განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100119002846275
საქმე №1/ბ-338-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- გ---–-ს ძე გ-------ის მიმართ დაბადებული: 195- წლის 13 ი--–---, პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: ხონის რაიონის სოფელ მ--------ში, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
რ----- გ-------ეს ბრალი დაედო დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
რ----- გ-------ემ 2019 წლის 04 იანვარს, დაახლოებით 10:00 საათზე, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ხონის რაიონი სოფელი მ--------ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, ნ----- ც-------ეზე. კერძოდ, მან ღუმელზე დადგმულ ჩაიდანს განზრახ ჰკრა ხელი და ადუღებული წყალი შეასხა ღუმელთან მჯდომ მეუღლეს. აღნიშნულის შედეგად ნ----- ც-------ემ მიიღო მეორე ხარისხის დამწვრობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით რ----- გ-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
რ----- გ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ რ----- გ-------ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ მ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და რ----- გ-------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და მკაცრი სასჯელის დანიშვნას თავისუფლების აღკვეთის სახით. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებობს უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა გონივურ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ----- გ-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ, მოწმეების გ-------– გ-------ის და ლ---- გ-------ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რ. გ-------ის დაკავების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით. დაზარალებულმა ნ----- ც-------ემ საქმის განხილვისას ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის, მეუღლის მიმართ, ასევე ამ უფლებით ისარგებლეს რ----- გ-------ის შვილებმა.
მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითად განხილვისას დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მახარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდებამ რ----- გ-------ის ბრალდების სს საქმეზე დოკუმენტების სახით შეკრიბა და სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვის მიღმა სტანდარტის შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებში დაზარალებული ნ----- ც-------ე ცალსახად უთითებდა, რომ რ----- გ-------ემ ხელის კვრით შედეგად განზრახ შეასხა ადუღებული წყალი, საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები მეორე ხარისხის დამწვრობითი უბნების სახით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რითაც არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმეებმა ნ----- ც-------ემ (დაზარალებული), ლ---- გ-------ემ და გ-------– გ-------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის რ----- გ-------ის წინააღმდეგ, ხოლო რ----- გ-------ემ, განაცხადა, რომ ჩაიდანს ხელი შემთხვევით მიარტყა და ზიანის მიყენება არავისთვის სურდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხონის შს რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლმა ლ-–- ო--------მ განაცხადა, რომ ამ საქმეზე მან დააკავა რ. გ-------ე და მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ხონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა---- გ-------ემ განაცხადა, რომ მითითებულ საქმეზე, გამომძიებელ ს-----–--- ტ---–-----თნ ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც გ-------– გ-------ემ მიუთითა ადგილი სადაც იყო დანა და ღუმელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივ გამომძიებელმა ს-----–--- ტ---–-----მა განაცხადა, რომ არის ამ საქმის გამომძიებელი და ყველა საგამოძიებო მოქმედება გარდა ბრალდებულის დაკავებისა, ჩაატარა თვითონ. რ. გ-------ის დაკავება კი მოხდა ნ. ც-------ის განმარტების საფუძველზე, რომ რ. გ-------ემ მას გადაასხა მდუღარე წყალი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს დანა, რომლითაც ნ. ც-------ის განმარტებით, რ.გ-------ე ცდილობდა მიეყენებინა თვითდაზიანება.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 იანვრის N--------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 04.01.2019წ-ს 17:20 – 17:35 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ----- ც-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები მეორე ხარისხის დამწვრობითი უბნების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 თებერვლის N--------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით რ----- გ-------ის ქმედებები შეიცავს შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, თუმცა ამბოლატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით აღნიშნული არ გამოიწვევდა ნ----- ც-------ის ტანჯვას.
2019 წლის 04 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით დათვალიერების დაწყებამდე ნ----- ც-------ემ თანხმობა განაცხადა მისი საკუთრებაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხონის რაიონი სოფელი მ--------ში და წარმოადგენს ნ----- ც-------ის და მისი ოჯახის საცხოვრებელს, სახლი არის კაპიტალურად ნაშენი. შენობაში შევდივართ ხის ორ საფეხურიანი კიბით. შენობას აქვს ღია აივანი და ერთმანეთის გვერდით განთავსებულია სამი ოთახი ხის შესასველი კიბეებით. ნ----- ც-------ის მითითითებით შევდივართ შესასვლელი კიბის პირდაპირ მდებარე რიგით მეორე ოთახში, სადაც დასავლეთით (მარცხენა) მხარეს კედელთან დგას ორი საწოლი და ერთი დივანი, აღმოსავლეთ მხარეს (მარჯვნივ) კედელთან დგას სამზარეულოს კარადა, ხის მაგიდა სამი სკამით, მაგიდაზე დევს ტელევიზორი, ალაგია წყლის დოქი და ჭიქა, სამხრეთ დასავლეთით კედელთან დგას ორი ხის სავარძელი, სავარძლების შორის კი დგას შეშის ღუმელი, რომელზედაც დგას ჩაიდანი, ხოლო ღუმელის ქვეშ ალაგია შეშის ნაჭრები. ოთახში იატაკი არის ხის, რომელიც ალაგ ალაგ დაზიანებულია. ნ----- ც-------ემ მიუთითა ხის მაგიდასთან იატაკზე ადგილი სადაც ჩააგდო დანა, რომელიც მის მეუღლეს წაართვა. აღნიშნულ ადგილზე ხის იატაკი ჩატეხილია და აქვს 10 სმ სიგრძის ნაპრალი. დანის ამოღების მიზნით დათვალიერებული იქნა სარდაფი, რომელიც წარმოადგენს მიწურს, სადაც ნ----- ც-------ის მიერ მითითებულ ადგილზე აღმოჩენილი იქნა დანის პირი, რომლის სიგრძეა 15 სმ. რომელზეც შერჩენილია 4სმ. სიგრძის მოწითალო ფერის პლასმასის ტარის ნაწილი, იქვე 10სმ. მოშორებით აღმოჩენილი იქნა ლურჯი და თეთრი ფერის პლასმასის მასალის დანის ტარის მეორე ნაწილი რომელზეც აღინიშნება მექანიკური ზემოქმედების კვალი გატეხილია აღნიშნული დანა და დანის ტარი ამოღებული იქნა მოთავსდა პაკეტში და დაილუქა ლუქის ბეჭდით 33/8. დათვალიერების დროს ნ----- ც-------ემ ასევე მიუთითა ადგილი სამზარეულოს კართან როდესაც მის მეუღლეს წაართვა დანა და შეშის ღუმელთან ადგილი სადაც სავარძელში იჯდა იმ დროს როცა მისმა მეუღლემ განზრახ გადაასახა შეშის ღუმელზე შემოდგმული ჩაიდნიდან ადუღებული წყალი ქვედა კიდურზე. აღნიშნული ადგილი მდებარეობს შეშის ღუმელის გვერდით, სადაც დგას ორი სავარძელი. დათვალიერების დროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა კვალი ან მტკიცებულება ამოღებული არ ყოფილა.
2019 წლის 06 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე ნ----- ც-------ემ სრულად დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 04 იანვარს მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2019 წლის 03 იანვარს მისი მეუღლე რ----- გ-------ე იყო მთვრალი 04 იანვარს გვიან ღამით მთვრალმა მოულოდნელად სამზარეულოს კარადის უჯრიდან აიღო სამზარეულოს დანა და აპირებდა თავის დაზიანებას, მაგრამ შვილების დახმარებით წაართვა დანა, რომელიც წართმევის დროს გადატყდა ტარი და ჩააგდო იქვე სამზარეულოს მაგიდასთან იატაკის ქვეშ. დილით როცა ადგა მისი მეუღლე ისევ ნასვამი იყო და დაუწყო კამათი. დასახელებულ დღეს 10 საათი იქნებოდა როცა მისმა მეუღლემ მოულოდნელად აიღო შეშის ღუმელზე დადგმული ჩაიდანი, რომელშიც წყალი დუღდა და ადუღებული წყალი განზრახ გადაასხა ფეხებზე რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ჩვენების დადასტურების შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტი გაგრძელდა ნ----- ც-------ის საცხოვრებელ ადგილზე, სადაც მივიდნენ ხონის რაიონული სამმართველოს სამსახურეობრივი ავტომანქანით. ნ----- ც-------ემ საცხოვრებელ სახლში მიუთითა ადგილი სადაც მისმა მეუღლემ სამზარეულოს უჯრიდან აიღო დანა, ასევე მიუთითა ადგილი სამზარეულოს მაგიდასთან სადაც ჩააგდო დანა, რომელიც შვილების დახმარებით წაართვა მის მეუღლეს. ამის შემდგე ნ----- ც-------ემ მიუთითა შეშის ღუმელზე, რომელზეც იდგა ჩაიდანი ადუღებული წყლით და შეშის ღუმლის მარცხენა მხარეს ხის სავარძელზე, რომელშიც იჯდა იმ დროს როცა მისმა მეუღლემ განზრახ გადაასხა ჩაიდნიდან ადუღებული წყალი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მოხდა ფოტოგადაღება, რითაც საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით რ----- გ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა ნ----- ც-------ემ და მოწმეებმა ლ---- გ-------ემ და გ-------– გ-------ემ გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის (მეუღლის) და (მამის) წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა რ----- გ-------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის. რაც შეეხება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში მითითებულ საკითხს, რომ ნ----- ც-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები, მეორე ხარისხის დამწვრობითი უბნების სახით, გამართლებულმა რ----- გ-------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ჩაიდანს ხელი შემთხვევით მიარტყა და ზიანის მიყენება არავისთვის სურდა.
რაც შეეხება, საქმეში წარმოდგენილ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია იმ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მტკიცებულებად ჩათვლა, რომელიც ჩატარდა ნ----- ც-------ის მითითებით, ვინაიდან აღნიშნული ოქმი დაზარალებულისგან ჩვენების მიცემის ხასიათისაა და იმის გათვალისწინებით, რომ მან (ნ.ც-------ემ) სასამართლო სხდომაზე ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ჩვენება არ მისცა, აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი არ შეიძლება მტკიცებულებად იქნას მიჩნეული.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რ----- გ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით რ----- გ-------ის მსჯავრდება, რის გამოც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
რ----- გ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
რ----- გ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ რ----- გ-------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მაკა გორგოძე