განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2018
საქმის ნომერი
060100118002307722
ინსტანცია
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100118002307722

საქმე №1/ბ-266-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ვ-------- ჩ-----ს მიმართ (პირადი №3----------), დაბადებულის 1----–-–-----------------, მცხოვრების ს------------------------------–-----–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;120-ე მუხლით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენით:

 

ვ-------- ჩ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ ვ-------- ჩ-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში. ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ვ-------- ჩ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.

 

მსჯავრდებულ ვ-------- ჩ-----ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 16 იანვრიდან 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჩაიდანი, რომელიც ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-------- ჩ-----მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 15 იანვარის საღამოს, ვ-------- ჩ----- ს------------------------------–------–------–- მდებარე, თავის საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა მთვრალ მდგომარეობაში. მან ალკოჰოლის მიღება გააგრძელა სახლშიც, მარტო, მთელი ღამის განმავლობაში. ის ოჯახის წევრების, მეუღლისა და შვილების მიმართ იყო აგრესიული, უმიზეზოდ ეჩხუბებოდა მათ და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის 16 იანვარს კი, დაახლოებით 08:00 საათზე, ვ-------- ჩ----- ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ სამზარეულოში, რა დროსაც, მას მისმა არასრულწლოვანმა – 2002 წლის 11 ივნისს დაბადებულმა შვილმა, ვ------- ჩ-----მ მოუწოდა, რომ დამშვიდებულიყო და შეეწყვიტა უმიზეზო ჩხუბი. აღნიშნულის გამო კი, ვ-------- ჩ-----, რომელიც იჯდა შეშის ღუმელთან, მოულოდნელად წამოდგა ფეხზე. ღუმელზე დადგმულ ჩაიდანს განზრახ ჰკრა ხელი და მასში მოთავსებული ადუღებული წყალი შეასხა ასევე ღუმელთან მის მოპირდაპირე მხარეს მდგომ არასრულწლოვან შვილს, ვ------- ჩ-----ს. აღნიშნულის შედეგად ამ უკანასკნელმა მიიღო თერმული დაზიანება, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ მ--–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ვ-------- ჩ-----სთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ვ------- ჩ-----ს გამოკითხვის ოქმებით, მოწმე ლ--–- წ---–---- გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოილუსტრაციით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ვ-------- ჩ-----მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა _ სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ მ--–--ემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა ვ-------- ჩ-----სთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ვ-------- ჩ-----ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი და მისი წარსული არაფრითაა შებღალული. საქმეში წარმოდგენილია არასრულწლოვანი დაზარალებულის, ვ------- ჩ-----ს დედის _ ლ--–- წ---–---- განცხადება, რომლითაც მან ითხოვა ვ-------- ჩ-----ს მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ-------- ჩ-----სთვის დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, იგი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის პოზიციას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ ვ-------- ჩ-----ს დანიშნული სასჯელი არ უნდა ჩათვლოდა პირობითად და მას სასჯელი უნდა მოეხადა რეალურად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ვინაიდან, პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის ყველა წინაპირობა.

 

ამდენად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენი ვ-------- ჩ-----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენი ვ-------- ჩ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ვ-------- ჩ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4.მსჯავრდებულ ვ-------- ჩ-----ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 16 იანვრიდან 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით.

 

5.პირობით მსჯავრდებულ ვ-------- ჩ-----ს ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6.მსჯავრდებულ ვ-------- ჩ-----ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი და არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

 

7.ვ-------- ჩ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

8.ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჩაიდანი, რომელიც ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/