განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100118002583888
საქმე N1/ბ-105-2019წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის- მ------ მ--–--ის
ადვოკატების - ც-–---- ბ------–---–ის, რ--------- კ-----–-–---–ის
მსჯავრდებულის - ი---- გ--------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი---- ი-–--ს ძე გ--------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 5----------- საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: წყალტუბო, კ-----------–---–-ს ქ. N2;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების დადგენილების მიხედვით ი---- გ--------ე ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:
- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის 17 მაისს, ი---- გ--------ე რ---------–---------------3-ში მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მეუღლის დედის - დ--–- ა-----–--ის კუთვნილ ოქროს სამკაულებს-ერთ ცალ ბეჭედსა და ერთ წყვილ საყურეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, 1300 ლარის ოდენობით.
- 2018 წლის მაისის დასაწყისში (ზუსტი თარიღი უცნობია) ი---- გ--------ე იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. სამტრედია რ---------–------------------ში, რა დროსაც ის გაუბრაზდა თავის არასრულწლოვან გერს - 1--------- წელს დაბადებულ ა------ ა----------ეს იმის გამო, რომ არ მიუტანა ყავა და ფიზიკურად იძალადა მასზე. კერძოდ, ორივე ხელი მოუჭირა კისრის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ი---- გ--------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ი---- გ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 03 წლისა და 03 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 11 დეკემბრიდან, მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 04 აგვისტოდან 2018 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით.
3. სააპელაციო საჩივრების არსი:
3.1 სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ მ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი ი---- გ--------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით მსჯავრდების და სასჯელის დანიშვნის ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაზარალებულ ა------ ა----------ეს (რომელიც არის ი---- გ--------ის გერი) სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას განუმარტა, რომ უფლება ჰქონდა არ მიეცა ჩვენება ახლო ნათესავის - მამინაცვლის წინააღმდეგ. აღნიშნული განმარტება ბრალდების მხარეს მიაჩნია არასწორად და უკანონოდ, ვინაიდან ახლო ნათევთა წრეში არ შედის გერი. მოცემულ შემთხვევაში არასწორი განმატების შემდეგ ა------ ა----------ემ სასამართლოს არ მისცა ჩვენება ი---- გ--------ის წინააღმდეგ, რაც საფუძველი გახდა ი---- გ--------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებისა. გარდა ზემოაღნიშნულისა, აღნიშნული კვალიფიკაციით ი. გ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის სასამართლოში ბრალდების მხარემ წარადგინა სხვა უტყუარი მტკიცებულებებიც.
3.2. აპელანტი - მსჯავრდებული ი---- გ--------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ც-–---- ბ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი ი---- გ--------ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის ნაწილში და მის ნაცვლად გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი, რადგან საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის არის წინააღმდეგობები და არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი---- გ--------ის ქურდობის ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ ი---- გ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს ც-–---- ბ------–---–ს და რ--------- კ-----–-–---–ს, რომლებმაც დააზუსტეს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი და ი---- გ--------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ი---- გ--------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ც-–---- ბ------–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ი---- გ--------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
სააპელაციო პალატაში მოწმის სახით დაკითხვისას არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ა------ ა----------ემ განმარტა, რომ ი---- გ--------ეს მისთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. გამოძიების ეტაპზე დაკითხვის ოქმებზე ხელი კი მოაწერა, თუმცა არ წაუკითხავს მისი შინაარსი და აღნიშნულ ჩვენებებს არ ადასტურებს.
მოწმე დ--–- ა-----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ ი---- გ--------ე არის მისი სიძე, მის სახლში ცხოვრების დროს, სისტემატურად იჯდა კომპიუტერთან და იმ ოთახში შესვლა მათ აკრძალული ჰქონდათ და იგი ადგილიდან იძლეოდა სხვადასხვა დავალებებს. ზუსტი თარიღი არ ახსოვს სახლში იმყოფებოდნენ იგი, მისი სიძე და მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი, როდესაც ი---- გ--------ემ ა------ ა----------ეს დაავალა ყავის მოდუღება. იმის გამო, რომ ყავის მირთმევა გადაავიწყდა ბავშვს, ჩუსტი ესროლა მას, რაზედაც ბავშვი ძალიან დაიძაბა. ა------ ა----------ე იმყოფებოდა მასთან ერთად ლოჯში, რა დროსაც გაბრაზებულმა ი---- გ--------ემ კისრის მიდამოებში ხელი მოუჭირა ბავშვს, აღნიშნულზე ძალიან ანერვიულდა დ--–- ა-----–--ე და მკაცრი ტონით დუყვირა ი---- გირდაძეს, საპასუხოდ კი მისი სიძისგან მიიღო დედის მისამართით უშვერი სიტყვებით გინება, გინების ფაქტს წარსულშიც არაერთხელ ჰქონია ადგილი.
მოწმე ფ------ ნ-----–--–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ არის ი---- გ--------ის მეუღლე, თავდაპირველად მის შვილთან, ა------ ა----------ესთან ი---- გ--------ეს ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თუმცა შემდეგ ბავშვის მიმართ გახდა უხეში, რის გამოც ხშირად საყვედურობდა იგი ი---- გ--------ეს, ეს უკანასკნელი კი, ამ გარემოებას ხსნიდა იმით, რომ მას სურდა ა------ ა----------ე კაცად გაეზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ ი---- გ--------ე არის აზარტული მოთამაშე, ერთ საღამოს დიდი თანხა წააგო, აღნიშნული ფაქტით გაღიზიანებულმა კი, მის თვალწინ, ოთახის ჩუსტი ესროლა ა------ ა----------ეს.
მსჯავრდებულმა ი---- გ--------ემ უარყო არასრულწლოვან ა------ არჯევანაძის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა აღნიშნავს, რომ ი---- გ--------ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, მოწმე დ--–- ა-----–--ის ჩვენება. მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა კი არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტს, მით უფრო მაშინ, როდესაც დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციით მან (ა. ა----------ემ) უარყო ი---- გ--------ის მიერ მის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი, ასევე, თვით მსჯავრდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი---- გ--------ის ბრალდების (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი) დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ი---- გ--------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.
რაც შეეხება ი---- გ--------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, აღნიშნული პალატას დადასტურებულად მიაჩნის საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ დ--–- ა-----–--ის ჩვენებით, მოწმეების: ფ------ ნ-----–--–---–ის, ლ--–- ღ-------ის, გ------- ნ-–--–-–---–ის, ზ----- თ------ის, გ---- ნ-----ის ჩვენებებით, ამოღების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატაში საქმის განხილვასას მსჯავრდებულმა ი---- გ--------ემ აღიარა ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენა, ასევე განმარტა, რომ მას დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული აქვს და მოითხოვა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლა.
ი---- გ--------ის მიმართ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი სრულად და ამ უკანასკნელს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ი---- გ--------ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს მუხლის სანქციის მინიმუმადე, კერძოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი, დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ი---- გ--------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ც-–---- ბ------–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ი---- გ--------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ი---- გ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
ი---- გ--------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან, მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 04 აგვისტოდან 2018 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე