განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310117001844165
საქმე №3ბ/658-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე თამარ ონიანი
მოსამართლეები მანანა ჩოხელი
გიორგი ტყავაძე
აპელანტები (მოსარჩელეები) - პა--–-----–----ე, თა--------–---ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტების პა--–-----–----ისა და თა--------–---ძის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით პა--–-----–----ისა და თა--------–---ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. მოსარჩელეებმა პა--–-----–----ემ და თა--------–---ძემ 2016 წლის 8 დეკემბერს N2----- და N2---- განცხადებით მიმართეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, რომლითაც ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა მოითხოვეს.
2.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 15 დეკემბრის N0-------- გადაწყვეტილებით პა--–-----–----ეს, ხოლო N0-------- - თა--------–---ძეს განემარტათ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ ამავე მუხლით დადგენილ შემთხვევებში.
2.2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 15 დეკემბრის N0-------- და N0-------- გადაწყვეტილება პა--–-----–----ემ და თა--------–---ძემ გაასაჩივრეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2017 წლის 15 თებერვლის №0------- და N0------- გადაწყვეტილებით, ვერ იმსჯელა პა--–-----–----ისა და თა--------–---ძის მიერ 2017 წლის 8 თებერვალს წარდგენილ N2---- და N2---- წერილობით მომართვაზე, როგორც ადმინისტრაციულ საჩივარზე, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 15 დეკემბრის N0-------- და N0-------- წერილები არის ინფორმაციული ხასიათის.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.3.1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
სასამართლომ განმარტა, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა საქართველოში შემოვიდა 2011 წლის ივლისიდან და მისი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში.
2.3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-3 და მე-7 მუხლებზე, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონზე მითითებით, აღნიშნა, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით, ეს კავშირი ამ ფაქტორების კომპლექსური ნაზავია და არის ორი სუბიექტის - სახელმწიფოს, როგორც უმაღლესი სუვერენის, ძალაუფლების მპყრობელისა და მოქალაქის, როგორც ,,სახალხო სუვერენიტეტის“ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობა შედგება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური და ზნეობრივ უფლებებით და რაც მთავარია, ამ სუბიექტებს შორის, უფლებების გარდა, არსებობს ურთიერთვალდებულებები.
წინამდებარე დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების დებულებების განმარტება უნდა მოხდეს თითოეული მხარის როგორც უფლებების, ისე ვალდებულებების ჭრილში.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო – უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
ამავე კანონის III თავით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (12.1 მუხლი).
მოსარჩელეთა მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი უკანონოა, მოპასუხე არასწორად განმარტავს კანონს, ვინაიდან ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებს მოქალაქის ნებას, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პირადობის მოწმობასა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას შორის გააკეთოს არჩევანი მაშინ, როდესც კანონქვემდებარე აქტი აწესებს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულებას. შესაბამისად, კანონის მოქმედების პირობებში, მათზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება.
სასამართლომ მიუთითა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.
ამავე კანონის მე-7 მუხლის ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ კანონქვემდებარე აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა (მოსარჩელის მითითებით წესის 25-ე მუხლი) წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე.
ამდენად, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელეების პოზიციას ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ და მიიჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. იმ დროს, როდესაც მოსარჩელე ითხოვდა არალექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული
2.3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესაბამისად, მოსარჩელეებს, რომელთა პირადობის მოწმობას მოქმედების ვადა გაუვიდა 2015-2016 წელს, შესასრულებლად სავალდებულოდ განისაზღვრა ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვლის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციისა გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.
მოსარჩელეები არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სურვილს უკავშირებენ მათი, როგორც მოქალაქის არჩევანის უფლების მქონე სუბიექტის უფლებას, თუმცა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სასამართლო კანონის განმარტებისას ვერ დაეყრდნობოდა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მათი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს. მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური. მოთხოვნა კანონიერია, თუ მსგავსი მდგომარეობა ასახულია კანონში, ხოლო მოთხოვნა ლეგიტიმურია, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არღვევს კანონში ასახულ და განმტკიცებულ დებულებებს, რომლის გამოც ილახება მოქალაქის უფლება და ინტერესი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მათი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეებზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხრციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უარი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხეებისათვის ქმედების განხორციელების დავალების სამართლებრივი საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტები მიუთითებენ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი „საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ და მის საფუძველზე გამოცემილი კანონქვემდებარე აქტი №98 ბრძანების 25-ე მუხლი. კერძოდ, სასამართლომ გააკეთა არასწორი განმარტება - თითქოსდა 2011 წლის ივლისიდან შემოსული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა.
აპელანტები მიიჩნევენ, რომ არასწორია სასამართლოს განმარტება ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონისა და მის შესასრულებლად გამოცემული იუსტიციის მინისტრის ბრძანების ურთიერთშესაბამისობაზე. აპელანტის განმარტებით, კანონი ცალსახად ადგენს არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას, რომელსაც გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭა იმ სამსახურებს, რომელთაც ეს უფლება განესაზღვრათ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
აპელანტების მითითებით, კანონქვემდებარე №98 ბრძანება გამოცემულია კანონის 20.2 მუხლის შესასრულებლად, და შესაბამისად ის უნდა ითვალისწინებდეს არა მარტო პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის უზრუნველყოფას, არამედ ე.წ არაუფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი პირადობის მოწმონის 4-10 წლის ვადით გაცემის პირობებსაც.
აპელანტები უთითებენ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონის მე-13 მუხლის 1-ელი და მე-14 მუხლის პირველი პუნქტები და დაადგინა, რომ ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გათვალისწინებით,რაც თავად ამ ნორმებშია მითითებული.
აპელანტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებების გათვალისწინებით ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა უნდა განცხორციელდეს მოქალაქის ნების და არა იძულებითი მორჩილების საფუძველზე, რასაც ითვალისწინებს კანონი, როცა აწესებს პირადობის მოწმობის მისაღებად შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის აუცილებლობას. აღნიშნულის სამართლებრივ საფუძვლად აპელანტები მიუთითებენ N98-ე ბრძანების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული „დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში“, ან/და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეზე მხოლოდ მისი სურვილის შემთხვევაში გაიცემა ელექტრონული პირადობის მოწმობა და ა.შ.
აპელანტები მიუთითებენ, რომ N98 ბრძანების 25-ე მუხლი ეხება მათ, ვისაც სურს ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება, მაგრამ 25-ე მუხლით გათვალისწინებული ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებენ საკუთარი ნების დაფიქსირებას სააგენტოში. ამასთანავე, სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რატომ ჩაწერა კანონმდებელმა სიტყვა „შეიძლება“ ელექტრონულ პირადობასთან მიმართებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით კი, „შეიძლება“ თავისთავად არ უნდა იქნეს გაგებული სახელმწიფოსთვის მინიჭებულ უპირობო თავისუფლებად. კანონმდებლისთვის რაიმე შესაძლებლობის მინიჭება არ ნიშნავს მისი ქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას, (საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება N3/1/659, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). გარდა ამისა, კანონმდებელი ხელისუფლების განხორციელებისას შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც მას არ აძლევს შესაძლებლობას, თვითმიზნური, არაგონივრული და არაპროპორციული საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. თუ კანონმდებელი დაუშვებს კონსტიტუციით დადგენილი ზოგადი წესიდან გამონაკლისს და დაადგენს პირისათვის კონსტიტუციის მინიჭებული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, მას მოეთხოვება ასეთი გადაწყვეტის აუცილებლობის დასაბუთება, რასაც სადავო შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტები სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვენ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
5.2.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტებმა თავიანთ სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია მოპასუხისთვის მოსარჩელეების სასარგებლოდ საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის მოწმობის გაცემის დავალება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სასამართლომ უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას - აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები და არგუმენტები იძლევა თუ არა შესაძლებლობას, მოწინააღმდეგე ადმინისტრაციულმა ორგანომ გასცეს პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლის გარეშე მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
5.2.2. სააპელაციო სასამართლო პირველ ყოვლისა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, რასაც საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს, ეფუძნება კანონის უზენაესობას, გულისხმობს საჯარო მმართველობას შესაბამისი კანონების საფუძველზე და მიზნად ისახავს საზოგადოების თითოეული წევრის ხელშეწყობას უფლებათა ყოველმხრივ რეალიზაციის უზრუნველყოფაში. სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგი ხელისუფლების თავისუფლების ფარგლებს ადამიანის უფლებებში ჩარევის თვალსაზრისით ჩარჩოებს უდგენს. შესაბამისად, კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის უფლებათა განუხრელი დაცვის გათვალისწინებით დააწესოს მოქმედების ან უმოქმედობის ვალდებულება სავალდებულო ქცევის წესების სახით.
საკანონმდებლო კომპეტენციას განეკუთვნება სავალდებულოდ განსაზღვრული მიზნებისათვის გადაწყვეტილებების კანონის სახით მიღება. საკანონმდებლო რეგულაციებს საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესი და როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს კონკრეტული მიზნის მიღწევა. იმავდროულად, კანონი მუდმივ კავშირშია სოციალურ ურთიერთობებთან, რომლებზეც მას გავლენის მოხდენა შეუძლია და ცვლილების საფუძველი შეიძლება გახდეს ფაქტობრივი გარემოებების ცვლილება.
მოცემული დავის ფარგლებში სასამართლომ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთმიმართებაზე უნდა იმსჯელოს, შესაბამისად, მიუთითებს რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
კანონმდებელი ვალდებულია, კანონის გამოცემის გზით მოაწესრიგოს მნიშვნელოვანი საკითხების ნორმატიული სფერო, თუმცა ნორმაშემოქმედება მოითხოვს, საზოგადოებრივი ცხოვრების კონკრეტული, სპეციფიკური საკითხების მოწესრიგების პრეროგატივა გადასცეს აღმასრულებელ ხელისუფლებას. ნორმატიული ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით მმართველობის ორგანოების აღჭურვა საკანონმდებლო მიზნის აღსრულების ეფექტურობასა და დროულობას ემსახურება. ნორმის საგარანტიო ფუნქციას მეორადი ნორმებით უფრო კონკრეტულად განსაზღვრით ძირითიადი ნორმის სავალდებულო აღსრულების სამართალდაცვითი ფუნქცია გააჩნია, რაც სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფის საფუძველია.
5.2.3. საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის განსაკუთრებული სამართლებრივი კავშირი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესააბმისად, რაც თავისთავად უფლება-მოვალეობათა ურთიერთკავშირს გულისხმობს.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულია ზოგადი დებულება, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო - უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია.
იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან, გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მითითებული საკანონმდებლო ნორმები საქართველოს მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციასა და პირადობის მოწმობის აღებას საქართველოს მოქალაქის ვალდებულებად განიხილავს. ამასთან, ეჭვგარეშეა, რომ ამგვარი ვალდებულების დაწესებას გააჩნია ლეგიტიმური მიზანი, ვინაიდან მოცემული ღონისძიება საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენას, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების უზრუნველყოფას განაპირობებს.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირადობის მოწმობის არსს - მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრთვე აფხაზურ ენაზე. მე-4 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა).
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმებით კანონმდებელმა განსაზღვრა პირადობის მოწმობაზე მონაცემების ელექტრონული ფორმით დატანის შესაძლებლობა, ამასთან, ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის ვადა შემოსაზღვრა 6 თვით. კანონის მე-14 მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტების შინაარსის გათვალისწინებით, კანონმდებელმა ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის დასაშვებობა ობიექტურ გარემოებათა გამო პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შეუძლებლობას დაუკავშირა და როგორც ელექტრონული მატარებლის, ასევე მის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის წესის განსაზღვრა აღმასრულებელი ორგანოს - იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას მიაკუთვნა, რაც თავისთავად ობიექტურ გარემოებათა დადგენის უფლებამოსილებასაც მოიცავს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 33-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 6 თვის ვადით.
წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის მოწმობის სახეები, პირველი პუნქტი კი მიუთითებს, რომ სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის. გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი);
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა 6 თვემდე ვადით ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა, ამასთან, პირადობის მოწმობის გაცემის წესი იუსტიციის სამინისტრომ განსაზღვრა კანონით მუკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში, რომელის შესაბამისადაც განისაზღვრა ობიექტურ გარემოებათა ჩამონათვალი. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ კანონმდებელი იმპერატიულად მხოლოდ მოქალაქის იმ ვალდებულებას ადგენს, რომ აიღოს პირადობის მოწმობა, ხოლო რომელი სახის მოწმობა იქნება გაცემული, დამოკიდებული არის პირის მოთხოვნაზე. საგულისხმოა, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ობიექტურ მიზეზთა ამომწურავ ჩამონათვალს გვთავაზობს, აპელანტი კი სხვა შესაძლო ობიექტურ გარემოებებზე არ მიუთითებს.
სადავო საკითხთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის Nბს-389-389(კ-18) განჩინებაზე, სადაც იდენტურ დავაში საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ „კასატორი, როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვის დროს წარმოდგენილ დოკუმენტებში, ასევე საკასაციო საჩივარში ვერ მიუთითებს იმ ღირებული კანონიერი უფლებისა თუ ინტერესისასთვის ზიანის მიყენებაზე ან ასეთი ზიანის მიდგომის მომეტებულ რისკზე, რომელიც მას ელექტრონული მატარებლით პირადობის მოწმობის აღების შემთხვევაში მოელის. კერძოდ, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მხარე ვერ უთითებს და კონკრეტულად ვერ ასაბუთებს ელექტრონული მატარებლით პირადობის ქონის შემთხვევაში მისი რელიგიური მრწამსის მიმართ რაიმე სახის შეუსაბამობას. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებს კასატორის რელიგიური მრწამსის წარმომადგენლობას. კასატორი აგრეთვე ვერ ასაბუთებს მისი პერსონალური მონაცემების მისსავე ნების გარეშე მოპოვების რისკებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ, რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა.“
სასაპელაციო სასამართლო მიუთითებს აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 58-ე მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში ასევე შეიძლება გასცენ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა აღნიშნული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე წარდგენილ იქნა შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებამდე.
მითითებული ნორმა ასევე ვერ იქნება მიჩნეული აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების არგუმენტად, ვინაიდან აღნიშნული დანაწესი გარდამავალ დებულებას წარმოადგენს და მიუთითებს ასევე ობიექტურ გარემოებაზე, რომელიც, შესაძლოა, დროებით არსებობდეს, ვიდრე შესაბამის ტერიტორიულ სამსახურებს მიენიჭებათ ელექტრონული მოწმობის გაცემის შესაძლებლობა და თუ ამ სახის მოწმობის გაცემაზე დაინტერესებული პირი თანხმობას განაცხადებს. მასზე ასევე უნდა გავრცელდეს კანონით დადგენილი 6 თვიანი გაცემის ვადა.
5.2.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლ მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს მისთვის ქმედების განხორციელების დავალებას და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებას.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები
აპელანტების - პა--–-----–----ისა და თა--------–---ძის მიერ გადახდილი სახემწიფო ბაჟი - 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექისის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პა--–-----–----ისა და თა--------–---ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე თამარ ონიანი
მოსამართლეები: მანანა ჩოხელი
გიორგი ტყავაძე