განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.07.2019
საქმის ნომერი
330210018002614663
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002614663

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N2ბ/66-19 23 მაისი, 2019 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ქეთევან დუგლაძე

 

სხდომის მდივანი - ნანა ველიჯანაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) – შპს „ო----------–-“

წარმომადგენელი – დ--------------–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ე-----------–---–---–-, ვ-–------------------–---–-

წარმომადგენელი – ბ-----------–---–-

 

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე-----------–---–---–-ს და ვ-–------------------–---–-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ო----------–-ს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ო----------–-“ მოსაჩელეების - ე-----------–---–---–-ს და ვ-–------------------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2885 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ვ-–------------------–---–-- და ე-----------–---–---–-- შპს "ო----------–----- დადებული ზეპირი ხელშეკრულებით მიიღეს მოპასუხის ტურისტული პაკეტი, რომელიც მოიცავდა 4 ადამიანის ავიაბილეთს ჰურგადის მიმართულებით, ასევე 1---------21.07.2018 სამგზავრო პერიოდში ოთხი ადამიანის სასტუმროში განთავსებას, კვებას, ტრანსფერსა და სამოგზაურო დაზღვევას. აღნიშნული ტურისტული პაკეტის ღირებულებად განისაზღვრა 2348 აშშ დოლარი, საიდანაც ნაწილი 693 აშშ დოლარი მოსარჩელეებს უნდა გადაეხადათ შეთანხმებისთანავე, ხოლო დარჩენილი 1615 აშშ დოლარი 2018 წლის 01 ივლისამდე.

 

ვ-–------------------–---–-- და ეკ----------–---–---–- "ო----------–-"-ს სასარგებლოდ, შესაბამისი ტურისტული პაკეტის სანაცვლოდ, გადახდილი აქვთ ტურის სრული ღირებულება 2308 აშშ დოლარი, რამაც ეროვნულ ვალუტაში, გადახდის მომენტისათვის არსებული კურსით, შეადგინა სულ 5770 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ტურ პაკეტი (ს.ფ. 16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.2. ვ-–------------------–---–-- და ე------------–---–---–- „ო----------–-“-ს სასარგებლოდ, შესაბამისი ტურისტული პაკეტის სანაცვლოდ, გადახდილი აქვთ ტურის სრული ღირებულება 2308 აშშ დოლარი, რამაც ეროვნულ ვალუტაში, გადახდის მომენტისათვის არსებული კურსით, შეადგინა სულ 5770 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო დავალებები (ს.ფ. 17-18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.3. მოსარჩელე, ვ-–------------------–---–- 2018 წლის ივლისის დასაწყისში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, რის გამოც მიმართა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას - შპს „ნ-----–------------–----, ქ--------–-----–-------------–-----“-ს და ჩაიტარა სათანადო გამოკვლევები. ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა,რომ ვ-–------------------–---–- საჭიროებდა გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას. ს.ს "ა--------- ღ------–------- სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი"- სთვის მიმართვის შედეგად, ამავე კლინიკაში ვ-–------------------–---–- დაუდგინდა მწვავე აპენდიციტი და 2018 წლის 10 ივლისს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ს.ფ. 29-26);

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 27)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.4. მოპასუხე შპს „ო----------–-“, მოსარჩელე მხარის მიერ ეცნობა ვ-–------------------–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე, და მოსარჩელეებმა დაუყოვნებლივ ითხოვეს სამოგზაურო პერიოდის რამდენიმე დღით გვიან გადაწევა, რათა ვ-–------------------–---–- შეძლებოდა ოპერაციის შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციის საქართველოში, მკურნალი ექიმების დაკვირვების ქვეშ გავლა. საპასუხოდ, მოპასუხემ განმარტა, რომ სამოგზაურო დროის გადაწევა, ნებისმიერი მიზეზით, საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას, რისი ფინანსური საშუალება, მოსარჩელეებს არ ჰქონდათ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა მიმართეს შპს "ო----------–-", ნაყიდი ტურისტული პაკეტი უკან დაუბრუნეს და მოითხოვეს პაკეტის ღირებულების სრული ოდენობით უკან დაბრუნება, რაზეც უარი მიიღეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონულ ფოსტაზე მიმოწერის ამონარიდი (ს.ფ. 28-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.5. მხარეთა შორის უდავოა, რომ ნაყიდი ტურისტული პაკეტი ღირებულების მხოლოდ 50%-ის - 2885 ლარი დაუბრუნა მოპასუხემ მოსარჩელე მხარეს, რაც მესამე პირის-შპს „ი-------------------–-"-ს მიერ დადგენილ საჯარომო სანქციებს ეფუძნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12/07/2018 წლის საგადახდო დავალება (ს.ფ.30);

- შპს „ი------------------–-"-ს საიტზე არსებული ინფორმაცია საჯარომო სანქციების თაობაზე (ს.ფ.57);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.6. სასმართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და მიუთითებ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 663-ე მუხლის თანახმად, 659-662-ე მუხლებში გათვალისწინებული მოთხოვნები ტურისტს შეუძლია წარუდგინოს მოგზაურობის მომწყობს ხელშეკრულებაში მითითებული მოგზაურობის ვადის გასვლის შემდეგ ერთი თვის მანძილზე. ვადის გასვლის შემდეგ ტურისტს შეუძლია წარადგინოს თავისი მოთხოვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი არ მიუძღვის მოთხოვნის წარდგენის ვადის გადაცილებაში. ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს. ეს ვადა იწყება იმ დღიდან, როდესაც ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა დამთავრებულიყო. თუ ტურისტი მოთხოვნებს წარადგენს ხანდაზმულობის ვადის დაწყებამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ დღემდე, რომელ დღესაც მოგზაურობის მომწყობი უარყოფს მოთხოვნას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე აპელირებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და მიუთითებს, რომ მოსარჩელეების მიერ მიღებული ტურისტული პაკეტით მოგზაურობის პერიოდი იყო 14.07.2018-21.07.2018. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 663-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის ათვლა უნდ დაიწყოს სწორედ 2018 წლის 22 ივლისიდან. მოსარჩელეების მიერ სარჩელი წარმოდგენილია 2018 წლის სექტემბრის თვეში, რის გამოც ე-----------–---–---–-სა და ვ-–------------------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ხელშეკრულებიდან გასვლა და თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა და არა ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ხარვეზებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებული ხანდაზმულობის ვადა ამ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა, მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში – პაკეტი), ტურისტული მომსახურების ორი ან მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამის თევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულება შედის პაკეტის ფასში.

 

მოცემული ნორმის თანახმად, შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას შემკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, გაუწიოს მას შეთანხმებული მომსახურება, ხოლო შემკვეთმა გადაიხადოს მიღებული მომსახურების საფასური. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ განსაზღვრავს ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობის კონკრეტულ შინაარსს. ასევე არ არის მოცემული ტურისტული მომსახურების მარეგულირებელი შესასრულებელი მოქმედებების მკაფიო ჩამონათვალი, არამედ შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადად მომსახურების გაწევის ვალდებულებაზე მითითებით. თუმცა, ამავე მუხლის მეორე ნაწილი ტურისტულ მომსახურებას ახასიათებს, როგორც ტურისტული საწარმოს მიერ შესასრულებელი გარკვეული ვალდებულებების ერთობლიობას (კვების, სატრანსპორტო მომსახურების, ადგილსამყოფელისა და ა.შ.), რომელიც მომსახურების პაკეტის სახით ყალიბდება.

 

ტურისტული ხელშეკრულება, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი სახე, მორგებულია სამომხმარებლო სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსებაზე, რადგან მისი სამართლებრივი ფუნქციაა გააუმჯობესოს ტურისტის მდგომარეობა. მოგზაურობის პაკეტის სრულყოფილი განხორციელება მოითხოვს სხვადასხვა შინაარსის, ცალკეული ხელშეკრულებების გაფორმებას, რაც თავის მხრივ ართულებს ვალდებულებაზე პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირებას. ტურისტული ხელშეკრულების დაცვითი ფუნქცია გულისხმობს მოგზაურობის მომწყობის, როგორც ვალდებულებაზე დაკონკრეტებული პირის განსაზღვრავს. ამდენად, მომსახურების არაჯეროვანი შესრულებისას, მომსახურების გამწევი (მოგზაურობის მომწყობის) ორგანიზაცია ვერ დაიცავს თავს იმაზე მითითებით, რომ თვითონ არ წარმოადგენს ვალდებულების უშუალო შემსრულებელს.

 

გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისას გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ის წინაპირობები, რომლებიც ნორმატიულად არის რეგულირებული, არამედ მხედველობაშია მისაღები ასევე ტურისტის ინდივიდუალური ინტერესი. სავარაუდო ტურისტის ნება, მიიღოს მონაწილეობა მოგზაურობაში, ყალიბდება შეთავაზებული ტურისტული პაკეტის ყველა კომპონენტის - მათ შორის, სასტუმროს ლოკაციის, მოსანახულებელი ობიექტების, მოგზაურობის პერიოდის, მგზავრობის, კვების, ღამისთევის პირობების ერთობლივი გათვალისწინებით. ამ შინაარსის მატარებელია სამოქალაქო კოდექსის 6572-ე მუხლი, რომელიც ავალდებულებს ტურისტულ საწარმოს ხელშეკრულების დადებამდე მიაწოდოს ტურისტს ამომწურავი ინფორმაცია მგზავრობის თითოეული კომპონენტის შესახებ. ასეთი ინფორმირების შემდეგ ტურისტის თანხმობა გარიგებაზე გულისხმობს ხელშეკრულების დადებას იმ პირობებით, რაც მისთვის იქნა მიწოდებული და ამ პირობების თვითნებურად შეცვლა ტურისტული ორგანიზაციის მიერ დაუშვებელია.

 

ტურისტის სამართლებრივი მდგომარეობის დაცვის საკანონმდებლო სტრატეგია მოიაზრებს მის პასიურ მდგომარეობას ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით. ამგვარი სულიკვეთება გაზიარებულია მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაში, სადაც აღნიშნულია: „...მეწარმე პირი (მოგზაურობის მომწყობი) ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს იმის მოლოდინის გარეშე, რომ ისინი დამოუკიდებლად მოიძიებენ ამ ინფორმაციას. მომხმარებელი პასიური უნდა რჩებოდეს ინფორმაციის მოპოვების კუთხით...“ (-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------. შესაბამისად, მომხმარებლის ჩართულობა ინფორმაციის მოძიების პროცესში მხოლოდ მისი სუბიექტური დაინტერესებით შემოიფარგლება. წინდახედულობის სტანდარტი – იცის ან უნდა სცოდნოდა – ეფუძნება მეწარმის ვალდებულებას მისაწოდებელი ინფორმაციის სისრულეზე და სანდოობაზე, თუმცა გავლენას არ ახდენს მომხმარებელზე, რომელმაც უგულებელყო ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევებში აქცენტი გადატანილია ინფორმაციის მიღების უფლებაზე და არა მომხმარებლის ვალდებულებაზე, მოიპოვოს ეს ინფორმაცია. სწორედ ამ თვალსაზრისით, ვერ იქნება გაზიარებული შპს ,,ო----------–-ს“ მიერ პასუხისმგებლობის სხვა კომპანიაზე ,,ი------------------–---“ გადამისამართების თაობაზე. ვინაიდან მოსარჩელეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში შევიდნენ შპს ,,ო----------–----“, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს შპს ,,ო----------–-“ და არა მესამე კომპანია. აქვე საგულისხმოა მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მითითება მხოლოდ 50%-ის თანხის მხარისათვის დაბრუნების ფაქტობრივ საფუძველზე, რაც მესამე პირის- შპს „ი----------------–-"-ს საიტზე არსებული საჯარომო სანქციებს ეფუძნება. სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში რაიმე სახის საჯარიმო სანქციების შეთანხმება არ დასტურდება, ხოლო მესამე პირის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაცია შემხებლობის მატარებელი ვერ იქნება არსებულ დავასთან.

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 665-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტურისტს მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამავე მუხლი მე-2 ნაწილის შესაბამისად, კი ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული საზღაურის მიღების უფლებას. ამავე დროს, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება შეთანხმებული ანაზღაურების საფუძველზე იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მოსარჩელე ვ-–------------------–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ხარისხი გამორიცხავდა მოსარჩელე მხარის მიერ ტურისტული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას. რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ტურისტული პაკეტით მოსარგებლე მგზავრს/ტურისტს წარმოადგენდა არა მხოლოდ ვ-–-------------------–---–-, არამედ ასევე ე-----------–---–---–-, ს-------------–---–- და ნ-------------–---–- და აღნიშნულ პირებს შეეძლოთ ესარგებლათ ტურისტული მომსახურებით, სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელეები არიან მეუღლეები და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დაგეგმეს მოგზაურობა ჰურგადის მიმართულებით. ძნელი წარმოსადგენია, ერთ-ერთი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე, მეორე მეუღლეს ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ესარგებლა ტურისტული მომსახურებით და ემოგზაურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოსარჩელეებს ამოძრავებდათ ოჯახურ გარემოში, ერთობლივად მოგზაურობის სურვილი, რაც ერთ-ერთი მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მწვავე გაუარესების მიზეზით ვერ განახორციელეს. ნათელია ის მოტივები რაც მოგზაურობის დაწყებამდე ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. აქვე, საგულისხმო და საყურადღებოა მითითებული ნორმის დანაწესი იმ გადახდილი საზღაურის მიღების უფლების დაკარგვასთან მიმართებით, რაც წარმოდგენილ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში ნორმის დეფინიცია,,.. იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად“ მოპასუხე მხარის მირ მითითებული ვერ იქნა, რადგან აქეცნტირება განხორციელდა თანხის მოჭრილად საჯარიმო სანქციის სახით დაკავების თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვიანიდან აღნიშნული ხარჯის თაობაზე მითითებას კი არ მომხდარა, ხოლო რაიმე სახის საჯარიმო სანქციის თაობაზე მოსარჩელე მხარე სათანადოდ არ იყო ინფორმირებული და შესაბამისად, მხარეთა შორის აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში არ ყოფილა გათვალისწინებული, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დასაბუთებული, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში სასამართლომ არასწორად დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება და სრულიად დაუსაბუთებლად არ მიიჩნია ე-----------–---–---–-ს და ვ-–------------------–---–-ს სარჩელი ხანდაზმულად.

 

"ხანდაზმულობა" სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობის მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სსკ) 663-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 659 - 662-ე მუხლებში გათვალისწინებული მოთხოვნები ტურისტს შეუძლია წარუდგინოს მოგზაურობის მომწყობს ხელშეკრულებაში მითითებული მოგზაურობის ვადის გასვლიდან ერთი თვის მანძილზე. ვადის გასვლის შემდეგ ტურისტს შეუძლია წარადგინოს თავისი მოთხოვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი არ მიუძღვის მოთხოვნის წარდგენის ვადის გადაცილებაში.

 

ამდენად სსკ 663-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ანალიზიდან უდავოდ დგინდება, რომ ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები, მოკლევადიანია, ამიტომ უფლებათა განხორციელების ვადებიც სპეციალური რეგულირების გზით არის შემცირებული.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელეებს, ტურისტული პაკეტით გათვალისწინებული მოგზაურობით უნდა ესარგებლათ 14.07.2018-21.07.2018 პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, სსკ 663-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის ათვლა უნდ დაიწყოს სწორედ 2018 წლის 22 ივლისიდან. მოსარჩელეების მიერ სარჩელი წარმოდგენილია 2018 წლის სექტემბრის თვეში, რის გამოც ე-----------–---–---–-სა და ვ-–------------------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება, არის უსაფუძვლო, რის შედეგადაც ე-----------–---–---–-ს და ვ-–------------------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული და დაუსაბუთებელი.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ სრულიად უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული, აპელანტის პოზიცია, რომ მოსარჩელეების მიერ შეძენილი ტურისტული პაკეტის მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს "ი------------------–-" (ს/კ 4--------). ტურის ღირებულება, რომელსაც კლიენტი უხდის ტურაგენტს (შპს "ო----------–-") საკომისიო პროცენტის გამოკლებით, წარმოადგენს ტუროპერატორის (შპს "ი------------------–-ს") საკუთრებას. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებს გადაეცათ არა მოპასუხის, არამედ შპს "ი------------------–-ს" საკუთრებაში არსებული ტურისტული პაკეტი და შესაბამისად, ტურის ღირებულებაც მიიღო არა ჩვენმა მარწმუნებელმა, არამედ შპს "ი------------------–--" შპს "ო----------–-ს" ანგარიშის გავლით.

 

სასამართლოს მსჯელობა, იმასთან დაკავშირებით, რომ - "მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში რაიმე სახის საჯარიმო სანქციების შეთანხმება არ დასტურდება, ხოლო მესამე პირის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაცია შემხებლობის მატარებელი ვერ იქნება არსებულ დავასთან" - უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან აპელანტმა, მოსარჩელეებს, ტურისტული პაკეტის შეძენამდე, მიაწოდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია ტურისტული პროდუქტის შესახებ, მათ შორის, სასაზღვრო ფრენის უსაფრთხოებისა და ტუროპერატორის (შპს "ი------------------–-ს") მიერ დაწესებული საჯარიმო სანქციების შესახებ.

 

გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მოსარჩელე ვ-–------------------–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინებისთანავე (2018 წლის 11 ივლისი), აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ტუროპერატორს შპს "ი------------------–-", რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელეთა მიერ შეძენილი ტურისტული პაკეტის მესაკუთრეს. ამასთანავე, ტუროპერატორს - შპს "ი------------------–-", შპს ო----------–-ა", მოსთხოვა, რომ გაეთვალისწინებინათ შექმნილი ვითარება და ტურისტისათვის არ დაეკისრებინათ ჯარიმა.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მგზავრობის მოახლოვებასთან ერთად იზრდებოდა შეკვეთის გაუქმებისათვის დაწესებული ჯარიმა, რაც მომსახურების მოცემულ სფეროში ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს, და შესაძლოა შპს "ი------------------–-" თანხა საერთოდ არ დაებრუნებინა. შესაბამისად ცალსახაა, რომ აპელანტი მოქმედებდა კეთილსინდისიერად იმისთვის, რომ არ გაზრდილიყო შპს "ი------------------–-ს" მიერ მოსარჩელეთათვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა და ტუროპერატორის მხრიდან, ე-----------–---–---–-სათვის და ვ-–------------------–---–-სთვის ტურისტული პაკეტის მთლიანი ღირებულების 50% მაინც დაბრუნებოდათ.

სრულიად დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი მეუღლის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, მეორე მეუღლის მიერ, შვილებთან ერთად, ტურისტული მოგზაურობით სარგებლობა ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა. გარდა ამისა, მოცემული მსჯელობის გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, მოსარჩელეებს, შპს "ი------------------–-ს" მხრიდან განემარტათ, რომ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა განეხორციელებინათ მოგზაურობის თარიღის ცვლილება, რისთვისაც დამატებით, თითოეულ მგზავრზე 65 აშშ დოლარის გადახდა იქნებოდა აუცილებელი.

 

შესაბამისად, უდავოდ დგინდება, რომ აპელანტმა, არამარტო ჯეროვნად და კეთილსინდისიერად მიაწოდა სრული ინფორმაცია მოსარჩელეებს, არამედ გამოიჩინა განსაკუთრებული გულისხმიერება რის შედეგადაც, თავდაპირველად მოსარჩელეებს შესთავაზეს ტურისტული მოგზაურობის, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სხვა დროისთვის გადატანა, ხოლო აღნიშნულ პირობებზე უარის თქმის შემდგომ, შპს ,,ი----------" ეკ----------–---–---–- და ვ-–------------------–---–-ს სასარგებლოდ დააბრუნა მხოლოდ მათ მიერ გადახდილი თანხის 50%.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, სასამართლოს მსჯელობა აპელანტის მიერ სსკ 665 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლების დაკარგვასთან დაკავშირებით.

 

სსკ 665 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული საზღაურის მიღების უფლებას. ამავე დროს, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება შეთანხმებული ანაზღაურების საფუძველზე იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად“.

 

სასამართლომ გადაწყვეტილებაში განავითარა მსჯელობა, რომ მართალია მოცემულ შემთხვევაში სსკ-665 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ტურისტული მოგზაურობის მომწყობს, ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, თუმცა, რადგანაც აპელანტის მიერ, პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მომხდარა აპელირება სსკ-665 მუხლის მე-2 ნაწილზე, მან დაკარგა აღნიშნული ფულადი თანხის მოთხოვნის ან/და შენარჩუნების უფლება.

 

სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რადგან აპელანტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში, მკაფიოდ იქნა წარმოდგენილი საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, მათ შორის თანხების თაობაზე კალკულაცია, მოპასუხე მხარემ ცალსახად განმარტა, რომ შპს „ი----------“ მიერ ტურისტული პაკეტის ღირებულების 50%-ის დაბრუნებისთანავე შპს „ო----------–-ა“ დაუყოვნებლივ განახორციელა მითითებული თანხის თავდაპირველი მოსარჩელისათვის გადარიცხვა, ხოლო რაც შეეხება შპს ,,ო----------–-ს" საკომისიოს, სწორედ იქიდან გამომდინარე, აპელანტი მოქმედებდა როგორც კეთილსინდისიერი მხარე, შპს ,,ო----------–-ს" მიერ მოსარჩელეებს ასევე დაუბრუნდათ მათ მიერ საკომისიოს სახით გადახდილი თანხაც, ამდენად იმ პირობებში როდესაც ფულადი თანხა რომელსაც ითხოვს მოსარჩელე არ დააბრუნა და დაიტოვა შპს ,,ი------------------–--", ხოლო მხარეს შპს „ი----------აგან“ მიღებულ თანხასთან ერთად მისი კეთილი ნებით დააუბრუნა ასევე მის მიერ მიღებული საკომისიო და ფაქტობრივად მითითებული ურთიერთობის ფარგლებში არ მიუღია ფულადი ანაზღაურება, სრულიად დაუსაბუთებელია სასამართლოს ამგვარი განმარტება და შეფასება.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ე-----------–---–---–-ს და ვ-–------------------–---–-ს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხსაც.

 

სსკ 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად: "სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა."

 

სსკ 663-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რომლის დასათაურებულია როგორც მოგზაურობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა ადგენს , რომ "659 - 662-ე მუხლებში გათვალისწინებული მოთხოვნები ტურისტს შეუძლია წარუდგინოს მოგზაურობის მომწყობს ხელშეკრულებაში მითითებული მოგზაურობის ვადის გასვლის ერთი თვის მანძილზე. ვადის გასვლის შემდეგ ტურისტს შეუძლია წარადგინოს თავისი მოთხოვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი არ მიუძღვის მოთხოვნის წარდგენის ვადის გადაცილებაში"

 

661-ე მუხლის თანახმად თუ ტურისტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა 659-ე მუხლში მითითებული ხარვეზის გამო, მას შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება. ასეთივე წესი გამოიყენება მაშინაც, თუ მას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მოგზაურობაში საპატიო მიზეზით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მითითებული ნორმა, როგორც მოგზაურობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის განმსაზღვრელი დათქმა წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომელიც აწესრიგებს კონკრეტული სახის სამართალურთიერთობას და განსაზღვრავს ზოგადი ხანდაზმულობისაგან განსხვავებულ წესს.

 

სსკ 663-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ანალიზიდან უდავოდ დგინდება, რომ ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები, მოკლევადიანია, ამიტომ უფლებათა განხორციელების ვადებიც სპეციალური რეგულირების გზით არის შემცირებული.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელეებს, ტურისტული პაკეტით გათვალისწინებული მოგზაურობით უნდა ესარგებლათ 14.07.2018 - 21.07.2018 პერიოდის განმავლობაში

 

შესაბამისად, სსკ 663-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სწორედ 2018 წლის 22 ივლისიდან. მოსარჩელეების მიერ სარჩელი წარმოდგენილია 2018 წლის 03 სექტემბრის თვეში, რის გამოც ე-----------–---–---–-სა და ვ-–------------------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას.

 

გარდა ამისა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებით არც ის ფაქტი დგინდება, რომ მოსარჩელეებმა თავიანთი მოთხოვნები, ვერ წარადგინეს რაიმე პატივსადები მიზეზის გამო, რომელშიც მათ ბრალი არ მიუძღვით. შესაბამისად სარჩელი უდავოდ ხანდაზმულად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

რაც შეეხება სასამართლოს მითითებას ზოგადი ხანდაზმულობის ვადის გავრცელებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მხარის მოთხოვნას წარმოადგენდა სწორედ მოგზაურობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, ამდენად იმ პირობებში, როდესაც სსსკ 663-ე მუხლი ადგენს ამ სახის სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სპეციალურ წესს სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ხელშეკრულებიდან გასვლა და სსკ 663-ე მუხლის 1-ელ ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 1 (ერთი) თვიანი ვადა მოცემულ ურთიერთობაზე ვერ იქნებოდა გამოყენებული.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მოპასუხე კომპანიისგან ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინეს ტურისტული პაკეტი ოთხი ადამიანისათვის, რომელიც მოიცავდა ავიაბილეთებს, სასტუმროში განთავსებას, კვებას, ტრანსფერსა და სამოგზაურო დაზღვევას. მოგზაურობა დაგეგმილი იყო - 14.07.2018-21.07.2018წ პერიოდში. ტურისტული პაკეტის ღირებულება განისაზღვრა - 2 308 აშშ დოლარით (იხ. სარჩელი, შესაგებელი, ინვოისი N4----- ტ.1, ს.ფ. 4-6; 16; 40-43)

 

მოსარჩელის მიერ სრულად იქნა გადახდილი ტურისტული პაკეტის ღირებულება 2308 აშშ დოლარის ოდენობით, რამაც ეროვნულ ვალუტაში, გადახდის მომენტისათვის არსებული კურსით, შეადგინა - 5770 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 16-18).

 

უდავოა, რომ მოპასუხემ მხარემ მოსარჩელეებს დაუბრუნა შეძენილი ტურისტული პაკეტის ღირებულების მხოლოდ 50% - 2885 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს გადახდილი თანხის სრული ოდენობით დაბრუნება რაც განსახილველ შემთხვევაში შეადგენს 2885 ლარს.

 

4.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ-–------------------–---–-ს ჯანმრთელობის მგომარეობის გაუარესების გამო (დაუდგინდა მწვავე აპენდიციტი და 2018 წლის 10 ივლისს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია იხ. ტ.1, ს.ფ. 19-27) მოსარჩელეებმა დაუყოვნებლივ ითხოვეს სამოგზაურო პერიოდის რამდენიმე დღით გვიან გადაწევა, იმ მიზნით, რომ ვ-–------------------–---–- შეძლებოდა ოპერაციის შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციის საქართველოში, მკურნალი ექიმების დაკვირვების ქვეშ გავლა.

 

მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ თარიღების ცვლილების შემთხვევაში, ტურისტული პაკეტის ღირებულებაზე დასამატებელი თანხა ერთ ადამიანზე შეადგენდა 65 აშშ დოლარს. მოსარჩელეთა განმარტებით დამატებითი თანხის გადახდა მათთვის არ იყო მისაღები პირობა შესაბამისად, მოითხოვეს ტურისტული პაკეტის გაუქმება და გადახდილი თანხის დაბრუნება (იხ. ს.ფ. 4; 28-29);

 

4.3. მოპასუხე, როგორც მოსარჩელეებთან პირად მიმოწერაში ასევე შესაგებელში უთითებს, რომ ტურისტული პაკეტის მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს „ი------------------–-“, შესაბამისად, ტურის მთლიანი ღირებულების გადახდა მოხდა ტურატგენტისათვის საკომისიო პროცენტის გამოკლებით. ჯავშნის გაუქმების გამო კი ტუროპერატორმა ჯარიმის სახით დაიტოვა თანხა ტურის ღირებულების 50% ოდენობით.

 

გარდა აღნიშნულისა მოპასუხემ სსკ-ის 663-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ დანაწესზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული დანაწესის შესაბამისად ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2018 წლის 22 ივლისიდან, ვინაიდან მოსარჩელეთა მიერ სარჩელი წარმოდგენილია 2018 წლის 3 სექტემბერს შესაბამისად სარჩელი ხანდაზმულია.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, მოპასუხის მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული. კერძოდ, მოპასუხე სამოქალაქო კოდექსის სპეციალური ნორმით გათვალისწინებული (სსკ 663-ე მუხლი) ხანდაზმულობის ერთ თვიანი ვადის ათვლას არასწორად უკავშირების მოგზაურობის დასრულების თარიღს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 663-ე მუხლის თანახმად, 1. 659-662-ე მუხლებში გათვალისწინებული მოთხოვნები ტურისტს შეუძლია წარუდგინოს მოგზაურობის მომწყობს ხელშეკრულებაში მითითებული მოგზაურობის ვადის გასვლის შემდეგ ერთი თვის მანძილზე. ვადის გასვლის შემდეგ ტურისტს შეუძლია წარადგინოს თავისი მოთხოვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი არ მიუძღვის მოთხოვნის წარდგენის ვადის გადაცილებაში. 2. ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს. ეს ვადა იწყება იმ დღიდან, როდესაც ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა დამთავრებულიყო. თუ ტურისტი მოთხოვნებს წარადგენს ხანდაზმულობის ვადის დაწყებამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ დღემდე, რომელ დღესაც მოგზაურობის მომწყობი უარყოფს მოთხოვნას. დასახელებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ სასამართლოსათვის მიმართვის გზით საკუთარი უფლებების დასაცავად ხანდაზმულობის ვადასთან ერთად დამატებითი წინაპირობაც არის დადგენილი. კერძოდ, თავისი უფლებების კანონით დადგენილი წესით და მითითებულ ვადებში რეალიზაციისათვის ტურისტმა აუცილებლად უნდა შეასრულოს მეორე მხარისათვის ერთი თვის ვადაში მოთხოვნის წაყენების პირობა (663 I). წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ ისარგებლებს 663-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილ ვადაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით.

 

სასკ-ის 663-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს. ეს ვადა იწყება იმ დღიდან, როდესაც ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა დამთავრებულიყო (663 II). ეს ნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დაწყება მოგზაურობის ფაქტობრივად დამთავრების ფაქტზე დამოკიდებული არ არის.

 

შესაბამისად, ერთ თვიანი ვადა დაკავშირებულია ტურისტის მიერ მოგზაურობის მომწყობისათვის სსკ-ის 659-662-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების წარდგენასთან (რომელიც ეხება მოგზაურობის ხარვეზებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას) და არა თავად ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან, რაც 663-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ექვს თვეს შეადგენს. შესაბამისად, მოპასუხის აპელირება იმის შესახებ, რომ მოგზაურობის დასრულების მომდევნო თარიღიდან (22.07.2018წ.) უნდა მოხდეს ხანდაზმულობის ერთ თვიანი ვადის ათვლა მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას და პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

4.4. სააპელაციო პალატა ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოპასუხის აპელირებას, იმის შესახებ, რომ შპს „ო----------–-“ სამოგზაურო პაკეტი შეძენილი ჰქონდა შპს „ი------------------–-საგან“, შესაბამისად მან მიიღო ტურისტული პაკეტის ღირებულება, მხოლოდ საკომისიო პროცენტის გამოკლებით, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმო სანქციის სახით დაიტოვა გადახდილი თანხის 50 %. პალატა მიუთითებს, რომ მითითებული საფუძვლით თანხის დაბრუნებაზე უარი ვერ მიიჩნევა მოპასუხის მხრიდან დასაბუთებულ შედავებად, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ სწორედ შპს „ო----------–----“ და შესაბამისად პასუხისმგებელ პირს სწორედ მოპასუხე წარმოადგენს, რაც შეეხება, შპს „ო----------–-ა“ და შპს „ი------------------–-“ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაა, აღნიშნული ვერ იქნება განხილული მოცემული დავის ფარგლებში.

 

გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებით საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი მითითება იმის შესახებ, რომ არსებობდა საჯარიმო სანქციის ამოქმედების წინაპირობები, ვინაიდან მოსარჩელეებს ტურისტული პაკეტის შეძენამდ მიაწოდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია ტურისტული პროდუქტის შესახებ, დაუსაბუთებელია და პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

4.5. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 665-ე მუხლის თანახმად, 1. ტურისტს მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. 2. ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული საზღაურის მიღების უფლებას. ამავე დროს, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება შეთანხმებული ანაზღაურების საფუძველზე იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად.

 

პალატის შეფასებით, მითითებული ნორმა თავის შინაარსის გათვალისწინებით ტურისტის, როგორც სუსტი მხარის დაცვაზეა ორიენტირებული და ტურისტს ისე ანიჭებს ხელშეკრულების მოშლის უფლებას, რომ მოგზაურობის მომწყობს ანაზღაურების მიღების უფლება არ უნარჩუნდება.

 

თუმცა ამავე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესის მიზანი გარკვეული ბალანსის შენარჩუნება და მოგზაურობის მომწყობისათვის იმ ზიანის თავიდან აცილებაა, რომელიც შეიძლება მას მიადგეს ტურისტის მოულოდნელი გადაწყვეტილების შედეგად. კერძოდ, კანონი მას ანიჭებს უფლებას „მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება შეთანხმებული ანაზღაურების საფუძველზე იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად“. რაც თავის შინაარსით მხოლოდ ხარჯების მოთხოვნის უფლებას გულისხმობს და გამორიცხავს მისთვის მიუღებელი შემოსავალის (მოგების) ანაზღაურებას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს ასეთი მოთხოვნა (გათვალისწინებული სსკ-ის 665.2. ნაწილით), მოსარჩელისათვის არ წაუყენებია, არამედ აქცენტს აკეთებს ტურის გაუქმების გამო მის მიერ დაწესებულ ჯარიმაზე, რომელიც ვერ იქნება განხილული სსკ-ის 665-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ანაზღაურებად. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსი ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის სამართლებრივ შედეგებს სწორედ ამ ნორმით არეგულირებს, მოგზაურობის მომწყობის მიერ პირგასამტეხლოს ფიქსირებულ ოდენობაზე მითითება, საფუძველს მოკლებულია და შესაბამისად, სარჩელი გადახდილი თანხის სრული ოდენობით დაბრუნების შესახებ სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს, ასევე მოპასუხის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ტურისტული პაკეტის/მოგზაურობის სრული გაუქმება აუცილებელი არ იყო, ვინაიდან, შეძენილი ტურისტული პაკეტით ვ-–------------------–---–-ს გარეშე შეეძლოთ ესარგებლათ მეორე მოსარჩელეს ეკ----------–---–---–- და მოსარჩელეთა შვილებს. პალატის შეფასებით, მითითებული არგუმენტი მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან მეუღლეები და დაგეგმილი ქჰონდათ მოგზაურობა ოჯახურ გარემოში შვილებთან ერთად, შესაბამისად, თავად ტურისტული მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, ვ-–------------------–---–-ს მონაწილეობის გარეშე, შეძენილი სამოგზაურო პაკეტის გამოყენება მათთვის აზრს დაკარგავდა

 

საბოლოოდ პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შეთავაზა სასამართლოს, არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სააპელაციო საჩივარს მიიჩნევს უსაფუძვლოდ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს „ო----------–-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ქეთევან დუგლაძე