განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.07.2019
საქმის ნომერი
330210118002306547
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002306547

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N2ბ/7593-18 21 მაისი, 2019 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ქეთევან დუგლაძე

სხდომის მდივანი - ნანა ველიჯანაშვილი

 

აპელანტი – რ----–----------

წარმომადგენელი - ვ-----------–-–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე – ვ------------------–-

წარმომადგენელი - დ--------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა, პირგასამტეხლოს თანხის შემცირება

 

აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

რ----–----------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შევიდა ცვლილება ნოტარიუს ი-------------- მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში რეგისტრაციის ნომერი N1-------- და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 8 000 აშშ დოლარით;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2013 წლის 02 თებერვალს გ------------------ და ვ------------------–- შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ვ-------------------–-- გ------------------ ასესხა 25 000 აშშ დოლარი ორი თვის ვადით, ყოველთვიურად სარგებლის 3.5%-ის დარიცხვით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 875 აშშ დოლარს.

 

სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა გ----------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქალაქი თბილისი, ს------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N0---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 22 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-27)

 

2.2. უძრავი ქონება მდებარე, ქალაქი თბილისი, ს------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N0--------------- გ------------–---–თან 2015 წლის

14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა რ----–----------ს საკუთრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 28 - 30)

 

2.3. 2015 წლის 25 დეკემბერს ვ------------------–-- მიმართა ნოტარიუს ი------------- სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. სანოტარო აქტით N1-------- სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირი თანხა 25 000 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე 0.1% აღსრულებამდე, რაც ჯამში შეადგენს 7 500 აშშ დოლარს გამოწერის დროისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სააღსრულებო ფურცელი N 1------- (ს.ფ. 18 - 20)

 

2.4. 2017 წლის 17 ნოემბერს ვ------------------–-- მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოთხოვნის გაზრდით, კერძოდ, ითხოვს რ----–----------ს გადასახდელად დაეკისროს პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახით 12 500 აშშ დოლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ს.ფ. 45)

 

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 46 – 49)

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.5. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

 

,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

დადგენილია, რომ 2013 წლის 22 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუს ი-------------- მიერ, 2015 წლის 25 დეკემბერს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს: სესხის ძირითადი თანხა 25 000 აშშ დოლარი, იპოთეკარის ნების შესაბამისად 32 თვის პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.3%-ის ნაცვლად არასრული ათი თვის პირგასამტეხლო 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, ჯამში 7 500 აშშ დოლარი.

 

ამასთან, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 06 დეკემბრის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ დგინდება, რომ ვ------------------–-ს მოთხოვნით დაიწყო სააღსრულებო წარმოება, სადაც პირგასამტეხლოს სახით განისაზღვრა 12 500 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით რ----–----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ს------–-----------, საკადასტრო კოდით N0--------------- სარეალიზაციოდ მიქცევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 291-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო.

 

ამდენად, რ----–----------ს, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრეს, უფლება აქვს წარადგინოს შესაგებელი, რომლის წარდგენის უფლებაც აქვს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირად მოვალეს - გ-----------------.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულები- სათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკ- რულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვე- ული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრუ- ლების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანია, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებ- ლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არათანაზომიერია მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და პირგასამტეხლოს სახით ვ------------------–-ს მიერ გადასახდელი თანხა უნდა განისაზღვროს 8 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიანგარიშა ვადაგადაცილების დღეები და ასევე მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ სადავოდ გამხდარი სააღსრულებლო ფურცელი 2016 წლის 04 აპრილიდან შეჩერებული იყო 2017 წლის 24 აგვისტომდე და საიდან დაითვალა ვადაგადაცილების დღეები ან პირგასამტეხლო მოპასუხემ გაუგებარია, სასამართლომაც ამ მნიშვნელოვან გარემოებას გვერდი აუარა და უკვე დარიცხული პირგასამტეხლო რომელიც ყოველგვარ გონივრულ ზღვარს ცდება არ იქნა შემცირებული. სასამართლომ არ გაითვალისწინა ხელოვნურედ გაწელილი ვადები და მესაკუთრე რ----–----------ს ტექნიკურად მოტყუების ფაქტი იმ გარემოებასთან დსკავშირებით, რომ ის აღიარებდა რომ ვიდრე რ----–---------- ნასყიდობის ხელშეკრულებას გააფორმებდა მასთან ანუ ვ------------------–თან გასწორებული იქნა სრულად როგორც პირგასამტეხლო ასევე პროცენტი სრულად, ასევე სასამრთლომ არ გაითვალისწინა დროის ხანგდლივობა რომელიც სპეციალურად პირგასამტეხლოს მიღების მიზნით გააჭიანურა ვ------------------–--. სასამართლო უფლებამოსილია და იგი შეზღუდული არ არის რათა შეამციროს პირგასამტეხლო გონივრულ ზღვრამდე. კონკრეტულ შემთხვევაში კი სასამართლომ კანონის აღნიშნული ნორმა უგულებელყო და მიკერძოებულად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დატოვა მოთხოვნილი პირგასამტეხლოდან 12500 აშშ დოლარიდან 8000 აშშ დოლარი, რაც არის გონივრულთან შედარებით კოლოსარულად მაღალი და იგი უნდა შემცირებულიყო მოთხოვნილ ზღვრამდე 1312.5 აშშ დოლარამდე. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება, რომლითაც დაკისრებული პირგასამტეხლო 8000 აშშ დოლარი შემცირდება 5000 აშშ დოლარით და საბოლოოდ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება 3000 აშშ დოლარით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებით დასტურდება, გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა შემდეგი გარემოებები:

 

- გ------------------ და ვ------------------–- შორის 2013 წლის 2 თებერვალს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ვ------------------–-- გ------------------ ორი თვის ვადით, ასესხა - 25 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებლის 3.5%-ის დარიცხვით, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 875 აშშ დოლარს.

 

- სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა გ----------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქალაქი თბილისი, ს------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N0---------------. (იხ. 2013 წლის 22 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ტ.1, ს.ფ. 22-27)

 

- 2015 წლის 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონების მდებარე, ქალაქი თბილისი, ს------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N0---------------, მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე რ----–---------- (იხ. ტ.1, ს.ფ. 28 - 30)

 

- ნოტარიუს ი------------- მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლით (სანოტარო აქტი N1--------) აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირი თანხა - 25 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე - 0.1% აღსრულებამდე, ჯამში 7 500 აშშ დოლარი სააღსრულებო ფურცლის გამოწერის დროისათვის (იხ. სააღსრულებო ფურცელი N 1-------, ტ.1, ს.ფ. 18 - 20)

 

- 2017 წლის 17 ნოემბერს, ვ------------------–-- განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა სააღსრულებო წარმოების განახლება 12 500 აშშ დოლარზე, რომელიც წარმოადგენს დარიცხულ პროცენტსა და პირგასამტეხლოს (იხ. განცხადება; წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ტ.1, ს.ფ. 45; 46 – 49)

 

4.2. განსახილეველი სარჩელით, რ----–----------ს მოთხოვნას წარმოადგენდა ნოტარიუს ი-------------- მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (N 5-------) ცვლილების განხორციელება, კერძოდ, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 8).

 

აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ დაიანგარიშა ვადაგადაცილების დღეები და ასევე მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ სადავოდ გამხდარი სააღსრულებლო ფურცელი 2016 წლის 04 აპრილიდან, 2017 წლის 24 აგვისტომდე შეჩერებული იყო.

 

დადგენილია, რომ აღსრულების ეტაპზე, სააღსრულებო ბიუროს მიერ გაიცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელის თანახმად, სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების მიხედვით მოხდა მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს სახით 12 500 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოპასუხის სასარგებლოდ (იხ. ტ.1, ს.ფ. 46-49), ასევე დადგენილია, რომ განსახილველი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხის 12 500 აშშ დოლარის შემცირება, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა 8 000 აშშ დოლარამდე. შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასების საგანია იმის შემოწმება, თუ რამდენად გონივრულ ოდენობას წარმოადგენს გადაწყვეტილებით შემცირებული პირგასამტეხლო. ამასთან, აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს 8000 აშშ დოლარის შემცირება კიდევ 5000 დოლარით და გადასაზხდელად პირგასამტეხლოს განსაზღვრა 3000 აშშ დოლარით;

 

4.3. სააპელაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ი-------------- მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 12 500 აშშ დოლარისა უნდა განისაზღვროს 4 000 აშშ დოლარით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.

 

მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმების (115–ე, 420) და მსჯელობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 4 000 აშშ დოლარამდე. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ი-------------- მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში რეგისტრაციის ნომერი N1-------- და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 4 000 აშშ დოლარით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება რ----–----------ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხის 12 500 აშშ დოლარის შემცირება 3 000 აშშ დოლარამდე (იხ. სააპელაციო საჩივარი ტ. 2, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.05.2019 წ. სხდომის ოქმი). რ----–----------ს მიერ სარჩელზე სახ. ბაჟის სახით გადახდილია 821 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 55-56), ხოლო სააპელაციო საჩივარზე 533 ლარი (იხ. ტ. 2.) წინამდებარე გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სააღსრულებო ფურცლით გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 4 000 აშშ დოლარით. შესაბამისად დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად (სარჩელი საბოლოო ჯამში დაკმაყოფილდა 43%-ით (12500-3000=9500; 4000*100/9500=42,1052)), მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 582 (821+533=1354/100*43) ლარი სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე ბაჟის სახით გადახდილი ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. რ----–----------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

3. რ----–----------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

4. შევიდეს ცვლილება, ნოტარიუს ი-------------- მიერ, 2015 წლის 25 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (რეგისტრაციის ნომერი N1--------) და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 4 000 აშშ დოლარით.

5. ვ------------------–-, რ----–----------ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ, სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 582 ლარის ოდენობით.

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც შეჩერდა ნოტარიუს ი-------------- მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის №1-------- აღსრულება და აღსრულება განხორციელდეს ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

8. გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ქეთევან დუგლაძე