განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
080100118002245279
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-503-2018წ.

(080100118002245279)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–---- ა-------ს ძე გ-----ს მიმართ დაბადებული: 1----–-–-------------, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ.ქუთაისი, ბ--–----------------, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ა-–---- გ-----ს ბრალი დაედო დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 09 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. ქუთაისში, ბ--–-----------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში ა-–---- გ-----მ თავის ძმას, გ---------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც გ---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქა-–-ქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განაჩენით ა-–---- გ----- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ა-–---- გ-----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- გ----------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ა-–---- გ-----ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა გამოიყენე კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და არ მისცა ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდებამ ა-–---- გ-----ს სისხლის სამართლის საქმეზე, შეკრიბა და სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა. კერძოდ, საქმეში არსებობს პოლიციელების ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტისა და გამომძიებლის ჩვენებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულმა გ---------მ, მოწმე ე--–----ა ა-–------მ და ა-–- ა--–-----ამ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

ბრალდებულმა ა-–---- გ-----მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

მოწმის სახით დაკითხული ო---- ხ-----–---–ის ჩვენების თანახმად, იგი 2017 წლის 09 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას პ---–-–-------- განყოფილებაში, რა დროსაც შემოვიდა შეტყობინება, რომ ბ--–-------ის ქუჩაზე, გ---------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმამ. აღნიშნულ შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ გ---------, რომელმაც განუმარტა, რომ კონფლიქტი მოუვიდა მის ძმასთან ა-–---- გ-----სთან, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას ა-–---- გ-----მ. იგივე ინფორმაცია მიაწოდა მას გ---------მ მოწმის სახით დაკითხვისას.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა---– ბ------- და განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა მოქმედებები, მათ შორის მის მიერ დაიკითხნენ ა-–---- გ-----ს დედა ე--–----ა ა-–------ და მეუღლე ა-–-. ა--–-----ა, რომელთაც დაადასტურეს ა-–---- გ-----სა და გ---------ს შორის მომხდარი კონფლიქტი. ასევე ა-–---- გ-----ს მიერ გ---------სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ გ-- გ----------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 09.11.2017წ. 04:18-04:25 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე გ---------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად 2017წლის 09 ნოემბერს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს მიმართა მოქალაქე გ---------მ და განუმარტა, რომ 2017 წლის 09 ნოემბერს მისმა ნათესავმა ა-–---------- გ-----მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ა-–---- გ-----ს დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულ გ---------ს სასამართლოსათვის არ მიუცია ჩვენება, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება გ---------ს მიმართ დაზიანებების არსებობა, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება გ---------ს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ა-–---- გ-----ს დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულბას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.

 

როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ა-–---- გ-----ს მსჯავრდება, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ა-–---- გ----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ა-–---- გ-----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

გამართლებულ ა-–---- გ-----ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლისსამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მოსამართლე მ. გორგოძე