განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2019
საქმის ნომერი
030210019002445302
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030210019002445302

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ- 211-19 08 მაისი 2019 წელი

ქ .ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - ნ---- ღ------------- ლ---- ა------ მ--- ჯ---–--- მ-----–- ა-----–---

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება, ქ. ფ----–----------------–-----–------------ში მდებარე, მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილის-4,18 კვ.მ ფართის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვა, ასევე მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეკონსტრუქციისათვის ხელშეშლის აღკვეთის მოპასუხისათვის დავალდებულება. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, ქ. ფ--------------------–-----–---------2-ში გააჩნია უძრავი ქონება, საერთო ფართით 68,22 კვ.მ, რომელიც 2015 წლის 24 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა სს „კ-----------–-------------------“. აღნიშნულ ფართში განთავსებული აქვს სილამაზის სალონი. მოსარჩელის ფართის გვერდით, უძრავი ქონება დარეგისტრირებული აქვს მოპასუხე მ--- ჯ---–---ს. მას უკანონოდ აქვს დაკავებული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის წინა ნაწილი, საიდანაც შესასვლელი აქვს გაკეთებული და მიუხედავად იმისა, რომ სხვა ძირითადი შესასვლელიც გააჩნია, არ აძლევს საშუალებას შემოიერთოს მისი კუთვნილი ფართი. გარდა ამისა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანა მხარის ფართი არ ემთხვევა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულ მის ფართს. კერძოდ, კედელი არასწორად არის აშენებული და საჭიროებს რეკონსტრუქციას, რომლის განხორციელებაშიც ხელს უშლის მოპასუხე. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ფართი, რომელზეც დაობს მოსარჩელე იყო საერთო სარგებლობის დერეფანი, რომლითაც მობინადრეები სარგებლობდნენ და მოსარჩელეს საკუთრებაში რეგისტრირებულ 68,22 კვ.მ-სთან არანაირი კავშირი არ აქვს. გარდა ამისა, გაურკვეველია, თუ როგორ მოხვდა 4,18 კვ.მ, სადავო ფართი მოსარჩელის საკუთრებაში, ვინაიდან, აღნიშნულის დამდასტურებელი მტკიცებულება წარმოოდგენილი არ ყოფილა. მოსარჩელემ, ქონების შეძენის შემდეგ დაიწყო ბინის რეკონსტრუქცია, მასთან შეუთანხმებლად ამოაშენა (გადატიხრა) კედელი, ასევე შენობის უკანა მხარეს, ახალი კედლები ამოიყვანა არსებული კედლების შიგნით, რითაც შენობის სიგანე შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა საერთო ფართიც, რისი კომპენსირებაც უნდა საერთო სარგებლობაში არსებული ფართის ხარჯზე, რასაც არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. აღნიშნული თვალნათლივ ჩანს აზომვითი ნახაზიდან, რომელიც გაკეთდა შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ნ---- ღ-------------- სასარჩელო მოთხოვნა, დაეკისროს მ--- ჯ---–---ს გაათავისუფლოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი და აეკრძალოს მოპასუხეს ხელშეშლის აღკვეთა მის საკუთრებაში არსებული ფართის რეკონსტრუქციისათვის, არ დაკმაყოფილდეს. 2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილად. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2015 წლის 24 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს „კ-----------–--------------“-სა (გამყიდველი) და ნ---- ღ-------------ს (მყიდველი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ფ--------------------–-----–--------, სართული 1, ბინა N2, ფართი: 68,22 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0------------------, ნაკვეთის წინა ნომერი: 0-------------–----------------------------- ნასყიდობის საგნის ფასმა შეადგინა 20 000 ლარი. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ეს ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ---- ღ-------------- საკუთრებაში (ს.ფ.15-18). 2.2. ქ. ფ---------------–-----–-----------ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, ნ---- ღ-------------- უძრავი ქონების საერთო ფართი შეადგენს 68,03 კვ.მ-ს. 2.3. 2015 წლის 23 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ფ--------------------–-----–--------, ბინა N1, სართული 1, ფართი-97,66 კვმ, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი-1708 კვ.მ, საკადასტრო კოდი-0------------------, ნაკვეთის წინა ნომერი- 0-----------, შენობა-ნაგებობები: N1,N2,N3, მესაკუთრე არის მ--- ჯ---–--- (ს.ფ.19). 2.4. ქ. ფ----------------–-----–---------ში მდებარე, მ--- ჯ---–---- საცხოვრებელი ბინის აზომვითი ნახაზის (პასპორტი) მიხედვით, ძირითადი მაჩვენებლები არის: საცხოვრებელი ფართი: 71,4 კვ.მ, დამხმარე ფართი: 26,26 კვ.მ, სასარგებლო ფართი: 97,66 კვ.მ. (ს.ფ.22) 2.5. 2007 წლის 01 აგვისტოს ტექნიკური პასპორტის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის 2007 წლის 20 აგვისტოს N--- ბრძანების, ამ საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის და 2007 წლის 27 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ, მოქალაქე ნ--- კ-----–--- (ნ---- ღ-------------- ფართის წინა მესაკუთრე) მიენიჭა უსასყიდლოდ საკუთრების უფლება, მის კანონიერ სარგებლობაში არსებულ, ქალაქ ფ----–----------------–-----–-----------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ოროთახიან ბინაზე: საცხოვრებელი ფართი - 32,96 კვ.მ, ფაქტიური საცხოვრებელი ფართი - 32,96 კვ.მ, საერთო ფართი: 32,96 კვ,მ. (შპს "ფ-----------------" გეგმა-ნახაზის მიხედვით), რაც აღირიცხა კიდეც ნ. კ-----–--- საკუთრებაში. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებზე; ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელ, მე-2-5, მე-7, მე-8, მე-13, 21-ე მუხლებზე; ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის 1-ელ, მე-2, მე-3, 25-ე, 28-ე მუხლებზე და განმარტა: 2015 წლის 23 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ფ--------------------–-----–--------, ბინა N1, სართული 1, ფართი-97,66 კვმ, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 1708 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0------------------, ნაკვეთის წინა ნომერი: 0-----------, შენობა-ნაგებობები: N1, N2, N3, მესაკუთრე არის მ--- ჯ---–---. 2.7. ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება დასაშვებია, მხოლოდ ძეგლის ადაპტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს არ გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას ან მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შემცირებას.

სასამართლო სხდომაზე გამოირკვა, რომ სადავო ბინა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. საგულისხმოა, რომ საუბარია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტში რეკონსტრუქციაზე, თუმცა სააგენტოს თანხმობა ან სხვა პოზიცია წარმოდგენილი არ არის.

 

2.8. სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური საკუთრების ობიექტს შეიძლება წარმოადგენდეს, მხოლოდ ის ფართი, რომელიც შეიძლება მოსცილდეს ბინის საერთო ფართს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს სხვა მესაკუთრეთა უფლებები.

სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულ საქმეზე დასაბუთებული პრეტენზიის არქონის გამო, ზემოაღნიშნული კანონების დებულებების შესაბამისი მასალების არარსებობით, შეუძლებელია სარჩელის საფუძვლიანობაზე საუბარი და მისი დაკმაყოფილება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლო მიუთითებს, რომ ბინაში შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, მაგრამ წარმოდგენილი არ არის არანაირი დოკუმენტაცია, განიხილა თუ არა ამხანაგობამ წამოჭრილი სადავო საკითხები და რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამით, სასამართლომ უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება, ვინაიდან აღნიშნული ბინა ნასყიდობის ხელშეკრულების შემდეგ მას ჩაბარდა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში და მოპასუხეს არანაირი პრეტენზიები არ გააჩნდა სადაო ფართზე. პრეტენზიულ ბინას ისინი არც არ შეიძენდნენ. 3.2. სასამართლო მიუთითებს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტში რეკონსტრუქციაზე და სააგენტოს თანხმობის არ არსებობაზე. მათ მიერ მოსამზადებელ სხდომაზე წარდგენილი იქნა ნახაზი და ფოტოები, რომელთა მიხედვითაც, პროექტის დამტკიცების დროს, სამინისტრომ ხაზით მიუთითა დარღვევების შესახებ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ნ---- ღ-------------- სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.5. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით ადგენს: სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ნ---- ღ-------------- საკუთრებას წარმოდგენს, 2007 წლის მდგომარეობით, ნ--- კ-----–--- საკუთრებში რეგისტრირებული უძრავი ქონება. 4.4. საჯარო რეესტრში დაცული ტექნიკური პასპორტისა და საცხოვრებელი ბინის რეკონსტრუქციის შემდეგ, აზომვითი ნახაზის მიხედვით, ნ--- კ-----–--- მფლობელობაში იმყოფებოდა 68,22 კვ.მ სასარგებლო ფართი, საიდანაც საკუთრებაში რეგისტრირებული იყო 32,96 კვ.მ ფართის ორი ოთახი, ხოლო დარჩენილი 35,26 კვმ. (68,22-32,96=35,26) დაურეგისტრირებელ ფართს წარმოადგენდა (ს.ფ.50-53, 58) მხარეთა განმარტებებისა და ამ ნახაზის მიხედვით, სადავო 4,18 კვ.მ ფართი მდებარეობს, 16,48 კვ.მ ფართის რეგისტრირებული საცხოვრებელი ოთახის მომიჯნავედ, რაც 68,22 კვ.მ საერთო სასარგებლო ფართში არ შედის. 4.5. სარჩელზე თანდართული მტკიცებულებით, მ--- ჯ---–---- საცხოვრებელი ბინის აზომვითი ნახაზით და მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ სადავო 4,18 კვ.მ ფართი რეგისტრირებულია მ. ჯ---–---- საკუთრებაში, როგორც შესასვლელი ფართი და წარმოადგენს 23,53 კვ.მ ფართის შემადგენელ ნაწილს (ს.ფ.22). 4.6. საქმეში განთავსებული, ნ. ღ-------------- არასაცხოვრებელი ბინის რეაბილიტაციის გეგმის თანახმად, გეგმა მომზადებულია, ნ---- ღ-------------- დაკვეთით, სადაც გამოყოფილია სადავო 4,18 კვ.მ ფართი, თუმცა საჯარო რეესტრში სადავო ფართზე (4,18 კვ.მ) ნ---- ღ-------------- საკუთრების რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მოთხოვნას წარმოადგენს მის, საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილის-4,18 კვ.მ ფართის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვა, ასევე კუთვნილი უძრავი ქონების რეკონსტრუქციისათვის ხელშეშლის აღკვეთა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, კერძოდ, უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებში. 4.8. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. 4.9. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენის უფლება გააჩნია, მხოლოდ მესაკუთრეს. ამასთან, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაცია). 4.10. მხარეთა შორის სადავო საკითხთან მიმართებაში პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 4.11. უნბდა აღინიშნოს, რომ მოცემული დავის ფარგლებში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს უპირველესად წარმოადგენდა სადავო უძრავ ქონებაზე - 4.18 კვ.მ ფართზე მისი საკუთრების უფლების დადასტურება, რაც მის მიერ სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ასევე ამ ფართის წინა მესაკუთრის, ნ--- კ-----–--- რეგისტრაციის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება ქ.ფ----–------------–-----–----------ში მდებარე 68.22 კვ.მ ფართი (სართული 1/ბინა №2, ს/კ 0------------------), რაც არ მოიცავს სადავო 4,18 კვ.მ ფართს. რაც შეეხება თავად მოსარჩელის შეკვეთით დამზადებული არასაცხოვრებელი ფართის - 68.03 კვ.მ.-ის რეაბილიტაციის გეგმას, რომელზეც დატანილია სადავო 4.18 კვ.მ. ფართი, არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას, რაც დაადასტურებდა სადავო 4.18 კვ.მ. ფართზე მის საკუთრების უფლებას. ამდენად, მოსარჩელემ, სარწმუნო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა სადავო ფართზე მისი საკუთრების უფლება, რაც გამორიცხავს ფართის გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 4.12. პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელეს მოთხოვნას რეკონსტრუქციის განხორციელებაში ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, რეკონსტრუქციის პროექტში (ნახაზზე) მოქცეული 4,18 კვ.მ ფართზე მისი საკუთრების უფლება მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, ხოლო მოპასუხის მხრიდან სხვაგვარად ხელშეშლის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. 4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ნ---- ღ-------------- სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მ--ჩნია, რომ ნ---- ღ-------------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, ნ---- ღ-------------- მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის, მხარეთა შორის განაწილების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარემ/მოპასუხემ მოითხოვა მის მიერ გაღებული ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის აპელანტისათვის დაკისრება. დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით პალატას გონივრულ ოდენობად მ--ჩნია ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 150 ლარის ოდენობით მ-- ჯ---–---- სასარგებლოდ ნ---- ღ--------------ათვის დაკისრება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ნ---- ღ-------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. ნ---- ღ-------------ს, მ--- ჯ---–---- სასარგებლოდ დაეკისროს, ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის-150 ლარის გადახდა;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე