილზე დაკვალეს ნაკვეთი და წარადგინეს ასევე ფოტომასალაც, კონკრეტული წერტილების მითითებით, მომზადდა შესაბამისი ნახაზი და ჩაბარდა უფლებამოსილ ორგანოს. მოწმემ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე სარეგისტრაციოში შესული იყო განცხადება, კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურმა მოამზადა შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, სიტუაციური ნახაზი, თუ როგორ იყო განლაგებული მიწის ნაკვეთი. ინფორმაცია გადაეგზავნა სარეგისტრაციო სამსახურში შემდგომი რეაგირებისთვის, რადგან რეგისტრაციის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას უშუალოდ რეგისტრაციაზე, თუმცა მათ აქვთ დამატებით კვლევის უფლება და შესაძლებლობა. დადგინდა, რომ მოცემულ საქმეში ადგილი ქონდა გადაფარვას. მოწმის განმარტებით, ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ნაკვეთი მდებარეობდა ციცაბო ფერდობზე, ნაწილობრივ წყლით დაფარულ ტერიტორიაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–-----------------ემ განმარტა, რომ 2013-2014 წლებში მუშაობდა საჯარო რეესტრში - გ---დეზური სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. გ---დეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურმა უშუალოდ სამსახურის უფროსისგან მიიღო დავალება დაეფიქსირებინათ და შეედგინათ შესაბამისი დოკუმენტი - პირველ ეტაპზე მდინარე ჭოროხის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე, მეორე ეტაპზე კი მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთებზე. მისი უშუალო დავალება იყო მიწოდებული კოდებით განესაზღვრა ნაკვეთის ადგილმდებარეობა, სამუშაოებს ასრულებდა შესაბამისის ხელსაწყოთი, რომელიც 5 სანტიმეტრიანი სიზუსტით იძლევა კოორდინატებს, ასევე უნდა გადაეღო ფოტოსურათები კონკრეტული ადგილისათვის, რადგან დარწმუნებულიყვნენ ნაკვეთის ადგილმდებარეობაში. აღმოჩნდა, რომ ნაკვეთები არასწორად იყო რეგისტრირებული. კოდების შესაბამისად მიუთითა რომელი ნაკვეთი მდებარეობდა ფერდობზე, რომელი რიყეზე. ადგილზე პირველად ჩავიდა 2013 წლის 8-13 ოქტომბერს, სამუშაოს აწარმოებდა შ--–---------------ნ ერთად, მათთან ერთად იყო ასევე კონტროლის სამსახურის უფროსი. შესრულებული სამუშაო და მასალები გადასცეს საჯარო რეესტრის საკადასტრო განყოფილებას. საბოლოოდ რეგისტრაციები იმ ნაკვეთებზე, რომლებიც წყალში და კლდის ციცაბო ფერდობზე ხვდებოდა, გაუქმდა.

 

ანალოგიური გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე შ--–----------ემ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------მ განმარტა, რომ 2012-2013 წლებში მუშაობდა კადასტრის სამსახურში, მთავარ სპეციალისტად და აკეთებდა ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიწოდებულ მიწის ნაკვეთების კადასტრულ დამუშავებას. მოქალაქეს საჯარო რეესტრის შესაბამის ადგილობრივ სამსახურში სხვა სარეგისტრაციო საბუთებთან ერთად მიჰქონდათ მიწის ნაკვეთის ელექტრონული და მატერიალური ვერსია. უფლებამოსილი პირი საჯარო რეესტრის ვებგვერდზე აბამდა ორივე ვერსიას, რის შემდეგაც საბუთები ნაწილდებოდა კადასტრის სამსახურის თანამშრომლებზე, რომელიც ამოწმებდა ემთხვეოდა თუ არა ფურცელზე წარდგენილი და ელექტრონული ვერსია კონფიგურაციას, ასევე ამოწმებდნენ - ხომ არ ხდებოდა ზედდება რეგისტრირებულ ნაკვეთებთან ან წარმოებაში მყოფ ნაკვეთებთან, ასევე ტყის მასივთან, ნაკვეთს ანიჭებდნენ უნიკალურ კოდს და ამზადებდნენ სიტუაციური ნახაზებს. მოცემულ საქმეზე ნაკვეთის ფურცლის ვერსიისა და ელექტრონული ვერსიის შედარების შედეგად, აღმოჩნდა იდენტურობა, თუმცა ნაკვეთს ჰქონდა ზედდება ტყის მასივთან. გაკეთდა პირველი სიტუაციური ნახაზი, ტყის კონტურთან. მოგვიანებით, რეგისტრატორმა უთხრა, რომ უნდა დაკორექტირებულიყო ტყის კონტური, რაც განხორციელდა და დამზადდა ახალი სიტუაციური ნახაზი. მონაცემების თანახმად ტერიტორია იყო მდინარის პირას - ნაწილობრივ ტყის მასივში, ნაწილობრივად რიყეზე. მოწმემ დაადასტურა, რომ მათ მიერ ინფორმაცია მზადდება რეგისტრატორისთვის, რომელიც მუშაობს ნაკვეთთან დაკავშირებით და იღებს შესაბამისს გადაწყვეტილებებს; მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში ჩანდა მიწების ადგილმდებარეობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------------–---ამ განმარტა, რომ 2009 წლის იანვრიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით მუშაობდა საჯარო რეესტრში, 2014 წლის იანვრიდან ასრულებდა იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, მაისიდან კი იყო იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. განსახილველ შემთხვევაში საქმის წარმოება დაიწყო ენერგეტიკის სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა მდინარების ჭოროხისა და აჭარის-წყლის მიმდებარე ტერიტორიებზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს. ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა რამდენიმე ეტაპად, რადგან საკითხი ეხებოდა 100-ზე მეტ მიწის ნაკვეთს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებდა ადმინისტრაციულ წარმოებას, რაშიც მონაწილეობდნენ: ეკონომიკის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო და ის პირები, ვისზეც განხორციელებული იყო მიწის რეგისტრაცია, ანუ მესაკუთრეები, ასევე ის დაინტერესებული პირები, ვისაც უშუალოდ ეხებოდა აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოება. ყველა ნაკვეთზე თავად არ გასულა, თუმცა მასალებში წარმოდგენილი იქნა ყველა ნაკვეთის სურათი. ნაკვეთები, რომლებიც უშუალოდ მან ნახა, განთავსებული იყო მდინარეში, ფერდობზე, ტყეში, ნაწილი კი გზაზე. საბოლოოდ დაადგინეს, რომ გასხვისებული იყო სახელმწიფოს კუთვნილი საჯარო ნაკვეთები, რის საფუძველზეც ბათილად ცნეს რეგისტრაცია. გადაწყვეტილება აღსრულდა, კერძოდ საკუთრების უფლება გაუქმდა. დღეის მდგომარეობით გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და არ გაუქმებულა, ადმინისტრაციული წესით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--–-----–------მ განმარტა, რომ 2012-2014 წლებში იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგ---ბის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, 2014 წლის მარტიდან კი სამართლებრივი დანაყოფის განყოფილების უფროსი. მის უფლებებში შედიოდა იურიდიული საკითხების მოგვარება, მათ შორის სამართლებრივი აქტების - ბრძანების, ხელშეკრულების, მემორანდუმის მომზადება, ასევე სასამართლოში ურთიერთობები და სხვა. თუ საქმე ეხებოდა მუნიციპალური ქონების რეგისტრაციას ან იჯარის გაცემას, ურთიერთობდა საჯარო რეესტრთან. ჯ----–--–------სთან რაიმე საკითხზე მსჯელობა და შეთანხებას ვერ იხსენებს, შესაძლებელია რაიმე შემთხვევას ქონოდა ადგილი. როგორც წესი, თათბირს ესწრებოდნენ მხოლოდ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელები, სოფლის რწმუნებულები არ დადიოდნენ, ისინი ძალიან იშვიათად მიდიოდნენ გამგ---ბაში, რაიმე საკითხთან დაკავშირებით, მათთან ურთიერთობას ძირითადად ახორციელებდნენ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელები. როგორც იმ პერიოდში მოქმედი თვითმმართველობის შესახებ კანონი და მუნიციპალიტეტის დებულება ადასტურებს, ტერიტორიულ ორგანოს ქონდა ცნობის გაცემის უფლება და რამდენადაც იცის, გასცემდნენ კიდეც, კერძოდ, გასცემდნენ მიწათმოსარგებლეებზე და მიწათმფლობელებზე, ამის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში იყო, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებზე ვერაფერს იტყვის, უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელობას არეგისტრირებს საჯარო რეესტრი, ხოლო თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებისას კი - მუნიციპალიტეტის კომისია. 2013 წლის 4 იანვარს ჯ----–--–-----ის მიერ გაცემული განცხადება/თანხმობასთან დაკავშირებით (ბათუმი კობალაძის ქუჩა N6-------ში მაცხოვრებელ ი-----------------ეს, შპს „გ---ს“ მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის თანახმად, პირად სარგებლობაში, მართლზომიერი მფლობელობა გააჩნია 2884 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელი მ---------ში) მოწმემ განმარტა, რომ პიროვნება მივიდა სანოტარო ბიუროში და განაცხადა, რომ ის, როგორც ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი, ადასტურებს კონკრეტული პირის მიერ ნახაზის შესაბამისად არსებული ნაკვეთის მფლობელობას - სარგებლობის ფაქტს. როგორც აღინიშნა, ტერიტორიულ ორგანოს ქონდა ცნობის გაცემის უფლება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------------მ განმარტა, რომ 2012-2014 წლებში მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგ---ბაში იურიდიულ განყოფილებაში. იმ დროისათვის რწმუნებულს ერქვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი, კონკრეტულ ტერიტორიულ ორგანოში და კანონმდებლობით მინიჭებული ქონდა უფლებამოსილება - გაეცათ ცნობები, მათ შორის საცხოვრებლის ადგილის, გარდაცვალების შესახებ და ა.შ. იმ დროისთვის, როდესაც შპს „აჭ-------------------მა“ დაიწყო სახელმწიფოსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მიწის ნაკვეთების ათვისება, შესაბამისად, დაიწყო სარეგისტრაციო პროცედურები, თუმცა აღნიშნულ რეგისტრაციებში ხელვაჩაურის გამგ---ბა არ იყო ჩართული, წარმოდგენილი იყო სანოტარო აქტები, რომლებითაც მოწმდებოდა კონკრეტული მიწის ნაკვეთის მფლობელის მართლზომიერი მფლობელობა, რაც გამოსახული იყო კონკრეტულ ნახაზზე. ასეთი სანოტარო აქტები დამოწმებული ქონდათ რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ცნობა არ იყო გაცემული. იმ პერიოდში არსებობდა იუსტიციის მინისტრის 2013 წლის ბრძანება, რომელიც თემის წარმომადგენელს ავალდებულებდა, დაედგინა იდენტურობა ნახაზსა და უფლების დამდგენ დოკუმენტს შორის. ცნობაზე, რომელშიც აღნიშნულია: „მე ჯ----–--–------, როგორც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ--------------–---------–ი ვაცხადებ, რომ ბ---------------–------------------------ში მაცხოვრებელი ბატონ ი-----------------ეს, შპს „გ---ს“ მიერ მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, პირად სარგებლობაში მართლზომიერი მფლობელობა გააჩნია 2884 კვ.მ-ის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი სოფელი მ----------“, მოწმემ განმარტა, რომ ეს არის თანხმობა და არა ცნობა. მანვე დაადასტურა, რომ ნახაზის კოორდინატების დასადგენად შესაბამისი ხელსაწყო არის საჭირო, რომელიც დღესაც არ გააჩნია მუნიციპალიტეტს და კოორდინატებს გამარჯვებული კომპანია ადგენს. რწმუნებულს არ ქონდა მართლზომიერი მფლობელობის დადგენის უფლება. მოცემული განცხადების გაცემის თაობაზე იურიდიული სამსახურის საქმის კურსში არ იყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე---------------მ განმარტა, რომ არის შპს „გ---ს“ დამფუძნებელი. 2012-2014 წლებში იყო დირექტორი და აკეთებდა აზომვით ნახაზებს, მასთან კომპანიაში მუშაობდა: არ---–--–-----–-------–------–----------------–-----ე. კომპანიას საჯარო რეესტრთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება. კლიენტი კომპანიას უკვეთავს მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზს, რა დროსაც შპს „გ---ს“ თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, გადაამოწმოს პიროვნებას ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ასაზომი ადგილი, შეკვეთის მიღებისას კი ერთ-ერთი თანამშრომელი - ამზომველი მიდის კლიენტის მიერ მითითებულ ადგილას და ინიშნავს მონაცემებს, რის შემდეგაც უკვე ოპერატორს შეყავს კომპიუტერში მონაცემები და მზადდება აზომვით ნახაზი, რომელსაც ხელს აწერს და ბეჭედს ურტყამს ე--------------- და აძლევენ დამკვეთს. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრში მიტანილ დოკუმენტაციაში აღმოჩნდება შეცდომა, საჯარო რეესტრი მიმართავს თხოვნით - შეასწორონ შეცდომა. მოწმემ განმარტა, რომ ნახაზის შესრულებაზე პასუხისმგებელია ნახაზის შემდგენელი და ოპერატორი, კერძოდ კოორდინატებზე პასუხისმგებელია - ამზომველი, ხოლო ნახაზზე - ოპერატორი, რომელიც ნახაზს ხაზავს მიწოდებული კოორდინატების მიხედვით. განსახილველი კონკრეტული ნახაზი შედგენილია მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე, პირველ გვერდზე არის ტექნიკური დახასიათება, მეორე გვერდზე კი შესრულებული სამუშაო, სადაც მითითებულია, რომ აზომვა შეასრულა ა-----–--–-----–---მ, თუმცა კონკრეტული ნახაზი აზომილია ხარუმ ლომაძის მიერ, ა-----–--–-----–--- კი იყო ოპერატორი. დოკუმენტი ხელმოწერილია ე--------------ის მიერ და დამოწმებულია მათივე ბეჭდით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ--------–-----ემ განმარტა, რომ 2012-2013 წლებში მუშაობდა შპს „გ---ში“ სპეციალისტის თანამდებობაზე და მის მოვალეობაში შედიოდა მიწის ნაკვეთების ნახაზების აზომვა. სწორედ აღნიშნული თხოვნით მივიდა მასთან 2012 წელს ბრალდებული ი-----------------ე, რომელმაც განუმარტა, რომ სურდა მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, საუბარი იყო დაახლოებით 2864 მ2-ზე, ბრალდებულს არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მიწა მამა-პაპისეული იყო, აღნიშნულით არც თავად დაინტერესებულა. ასაზომი ადგილი იყო რთულად მისასვლელ ადგილას, საზღვრებს დამკვეთი უთითებდა, რის მიხედვითაც გამიჯნა მეზობლის ადგილები და დასვა წერტილები, ნახაზი შეადგინა ხელის „ჯიპიესით“, ასევე თან ქონდა 30-40 მეტრიან ფოლადის საზომი ფირი. აღწერის შემდეგ მონაცემები ჩაიტანა ოფისში, ჩაიტვირთა პროგრამაში და შედგა ნახაზი. ნახაზმა გაიარა რეგისტრაცია და მოამზადა დოკუმენტაცია საჯარო რეესტრისათვის. მოწმემ განმარტა, რომ კონკრეტული ტერიტორია არის საკმაოდ ციცაბო, უახლოესი საზღვარი მდინარესთან ძალიან ახლოს იყო. მანვე დაადასტურა, რომ მიწის დანიშნულების ადგილად სასოფლო-სამეურნეო მიწა მიუთითა, იმ დროს იცნობდა საჯარო რეესტრის მონაცემებს და მათი მოთხოვნების შესაბამისად, ასრულებდნენ აზომვით სამუშაოებს, თუმცა მის მიერ მომზადებული მონაცემები ჩაითვალა ყალბად, რის გამოც გასამართლებულია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-----–--–-----–---მ განმარტა, რომ 2012-2013 წლებში იყო შპს „გ---ს“ ოპერატორი, მისი საქმიანობა მოიცავდა კომპიუტერში მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ნახაზის შედგენას. იმ დროისთვის კომპანიის ამზომველები იყვნენ - ვ-–------–---ი და ხ--------–-----ე, რომლებიც ადგილზე გადიოდნენ ასაზომად. საბოლოოდ კომპიუტერულად დამუშავებული ნახაზი მიჰქონდა დამკვეთს. მოწმემ განმარტა, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზების შინაარსიდან გამომდინარე, აზომვა შეასრულა მან, თუმცა ეს არის ტექნიკური შეცდომა, რადგან ის ადგილზე არ გადიოდა და შესაბამისად, აზომვა არ განუხორციელებია. ასევე უცნობია, კონკრეტულად ვინ აწარმოა. საბოლოო შედეგზე ბეჭედს დირექტორი ე--------------- სვავდა, რის შემდეგაც შესრულებული სამუშაო მიქონდა დამკვეთს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ----–--–------მ განმარტა, რომ 2012-2013 წლებში მუშაობდა კირნათის თემის, სოფელ მ---------ში რწმუნებულად, კირნათის თემს ყავდა თავის რწმუნებული. მოცემულ შემთხვევაში ი-----------------ემ მიმართა ნახაზებით, რომლის გაკონტროლების უფლება მას არ ჰქონდა, თუმცა იცოდა, რომ კონკრეტულ მიწებს ნამდვილად ფლობს ი-----------------ე. შესაბამისად, წავიდნენ ხელვაჩაურში ნოტარიუსთან. იმ შემთხვევაში, თუ ნახაზი სწორი არ აღმოჩნდებოდა, საჯარო რეესტრი დააბრუნებდა უკან და შესაბამისად, გასწორდებოდა. მოწმემ განმარტა, რომ მას ნახაზის წაკითხვა არ შეეძლო და არანირი საშუალება არ ჰქონია, ნაკვეთის ადგილმდებარეობის გადასამოწმებლად. ამასთან, მისთვის უცნობია, რას ნიშნავს მართლზომიერი მფლობელობა, თუმცა მის მიერ ხელმოწერილ აღნიშნულ განცხადებაში სწორედ ასე წერია. მოწმემ დაადასტურა, რომ ცნობის გაცემისათვის მას დაეკისრა პასუხისმგებლობა - დაჯარიმდა 3 000 ლარის ოდენობით, რადგან სოფლის რწმუნებულს არ ჰქონდა უფლება, ნოტარიუსის ცნობა გაეცა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ--------------–---მ განმარტა, რომ 2012-2014 წლებში მუშაობდა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსად, პარალელურად ჰქონდა ადმინისტრაციული მართვის უფლებამოსილება, ასევე იყო უძრავი ქონების რეგისტრატორი. რამდენადაც ახსოვს, ი-----------------ის შემთხვევაში წარდგენილი იყო - უფლების დამდგენი არქივის ცნობა, აზომვით ნახაზი და ასევე იმ დროისთვის დამატებით მოთხოვნილი - რწმუნებულის დასტური, - შეესაბამებოდა თუ არა აზომვითი ნახაზი და უფლების დამდგენი დოკუმენტი ერთმანეთს. დ--------------–---მ განახორციელა რეგისტრაცია, თუმცა არ გაითვალისწინა „წყლის შესახებ კანონის“ დებულებები, მაშინ როცა მისი გათვალისწინება ევალებოდა, რადგან სადავო მიწის ნაკვეთები მდებარეობდა ზედ კალაპოტზე, სწორედ აღნიშნულის გამო 12 ეპიზოდში მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, სამსახურებრივი გულგრილობის გამო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------------ემ განმარტა, რომ 2012 წლის 31 დეკემბერს გახდა მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილე, 19 მარტს დაავალეს გამგებლის მოვალეობის შესრულება და 18 აგვისტომდე ასრულებდა. ამ პერიოდში რწმუნებულებთან ჰქონდა შეხება, თუმცა არცერთ რწმუნებულს არ უკითხავს რაიმე ინფორმაცია, ცნობის გაცემის თაობაზე. მან თავის მხრივ სიტყვიერად გააფრთხილა ყველა რწმუნებული, რომ თავი შეეკავებინათ ცნობის გაცემისგან, რათა თავიდან აეცილებინათ არასასიამოვნო ინციდენტები. მოწმემ განმარტა, რომ თვითმმართველობის კანონი რწმუნებულს არ უკრძალავს ცნობის გაცემას. 2013 წელს იუსტიციის მინისტრმა მიიღო ბრძანება, რომლის საფუძველზეც რწმუნებულს ავალდებულებდა ცნობის გაცემას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეები გ-----–----------------–-----------–---–ი დაიკითხნენ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპოცესო მოქმედებების შესახებ.

 

2013 წლის 21 დეკემბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის წერილისა და თანდართული განმარტებითი ბარათის თანახმად, 2013 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდან შესული წერილის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ---დეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარდა აზომვითი სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კირნათის, მ----------ს, მაჭახლისპირის, აჭარის-წყლის და ერგეს მონაკვეთებში მდინარე ჭოროხისა და აჭარის-წყლის კალაპოტში. ჩატარებული სამუშაოებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურში დაცული მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოვლინდა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები მოქცეულია როგორც მდინარეში, ასევე მდინარის კალაპოტში, რიყეზე და მდინარეში არსებულ გამყოფ კუნძულებზე.

 

2013 წლის 15 იანვრის განცხადების მიღების ბარათით დგინდება, რომ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა ი-----------------ის განცხადება, რომლითაც ითხოვს საკუთრების უფლების რეგისტრაციას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სოფელ მ---------ში. განცხადებას თან ახლავს - დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თანასაკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, განცხადება-თანხმობა.

 

ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2010 წლის 4 ოქტომბრის N1---დ წერილის თანახმად, ი-----------------ეს (კომლში ირიცხება 6 წევრი) აწერია მიწა პირად სარგებლობაში 2001-2006 სს. 0,50 ჰა. კომლს საცხოვრებელი სახლი არ აწერია.

 

2013 წლის 4 იანვრის საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სანოტარო აქტის თანახმად, ჯ----–--–------მ, როგორც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ--------------–---------–მა, პირადად მოაწერა ხელი განცხადება-თანხმობას, რომლის თანახმადაც აცხადებს, რომ ბ------–---------–---------------------ში მცხოვრები ი-----------------ეს შპს „გ---ს“ მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის თანახმად პირად სარგებლობაში (მართლზომიერ მფლობელობაში) გააჩნია - 2884 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის, სოფ. მ----------.

 

2013 წლის 21 იანვრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სააგენტოს სამსახურის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრის რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებით თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში.

 

2013 წლის 22 იანვრის ი-----------------ის განცხადების თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული ნაკვეთის ტყის ფონდში მოხვედრა არ შეესაბამება სინამდვილეს, რის გამოც ითხოვს შეტანილ იქნეს ცვლილება ტყის ფონდის საზღვრებში და დარეგისტრირდეს მიწის ნაკვეთი წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით.

 

2013 წლის 22 იანვარს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სააგენტოს სამსახურის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება განახლდა, ხოლო 2013 წლის 23 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ---------ში, საკადასტრო კოდით 2-----------, მესაკუთრეა ი-----------------ე და მისი ოჯახის წევრები.

 

2013 წლის 14 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება ნასყიდობის შესახებ გაფორმდა ერთის მხრივ შპს „აჭ-------------------სა“ და მეორეს მხრივ, დიდმანიძეების ოჯახის წევრებთან. გამყიდველმა და მყიდველმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ 2886,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 2----------- გამყიდველისგან გადაეცა მყიდველს - 57 720 ლარის სანაცვლოდ, შესაბამისად, საკუთრების უფლება გადაეცა გამყიდველისგან მყიდველს.

 

2013 წლის 20 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ---------ში, საკადასტრო კოდით 2-----------, მესაკუთრეა შპს „აჭარ ენერჯი 2007“.

 

2014 წლის 25 თებერვლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შესახებ, მათ შორის: N8-------------- (23.01.20113) გადაწყვეტილება ი-----------------ის და მისი ოჯახის წევრების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 2-----------.

 

2014 წლის 3 აპრილის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ მითითებული გადაწყვეტილებები, მათ შორის N8-------------- (23.01.20113) გადაწყვეტილება ი-----------------ის და მისი ოჯახის წევრების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 2-----------, მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელი მ----------, N8-------------- (20.02.2013) გადაწყვეტილება შპს „ა---------------2007-ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მიწის იმავე ნაკვეთზე და N8-------------- (26.03.2013) გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 2-----------.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განაჩენი, მსჯავრდებულების: დ--------------–----------------------------------------–----სა და ხ--------–-----ის მიმართ, ასევე 2015 წლის 23 იანვრის განაჩენი ჯ----–--–-----ის მიმართ.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს მსჯავრდებულ ი-----------------ის ქმედებებში ქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ნიშნებს და პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა თუ არა მის მიმართ ბრალად წარდგენილ დანაშაულებრივ ქმედებებს.

 

პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა - მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან თაღლითობა გამოირჩევა მისი ჩადენის ხერხით, რადგან ამ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონების დაუფლება ხდება არა ფარულად ან ძალადობის გამოყენებით, არამედ დაზარალებულის მოტყუებით, ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის გზით, რის შედეგადაც ქონების გადაცემა დაზარალებულის მხრიდან ხდება ნებაყოფლობით. მოტყუების მიზნით ხშირია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტებიც. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. შესაბამისად, თაღლითობა მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, სსკ-ის 177-ე-1891-ე მუხლები), დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გულისხმობს მაღალი დამაჯერებლობის ხარისხის მქონე მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია სწორედ ის დანაშაულებრივი ქმედებები, რისთვისაც იგი ბრალდებულად იქნა ცნობილი და რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მსჯავრდებულ ი-----------------ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლობის გამო. დაცვის მხარე განმარტავს, რომ ი-----------------ეს და მისი ოჯახის წევრებს სახელმწიფოსაგან ჰქონდათ მინიჭებული უფლება, საკუთრებაში დაერეგისტრირებინათ 5000 კვ.მ მიწის ფართი და ამ უფლების რეალიზება შეუძლებელია ჩაითვალოს სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენებად. მით უფრო, როდესაც ბრალდების მხარეს არ დაუდგენია, თუ სად მდებარეობდა საარქივო მონაცემებში მითითებული ი-----------------ის ოჯახზე გაცემული მიწის ნაკვეთი, ამ კონკრეტულ ფართზე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისას რაში გამოიხატა „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა და ასევე, საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკციებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ი-----------------ის მიერ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და მისი მითითებით შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი იყო ყალბი.

 

წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ი-----------------ეს და მის ოჯახს პირად სარგებლობაში აწერია 0,50 ჰა. ფართობის მიწა. თუმცა განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს არა ის ფაქტი, რომ ი-----------------ეს ნამდვილად ჰქონდა საკუთრებაში გადაცემული ხსენებული მიწის ფართობი და შეეძლო მისი დარეგისტრირება სოფელ მ---------ში, არამედ ის გარემოება, თუ მის მიერ მდინარე ჭოროხის კალაპოტში დარეგისტრირებული კონკრეტული ფართობის მიწის ნაკვეთი რამდენად იმყოფებოდა მის მართლზომიეს მფლობელობაში და რამდენად იყო ეს უკანანსკნელი უფლებამოსილი, დაერესგისტრირებინა სწორედ ამ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი.

 

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კი წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულების წარმომადგენლების და საჯარო რეესტრის თანამშრომლების, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის წერილისა და თანდართული განმარტებითი ბარათის თანახმად, უტყუარადაა დადგენილი, რომ მითითებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები მოქცეულია როგორც მდინარეში, ასევე მდინარის კალაპოტში, რიყეზე და მდინარეში არსებულ გამყოფ კუნძულებზე.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მთავარმა სპეციალისტმა ზ--------–---–------ა განმარტა, რომ როგორც ი-----------------ის შემთხვევაში აღმოჩნდა, მას კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებული ჰქონდა მდინარის მიმდებარე ტერიტორია - კალაპოტზე არსებული ნაკვეთი. მოწმის განმარტებით, მდინარის კალაპოტის საკუთრებაში დარეგისტრირება საჭიროებს გარკვეულ პროცედურას და რეგულირდება შესაბამისი კანონით. სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ასეთი ნაკვეთის გასხვისება დაუშვებელია. შესაბამისად, ი-----------------ეზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ იყო კანონიერი და ამის გამო თავად გააუქმა იგი საჯარო რეესტრმა. ასევე, შპს „ა--------------ს“ წარმომადგენელმა ი-----–--–----–---–----ა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს გადაუხადა შესაბამისი თანხები, მალევე საჯარო რეესტრმა გაუუქმათ საკუთრების უფლება, რადგან დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის გამყიდველ პირებს თავის დროზე უკანონოდ ჰქონდათ მიწის ნაკვეთები დარეგისტრირებული.

 

ის გარემოება, რომ მდინარე ჭოროხის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება არ იყო კანონიერი, დაადასტურა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ დეპარტამენტის უფროსმა თ------------–---ამაც. მისი განმარტებით, მიწის ნაკვეთები განთავსებული იყო მდიანრეში, ფერდობზე, ტყეში, ნაწილი კი გზაზე, რაც საჯარო საკუთრებაა და შესაბამისად, კანონიერად გაუქმდა მათზე კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული ტერიტორიები სახელმწიფოს კუთვნილება იყო და დაუბრუნდა მას.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის ტ------–-–-------ის ჩვენებაზეც, რომელმაც ნათლად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, რომ როგორც ხელვაჩაურის რაიონში, მდინარე ჭოროხის მიმდებარედ შესაბამისი სამუშაობის ჩატარების შედეგად დადგინდა, მიწის ნაკვეთები, რომელთა შორისაც იყო ი-----------------ის მიერ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთიც, მოქცეული იყო მდინარის კალაპოტში, კლდეზე და ციცაბო ადგილებზე, ანუ იქ, სადაც რეფორმის შედეგად მიწები არ გაიცემოდა და შეუძლებელი იყო ამ მიწების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. ასევე, გ---დეზია-კარტოგრაფიის სამსახურის თანამშრომლებმა ი-----–---–---მ, შ--–----------ემ და ე-–-----------------ემ დაადასტურეს, რომ მათ მიერ შესაბამისი ხელსაწყოთი, სრული სიზუსტის დაცვით მოხდა მდინარე ჭოროხის მიმდებარედ ასრებული ნაკვეთების აზომვა და როგორც აღმოჩნდა, ისინი არასწორად იყო დარეგისტრირებულები.

 

ის გარემოება, რომ ი-----------------ის მიერ დარეგისტირირებული მიწის ნაკვეთი იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე, ვერ იქნა დადასტურებული მოწმე ხ--------–-----ის ჩვენებითაც, რომელმაც ადგილზე ნახა ხსენებული მიწის ნაკვეთი და შეადგინა აზომვითი ნახაზი. მისი განმარტებით, ასაზომი ადგილი იყო რთულად მისასვლელი, ციცაბო. ასევე უახლესი საზღვარი მდინარესთან ძალიან ახლოს იყო. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი მის მიერ ყალბად შესრულებული სამუშაოს გამო არის გასამართლებული. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ საჯარო რეესტრის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებზე მკაფიოდ ჩანს მცენარეები და ხეები. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ ფოტოებზე ასახულ ტერიტორია არის ტყე და მასზე არ ფიქსირდება სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის დამუშავების ან გამოყენების რაიმე სახის კვალი. აღნიშნული ინფორმაცია სრულ შესაბამისობაშია სწორედ ი-----------------ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებასთან, რომ მან სოფელ მ---------ში დაირეგისტრირა ნაწილობრივ მდინარე ჭოროხში და ნაწილობრივ - ციცაბო მთის ფერდობზე არსებული 2886 კვ.მ. ფართის ნაკვეთი. მხოლოდ ის გარემოება, რომ ბრალდება არ აკონკრეტებს, თუ მიწის ნაკვეთის რა ნაწილი ეკავა მდინარის კალაპოტს და რა - ციცაბო ფერდობს, ვერ გახდება იმ უტყუარად დადგენილ გარემოებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რომ ი-----------------ემ საკუთრებაში დაირეგისტრირა სწორედ მდიანრის კალაპოტისა და მთის ფერდობის ნაწილი.

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ასევე უთითებს, რომ „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, წყალდაცვითი ზოლის მიწები შიძლება გადაეცეთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში და ამ საკითხებს აკონტროლებს როგორც სამინისტრო, ასევე თვითმმართველი ერთეულები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. ამდენად, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის გამგ---ბის რწმუნებულის ჯ----–--–-----ის ცნობა იყო უფლებამოსილი პირის მიერ კანონიერად გაცემული.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგ---ბის თანამშრომლების - ნ-------------------ის და გიორგი ბერიძის ჩვენებებით, ასევე, ჯ----–--–-----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 იანვრის განაჩენით დადასტურებულია, რომ ჯ----–--–------ არ იყო უფლებამოსილი, 2013 წლის 04 იანვარს გაეცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა მართლზომიერი მფლობელობის დადგენის და საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზებზე ასახული ფართების ურთიერთშესაბამისობის შესახებ. სოფლის რწმუნებული არ წარმოაგდნედა იმ თანამდებობის პირს, რომელსაც შეეძლო თვითმართთველი ერთეულის ქონებაზე დაედგინა კერძო პირის მართლზომიერი მფლობელობა.

 

რაც შეეხება ადვოკატის აპელირებას, რომ პირველი ინსტაციის სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა საჯარო რეესტრის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები და და ასევე, ჯ----–--–-----ის, ხ--------–-----ის და დავით გორგილაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდესის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.“ სააპელაციო სასამართლოს წინაშე კი სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის მონაცემების საწინააღმდეგო ინფორმაცია და მათი უკანონობა ვერ იქნა დადასტურებული. რაც შეეხება წარმოდგენილ განაჩენებს, ისინი სრულ შესაბამისობაშია საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, მათ შორის ჯ----–--–-----ის, ხ--------–-----ის და დავით გორგილაძის ჩვენებებთან, რომლებსაც, მით მიმართ გამოტანილი განაჩენებით დადგენილი გარემოებების საწინააღმდეგო ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

 

ამდენად, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების, საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაციის, საარქივო ცნობის, 2013 წლის 14 თებერვლის შპს ,,აჭ------------------“-სა და ი-----------------ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, საკადასტორ აზომვითი ნახაზით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დაუშვებელი იყო ი-----------------ეს დაერეგისტრირებინა სოფელ მ---------ში, მდინარე ჭოროხის კალაპოტსა და მდინარის მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე არსებული 2886 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდით 2-----------.

 

მიუხედავად, ამისა ი-----------------ემ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, მდინარე ჭოროხის კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა-------------------ზე“ რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მან მოიპოვა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც აღნიშნული ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა. ამის შემდგომ თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან მიიღო ცნობა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის მის პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტის შესახებ და ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტების, სხვა დოკუმენტებთან ერთად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდეგნის გზით და საჯარო რეესტრის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის გამოჩენის შედეგად, დაირეგისტრირა სადავო მიწის ნაკვეთი, რომლის რეალიზაციაც მოახდინა შპს „ა-------------------ზე“ და თაღლითურად დაეუფლა შპს „ა-------------------ის“ კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 57 720 ლარს.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად, ი-----------------ე თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 2886 კვ.მ. მიწის ფართობს და ასევე, მას დანაშაულებრივ ქმედებად შეერაცხა იგივე ქონების სხვა პირზე გასხვისება, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობად და დადგენილ პრაქტიკას. აპელანტების განმარტებით, იგივე ქონების სხვა პირზე გასხვისება თაღლითობად არ უნდა დაკვალიფიცირდეს. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაშ იბრაიმ დიდმანძეს ბრალი არ აქვს წარდგენილი და შესაბამისად, არც სასამართლოს მიერ მომხდარა მისი მსჯავრდება თაღლითობის ორი ეპიზოდისათვის. ბრალდების შესახებ დადგენილებში ფორმულირებული ფაქტობრივი გარემოებები წარმოადგენს საერთო განზრახვით მოცულ, ერთიან დანაშაულებრივ ქმედებას, რა დროსაც ი-----------------ემ დიდ ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჯერ განახორციელა სახელმწიფოს კუთვნილი ფართობის დარეგისტირება კერძო საკუთრებაში და შემდგომ შეცდომაში შეყვანის გზით, გაასხვისა იგი შპს „ა-------------------ზე“.

 

ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას და დასკვნას იმის თაობაზე, რომ ი-----------------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-----------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ არც აღნიშნულ ნაწილში არსებობს ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენის შეცვლის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება - აანაზრაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ი-----------------ის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), მისი ოჯახური მდგომარეობა, ქმედების ჩადენის ანგარებითი მოტივი, მის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი; გაითვლისწინა ასევე ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში, დაზარალებულის პოზიცია ზიანთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ გამოყენებული სასჯელი თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. ბარლდების მხარე თავადვე განმარტავს სააპელაციო საჩივარში, რომ დანაშაულის აღიარებაზე და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზრაურებაზე უარის თქმა არ ითვლება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად; ამდენად, ის ფაქტი, რომ ი-----------------ე არ აღიარებს ბრალად წადრგენილ ქმედებას, არ გამოთქვამს მზადყოფნას აანაზღაუროს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა სრული მოცულობით, ვერ გახდება მის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების საფუძველი. რაც შეეხება პროკურორის განმარტებას, რომ ი-----------------ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის, განზრახი დანაშაული და მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას არ ექნება პრევენციული ხასიათი, პალატა განმარტვას, რომ ი-----------------ისათვის ბრალად წარდეგნილი ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სასჯელის სახით ითვალისწინებს, როგორც თავისუფლების აღკვეთას, ასევე ჯარიმას და მის მიმართ სასჯელი დანიშნულია შესაბამისი სანქციის ფარგლებში.

 

ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ი-----------------ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე დანიშნული ჯარიმა 6000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, არის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი ი-----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ი------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი;

 

ი-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 6 000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით;

 

ნივთიერი მტკიცებულებები: 2 (ორი) ცალი CD დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე