განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 811210019002703345
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-283-19 15 მაისი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი დ/მ გარეშე მესამე პირი წარმომადგენელი - - - - - - ზ------ ფ--------- დ----- ბ------- მ----------- შ--–--------- რ---- ზ----–---–- ს--–---–----------------------- სააგენტოს წ---–-------------------–--- ნ----- ბ----------
დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის მუნიციპალიტეტში წყალტუბოს მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, ზ------ ფ---------სთან არარეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეეძინა ერთი შვილი, თ------ ფ---------, დაბადებული 2015 წლის 20 იანვარს. პირადი უთანხმოებისა და სხვა მიზეზების გამო, მოსარჩელე და მოპასუხე 2 წელია ერთად აღარ ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, მაინც ჰქონდა კომუნიკაცია მოპასუხე ზ------ ფ---------სთან და მის მშობლებთან. ამჟამად მათთან დაეძაბა ურთიერთობა, ისინი ავიწროვებენ, ხელს უშლიან მისი შვილის მიმართ მიიღოს ელემენტარული გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, მოპასუხე ზ------ ფ---------, რამდენიმე წელია იმყოფება საზღვარგარეთ, თუმცა მატერიალურად არ ეხმარება ბავშვის აღზრდაში და არც თანხმობას აძლევს, რომ მისი შვილი წაიყვანოს საზღვარგარეთ. იმის გამო, რომ მისი შვილისთვის შეექმნა ნორმალური პირობები, მ. შ--–--------- იძულებული გახდა წასულიყო სამუშაოდ თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც აქვს ცხოვრების ნებართვა. გარკვეული პერიოდი, მამის თანხმობით წაყვანილი ჰყავდა შვილი საზღვარგარეთ, თუმცა ეს უფლება დღეის მდგომარეობით შეზღუდული აქვს, ვინაიდან, მოპასუხე ნებართვას არ აძლევს თან წაიყვანოს შვილი, რაც ზიანს აყენებს არასრულწლოვანის ინტერესებს და ზღუდავს მისი განვითარების შესაძლებლობას. საქართველოში დარჩენის შემთხვევაში, მოსარჩელეს არანაირი საშუალება არა გააჩნია ბავშვის რჩენისა, ხოლო საზღვარგარეთ აქვს საცხოვრებელი, სამსახური და ყველანაირად უზრუნველყოფილი პირობები ბავშვის ნორმალურ გარემოში აღსაზრდელად. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მისი შვილი თ------ ფ--------- დარეგისტრირებულია ქ. ს--------––-, დაწყებით სკოლაში, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვმა მიიღოს განათლება და ჰქონდეს უზრუნველყოფილი ცხოვრება. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და უარი განაცხადა მის დაკმაყოფილებაზე. მესამე პირის პოზიცია: მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი თ------ ფ---------- ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევდა მშობელს, ზ------ ფ---------ს ნაწილობრივ შეეზღუდოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საზღვარგარეთ გაყვანის პროცესში და სამოქალაქო რეესტრში პასპორტის გაცემის თანხმობის ნაწილში (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. მ----------- შ--–---------- სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. ზ------ ფ---------ს, პ/ნ 6----------- შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ნაწილობრივ, კერძოდ: თ------ ფ---------- პ/ნ 6---------- საზღვარგარეთ გაყვანის პროცესში, სამოქალაქო რეესტრში პასპორტის გაცემის თანხმობის ნაწილში. 3. მოპასუხე ზ------ ფ---------ს, მ----------- შ--–---------- სასარგებლოდ გადახდეს 50 (ორმოცდაათი) ლარი, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. მოსარჩელე მ----------- შ--–--------- და მოპასუხე ზ------ ფ--------- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2015 წლიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, თ------ ფ---------, დაბადებული 2015 წლის 20 იანვარს, რომელიც, ამჟამად ცხოვრობს დედის სახლში, ქ. წ---–-------–-------------------------------ში. მამას, ზ------ ფ---------ს არანაირი ურთიერთობა არა აქვს შვილთან. 2.2. მოსარჩელე მ----------- შ--–---------ს აქვს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში ბინადრობის მოწმობა. აქვს ყველა პირობა საიმისოდ, რომ მისი შვილი ამყოფოს თავისთან, ამ პერიოდში დედა-შვილმა იქონიონ მჭიდრო და თბილი ურთიერთობა, რაც დადებითად იმოქმედებს ბავშვის განვითარებაზე და მშობლის მიმართ დამოკიდებულებაზე. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1199-ე მუხლებზე, 1205-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილზე, „ბავშვის უფლებათა კონვენციის„ მე-3 მუხლის პირველ და მეორე ნაწილზე და განმარტა: შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ისინი უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლების უფლებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი არ მიადგეს ბავშვის ინტერესებს. 2.4. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონი დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოდან 16 წლამდე ბავშვის დროებით გასვლას მისი კანონიერი წარმომადგენლის უნებართვოდ და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლების გარეშე; არასრულწლოვანის საქართველოდან დროებით გასვლის საკითხზე, კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება სასამართლო წესით (მე-8 მუხლი). ამდენად, არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებისათვის საჭირო დოკუმენტის მისაღებად, აუცილებელია ორივე მშობლის თანხმობა. 2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებების კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლების თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას სრულად უნდა იქნეს დაცული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000). 2.6. სასამართლომ მიუთითა, რომ მიუხედავად სასამართლოს არაერთი მცდელობისა, მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპზე დაყრდნობით, მოპასუხე ზ------ ფ---------ს პირადად დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, ამ უკანასკნელმა არ ჩათვალა მიზანშეწონილად გამოცხადებულიყო სასამართლოში პირადად თუ არა, წარმომადგენლის მეშვეობით, წარმოედგინა შესაგებელი და მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, რითაც მან ცალსახად გამოხატა თავისი დამოკიდებულება არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობებთან მიმართებაში. 2.7. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას იცხოვრონ შვილთან, წარმოადგინონ ბავშვის ინტერესები, მაგრამ აღნიშნულ უფლებათა განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ბავშვის ინტერესებს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ------ ფ---------ს სურვილი აქვს, მეტი დრო გაატაროს დედასთან. შესაბამისად, მისი ინტერესი უპირატესია. 2.8. ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ თ------ ფ---------- საზღვარგარეთ გაყვანა საფრთხის შემცველი ან რაიმე ზიანის გამომწვევი იქნება ბავშვისათვის, მოპასუხეს კი არ მიუთითებია გარემოებები, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობას და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგენია, სასამართლომ დაადგინა, რომ მ----------- შ--–---------- მოთხოვნა მოპასუხისათვის, არასრულწლოვანი შვილის, 2015 წლის 20 იანვარს დაბადებული თ------ ფ---------- მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ საფუძვლიანია, ემსახურება არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესების დაცვას და უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, თითქოს მოსარჩელე მ----------- შ--–---------ს გააჩნია თურქეთის რესპუბლიკის ბინადრობის მოწმობა. მართალია, საქმეზე დართულია თურქულიდან ქართულად ნათარგმნი მოწმობა, მაგრამ მისი მოქმედების ვადა იწურება 2019 წლის 7 მარტს. ვადის გასვლის შემდეგ, მოსარჩელე ვეღარ შეძლებს თურქეთის რესპუბლიკაში კანონიერად ცხოვრებას. 3.2. სასამართლომ, ასევე არასწორად დაადგინა რომ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა საფრთხის შემცველი და ზიანის გამომწვევი არ არის. რამდენადაც მისთვის ცნობილია, ბავშვის დედას აქვს ფსიქიკური პრობლემები და ხშირად არის არაადეკვატური. გარდა ამისა, ბავშვის დედა მუშაობს მოხუცის მომვლელად თურქეთის რესპუბლიკაში, აქვს 24 საათიანი რეჟიმი, სხვა რაიმე სამსახური არ აქვს და საეჭვოა დედის სამსახურში ყოფნის პერიოდში, ვინ იზრუნებს 4 წლის თ----- ფ---------ზე. 3.3. სასამართლოს არ შეუფასებია, რამდენად მისაღები იქნება 4 წლის ბავშვისათვის უცხო გარემოში აღმოჩენა ნათესავებისა და ოჯახური გარემოს გარეშე, როცა არ ესმის არავის სასაუბრო ენა და ვერც თვითონ გააგებინებს ვერავის. ბავშვი, რომელმაც ქართული საუბარიც კი არ იცის სრულყოფილად და გამართულად, გაურკვეველია, როგორ ჩაირიცხა თურქულ-ინგლისურ სკოლაში თურქეთში, იმ დროს, როცა ერთი სიტყვაც არ იცის თურქულად და ინგლისურად. ამდენად, მისი საზღვარგარეთ გაყვანა, ნამდვილად საფრთხის შემცველი იქნება მისი სწორი განვითარებისათვის. 3.4. გარდა ზემოაღნიშნულისა, ზ------ ფ--------- არ ყოფილა მიწვეული სასამართლო პროცესზე კანონით დადგენილი წესით. მის საცხოვრებელ მისამართზე არ მისულა არც ერთი შეტყობინება და არც მისი რომელიმე ახლო ნათესავისთვის უცნობებიათ აღნიშნულის თაობაზე. საქმეში განთავსებულია საქართველოს ფოსტას ორი გზავნილი, სადაც ფოსტის კურიერი უთითებს: ,,სოფელში ვერ მოძებნა აღნიშნული პირი" და ითხოვს ,,მიუთითონ დამატებითი მონაცემები", თუმცა სასამართლომ, დამატებითი მონაცემების მითითების, ან პოლიციისათვის მოპასუხეზე გზავნილის ჩაბარების დავალების ნაცვლად, საჯაროდ გამოაქვეყნა სარჩელი, რაც არასწორია. 3.5. ვინაიდან, სასამართლომ, ისე განიხილა საქმე, მხოლოდ მოსარჩელის და მესამე პირად ჩართული სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაწილეობით, რომ მოპასუხე არ ყოფილა მიწვეული კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, ვერ დაწერა შესაგებელი, ვერ წარადგინა მტკიცებულებები და ფაქტიურად ისე შეეზღუდა მშობლის უფლება, რომ თავის დაცვისა და მოსარჩელის საწინააღმდეგო არგუმენტების წარდგენა ვერ შეძლო, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტში წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ----------- შ--–---------მ, მოპასუხედ დაასახელა ზ------ ფ--------- და მოითხოვა, ზ------ ფ---------ს (პ/ნ 6-----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, არასრულწლოვანი შვილის, 2015 წლის 20 იანვარს დაბადებული თ------ ფ---------- (პ/ნ 6----------) მიმართ, საქართველოს საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებულ თანხმობასთან მიმართებაში. 4.2. დადგენილია, რომ მ----------- შ--–---------- სარჩელი მიღებული იქნა და მოპასუხე ზ------ ფ---------ს, 2018 წლის 22 ნოემბერს, სასამართლოს მიერ გაეგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტების ასლები ერთჯერ, სარჩელში მითითებულ მისამართზე: (ფოსტის გზავნილის კოდი: A------------), საიდანაც საფოსტო გზავნილი სასამართლოში დაბრუნდა ჩაუბარებელი მინაწერით: ადრესატი ვერ მოიძებნა, მიუთითეთ დამატებითი მონაცემები (ს.ფ.18-20). 4.3. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, 2018 წლის 05 დეკემბერს გამოიტანა განჩინება ზ------ ფ----------ათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარების თაობაზე (ს.ფ.21-24), ასევე, 2019 წლის 08 იანვრის განჩინებით სასამართლო სხდომაზე ზ. ფ---------- მოწვევის თაობაზე (ს.ფ.30-31), თუმცა მიღებული განჩინებების საჯაროდ გამოქვეყნება არ განუხორციელებია, ხოლო უწყება სხდომაზე მოწვევის თაობაზე მოპასუხისათვის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წესით არ გაუგზავნია. 4.4. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, 2018 წლის 05 დეკემბერს გამოიტანა განჩინება, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების ს-----------–---–-------- ს--–---–----------------------- ცენტრს გადაუგზავნა საქმის მასალები და დაავალა, არასრულწლოვანი თ----- ფ---------- ინტერესების დაცვის მიზნით წარმომადგენლის დანიშვნა, მხარეთა სოციალური გარემოს, საცხოვრებელი პირობების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის სასამართლოსათვის წარმოდგენა (ს.ფ.25) 4.5. დადგენილია, რომ მოპასუხე ზ------ ფ---------ს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი და მე-2 მუხლების თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. მითითებული ნორმების საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მოდავე მხარეების საპროცესო უფლებების სრულყოფილად რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი დეტალურად აწესრიგებს სასამართლოში საქმის განხილვის წესებს. 4.7. ამ კოდექსის 184-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, სარჩელის მიღების შემდეგ, სასამართლო, სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ჩაბარებას თავად უზრუნველყოფს, ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით, თუ სარჩელი წარმოდგენილია ამავე კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირთა მიერ. 4.8. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (გზავნილით) ეცნობება, სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (გზავნილი) მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს... სსსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით. თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით) შესახებ; ასეთ შემთხვევაში, სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება საჯარო გავრცელებიდან მე-7 დღეს (სსსკ-ის 78-ე მუხლი). 4.9. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სარჩელში, მოპასუხე ზ------ ფ---------- მისამართი დაფიქსირებულია წ---–-------------------–-----------------, თუმცა, როგორც საქმის მასალებით დგინდება, მითითებულ მისამართზე სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად, ასევე სასამართლო სხდომაზე მოწვევის თაობაზე უწყება მოპასუხეს ორჯერ არ გაგზავნია, არც საჯარო შეტობინების წესი ყოფილა გამოყენებული, რაც ადასტურებს, რომ მოპასუხეს სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად, ასევე სასამართლო უწყება სხდომაზე მოწვევის თაობაზე სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა სსსკ-ის 201-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად წარედგინა შესაგებელი, წარედგინა მტკიცებულებები სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფის მიზნით, გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე და დაეცვა თავისი უფლებები. 4.10. გარდა ზემოაღნიშნული სავალდებულო მოქმედებებისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსკ-ის 354.1 მუხლისა და 203.1.”გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, არ განახორციელა სსსკ-ის 81-ე მუხლიდან გამომდინარე საპროცესო ღონისძიებები თავად არასრულწლოვანი თ----- ფ---------- საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით, ასევე, არ განიხილა სამოქალაქო კოდექსის 1200 მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვანის მშობლებისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეჩერების საკითხი და არასრულწლოვანის საპროცესო წარმომადგენლად დანიშნულ, სსიპ სოციალური მომსახურების ს-----------–---–-------- ს--–---–----------------------- ცენტრს არ განუსაზღვრა შესაგებლის წარმოდგენისათვის შესაბამისი ვადა. 4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.3 და 394-ე მუხლის ”ბ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. 4.12. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლოს მოპასუხე ზ------ ფ----------ათვის სასამართლოში მიმდინარე დავის შესახებ არ უცნობებია, კერძოდ არ ჩაუბარებია სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, სასაამართლო სხდომაზე არ მოუწვევია, რითაც მოპასუხეს არ მიეცა შესაძლებლობა დაეცვა თავისი უფლებები და შეეზღუდა სარჩელში მითითებული გარემოებების საპროცესო საშუალებებით უარყოფის და სადავოდ გამხდარ ფაქტებთან დაკავშირებით მისი მსჯელობის დადასტურების შესაძლებლობა, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპები, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა ნუსხას და რომლის უზრუნველყოფის ვალდებულებაც გააჩნია ყოველ სახელმწიფოს მისი სასამართლო ორგანოების სახით. აღნიშნული კი, სსსკ-ის 393.3 და 394-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. 4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ბ პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, ასევე დარღვეულია საპროცესო მოთხოვნები, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, დავის განხილვისას დარღვეული იქნა სამოქალაქო საპროცესო ნორმები, პირველი ინსტანციის სასამათლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება სსსკ-ის 385-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველია. 4.14. საქმის ხელახალი განხილვისას, სასამართლომ სრულყოფილად უნდა განახორციელოს კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები, მისცეს მოპასუხეს, ასევე არასრულწლოვანის საპროცესო წარმომადგენელს შესაძლებლობა შესაგებლის წარმოდგენისათვის და მისი წარდგენის შემთხვევაში, დავა გადაწყვიტოს მოქმედი მატერიალური და პროცესუალური კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვითა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე. გარდა ამისა, გადაწყვიტოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეში მხარედ, თავად არასრულწლოვანი თ----- ფ---------- ჩართვის და სამოქალაქო კოდექსის 1200 მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვანის მშობლებისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეჩერების საკითხი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ ზ------ ფ---------- სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტში წყალტუბოს მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება და სამოქალაქო საქმე, მ----------- შ--–---------- სარჩელისა გამო, ზ------ ფ---------- მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე, მ----------- შ--–---------- სარჩელზე, ზ------ ფ---------- შესაგებლის წარდგენის საპროცესო ეტაპიდან, ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით, საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------ ფ---------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტში წყალტუბოს მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება;
3. სამოქალაქო საქმე, მ----------- შ--–---------- სარჩელისა გამო, ზ------ ფ---------- მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე, მ----------- შ--–---------- სარჩელზე ზ------ ფ---------- შესაგებლის წარდგენის საპროცესო ეტაპიდან ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. საპროცესო ხარჯები განაწილდეს საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა