განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
820100118002306219
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002306219

საქმე №1/ბ-491-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი------ ნ--------ს ძე ც--–--ის მიმართ, დაბადებული: 197- წლის 11 ი--–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ბათუმი, ფ-------- ხ--–--–ის მე-7 ჩიხი #6.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი------ ც--–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 12:40 საათზე, ი------ ც--–--ემ ქ. ბათუმი, ფ-------- ხ--–--–ის გამზ. მ---- ჩიხი N6-ში, მისივე ოჯახის წევრს, დას ი--- ც--–--ეს, თანხასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სხეულზე ხელისა და ფეხის რამდენიმეჯერ დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა, რამაც დაზარალებულის სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის განაჩენით ი------ ც--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი------ ც--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 იანვრიდან.

 

ი------ ც--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ივლისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ი------ ც--–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას მაქსიმალური ვადით. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის წარსული. დანაშაულის ხასიათიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დანაშაულით გამოწვეული მძიმე შედეგი, რომ ი------ ც--–--ემ ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ჩადინა სხვა ოჯახის წევრების თანდასწრებით. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მსჯავრდებული არის ალკოჰოლის მოყვარული და აგრესიულად განწყობილი პირი, ოჯახის წევრებთან მიმართებაში, რაც შეიცავს დიდ რისკს, რომ განაგრძოს დანაშაული მათ მიმართ. ამდენად, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი 06 თვით თავისუფლების აღკვეთა ვერ შეამცირებს ი------ ც--–--ის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი------ ც--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი------ ც--–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ი--- ც--–--ის ჩვენებით, მოწმეების - გ---------------------------------–------------------–--------------------–---------–----------–---- ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ი------ ც--–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ი------ ც--–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ი------ ც--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი------ ც--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 იანვრიდან.

 

ი------ ც--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულება - საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნაჯახი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე