განაჩენი

სისხლის სამართლის 18.05.2018
საქმის ნომერი
080100118002278102
ინსტანცია
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002278102

საქმე №1/ბ-244-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ ბ------ შ------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ბ------ შ------–---–ის მიმართ (პირადი №6----------), დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის ქ---------–--------------–---–-------------------, ფაქტობრივად მცხოვრების ქ---------–---–-------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ”, ”გ” და ”ე” ქვეპუნქტებითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით:

 

ბრალდებული ბ------ შ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ”, ”გ” და ”ე” ქვეპუნქტებითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ”, ”გ” და ”ე” ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ------ შ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ბ------ შ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.

 

მსჯავრდებულ ბ------ შ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2018 წლის 06 იანვრიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ბ------ შ------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალა პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბ------ შ------–---–ს დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------ შ------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის. მანვე ჩაიდინა, ძალადობა (სხვაგვარი ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

განაჩენის მიხედვით, ბ------ შ------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ოჯახში ძალადობის ფაქტზე ნასამართლევმა ბ------ შ------–---–მა 2018 წლის 06 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ---------–---–--------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის, ვ----– შ------–---–ისა და მასთან მუდმივად მცხოვრები ძმისშვილის, ბ------ შ------–---–ის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას – თ----- შ------–---–სა და ძმის ცოლს – ლ---- შ------–---–ს, რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, აგინებდა დედისა და ახლო ნათესავების მისამართით, რის შემდგომაც ხელი დაარტყა მათ რამდენჯერმე სახის არეში. ბ------ შ------–---–ის ქმედების შედეგად, თ----- შ------–---–მა და ლ---- შ------–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 06 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ---------–---–--------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ------ შ------–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ---- ჩ-------–---ს, კერძოდ, აგინებდა დედის მისამართით და თეფში ესროლა სახის არეში. ბ------ შ------–---–ის ქმედების შედეგად ნ---- ჩ-------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ------ შ------–---–მა, რომელმაც ითხოვა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მან აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაული, ხელი შეუწყო გამოძიებას და საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია; დაზარალებულებთან შერიგებულია და მათ მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ; ჰყავს უმუშევარი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები; მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ბ------ შ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების – თ----- შ------–---–ის, ლ---- შ------–---–ის და ნ---- ჩ-------–---ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბ------ შ------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო, კერძოდ:

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 06 იანვარს ჩადენილი ძალადობა არ ყოფილა ბ------ შ------–---–ის მხრიდან პირველი შემთხვევა და იგი ანალოგიური დანაშაულისათვის წინათაც იყო ნასამართლევი. კერძოდ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ბ------ შ------–---–ი თავისი ორსული მეუღლის მიმართ ძალადობისათვის ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 375 საათის ვადით, რამაც ვერ უზრუნველყო სასჯელის იმ მიზნების მიღწევა, რომელიც გულისხმობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას და ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე მან კვლავ ჩაიდინა განზრახი ძალადობრივი დანაშაულები. პალატა აღნიშნავს, რომ ნასამართლობა და მით უმეტეს, ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადენს ისეთ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამცირებს დამნაშავის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ ბ------ შ------–---–მა ოჯახში ძალადობა ჩაიდინა თავისი ოჯახის ორი წევრის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქმედების საშიშროებას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და ოჯახი იმყოფება მის კმაყოფაზე, ამასთან, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არის წარსულში ნასამართლევი და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბ------ შ------–---–ს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. პალატა თვლის, რომ ბ------ შ------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის ხანგრძლივობა შესაძლებლობას მისცემს მას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულებზე, გაანალიზოს წარსული შეცდომები და შეცვალოს ცხოვრების წესი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიზანშეუწონლად თვლის მსჯავრდებულ ბ------ შ------–---–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

 

რაც შეეხება აპელანტის არგუმენტებს, რომ მან აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაული, დაზარალებულებთან შერიგებულია, ჰყავს უმუშევარი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები _ აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით გამოიყენა ბ------ შ------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაწესებული შეღავათი, რომლის შესაბამისად, მას დანიშნული სასჯელის ნახევარი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ბ------ შ------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ბ------ შ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი ბ------ შ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ბ------ შ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ”, ”გ” და ”ე” ქვეპუნქტებითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ”, ”გ” და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ბ------ შ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.მსჯავრდებულ ბ------ შ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 06 იანვრიდან.

 

6.პირობითი მსჯავრის დროს მსჯავრდებულ ბ------ შ------–---–ის ყოფაქცევის კონტროლის და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7.მსჯავრდებულ ბ------ შ------–---–ს დაევალოს პირობითი მსჯავრის დროს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

8.ბ------ შ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/