განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100118002440668
საქმე №1/ბ-766-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - ა---- მ--------ს
ადვოკატის - კ---- ჯ-----ს
მსჯავრდებულის - ტ------– დ-------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ტ------– ვ-–--------ის ძე დ-------ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, მცხოვრები:ქ. ბათუმი, ვ-----------–-- ქ. N99;
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ტ------– დ-------ემ ჩაიდინა:
- დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა;
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ტ------– დ-------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, წონით 0,3894 გრამი, აგრეთვე, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით - 0,2018 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონის მარილს, რაც 2018 წლის 07 აპრილს ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მისგან იქნა ამოღებული.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ტ------– დ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 09 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ტ------– დ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ტ------– დ-------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 07 აპრილიდან.
ამავე განაჩენით, ტ------– დ-------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 წლის ვადით.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებულ ტ------– დ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი კ---- ჯ----- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენში ტ------– დ-------ის მიმართ, მას განესაზღვროს ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ასევე ნაცვლად 05 წლისა, 03 წლის ვადით შეეზღუდოს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული მართვის უფლება.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ ტ------– დ-------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს კ---- ჯ-----ს, რომლებმაც დააზუსტეს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი და მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება მოითხოვეს;
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორს ა---- მ--------ს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ტ------– დ-------ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. პირველი ინსტანციის სასამართოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ტ------– დ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ტ------– დ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმე ს--–---- ჯ-----ის ჩვენებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ტ------– დ-------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი.
სააპელაციო პალატა ტ------– დ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო ტ------– დ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამნაშავის პიროვნება და წარსული.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ტ------– დ-------ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული ნივთიერებები ამოუღეს 2018 წლის 07 აპრილს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, ამდენად, მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ტ. დ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების თაობაზე.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ტ------– დ-------ის მიმართ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების უფრო მცირე ვადით ჩამორთმევის თაობაზე და განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-3 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გარკვეული უფლებების ჩამორთმევის ვადას, ამასთან, ამავე მუხლის 41 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, რასაც ტ------– დ-------ის შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ტ------– დ-------ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ტ------– დ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კ---- ჯ-----ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ტ------– დ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი ) წლის ვადით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ტ------– დ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ტ------– დ-------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 07 აპრილიდან.
ტ------– დ-------ეს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება მეთადონი, წონით 0,2018 გრამი და ბუპრენორფინი წონით 0,3894 გრამის ოდენობით, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებაში, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, დადგენილი წესით გასანადგურებად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
ვერა დოლიძე