განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.06.2019
საქმის ნომერი
330310117002222576
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/501-19

N330310117002222576

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) ხატია არდაზიშვილი

მოსამართლეები - მანანა ჩოხელი

მირანდა ერემაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ--------------–---ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ--------------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 20 ნოემბრის MES 6----------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ---–----------–-–-------------–----------------ის მიერ მ--------------–---ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების ა---------- დიპლომის (სარეგისტრაციო N1----) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე; მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის მ--------------–---ის სასარგებლოდ ანაზღაურება; მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისრა მოსარჩელის - მ--------------–---ის სასარგებლოდ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. საქართველოს სსრ სახალხო განათლების და საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროების კოლეგიის 1990 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, თ---–------------------------------------ის დირექტორის 1990 წლის №1--- ბრძანებით, 1990 წლის 6 თებერვლიდან, თ---–--------------------------ი გადაკეთდა უმაღლეს კომერციულ სასწავლებლად/კოლეჯად (ს.ფ. 70-76).

 

1.2.2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 19 მარტის №340 დადგენილებით, თ---–------------–-----------–----–------–---ის ბაზაზე შეიქმნა თ---–------------–----------------ი (ს.ფ. 200).

 

1.2.3. საქმეზე წარმოდგენილი სსიპ მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის 2019 წლის 19 ნოემბრის MES 6------------ წერილით დასტურდება, რომ მ--------------–---მა (პ/ნ 3----------) ნამდვილად დაამთავრა სსიპ მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის სრული კურსი 1989 წელს და მასზე გაიცა ატესტატი NA------. სკოლის არქივში მოიძებნა შემდეგი დოკუმენტაცია: ატესტატის გაცემის ჟურნალი და პედსაბჭოს ოქმი N-- (1989 წლის 31 მაისით დათარიღებული) მ--------------–---ის სკოლის დამთავრების თაობაზე, სადაც მ--------------–---ი 22-ე ნომრად არის დაფიქსირებული. სხვა დოკუმენტაცია აღნიშნული მოქალაქის სკოლის დამთავრების თაობაზე სკოლაში არ არის და არც არქივისთვის არ არის გადაცემული. ამავე წერილის თანახმად, სკოლის სახელწოდება 1989 წელს იყო მ.ბ. ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საშუალო სკოლა (ს.ფ. 223-228).

 

1.2.4. თ---–----------–-–-------------–----------------ის მიერ 1995 წლის 27 ივნისს მ--------------–---ის სახელზე გაიცა დიპლომი ა---------- (სარეგისტრაციო N1----) მასზედ, რომ 1991 წელს, მ---------------------------–---ი შევიდა თ---–----------–-–-------------–----------------ში, 1995 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი კვების ტ------–----------------ის სპეციალობით და სახელწიფო საგამოცდო კომისიის 1995 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით მ--------------–---ს მიენიჭა ტ------–----------------ის კვალიფიკაცია (ს.ფ. 60).

 

1.2.5. 2017 წლის 17 ოქტომბერს მ--------------–---მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა თ---–----------–-–-------------–----------------ის მიერ მ--------------–---ის სახელზე გაცემული ა---------- (სარეგისტრაციო N1----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება (ს.ფ. 55-60).

 

1.2.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მ--------------–---ის 2017 წლის 17 ოქტომბრის განცხადების განხილვის ფარგლებში, 2017 წლის 19 ოქტომბერს MES 4------------ წერილით მიმართა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომლითაც უნივერისტეტს გაეგზავნა თ---–----------–-–-------------–----------------ის მიერ მ--------------–---ის სახელზე გაცემული დიპლომის ასლი და ეთხოვა ინფორმაციის მოწოდება, კერძოდ, კორესპონდენციის მიღებიდან 5 დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებაში მ--------------–---ის სწავლის პერიოდის შესახებ, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად არ გავლის შემთხვევაში, თუ დიპლომის მფლობელს საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ გაუვლია, აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, როდის და რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადავიდა იგი (ს.ფ. 61).

 

1.2.7. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის 31 ოქტომბრის N1------------- წერილით, ცენტრს ეცნობა, რომ სახელწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 1995 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ე---------------------------------------–----------–-–------------------------------------–--------------–-----ის კვების ტ------–----------------ის სპეციალობის კურსდამთავრებულ მ--------------–---ს მიენიჭა ტ------–----------------ის კვალიფიკაცია, კვების ტ------–----------------ის სპეციალობით (ბრძ. N0-------, 26.06.1995). მის სახელზე გაიცა თ---–----------–-–-------------–----------------ის დამთავრების ჩვეულებრივი დიპლომი ა---------- სარეგისტრაციო N1----. მ--------------–---ის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა 4 (ოთხი) წლით. დამატებით უნივერისტეტის მიერ განმარტებული იქნა, რომ მ--------------–---ის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანება უნივერისტეტის არქივში არ იძებნებოდა (ს.ფ. 65).

 

1.2.8. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 20 ნოემბრის №MES 6------------ გადაწყვეტილებით მ--------------–---ს უარი ეთქვა თ---–----------–-–-------------–----------------ის მიერ მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების ა---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე (ს.ფ. 80-83).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 20 ნოემბრის MES 6------------ გადაწყვეტილება მ--------------–---ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

1.3.2. სასამართლოს განმარტებით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (სადავო აქტის მიღების დროს მოქმედი რედაქცია), განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ - ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს მ--------------–---მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა თ---–----------–-–-------------–----------------ის მიერ მ--------------–---ის სახელზე გაცემული ა---------- (სარეგისტრაციო N1----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.

 

ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 20 ნოემბრის MES 6------------ გადაწყვეტილებით მ--------------–---ს უარი ეთქვა თ---–----------–-–-------------–----------------ის მიერ მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების ა---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ, ვინაიდან 1995 წელს დაასრულა თ---–----------–-–-------------–----------------ის ერთსაფეხურიანი ოთხწლიანი პროგრამის სრული კურსი, არ არსებობს მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

1.3.3. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

ამდენად, სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმატიული აქტი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.

 

1.3.4. სასამართლომ მიუთითა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო აქტის მიღების დროს მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამავე მუხლის „ღ2“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით, აგრეთვე სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით/დიპლომებით ან სერტიფიკატით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე, მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მ--------------–---ი 1991 წელს ჩაირიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი (პირველი კურსი) გაიარა საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. შესაბამისად, ცენტრმა მიიჩნია, რომ ვერ დგინდებოდა საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება, უმაღლესი განათლების მიზნებისათვის სწავლის პერიოდის და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარება. ამასთან, მ--------------–---ის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანება არ იძებნებოდა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნია ამგვარი ნდობა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

უპირველესად, სასამართლომ აღნიშნა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა.

 

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განმტკიცებული კანონიერი ნდობის ინსტიტუტის მოცემულ შემთხვევაში გამოყენების წინაპირობა არის ის გარემოება, რომ დიპლომი, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების ფაქტს, გაცემულია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომლის სამართლებრივ სტატუსს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის, რაც სასამართლოს მოსაზებით კანონიერი ნდობის კანონით დადგენილი პრინციპის ამოქმედების აუცილებლობას წარმოქმნის.

 

სასამართლოს განმარტებით, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვა-სიტყვითი განმარტების საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მიღებული განათლების დადასტურებაზე უარი, რაც, სასამართლოს რწმენით, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.

 

ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადექვატურად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ დაადასტუროს განათლების მიღების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედებას და ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას.

 

1.3.5. სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის; ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ შესაბამისი საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც; სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად მართებდა მას სადავო საკითხზე რეაგირება, რათა გაუმართლებლად არ დარღვეულიყო პირის კანონით დაცული ინტერესები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეულია კანონიერი ნდობის პრინციპი, სადავო აქტის გამოცემისას, არ იქნა დაცული მისი მატერიალური კანონიერება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება, ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი განათლების დადასტურებაზე, შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს 1992 წლის 20 იანვრის №09 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში 1992 წლის მიღების წესები. მითითებული წესების პირველი პუნქტის თანახმად, „რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებიან საშუალო განათლების მქონე მოქალაქენი“. სასამართლოს განმარტებით, დადგენილია და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მ--------------–---მა 1989 წელს დაამთავრა სკოლის სრული კურსი და მასზე გაიცა ატესტატი NA------. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით ცალსახად დგინდება, რომ მ--------------–---ი აკმაყოფილებდა რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიღების წესებით დადგენილ მოთხოვნას საშუალო განათლების ქონის თაობაზე და ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომლის სამართლებრივ სტატუსს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ასევე არ ხდის სადავოდ, გაიცა ა---------- დიპლომი, რომლითაც ირკვევა, რომ მ--------------–---მა დაასრულა ერთსაფეხურიანი ოთხწლიანი პროგრამის სრული კურსი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს საფუძველი იმისა, მოსარჩელეს ჰქონოდა კანონიერი ნდობა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომის მიმართ და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, ზღუდავს მისი ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში კი, ზღუდავს მოპასუხეს - არ დაადასტუროს მოსარჩელის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლება და კვალიფიკაცია.

 

1.3.6. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ--------------–---ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 20 ნოემბრის MES 6------------ გადაწყვეტილება ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და უნდა დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ---–----------–-–-------------–----------------ის მიერ მ--------------–---ის სახელზე გაცემული ა---------- დიპლომის (სარეგისტრაციო N1----) ნამდვილობის დადასტურების შესახებ.

 

1.3.7. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურება - 500 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების საფასურის შესახებ 2017 წლის 19 დეკემბრის სალაროს შემოსავლის ორდერით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ--------------–---ს განსახილველ სარჩელთან დაკავშირებით, საადვოკატო მომსახურების საფასურად, ადვოკატისათვის გადახდილი აქვს თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებისა და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მის სასარგებლოდ, სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატისათვის გადახდილი 500 (ხუთასი) ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია, ხარჯის გაღების ფაქტი დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებით, მისი ოდენობა შეესაბამება გონივრულ ფარგლებს და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.4. პუნქტით დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1991 წელს მ--------------–---ი ჩაირიცხა და 1995 წელს დაამთავრა თ---–----------–-–-------------–----------------ი კვების ტ------–----------------ის სპეციალობით. მ--------------–---ის სახელზე თ---–----------–-–-------------–----------------ის მიერ 1995 წლის 27 ივნისს გაცემულია ა---------- დიპლომი, მასზედ, რომ დაასრულა აღნიშნული დაწესებულების ერთსაფეხურიანი ოთხწლიანი პროგრამის სრული კურსი. ზოგადად, ჩარიცხვა, კვალიფიკაციის მინიჭება, სწავლების ფორმატი, როგორც სამართლებრივი შედგების გამომწვევი ქმედება გულისხმობს არა მხოლოდ უშუალოდ ფაქტის განხორციელებას, არამედ, ამ მოვლენის კანონმდებლობის დაცვის პირობებში დადგომას. კერძოდ, კონკრეტული პირისათვის კვალიფიკაცია, სამართლებრივი გაგებით, მინიჭებულად ჩაითვლება, როცა პირისა თუ დაწესებულების მხრიდან დაცული იყო აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნები. აპელანტის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მოსარჩელემ პირველი კურსი გაიარა საშუალო პროფესიული პროგრამით, ხოლო დანარჩენი 3 უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით, არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მოსაზრება, რომ მ--------------–---ის 4 წლიან პროგრამაზე სწავლება და დიპლომის გაცემა, რომლის წინაპირობაც არის სწორედ კვალიფიკაციის მინიჭება, წარმოადგენს უდავო ფაქტობრივ გარემობას, რომლის იურიდიული მხარეც დაცულია. აღნიშნული წინაპირობების საფუძველზე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტიც ვერ დაექვემდებარება ნამდვილობის დადასტურებას.

 

აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, შეფასებული უნდა ყოფილიყო ის სამართლებრივი მოცემულობა, რომ არც განსახილველ პერიოდში და არც დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ უშვებს პროგრამათა სახის გაერთიანებით გარკვეული კვალიფიკაციის მინიჭების შესაძლებლობას. პირს სრული პროგრამა უნდა ჰქონდეს პროფესიულ სასწავლებელში ნასწავლი და მასზე, ცხადია, გაიცემა შესაბამისი პროფესიული დიპლომი, ან განათლება სრულად უნდა ჰქონდეს მიღებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ შემთხვევაშიც, გაიცემა უმაღლესი განათლების დიპლომი. ნაწილობრივ პროფესიული განათლებისა და ნაწილობრივ უმაღლესი განათლების კომბინაცია ხელშესახებ სამართლებრივ მოცემულობას არ იძლევა. ამ სახით ნასწავლი შედეგების აღიარებას არ უშვებს სახელმწიფო. პირველი ინსტანციის სასამართლომაც დადგენილად მიიჩნია (გადაწყვეტილების 3.1.1. პუნქტი) ის გარემობა, რომ 1990 წლის 6 თებერვლიდან თ---–--------------------------ი გადაკეთდა უმაღლეს კომერციულ სასწავლებლად/კოლეჯად. შესაბამისად, ამ პერიოდიდან არსებობდა პროფესიული სასწავლებელი, კოლეჯი (მის დასახელებაში ნახსენები სიტყვა „უმაღლესი“, ნიშნავდა იმას, რომ იგი იყო პროფესიული განათლების (რომელიც რამდენიმე საფეხურიანია) უმაღლესი საფეხურის განმახორციელებელი დაწესებულება) და ამ კოლეჯში ჩაირიცხა მ--------------–---ი 1991 წელს და იგი ამ დაწესებულებაში პროფესიული პროგრამით სწავლობდა 1992 წლის 19 მარტამდე, სანამ თ---–------------–-----------–----–------–---ის ბაზაზე შეიქმნებოდა თ---–------------–----------------ი, ანუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. მოსარჩელემ საბოლოოდ სწავლა დაასრულა 1995 წელს. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, იმ პირობებში, როცა 1991 დან 1992 წლამდე მოსარჩელემ ისწავლა პროფესიული პროგრამით, ხოლო 1992 წლიდან 1995 წლამდე უმაღლესი პროგრამით, არ იყო მართებული სასამართლოს მხრიდან მის მიერ ოთხწლიანი პროგრამის გავლის ფაქტის დადგენილად მიჩნევა. ნებისმიერი 4 წლიანი ან 5 წლიანი პროგრამის ამა თუ იმ პირის მიერ გავლა, დასაწყისშივე ნიშნავს იმას, რომ მის მიერ გავლილი უნდა იყოს ერთი სახეობის პროგრამა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

აპელანტის განმარტებით, ვერ იქნა მოძიებული სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ცენტრს მისცემდა შესაძლებლობას, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის აღიარებულად ჩაეთვალა საშუალო პროფესიული განათლების პროგრამის ნაწილი. შესაბამისად, ვერ დგინდება საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება, უმაღლესი განათლების მიზნებისათვის სწავლის პერიოდის და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარება. ამასათან, სასამართლო გადაწყვეტის სარეზოლუციო ნაწილში მითითებული არ არის, თუ რომელი სახის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება დაევალა ცენტრს, საშუალო პროფესიულის თუ უმაღლესი განათლების დიპლომის? აღნიშნული გარემობა, თავის მხრივ ცხადყოფს, რომ სასამართლოსაც უჭირს დაადგინოს, თუ რა სამართლებრივ მოცემულობას იძლევა ამ პირობებში მიღებული განათლება. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება წარმოადგენს როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ისე ზემოხსენებული ,,წესის'' არასწორ ინტერპრეტაციას, მის რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას.

 

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომელიც აქტის ბათილად ცნობის პირობებს განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ცენტრმა დაიცვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება, შესაბამისად, გადაწყვეტილებები მიიღო კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით. სასამართლო თავად უთითებს, რომ დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადაო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამავდორულად, კი იმ მოცემულობით, როცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ყველა საკანონმდებლო დანაწესი სრულყოფილადაა შესრულებული და დაცული, აქტი მაინც იქნა ბათილად ცნობილი, რაც ნიშნავს, იმას, რომ სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ეწინააღმდეგება მის მიერვე ხსენებულ ზოგად, მაგრამ ძირეულ დანაწესს.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტებით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე, როგორც საზოგადოებისათვის ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. იგივე უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს არა მხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი გამჭვირვალე სასამართლოს უფლებას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების ამომწურავად შეფასებას.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო მიუთითებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ'' საქართველოს კანონის რეგულაციებზე, მის მიზნებსა და ზოგადად, ცენტრის ფუნქციებზე. ამ ნაწილზე მსჯელობისას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. სასამართლო სწორად უთითებს ზემოხსენებულ ნორმებზე, თუმცა არ ახდენს მათთან განსახილველ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მისადაგებას, ამავდროულად, სასამართლო არასწორად განმარტავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის'' რიგ დებულებებს, უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა ცენტრის მიერ მათ დარღვევასთან დაკავშირებითაც. აღნიშნული ,,წესი'' განმარტავს, თუ რას ნიშნავს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, კერძოდ, 3.1 მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. აპელანტის განმარტებით, ზემოაღნიშნული მსჯელობა, ცხადია, წარმოადგენს ნორმატიულ სინამდვილეს, რის საფუძველზეც სასამართლო ასკვნის, რომ ხსენებული ,,წესი'' ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. სწორედ აღნიშნული ვალდებულებაა შესრულებული ცენტრის მიერ. სასამართლო თავადვე უთითებს იმ გარემოებაზე, რაც ცენტრის მხრიდან მიჩნეულია მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად, თუმცა არ მიიჩნევს მას საკმარის ფაქტობრივ სამართლებრივ საფუძვლად და აკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლო, სრულიად უსაფუძვლოდ არ იზიარებს ცენტრის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ხსენებული „წესის“ მოქმედების პირობებში, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია საქმეზე სხვაგვარი რეაგირების შესაძლებლობას, ისევე, როგორც სასამართლოა ვალდებული მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და დაასაბუთოს იგი მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო უგულებელყოფს შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას: ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა, რომ მ--------------–---ი 1991 წელს ჩაირიცხა (თუმცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქივში ჩარიცხვის ბრძანება არ მოიძებნა) თ---–----------–-–-------------–----------------ში და 1995 წელს დაასრულა აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსაფეხურიანი ოთხწლიანი პროგრამის სრული კურსი. საქართველოს სსრ სახალხო განათლების და საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროების 1990 წლის 6 თებერვლის კოლეგიის გადაწყვეტილების საფუძველზე, თ---–------------------------------------ის დირექტორის 1990 წლის №1--- ბრძანებით, 1990 წლის 6 თებერვლიდან, თ---–--------------------------ი გადაკეთდა უმაღლეს კომერციულ სასწავლებლად/კოლეჯად. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016 წლის 09 ივნისის №6----- კორესპონდენციით წარმოდგენილ იქნა საარქივო მასალა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახალხო განათლების საინისტროს მიერ 1990 წლის 12 თებერვალს დამტკიცდა თბილისის უმაღლესი კომერციული სასწავლებლის /კოლეჯის/ დროებითი დებულება. აღნიშნული დებულების მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომერციულ სასწავლებელში მიღება ხორციელდება საშუალო სპეციალურ დაწესებულებებში მიღების წესების შესაბამისად. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 19 მარტის N340 დადგენილებით თ---–------------–-----------–----–------–---ის ბაზაზე შეიქმნა თ---–------------–----------------ი. საქმეში არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების შეჯერების საფუძველზე, დგინდება ის ძირითადი მოცემულობა, რის გამოც, ცენტრმა არ დაადასტურა წარდგენილი დიპლომის ნამდვილობა. უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული დავა არ განეკუთვნება დავათა იმ კატეგორიას, სადაც სადავოა დაწესებულების სამართლებრივი სტატუსი-ლიცენზია/ავტორიზაცია/აკრედიტაცია. დაწესებულება, რომელიც მოსარჩელემ დაასრულა იყო სახელმწიფო სასწავლებელი, შესაბამისად, მას არ სჭირდებოდა ლიცენზია, ხოლო, 2005 წლიდან, აღნიშნულ სსიპ-ს შეეხო რა ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის მიღებით ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში შემოსული სიახლეები, მას მიენიჭა აკრედიტაციაც. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არარელევანტურია ლიცენზირებაზე და აკრედიტებაზე მსჯელობა, აღნიშნული არ წარმოადგენს სამართლებრივ პრობლემას. მოსარჩელის მიერ განათლება მიღებულია 1991-1995 წლებში. ცხადია, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ჯეროვნად იქნა გამოკვლეული ამ დაწესებულების სტატუსი, ამჯერად, განხორციელებულ პროგრამათა სახის თვალსაზრისით, რათა გარკვეულიყო, რომელ წლებში რა სახის საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა იგი, პროფესიულს თუ უმაღლესს. უმაღლესი კომერციული სასწავლებელი/კოლეჯი არსებობს 1990 წლის 6 თებერვლიდან, შესაბამისად, ამ პერიოდიდან 1992 წლის 19 მარტამდე (სანამ იგი გადაკეთდებოდა თ---–------------–----–-------------ად) იგი ახორციელებდა საშუალო სპეციალური, იგივე საშუალო პროფესიული პროგრამით სწავლებას. ტერმინები: „საშუალო სპეციალური“ და „საშუალო პროფესიული“ იდენტური ცნებებია, 1997 წელს ,,განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის შემოღებით საშუალო სპეციალური განათლების ნაცვლად შემოღებულ იქნა სახელწოდება საშუალო პროფესიული განათლება. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ, რომელიც 1991 წელსაა ჩარიცხული, პირველი კურსი ნასწავლია სწორედ საშუალო სპეციალური/საშუალო პროფესიული პროგრამით, რაც ვერ იქნება მისაღები უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის. ამასთან, დიპლომში დატანილი ინფორმაციის მიხედვით, მოსარჩელე 1991 წელს ჩაირიცხა თ---–----------–-–-------------–----------------ში, ხოლო 1995 წელს დაასრულა აღნიშნული ინსტიტუტი. ტექნიკურად, ეს ინფორმაცია მცდარია, რამდენადაც, მოსარჩელის ჩარიცხვის მომენტისთვის არ არსებობდა თ---–------------–----------------ი, იგი მხოლოდ 1992 წელს შეიქმნა, შესაბამისად, მართებული იქნება სასამართლოს განემარტოს, რომ მოსარჩელე, 1991 წელს ჩაირიცხა სწორედ უმაღლეს კომერციულ სასწავლებელ/კოლეჯში, ხოლო მის მიერ სწავლის დამთავრების პერიოდში, აღნიშნულ დაწესებულებას ერქვა ე---------------------------------------–----------–-–------------------ი. სწორედ ეს დაწესებულება დაამთავრა მოსარჩელემ. აღნიშნულ სახელთა სხვაობას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, გარდა იმ ასპექტისა, რომ ჩარიცხვის პერიოდში დაწესებულება წარმოადგენდა პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელ კოლეჯს, შესაბამისად, ყურადღებას მახვილდება სწორედ იმ მოცემულობაზე, რომ პირი ჩარიცხულია კოლეჯში და არა ინსტიტუტში. ცხადია, ეს შესაბამისი დოკუმენტაციითაც დგინდება, თუმცა სახელწოდებაზე ყურადღების გამახვილება არარელევანტურია.

 

აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის მიერ პირველი კურსის პროფესიული პროგრამით გავლის მტკიცებულებაა საქართველოს სსრ სახალხო განათლებისა და საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინიტროების კოლეგიის ,,ამაღლებული დონის კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადების ექსპერიმენტის ჩატარებასთან დაკავშირებით თ---–------------------------------------ის უმაღლეს კომერციულ სასწავლებლად/კოლეჯად გადაკეთების შესახებ'' გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი კომერციული სასწავლებლის (კოლეჯის) წარჩინებით კურსდამთავრებულები გასაუბრების წესით შეიძლება ჩარიცხულიყვნენ მათ მიერ ნასწავლი პროფესიულ განათლებასთან კავშირში მყოფ შესაბამის ფაკულტეტებზე. თავად ეს კოლეჯი, ცხადია, არ წარმოადგენდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, არამედ პროფესიულ სასწავლებელს, რომლის დასრულების შემდგომ, მისი წარჩინებული კურსდამთავრებულები შესაძლოა ჩარიცხულიყვნენ ამა თუ იმ მიმართულების უმაღლესი განათლების შესაბამის კურსზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს სახალხო განათლების სამინისტროს მიერ 1990 წლის 12 თებერვლს დამტკიცებული თბილისის უმაღლესი კომერციული სასწავლებლის/კოლეჯის დროებითი დებულება, რომლის მე-8 პუნქტის მიხედვით, კომერციულ სასწავლებელში მიღება ხორციელდება საშუალო სპეციალურ დაწესებულებაში მიღების წესების შესაბამისად. საშუალო სპეციალურ დაწესებულებაში კი პითა მიღება შესაძლებელი იყო არასრული საშუალო განათლების საფუძველზეც, მაშინ, როდესაც რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებოდნენ მხოლოდ საშუალო განათლების მქონე მოქალაქეები, ანუ, მხოლოდ სრული საშუალო (ატესტატი) და არა არასრული საშუალო განათლების საფუძველზე. შესაბამისად, საქმეში წარდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ პირველი კურსი, ცალსახად, ნასწავლია პროფესიული პროგრამით, შესაბამისად, 4 წლიანი კურსის გავლა ვერ იქნება მიჩნეული საკმარის წინაპირობად უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, სწავლების განმავლობაში პროგრამის სახე დაყოფილია ორ ნაწილად, საბოლოოდ, მიღებული განათლება არ მიეკუთვნება არც პროფესიულ და არც უმაღლეს განათლებას. როგორც განსახილველ პერიოდში, ასევე, დღეს მოქმედი კანონმდებლობის დანაწესთა ნებისმიერი სახის განმარტება უთითებს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომ აუცილებელია კონკრეტული სახის პროგრამა იქნეს სრულად გავლილი, რათა გაიცეს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგ.: აუცილებელია, პირმა შესაბამისი ხანგრძლივობის პროფესიული პროგრამა (მაგ.: სამწლიანი ან ოთხწლიანი (არსებობდა 4 წლიანი პროფესიული პროგრამებიც, თუ პირი ირიცხებოდა 9 კლასის ბაზაზე)) გაიაროს სრულად, რომ მიეცეს ანალოგიური, პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის აუცილებელია შესაბამისი სახის პროგრამა ჰქონდეს პირს სრულად გავლილი. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს გააჩნია სრული ზოგადი განათლების ატესტატი და ამ ატესტატის საფუძველზეა ჩარიცხული პროფესიულ პროგრამაზე, არ უნდა ყოფილიყო სასამართლოს მიერ მიჩნეული კანონიერი ნდობის პრინციპის პრიმატზე გასვლის წინაპირობად. ასევე, ცნობისთვის, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 13 მარტის №137 დადგენილებით თ---–----------–-–-------------–----------------ს ეწოდა ე----------------------------------------–----------–-–------------------ი. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ნოემბრის №346 დადგენილებით, სსიპ თ---–----------------------------------------------–-–---------------------ი შეუერთდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამავე დადგენილების თანახმად, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განისაზღვრა სსიპ თ---–---------------------------------------------–-–---------------------ის უფლებამონაცვლედ.

 

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებულ კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მისი მნიშვნელობა. ცენტრმა იმსჯელა უმაღლესი განათლების დიპლომის მიმართ მ--------------–---ის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. უპირველეს ყოვლისა, დიპლომი არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის იმ სამართლებრივ ფორმას, რომელთან მიმართებითაც, ფორმალურად მაინც, შესაძლებელია კანონიერი ნდობის საკითხზე მსჯელობა, კერძოდ, დიპლომს არ გააჩნია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბუნება. ამავდროულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად (ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე) ადგენს, რომ კანონიერი ნდობის საკითხი მიემართება მხოლოდ აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საკითხის მომწესრიგებელი დანაწესებიდან ნათლად იკითხება კანონმდებლის ნება, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ზემოაღნიშნულ საქმიანობის სამართლებრივ ფორმასთან მიმართებითაა შესაძლებელი დაცულ იქნეს აქტის ადრესატის კანონიერი ინტერესები კანონიერი ნდობის, როგორც დამცველობითი ფუნქციის მქონე ინსტიტუტის მეშვეობით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამიტომ იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმა ცენტრმა გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრის მიერ უნდა იყოს განხორციელებული ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მ--------------–---მა მიიღო რაიმე უფლება ან სარგებელი. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა მ--------------–---ის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია. გარდა ამისა, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს სათანადო უფლებამოსილების გარეშე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის გათვალისწინების ფაქტი, როდესაც საქმიანობის რეგულირებიდან გამომდინარე, კონკრეტული, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოს, საზოგადოებასა და მესამე პირებს გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან. საგულისხმოა ისიც, რომ კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ცხადია, ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, თუნდაც დავუშვებთ, რომ დიპლომთან მიმართებითაც ტექნიკურად, ნორმის გრამატიკული წაკითხვის უგულებელყოფის ფონზე, შესაძლებელია არსებობდეს კანონიერი ნდობა, მოცემულ შემთხვევაში კანონიერების პრინციპს, ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, უნდა მინიჭებოდა უპირატესი მნიშვნელობა კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვრცლად მსჯელობს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპის შეპირისპირებაზე. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ "აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (მიუხედავად მისი უკანონობისა) განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას. ამ პირობებში უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი და თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით დადგინდეს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული, რომელი პრინციპია აღმატებული ხარისხის და რომლის უზრუნველყოფა არის დაცვის ღირსი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ,,კანონიერების პრინციპი", რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი". ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ამდენად, შეუძლებელია ცალსახად პრობლემის გადაწყვეტა. ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული სასამართალწარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინონ ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება. (Nბს-143-137(კ-10), 6 ივლისი, 2010 წელი). შესაბამისად, იმ პირობებში, თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ დიპლომთან (რომელიც არ არის ინდივიდიულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მიმართებითაც შესაძლებელია კანონიერი ნდობის პრინციპზე მსჯელობა, მას მყარად უნდა დაესაბუთებინა რა გარემოებებზე დაყრდნობით ჩათვალა, რომ კანონიერების პრინციპი მოცემულ შემთხვევაში არ იყო უპირატესი მნიშვნელობის მქონე. სასამართლო გადაწყვეტილებით გაბათილებული უნდა ყოფილიყო ცენტრის აქტში ასახული დასაბუთებული მსჯელობა, საიდან გამომდინარეც მოსარჩელეს არ გააჩნდა კანონიერი ნდობა. აღნიშნულის გარეშე, მხოლოდ კანონიერი ნდობის პრიმატზე მითითება და მასზე გადაწყვეტილების დაყრდნობა, კანონსაწინააღმდეგო შედეგის არსებობის წინაპირობაა. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივად გამართულ ფუნქციობირებას. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ კანონიერი ნდობის პრიმატი კანონიერების პრინციპთან მიმართებით. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება აზრს უკარგავს ადმინისტრაციულ წარმოებას და ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მიიღოს აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითიც უგულებელყოფს კანონიერების პრიცნიპს.

 

აპელანტის მოსაზრებით, ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა „წესის" ნორმები, რომლებიც საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების პროცედურასა და წესს არეგულირებენ, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრმა შეამოწმა სახეზე იყო თუ არა შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები მ--------------–---ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის, ცენტრმა იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასეთი ფართო განმარტება, საფრთხეს უქმნის თავად სასამართლო წარმოების მიზანს, მიღებულ იქნას კანონთან შესაბამისი, სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება. საკანონმდებლო რეგულაციებისაგან ამდენად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს სასამართლოს შინაგანი რწმენიდან (თუმცა კი, შინაგანი რწმენის ამოსავალსაც კანონი წარმოადგენს), უდავოა, რომ გადაწყვეტილება მოითხოვს მეტ დასაბუთებასა და არგუმენტაციას.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფოს მხრიდან აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება ან ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომელთაც არ მიეცათ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ან რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება) უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია. არათანასწორი მოპყრობის პირობებში ადგილი აქვს მნიშვნელოვნად თანასწორისადმი თვითნებურად უთანასწოროდ ან მნიშვნელოვნად უთანასწოროსადმი თვითნებურად თანასწორად მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დარღვევად ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ნორმის ადრესატთა ერთი ჯგუფისადმი ადრესატთა მეორე ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად მოპყრობა იმის მიუხედავად, რომ ჯგუფებს შორის არ არსებობს ისეთი მასშტაბის განსხვავება, რომლითაც შეიძლება გამართლებული იქნეს უთანასწორო მოპყრობა. ზემოხსენებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, არ დგინდება კანონის ნორმის ადრესატთა დიფერენცირების (არათანასწორი მოპყრობის) ლეგიტიმური საჯარო მიზანი, დიფერენცირების გამოსადეგი კრიტერიუმის, დიფერენცირების ინტენსივობისა და სიძლიერის აუცილებლობის და თავად დიფერენცირების შესაბამისობის (ზომიერების) არსებობა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო უთითებს კერძო და საჯარო ინტერესის პროპორციულობაზე და აღნიშნავს, რომ მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვაზე უპირატესია პირის კერძო ინტერესი გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია და განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია. ცენტრი არ ეთანხმება მოცემულ მსჯელობას, რომ აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, რადგანაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი არეგულირებს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განიმარტება დისკრეციული უფლებამოსილების ცნებაც, რომლის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ხოლო ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, მას ფაქტობრივად არ ჰქონდა შესაძლებლობა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ცენტრი იმოქმედებდა იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა რამდენიმე პოზიტიური ან რამდენიმე ნეგატიური გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთის შერჩევით, რასაც საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ნორმატიული აქტი ცალსახად უთითებს, რომ თუ განათლება მიღებული და კვალიფიკაცია მინიჭებულია აკრედიტაციის არქონის პერიოდში, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებულ რეჟიმში, ცენტრს გააჩნია ერთადერთი სახის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, კერძოდ-არ დაადასტუროს წარდგენილი საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა. ზოგადად, არც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და არც სხვა სამართლებრივი აქტი არ ავალდებულებს ცენტრს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კონკრეტულ პირს გააჩნია კერძო ინტერესი ქონდეს უმაღლესი განათლება, უგულებელყოს კანონმდებლობის მოთხოვნები და მმართველობითი ღონისძიება განახორციელოს კანონდარღვევით, ყოველივე ეს კი, თვითნებურად, საჯარო და კერძო ინტერესების დისბალანსირების პრევენციით გაამართლოს.

 

აპელანტის განმარტებით, ცენტრს არ შეუზღუდავს მოსარჩელის განათლების მიღების უფლება და არც წარსულში მიღებული სწავლების შედეგები გაუბათილებია. ცენტრმა მხოლოდ კანომდებლობის და ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების სრული დაცვით გამოსცა აქტი, რომლითაც კი არ გააუქმა მოსარჩელეთა მიერ მიღწეული სწავლის შედეგები არემედ მოახდინა მხოლოდ მათი ფიქსაცია და სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, გაუგებარია, თუ რატომ წარმოადგენს მარტერიალური კანონმდებლობის კონკრეტული ნორმების რეალიზება კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დარღევვასა და კერძო ინტერესის დაუსაბუთებელ შეზღუდვას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტის მოსაზრებით, არსებობს მყარი საფუძველი დასკვნისათვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სახეზე არ არის აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალური და ფორმალური კანონიერების წინაპირობების დაცვით, შესაბამისად, არც ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების წინაპირობა არსებობდა.

 

აპელანტის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სრულად იქნა დაკმაყოფილებული მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ადვოკატის ხარჯები 500 ლარის ოდენობით. მოგახსენებთ, რომ მოცემული დავა არ მიეკუთვნება რთული კატეგორიის დავებს. არც დავის არსიდან და არც ტექნიკურად შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, არ არ გაწეული იმ მოცემულობის გონებრივი თუ სხვა სახის სამუშაო, რაც მოთხოვნილი ანაზღაურების ექვივალენტური შესაძლოა გახდეს. ამასთან, საადვოკატო მომსახურების პირობებზე შეთანხმება, ცხადია, მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა კერძო ავტონომიის ფარგლებში შედის, თუ მხარე, მარტივი დავის წარმოებისთვის თანახმაა სოლიდური ანაზღაურება გადაიხადოს, აღნიშნული არ გულისხმობს, რომ (ჰიპოთეტურად), სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხსენებული თანხის გადახდევინება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს. აპელანტის მოსაზრებით, ასევე ყურადსაღებია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამ ოდენობის თანხის გადახდევინებით სახელმწიფოს მიადგება არათანაზომიერი ზიანი, რასაც ვერ აბალანსებს სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ვერცერთი არგუმენტაცია.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. კანონის 3.1 მუხლის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც 5.1 მუხლის შესაბამისად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“. აღნიშნული „წესის“ 3.1 მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს მ--------------–---მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა თ---–----------–-–-------------–----------------ის მიერ მ--------------–---ის სახელზე გაცემული ა---------- (სარეგისტრაციო N1----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 20 ნოემბრის MES 6------------ გადაწყვეტილებით მ--------------–---ს უარი ეთქვა თ---–----------–-–-------------–----------------ის მიერ მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების ა---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

3.2.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის თანახმად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვინაიდან 1995 წელს დაასრულა თ---–----------–-–-------------–----------------ის ერთსაფეხურიანი ოთხწლიანი პროგრამის სრული კურსი, არ არსებობს მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი. მოპასუხის მოსაზრებით კი, მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელია ის გარემოება, რომ მ--------------–---ი 1991 წელს ჩაირიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი (პირველი კურსი) გაიარა საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისად, ვერ დგინდება საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება, უმაღლესი განათლების მიზნებისათვის სწავლის პერიოდის და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარება. ამასთანავე, მ--------------–---ის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანება არ იძებნება.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება (მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. ამასთანავე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განმტკიცებული კანონიერი ნდობის ინსტიტუტის მოცემულ შემთხვევაში გამოყენების წინაპირობაა ის გარემოება, რომ დიპლომი, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების ფაქტს, გაცემულია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომლის სამართლებრივ სტატუსს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის, რაც კანონიერი ნდობის პრინციპის ამოქმედების აუცილებლობას წარმოქმნის. აღნიშნული პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მიღებული განათლების დადასტურებაზე უარი, რაც, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.

 

საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), თუმცა აღნიშნული ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადექვატურად. კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი, მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ამასთანავე, ადგილი არ აქვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებასაც. ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ დაადასტუროს განათლების მიღების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედებას და ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას.

 

საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლად არის დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია. პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას. ამდენად, მოპასუხეს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ შესაბამისი საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც. სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად მართებდა მას სადავო საკითხზე რეაგირება, რათა გაუმართლებლად არ დარღვეულიყო პირის კანონით დაცული ინტერესები.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს 1992 წლის 20 იანვრის №09 ბრძანებით დამტკიცებულ „რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში 1992 წლის მიღების წესებზე“. აღნიშნული „წესების“ პირველი პუნქტის თანახმად, რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებიან საშუალო განათლების მქონე მოქალაქენი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ--------------–---მა 1989 წელს დაამთავრა სკოლის სრული კურსი და მასზე გაიცა ატესტატი NA------. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ--------------–---ი აკმაყოფილებდა „რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიღების წესებით“ დადგენილ მოთხოვნას საშუალო განათლების ქონის თაობაზე. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის სამართლებრივ სტატუსს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის, გასცა ა---------- დიპლომი, რომლითაც ირკვევა, რომ მ--------------–---მა დაასრულა ერთსაფეხურიანი ოთხწლიანი პროგრამის სრული კურსი, ამდენად, არსებობს საფუძველი იმისა, მოსარჩელეს ჰქონოდა კანონიერი ნდობა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომის მიმართ და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, ზღუდავს მისი ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში კი, ზღუდავს მოპასუხეს - არ დაადასტუროს მოსარჩელის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლება და კვალიფიკაცია.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ მ--------------–---ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, რის გამოც, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 20 ნოემბრის MES 6------------ გადაწყვეტილება ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და უნდა დაევალოს მოპასუხეს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ---–----------–-–-------------–----------------ის მიერ მ--------------–---ის სახელზე გაცემული ა---------- დიპლომის (სარეგისტრაციო N1----) ნამდვილობის დადასტურების შესახებ.

 

ამასთანავე, სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ვერ დგინდება, თუ რა სახის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება დაევალა ცენტრს. სასარჩელო განცხადებით და საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის ინტერესს უდავოდ წარმოადგენს მის მიერ მიღებული, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ, გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებიდან, სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება სწორედ მოსარჩელისათვის ბაკალავრის ხარისხის მინიჭების რეალურობას და შესაბამისი ხარისხის უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურების აუცილებლობას.

 

3.2.3. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურება - 500 ლარის ოდენობით.

 

საქმეზე წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების საფასურის შესახებ 2017 წლის 19 დეკემბრის სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ მოსარჩელე მ--------------–---ს განსახილველ სარჩელთან დაკავშირებით, საადვოკატო მომსახურების საფასურად, ადვოკატისათვის გადახდილი აქვს თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასარჩელო მოთხოვნა, სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ადვოკატისათვის გადახდილი 500 (ხუთასი) ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია, ხარჯის გაღების ფაქტი დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებით, ამასთანავე, მისი ოდენობა შეესაბამება გონივრულ ფარგლებს და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლეები:

 

ხატია არდაზიშვილი

 

მირანდა ერემაძე

 

მანანა ჩოხელი