განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002661372
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/7201-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - დ----- ბ------–---–-
წარმომადგენელი - მ------ მ--------
მოწინააღმდეგე მხარე - ი----- ზ------–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18
ოქტომბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე დ----- ბ------–---–ს მოსარჩელე ი----- ზ------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა - 17 200 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქმის მომზადების მიზნით, მოსარჩელის წარმომადგენელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.
2018 წლის 11 იანვარს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაგებელი. შესაგებლით მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა სარჩელს და მიუთითა რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი, მისი შემდგენი და შინაარსი მოპასუხისათვის უცნობია, აღნიშნული ხელწერილი არ არის დაწერილი მოპასუხის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით დაინიშნა საამართლოს მოსამზადებელი სხდომა, სხდომის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 17 აპრილი, 14:00 საათი.
2018 წლის 17 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე მიღებული იქნა განჩინება კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის წარმოება შეჩერდა, ხოლო 2018 წლის 11 ივნისს განახლდა საქმის წარმოება და სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა საბოლოოდ დაინიშნა - 2018 წლის 10 ივლისს 17:00 საათზე.
2018 წლის 10 ივლისს, 17:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე დ----- ბ------–---–- ან/და წარმომადგენელი რომელსაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (საქმის ფურცელი №79). სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება.
2018 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ი----- ზ------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე დ----- ბ------–---–ს მოსარჩელე ი----- ზ------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა - 17200 ლარის გადახდა. მოპასუხე დ----- ბ------–---–ს მოსარჩელე ი----- ზ------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის - 191 ლარის გადახდა. ასევე, მოპასუხე დ----- ბ------–---–ს მოსარჩელე ი----- ზ------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 516 ლარის და სასამართლოგარეშე ხარჯის - 191 ლარის გადახდა.
2018 წლის 23 ივლისს მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად. საჩივრის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 04 ოქტომბერს. სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა 2018 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, განახლდა საქმის წარმოება და საქმეს მიენიჭა ახალი სააღრიცხვო სტატისტიკური საქმის ნომერი, შემდგომ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 18 ოქტომბერს 15:00 სთ-ზე, ორივე მხარეს სასამართლო სხდომაზე ეცნობათ სასამართლო სხდომის ადგილის, თარიღის, დროის, დარბაზის შესახებ, რაც დასტურდება ხელწერილით.
2018 წლის 18 ოქტომბერს, 15:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე კვლავ არ
გამოცხადდა მოპასუხე მხარე, 2018 წლის 17 ოქტომბერს მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მ------ მ--------მ კანცელარიის მეშვეობით წარმოადგინა განცხადება სხდომის გადადების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ესაჭიროება ექიმის კონსულტაცია, ამასთან, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ განცხადებას არ ერთვის რაიმე სახის დოკუმენტაცია და სხდომაზე ასევე არ გამოცხადებულა თავად მოპასუხე მხარე - დ----- ბ------–---–-. ხოლო მოსარჩელე ი----- ზ------–---–მა სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლომ შუამდგომლობა დასაბუთებულად მიიჩნია შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბერს, დანიშნული სხდომის შესახებ მოპასუხე ან/და
წარმომადგენელი გაფრთხილებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 78-ე მუხლით დადგენილი წესით (იხ. სასამართლო უწყება, საქმის ფურცელი N117, სხდომის ოქმი (ს.ფ 112).
2018 წლის 18 ოქტომბერს, დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარე კვლავ არ გამოცხადდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია კანცელარიის მეშვეობით მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ განცხადების წარდგენის ფაქტი, სადაც მითითებულია, რომ მოპასუხის წარმომადგენელი ვერ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, წარმომადგენელი შემოიფარგლება მხოლოდ განცხადებით, რაიმე სახის დოკუმენტაცია მასზედ, რომ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეულია რაიმე საახის საპატიო მიზეზით წარმოდგენილი არ არის, აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება არ ერთვის შუამდგომლობას. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ თავად მოპასუხე მხარეს შეეძლო გამოცხადებულიყო აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე მაგრამ, არც მისი გამოუცხადებლობის მიზეზებია ცნობილი სასამართლოსათვის, რამდენადაც მითითებული გარემოების დადასტურების ტვირთი ეკისრება თავად იმ მხარეს რომელიც უთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა რამდენადაც, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი განცხადება სხდომის გადადების თაობაზე, არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ და დადგენილ საფუძვლებს, ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ პირადად. ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, აგრეთვე, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წარმომადგენლის მეშვეობით საქმის წარმოების სავალდებულობას. კანონმდებლობა ისევე, როგორც არ ითვალისწინებს წარმომადგენლის მეშვეობით საქმის წარმოების სავალდებულობას, ასევე არ ზღუდავს მხარეს ჰყავდეს რამდენიმე წარმომადგენელი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე ი----- ზ------–---–- უნდა გამოცხადებულიყო 2018 წლის 18 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნული ნორმის შესაბამისად, დამტკიცებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოპასუხე დ----- ბ------–---–ს მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება 17200 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 31 დეკემბრამდე, რასაც ადასტურებს 2014 წლის 07 აგვისტოს ხელწერილი, მიუხედავად იმისა რომ მოპასუხე უარს არ აცხადებს ვალდებულების შესრულებაზე მას სარჩელის შეტანის დროისათვისაც არ შეუსრულებია ფულადი ვალდებულება.
მოპასუხე დ----- ბ------–---–ს ერიცხება დავალიანება მოსარჩელის მიმართ - 17200 ლარის ოდენობით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას საქმეზე განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ და განმარტავს, რომ სასამართლოსთვის სხდომის გადადების შესახებ წინა დღით წარდგენილი განცხადების საფუძველზე საქმის განხილვის გადადების შესახებ უნდა ემსჯელა. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ წარმომდეგენელს ექიმთან ვიზიტი სწორედ სხდომის დღეს ჰქონდა, შესაბამისად, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წინა დღით წარდგენილი ვერ იქნებოდა. აპელანტი მოსაზრებით, იმ პირობებში როდესაც მხარე სასამართლოში საქმეს წარმომადგენლის მეშვეობით აწარმოებს, აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეს თავად არ შეუძლია სასამართლოში უფლების ჯეროვნად დაცვა, აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი არ იზიარებს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნას, რომ მხარეს ეკისრებოდა სხდომაზე გამოცხადების ვალდებულება.
4. გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2018 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ი----- ზ------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე დ----- ბ------–---–ს მოსარჩელე ი----- ზ------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა - 17200 ლარის გადახდა. მოპასუხე დ----- ბ------–---–ს მოსარჩელე ი----- ზ------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის - 191 ლარის გადახდა. ასევე, მოპასუხე დ----- ბ------–---–ს მოსარჩელე ი----- ზ------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 516 ლარის და სასამართლოს გარეშე ხარჯის - 191 ლარის გადახდა.
- 2018 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა 2018 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, განახლდა საქმის წარმოება და სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2018 წლის 18 ოქტომბერს 15:00 საათზე დაინიშნა. სასამართლო სხდომის თაობაზე მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით.(ს.ფ. 117)
- 2018 წლის 17 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა მ------ მ--------მ, რომელმაც 2018 წლის 18 ოქტომბერს 15:00 საათზე დანიშნული საქმის განხილვის გადადება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო იმავე დღეს დანიშნული ჰქონდა ვიზიტი ექიმთან. (ს.ფ. 119) .
- 2018 წლის 18 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე. მოსარჩელე მხარემ სასამართლოს სხდომაზე, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ იშუამდგომლა.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძვლით 2018 წლის 18 ოქტომბერს მიღებული იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე დ----- ბ------–---–ს მოსარჩელე ი----- ზ------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა - 17200 ლარის გადახდა. (ს.ფ. 124-128).
4.1.2. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 18 ოქტომბერს 15:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე დ----- ბ------–---–-ს წარმომადგენლის მ------ მ-------ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
იმისათვის, რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ნორმის ფორმალური წინაპირობების გარდა უნდა შემოწმდეს ასევე სახეზე ხომ არ გვაქვს ზემოხსენებული საპროცესო ინსტიტუტის გამომრიცხავი წინაპირობები (სსსკ-ის 233.1 მუხლი). საგულისხმოა აღინიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარე განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული იმ საფუძვლით ხდის სადავოდ, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. კერძოდ, აპელანტი განმარტავს, რომ სხდომაზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, ამასთან, იმ მოვლენის შესახებ რომელიც აბრკოლებდა წარმომადგენლის სხდომაზე გამოცხადებას სასამართლოსთვის ცნობილი იყო სხდომის წინა დღეს წარდგენილი განცხადებით.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენელის სხდომაზე გამოუცხადებლობა დასაბუთებულია ჯანმრთელობის პრობლემის გამო ექიმთან დანიშნული ვიზიტით, რის თაობაზეც სასამართლო ინფორმირებული იყო 17.10.2018 წელს წარდგენილი განცხადებით, რომლითაც ის სხდომის გადადებას მოითხოვდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ნიშანდობლივია კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ მოპასუხე მხარემ სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ სხდომის წინა დღეს აცნობა სასამართლოს, განცხადებაში მითითებული გარემოების - ექიმთან ვიზიტის დამადასტურებელი მტკიცებულება კი განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარს დაურთო. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზის შეფასების მიზნებისთვის მნიშვნელოვანია სააპელაციო საჩივარზე დართული ცნობა, საიდანაც ირკვევა, რომ მ------ მ--------მ 16.10.2018 წელს ოჯახის ექიმს მიმართა, რა დროსაც დაესვა დიაგნოზი მწვავე გასტრიტის შესახებ. სამედიცინო დოკუმენტით ირკვევა, რომ პაციენტი მონახულებული იქნა ბინაზე, რა დროსაც უჩიოდა მწვავე ხასიათის ტკივილებს მუცლის არეში, ღებინებას, დიარეას. პაციენტს ჩაუტარდა შემდეგი სახის მკურნალობა: ამოერეცხა კუჭ-ნაწლავი, გაუკეთდა გადასხმა (სამი დღის განმავლობაში), რის შემდეგადაც მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, პაციენტი შემოწმების მიზნით ექიმთან დაბარებული იქნა 18.10.2018 წელს. პალატა მითითებულ მტკიცებულებას აფასებს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, იზიარებს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ის 2018 წლის 18 ოქტომბერს დანიშნულ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებდა, აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა, როგორც სამედიცინო დოკუმენტში მითითებული სამედიცინო ჩივილები, ასევე ფაქტი მასზედ, რომ ექიმთან ვიზიტი სხდომის დღეს ემთხევეოდა და აღნიშნული მომსახურება მას ვაზიანის საექიმო ამბულატორიაში უნდა მიეღო. ამდენად, ის მოცემულობა, რომ სხდომის დღეს მოპასუხე მხარის წარმომადგენელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით დაბარებული იყო ექიმთან და ამის შესახებ კი წინასწარ ინფორმირებული იყო სასამართლო, კონკრეტულ შემთხვევაში ქმნის საფუძველს იმ შეფასებისათვის, რომ ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომელმაც ხელი შეუშალა მხარის სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად სახეზეა სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი რაც გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ საფუძელს.
4.1.3. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე (2) მუხლი არ უკრძალავს მხარეს სასამართლოში უშუალოდ გამოცხადებას, თუმცა, ეს გარემოება წინამდებარე სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება, რამდენადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (იხ. სუსგ-ები: №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ----- ბ------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვის საბოლოო შედეგების მიხედვით უნდა იმსჯელოს მთელი სასამართლო ხარჯების (რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით), თაობაზე.
4. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვანო წიკლაური