განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
330100119002837415
ინსტანცია
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002837415

საქმე #1ბ/568-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ--------–---------ს

მსჯავრდებულის: გ-----------------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ--------–---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), გ-----------------ს, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: გ--–--------------------–-----------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------–---------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე („ლ--------ს“ შენობაში), მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ-----------------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ----------------- 1995 წლიდან იმყოფება ქორწინებაში ა----------–---–თან და ცხოვრობს ქ-------–--–-------------–---------------------------------------ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელში, მეუღლესთან და ქალიშვილთან - ნ------------სთან ერთად. თანაცხოვრების განმავლობაში, გ----------------- სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა მეუღლეს ა----------–---–ს, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.

 

2019 წლის 2 იანვარს, იმყოფებოდნენ რა მათსავე საცხოვრებელ სახლში, მდებარე ზემოაღნიშნულ მისამართზე, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ-----------------მ, ურთიერთშელაპარაკებისას ა----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით. ამასთანავე, გ----------------- დაემუქრა ა----------–---–ს ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით. ხმაურზე შემოვიდნენ მეზობლები, რომლებმაც შეძლეს გ-----------------ს გარიდება ა----------–---–ისგან, ხოლო შემთხვევის ადგილზე გამოძახებული პატრულ-ინსპექტორების მიერ გ----------------- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. გ-----------------ს მიერ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის შედეგად, ა----------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური ზიანი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ-----------------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 1 იანვარს, ქ-------–--–-------------–---------------------------–------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ბინაში, გ-----------------მ შვილის - ნ------------ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ხელი გაარტყა მარცხენა სახის არეში და შემდეგ რამდენჯერმე დაარტყა მარჯვენა ბეჭის არეში, რის შედეგადაც ნ------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენით:

 

გ----------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ა----------–---–ის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

გ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ------------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა - 2019 წლის 2 იანვრიდან 2019 წლის 27 თებერვლის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორმა გ--------–---------მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ა----------–---–ის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად ბრალდების ამ ეპიზოდშიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მსჯავრდებულისთვის სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ--------–---------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ-----------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-----------------ს დანაშაულებრივ ქმედებებს (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - დაზარალებულ ნ------------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით) მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების - ა----------–---–ის, ნ------------ს, ფ----------------ს, ლ-----------------ს გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ გ-----------------ს გამოკითხვის ოქმის და მის მიერ სასამართლოში დანაშაულის აღიარების, N------ შემაკავებელი ორდერის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (თანდართული ფოტოცხილით) და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ-----------------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დაზარალებულ ნ------------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ-----------------ს მიმართ გამოტანილ, საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა----------–---–ის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ, სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ყურადღება გაამახვილა დაზარალებულ ა----------–---–ის გამოკითხვის ოქმზე და აღნიშნა, რომ სწორედ დაზარალებულის მიერ გამოკითხვის ოქმში გადმოცემული ინფორმაციით დასტურდება მის მიმართ გ-----------------ს მიერ განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამცირება. დაზარალებულმა მოწმედ გამოკითხვისას განაცხადა, რომ მის მეუღლეს, გ-----------------ს უყვარს ალკოჰოლური სასმელების მიღება და როცა სვამს, ყოველთვის ხდება აგრესიული და ხშირად აყენებს მას (დაზარალებულს) სიტყვიერ შეურაცხყოფას. გ-----------------ს მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენებას აქვს სისტემატური ხასიათი, რის გამოც იგი (ა----------–---–ი) განიცდის სულიერ ტანჯვას.

 

სააპელაციო პალატა დაზარალებულ ა----------–---–ის გამოკითხვის ოქმის შეფასებისას აცხადებს, რომ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდში აღნიშნული დაზარალებულის ჩვენება გ-----------------ს ბრალეულობის დამადასტურებელი ერთადერთი პირდაპირი, თუმცა უტყუარობას მოკლებული მტკიცებულებაა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქმე №291აპ-17, 9 ნოემბერი, 2017 წელი). აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში (საქმე №561აპ-15, 28 აპრილი, 2016 წელი) განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ხოლო დანარჩენი მოწმეთა ირიბი ჩვენებებია, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც. რაც შეეხება დაზარალებულის ჩვენების უტყუარობას მის მიმართ განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდში, სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ, დაზარალებულის მიმართ ჩატარებულ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე, რომლის თანახმად, „წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ა----------–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ გ-----------------ს ქმედებებით, ა----------–---–მა არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა“. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ მოცემულ შემთხვევაში დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულმა სისტემატურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ შედეგად უნდა გამოიწვიოს ტანჯვა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული არ გვექნება სახეზე. რაც შეეხება ტანჯვას, იგი სუბიექტური და ობიექტური შეფასების საგანია, ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული და გაგებულ უნდა იქნას, როგორც ხანგრძლივი და აუტანელი ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი (წუხილი, შიში, შფოთვა, დათრგუნვა), რასაც მსხვერპლი განიცდის ძალადობის შედეგად და რასაც მოცემულ საქმეზე დაზარალებულ ა----------–---–თან მიმართებაში ადგილი არ ჰქონია.

 

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ-----------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა----------–---–ის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ბრალდების ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ეპიზოდში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ-----------------ს სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ გ-----------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა----------–---–ის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ გ-----------------სთვის სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტის - ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული - საფუძველზე, მსჯავრდებულ გ-----------------სთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტი აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული – ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს გ-----------------ს მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ნ------------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშანს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ გ-----------------სთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს გ-----------------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. გ-----------------მ როგორც გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ნ------------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, გ----------------- არ არის ნასამართლევი. რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობას, პალატა მიიჩნევს, რომ გ-----------------მ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, მსჯავრდებულის მხრიდან შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა არ ყოფილა მასშტაბური და დაუნდობელი, დაზარალებული ა----------–---–ი შერიგებულია მასთან და რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, აგრეთვე, გ-----------------მ სადავოდ არ გახადა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ-----------------სთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ-----------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ--------–---------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ გ-----------------ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

გ----------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ა----------–---–ის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

გ----------------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

გ----------------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ------------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ გ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს - 2019 წლის 2 იანვრიდან 2019 წლის 27 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;

 

პირობით მსჯავრდებულ გ-----------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; მსჯავრდებულ გ-----------------ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე