განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002413224
საქმე №1/ბ-542-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--------- ი------- ძე ს---------ს მიმართ, დაბადებული: 199- წლის 5 მარტს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი ნომერი: 4----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ზ-----–-–---–-- ქ. N21,აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ--------- ს---------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 17 ნოემბერს, დილის საათებში, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. ბათუმში, ზ-----–-–---–-- ქ. N21-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ--------- ს---------მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით განზრახ მიაყენა სხეულის დაზიანებები ყირგიზეთის მოქალაქეს ა------- თ----------–----ს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანებები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით მ--------- ს--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მ--------- ს---------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 06 აპრილიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 აპრილის განჩინებით, მ--------- ს---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ------ კ---–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ--------- ს---------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ არ გაითვალისწინა მ--------- ს---------ს პიროვნება, მას თავის სამშობლოშიც გააჩნია კანონთან კონფლიქტი და მის მიმართ არაერთ განზრახ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი. სასამართლომ ასევე მხედველობაში არ მიიღო, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ძალადობა განახორციელა ქალბატონის მიმართ, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა დაზარალებულის ჯანმრთელობა, რის გამოც მას დასჭირდა ხანგრძლივი მკურნალობა. ამდენად, მისი პიროვნების ანალიზი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას აქვს მიდრეკილება კანონ საწინააღმდეგო საქმიანობისაკენ.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ--------- ს---------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ--------- ს---------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა------- თ----------–----ს ჩვენებით, მოწმეების: ე-----------–--–---------------–-----–--–---- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ მ--------- ს---------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ--------- ს---------ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ--------- ს--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მ--------- ს---------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 06 აპრილიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 აპრილის განჩინებით, მ--------- ს---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცება - შემთხევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მ--------- ს---------ს სახელზე გაცემული თურქეთის რესპუბლიკის პირადობის მოწმობა, - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქები და ა------- თ----------–----სგან აღებული სისხლის ნიმუში განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე