განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2018
საქმის ნომერი
080100117001927751
ინსტანცია
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117001927751

საქმე №1/ბ-377-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივლისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ქ------- თ--–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) რ----- ს-----ის მიმართ (პირადი №6----------), დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ---------–------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ----- ს-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, პირადი მოხმარებისათვის მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენით რ----- ს-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და ძირითად და დამატებით სასჯელებთან ერთად, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მიუხედავად ამისა, რ----- ს-----ემ არ შეასრულა ძალაში შესული განაჩენის მოთხოვნა და 2016 წლის 02 სექტემბერს, ქ---------–-----------–---–-----------, მართავდა ,,ტოიოტას“ მოდელის ავტომობილს, სანომრე ნიშნით M--------.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენით რ----- ს-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი და ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, ასევე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, ამასთან, ჩამოერთვა კანონით გათვალისწინებული უფლებები. რ----- ს-----ემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა მცირე ოდენობით მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, მშრალ მდგომარეობაში, რაც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, საერთო წონით 4,5 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა 2017 წლის 10 იანვარს, წ---–--------------------------–--------–- ჩატარებული რ----- ს-----ის პირადი ჩხრეკის დროს. იმავე დღეს, რ----- ს-----ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანის) მოხმარების ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გამო რ----- ს-----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით.

 

1.2. საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა ბრალდების ახალი ფორმულირება, რომლის თანახმად, რ----- ს-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული _ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენით რ----- ს-----ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (11.98 გრამი ნედლი მარიხუანის უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის), 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის _ ორი ეპიზოდი) და ძირითად და დამატებით სასჯელებთან ერთად, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მიუხედავად ამისა, რ----- ს-----ემ არ შეასრულა ძალაში შესული განაჩენის მოთხოვნა და 2016 წლის 02 სექტემბერს, ქ---------–-----------–---–-----------, მართავდა ,,ტოიოტას“ მოდელის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით M--------.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის განაჩენით:

 

რ----- ს-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

რ----- ს-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: ვიდეოჩანაწერი 1 (ერთი) ცალ DVD დისკზე, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში 1 (ერთი) პაკეტად ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დარჩეს ამავე საქმეში, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ქ------- თ--–-----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ----- ს-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ რ----- ს-----ე წარსულში ნასამართლევია როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის (ქურდობა, ძარცვა), ასევე ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის და ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის, უფრო მეტიც, მას ბრალად შერაცხული დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ რ----- ს-----ის ჩვენებებით, მოწმეების _ მ--–---- ქ-----–--ის, დ----- ნ-------სა და ნ----- კ----–--ის ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ რ----- ს-----ემ ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა _ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ქ------- თ--–-----ემ განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ რ----- ს-----ისთვის სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნის ნაწილში და ითხოვა მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამ მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ, ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს რა ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ასევე იმ გარემობებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ----- ს-----ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.

 

რაც შეეხება პროკურორის არგუმენტს, რომ მსჯავრდებულ რ----- ს-----ეს ბრალად შერაცხული დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ რ----- ს-----ეს პირობითი მსჯავრი დანიშნული ჰქონდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით, იგი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. შესაბამისად, რ----- ს-----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს მიერ მხედველობაში ვერ იქნება მიღებული მის მიერ დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი მოცემულობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის განაჩენი რ----- ს-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ქ------- თ--–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის განაჩენი რ----- ს-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.რ----- ს-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4.რ----- ს-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.

 

5.ნივთიერი მტკიცებულება _ ვიდეოჩანაწერი 1 ცალ DVD დისკზე, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში 1 პაკეტად ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს ამავე საქმეში მისი შენახვის ვადით.

 

6.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/