განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 090100118002377281
საქმე №1/ბ-321-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ივნისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ--- ლ---------ს ძე პ--------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ამბროლაური, სოფელი ა--------ი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ კ--- პ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
კ--- პ--------ემ 2018 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ ა--------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, უმიზეზოდ განაწყენებისას, თავის არეში ხელის დარტყმით, იძალადა ასევე არასრულწლოვან შვილზე, ს------- პ--------ეზე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენით კ--- პ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით; მსჯავრდებულ კ--- პ--------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის დრო 2018 წლის 17 თებერვლიდან 2018 წლის 25 აპრილის ჩათვლით.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ----- შ--–--------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენში და მსჯავრდებულ კ--- პ--------ეს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია, არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებას და მსჯავრდებულის პიროვნებას და ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი კ. პ--------ისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და მიღწეულ იქნას სასჯელის მიზნები.
მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი კ--- პ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ კ--- პ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, არასრულწლოვან დაზარალებულ ს------- პ--------ის ჩვენებით, არასრულწოვან მოწმე ნ---- პ--------ის ჩვენებით, მოწმეების: ხ------- ჩ-------–---–ის, ფ---- დ------ის, ლ--------- პ--------ის ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერით, ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების დასკვნით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ კ--- პ--------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას კ--- პ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, შესაბამისი ქმედების და ამ ქმედებიდან გამომდინარე კონკრეტული საფრთხის გააანალიზება მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ კ--- პ--------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნები, ჩადენილი დანაშულის სიმძიმე, ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები; პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მსჯავრდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ გაუხდია, ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, სასამართლომ მსჯავრდებულ კ--- პ--------ეს განუსაზღვრა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაუნიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. პალატას დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულ ს------- პ--------ეს და მის კანონიერ წარმომადგენელს უნდა განემარტოთ ზიანის ანაზღაურების და კომპენსაციის უფლების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ----- შ--–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
კ--- პ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ კ--- პ--------ეს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ კ--- პ--------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 17 თებერვლიდან 2018 წლის 25 აპრილის ჩათვლით.
პირობით მსჯავრდებულ კ--- პ--------ის მიმართ ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ბიურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულ ს------- პ--------ეს და მის კანონიერ წარმომადგენელს განემარტოთ ზიანის ანაზღაურების და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების თაობაზე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე