განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2019
საქმის ნომერი
190100119002913738
ინსტანცია
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119002913738

საქმე №1ბ/875-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ--------------–-------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქის, პირადი #------------ არასრული საშუალო განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ---------------------------------------------–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ-------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ--–------------–ი, ხ--–-------------------------------------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დ-------------ე ეკამათა მამას, ტ------–--------ეს, რის შემდეგაც მას სასქესო ორგანოზე დაარტყა ფეხი, რის შედეგადაც ტ------–--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განაჩენით დ-------------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-----------------ემ რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განაჩენის გაუქმება და დ-------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დ-------------ის ბრალეულობას. ის გარემოება, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა შვილის მიმართ ჩვენების მიცემაზე, არ ნიშნავს იმას, რომ მის მიერ ჩვენების გარდა სხვა ფორმით გამოხატული თანხმობა, არ უნდა იქნას განხილული და არ უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ყველა მითითებული დოკუმენტი დადასტურებულია დაზარალებულის ხელისმოწერით.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ-------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, დაზარალებულმა ტ------–--------ემ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (შვილის) დ-------------ის დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

 

დ-------------ემ წარდგენილ ბრალდებაში არ ცნო თავი დამნაშავედ და ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულმა ტ------–--------ემ (დ-------------ის მამა) რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მამა. ტ------–--------ე მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირია რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია დ-------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.

 

აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ძალადობა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელდა თუ არა ძალადობა და განხორციელებულმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან დაზარალებულმა ტ------–--------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი დ-------------ემ მის მიმართ ჩაიდინა თუ არა ძალადობა და განცდილი ძალადობის შედეგად განიცადა თუ არა ტკივილი დაზარალებულმა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ დ-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა დ-------------ის მხრიდან ტ------–--------ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ დ-------------ემ ჩაიდინა დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა დ-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენი დ-------------ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენი დ-------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

დ-------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ დ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

დ-------------ეს განემარტოს,რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი