განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.04.2019
საქმის ნომერი
020310517002026686
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ჯარიმები
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020310517002026686

საქმე №3/ბ-532-2018წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

 

აპელანტი _ შპს „ი--–------------ი“

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახური

 

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 26 ივლისს შპს „ი--–------------ის“ დირექტორმა ს--–--------–---მა სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოპასუხეების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი:

- ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის 11.0-.2017წ. N- დადგენილება მისი მიღების დღიდან.

- ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 03.0-.2017წ. N0------ გადაწყვეტილება.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის 11.0-.2017 წლის N- დადგენილების თანახმად შპს ,,ი--–------------ი’’ (ს/ნ 445429402) დაჯარიმებული იქნა 3000 ლარით, ქ. ზუგდიდში, თ------–---–ის ქუჩის N 3-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მშენებლობის ნებართვის გარეშე ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო. დაჯარიმების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა ,,პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

 

მოსარჩელის განმარტებით გასაჩივრებული დადგენილების მიღებას საფუძვლად დაედო არქიტექტურული გეგმარებითი კომისიის 2017 წლის 0--------–ის სხდომის N-- ოქმი. აღნიშნული ოქმის თანახმად, გამოკითხული პირები ადასტურებენ, რომ ქ. ზუგდიდში, თ------–---–ის ქუჩის N3-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე 200- წელს უკვე არ არსებობდა ის მზიდი კედელი, რომლის მოშლას დავობს ბმა-ს თავმჯდომარე ა. კუტალია. ყოველ შემთხვევაში, არქიტექტურული გეგმარებითი კომისიის 2017 წლის 0--------–ის სხდომის ოქმით უდავოდ დგინდება, რომ კომისიას არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია მზიდი კედლის მოსარჩელე მხარის მიერ მოშლის სავარაუდო თარიღი. შესაბამისად, შპს ,,ი--–------------ს’’ ჯარიმა დაეკისრა იმ ქმედებისათვის, რომელიც არ ჩაუდენია და არ დადგენილა მზიდი კედლის მათ მიერ მოშლის ფაქტობრივი გარემოება. ოქმის თანახმად ქალბატონი ეკატერინე თოდუა აღნიშნავს, რომ ,,ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის უკანონო მშენებლობა/ რეკონსტრუქცია’’. გვერდს უვლის საკითხს - იმსჯელოს, რომ კონკრეტულად ვინ განახორციელა კედლის მოშლა და ვის მიმართ უნდა გატარდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებები.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარე ითხოვს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ბათილად ცნობას. ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 03.0-.2017 წლის N0------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი.

 

მოპასუხეების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ი--–------------ის“ დირექტორის ს--–--------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ი--–------------ი" სამეწარმეო საქმიანობის ნაწილს ახორციელებს ქ.ზუგდიდში, თ------–---–ის/კ----–-–---–ის ქუჩის N3-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ ფართში (ერთიან სივრცეში), სადაც ფუნქციონირებს ჰიპერმარკეტი.

 

აღნიშნული ფართი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ორ დამოუკიდებელ ქონებად: ა) ს/კ 43.36.0-.013.01.50-, მესაკუთრე - ვახტანგ ყურაშვილი, არასაცხოვრებელი ფართი 85.20მ2 და ბ) ს/კ 43.31.68.2--.01.5--, მესაკუთრე - მურმან მირცხულავა, არასაცხოვრებელი ფართი 101.5 მ2. შესაბამისად ქირავნობის ხელშეკრულებები დადებულია 2-.10.2016 წ ორივე ფართზე ცალ-ცალკე თითოეულ მესაკუთრესთან.

 

ხელშეკრულების დადებისა და ქონების დამქირავებლისთვის გადაცემის მომენტისთვის ამ ქონების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა ან სხვაგვარი ფიქსაცია არ მომხდარა.

 

ფართი მოეწყო ჰიპერმარკეტის საქმიანობისთვის. მოსარჩელის მტკიცებით ამისთვის საკმარისი გახდა კოსმეტიკური ხასიათის სამუშაოები, ხოლო მოპასუხის მტკიცებით ნაწარმოებია უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ მოშლილია მზიდი კედელი.

 

საქმეში არსებობს ქ. ზუგდიდში თ------–---–ის ქ. N3-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საინვენტარიზაციო გეგმა, სადაც ფართებს შორის ჩანს მზიდი კედლის არსებობა.

 

მზიდი კედლის მოშლის ნებართვა მასალებში არ არის, თუმცა მოწმის სახით დაკითხული გამქირავებლები სასამართლო სხდომაზე აფიქსირებენ, რომ კედლები გაქირავების დროს და მანამდეც არ არსებობდა. ამ განმარტებას ეწინააღმდეგება ასევე მათივე მიცემული ჩვენება, რომ მანამდე ფართები გაქირავებული იყო ცალ-ცალკე სხვადასხვა სუბიექტზე და ამ ფართებში ცალ-ცალკე ფუნქციონირებდა ბანკი და ტექნიკის მაღაზია.

 

შეკრებილი ინფორმაციის ურთიერთშეჯერებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მზიდი კედელი, რაც აღნიშნულია საინვენტარიზაციო გეგმაზე ფაქტიურად არსებობდა ფართში ჰიპერმარკეტის მოწყობამდე და სახეზეა დამქირავებლის მიერ შენობის მზიდი კედლის დემონტაჟის სამუშაოების წარმოება. ამგვარ დასკვნას ამყარებს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,რინას" წერილი, სადაც აღწერილია სარეკონსტრუქციო და დემონტაჟის სამუშაოების პერიოდი და შედეგები.

 

30.01.2017 წ მოსარჩელეს გადაეცა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის წერილობითი მითითება, რომლითაც შესაბამის სამსახურში 02.02.2017 წ-მდე უნდა წარედგინა განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების სანებართვო დოკუმენტაცია. ამავე მითითებით მას განემარტა მითითების შეუსრულებლობის შედეგები.

 

ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის 11.0-.2017წ გადაწყვეტილებით შპს ,,ი--–------------ი" ქ.ზუგდიდში, თ------–---–ის ქუჩის N3-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მშენებლობის ნებართვის გარეშე ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებისთვის ცნობილია სამართალდამრღვევად ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის ,,ა" პუნქტით და დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

დადგენილების გამოტანამდე საკითხი შესწავლილია. მიღებულია განმარტებები და წერილობითი მტკიცებულებები შპს ,,ილჩინ მარკეტის" წარმომადგენლისგან, გამოკითხულია ფართის მესაკუთრეები, ჩატარებულია დათვალიერება.

დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს ,,ი--–------------მა".

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 03.0-.2017 წ გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" მე-5 მუხლის ,,რ" და ,,ს" ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად სამშენებლო სამართალდარღვევაა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონის შესაბამისი თავით, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევისთვის შესაბამისი თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოებას

 

ამავე კანონის მე-15 მუხლის ,,ი" ქვეპუნქტით სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც 25-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით და სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 43-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით.

 

რეკონსტრუქციის და დემონტაჟის განმარტება მოცემულია ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წ N57 დადგენილებაში, რომლის მე-3 მუხლის მე-14 და 50-ე მუხლებით დემონტაჟია _ არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების დანგრევა/დაშლა, ხოლო რეკონსტრუქცია – არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით.

 

დასახელებული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის 46-ე პუნქტით მზიდი კონსტრუქცია არის შენობა-ნაგებობის კონსტრუქცია, რომლის ძირითადი ფუნქციაა კონსტრუქციების, აღჭურვილობის, თოვლის, ქარის, წყლის, სეისმური, ტექტონიკური და სხვა დატვირთვების მიმართ ამტანუნარიანობა.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შენობა-ნაგებობის მზიდი კედლის დანგრევის ნებართვა შპს ,,ი--–------------ს" არ მიუღია, თუმცა აღნიშნული დემონტაჟი განახორციელა. შესაბამისად, იგი წარმოადგენს სამართალდამრღვევს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 43-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც განსახილველი შემთხვევისთვის სახეზე არ გვაქვს. მოსარჩელის მიერ მითითებული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრა (მათი არ არსებობა), ვერ უზრუნველყოფდა განსახილველ საკითხზე მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას, რის გამოც ისინი ვერ მიიჩნევა კანონის არსებით დარღვევად, რომლებიც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობას განაპირობებენ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ი--–------------ის“ წარმომადგენელმა ირაკლი ქამადაძემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ არასწორად დადგინდა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მათ, არასწორად გადანაწილდა მტკიცების ტვირთი, რის გამოც არასწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებულ დადგენილების საფუძვლად დაედო არქიტექტურულ-გეგმარებითი კომისიის 2017 წლის 0--------–ის სხდომის ოქმი N--. აღნიშნული ოქმის თანახმად, გამოკითხული პირები ადასტურებენ, რომ ქ. ზუგდიდში, თ------–---–ის ქუჩის N3-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე 2004 წელს უკვე არ არსებობდა ის მზიდი კედელი, რომლის მოშლასაც დაობს ბმა-ს თავმჯდომარე ა.კუტალია. ყოველ შემთხვევაში, არქიტექტურულ-გეგმარებითი კომისიის 2017 წლის 0--------–ის სხდომის ოქმით უდაოდ დგინდება, რომ კომისიას არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია მზიდი კედლის მოშლის სავრაუდო თარიღი. შესაბამისად, შპს ,,ი--–------------ს" ჯარიმა დაეკისრა იმ ქმედებისათვის, რომელიც მას არ ჩაუდენია და არ დადგენილა მზიდი კედლის შპს-ს მიერ მოშლის ფაქტობრივი გარემოება.

 

ოქმის თანახმად, ქალბატონი ეკატერინე თოდუა აღნიშნავს, რომ ,,ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის უკანონო მშენებლობა/რეკონსტრუქცია". გვერდს უვლის საკითხს - იმსჯელოს, თუ კონკრეტულად ვინ განახორციელა კედლის მოშლა და ვის მიმართ უნდა გატარდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის განმარტებით სადაო დადგენილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. აუცილებელია დადგინდეს მზიდი კედლის მოშლის დრო და ასევე, მოხდეს განსაზღვრა, თუ ვის მიმართ უნდა მომხდარიყო სამშენებლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1--------–ის №- დადგენილება შპს ,,ი--–------------ის“ დაჯარიმების შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შპს ,,ი--–------------ი“, ქ. ზუგდიდში, თ------–---–ის ქუჩა N2-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მშენებლობის ნებართვის გარეშე ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის დაჯარიმდა 3 000 (სამი ათასი) ლარით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით კანონიერია, რაც სრულიად მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1--------–ის №- დადგენილება შპს ,,ი--–------------ის“ დაჯარიმების შესახებ შეესაბამება საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2--------ის №-- დადგენილების მოთხოვნებს.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული ნორმების საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა;გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

საქმეში დაცული მასალით დადგენილია, რომ ქ. ზუგდიდში, თ------–---–ის/ კ----–-–---–ის ქ. N3-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ ფართში (ერთიან სივრცეში) შპს ,,ი--–------------ი" ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ გახსნილი აქვს ჰიპერმარკეტი.

 

ზემოაღნიშნული ფართი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ორ დამოუკიდებელ ქონებად: ა) ს/კ 43.36.0-.013.01.50-, არასაცხოვრებელი ფართი 85.20 მ2, მესაკუთრე -ვახტანგ ყურაშვილი; ბ) ს/კ 43.31.68.2--.01.5--, არასაცხოვრებელი ფართი 101.5 მ2, მესაკუთრე - მურმან მირცხულავა.

 

ორივე ფართზე ქირავნობის ხელშეკრულებები (2-.10.2016წ.) დადებულია ცალ-ცალკე.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულების დადებისა და ქონების დამქირავებლისთვის გადაცემის მომენტისთვის ამ ქონების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა არ მომხდარა.

 

ასევე დადგენილია, რომ გაქირავებული ფართი მოეწყო ჰიპერმარკეტის საქმიანობისთვის, რისთვისაც საჭირო გახდა სარემონტო ხასიათის სამუშაოები.

 

მოპასუხის მტკიცებით ზემოაღნიშნულ ფართზე ნაწარმოებია უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ მოშლილია მზიდი კედელი.

 

საქმეში დაცული ქ. ზუგდიდში, თ------–---–ის ქუჩის N3-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საინვენტარიზაციო გეგმით ირკვევა, რომ ფართებს შორის იყო მზიდი კედელი, რომლის (მზიდი კედლის) მოშლის ნებართვა მასალებში არ არის. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულმა გამქირავებლებმა აღნიშნეს, რომ რომ კედლები გაქირავების დროს და მანამდეც არ არსებობდა. ამ განმარტებას ეწინააღმდეგება მათივე მიცემული ახსნა-განმარტება, რომ მანამდე ფართები გაქირავებული იყო ცალ-ცალკე სხვადასხვა სუბიექტზე და ამ ფართებში ცალ-ცალკე ფუნქციონირებდა ბანკი და ტექნიკის მაღაზია.

 

უდაოა, რომ საინვენტარიზაციო გეგმაზე აღნიშნული მზიდი კედელი, ჰიპერმარკეტის მოწყობამდე არსებობდა ფართში. კერძოდ, სახეზეა დამქირავებლის მიერ შენობის მზიდი კედლის დემონტაჟის სამუშაოების წარმოება. ამგვარ დასკვნას ამყარებს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,რინას" თავმჯდომარის ანზორ კუტალიას 2017 წლის 01 თებერვლის წერილი, სადაც მითითებულია, რომ შპს ,,ი--–------------მა’’ არქიტექტურის სამსახურთან ყოველგვარი შეთანხემბის გარეშე ჩაატარა სარეკონსტრუქციო-სამონტაჟო სამუშაოები, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა საყრდენი კედლების გადაკეთების ფაქტს... (ს.ფ. 91)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 2- იანვარს შედგა N5, რომლის საფუძველზე შპს ,,იანლჩინ მარკეტს’’ მიეცა ვადა არაუგვიანეს 2017 წლის 02 თებერვლისა წარედგინა ობიექტზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების სანებასთვო დოკუმენტაცია. ამავე მითითებით მას (შპს ,,იანლჩინ მარკეტს’’) განემარტა მითითების შეუსრულებლობის შედეგები.

 

31.01.2017 წელს შპს ,,ი--–------------ის’’ დირექტორმა ს--–--------–---მა განცხადებით მიმართა ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს და აღნიშნა, რომ შპს ,,ი--–------------მა“ ნაქირავებ ფართს ჩაუტარა გარკვეული შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ შიდა რემონტი, ფასადის მოპირკეტება, სავენტილაციო მილების მოწყობა, გაგრილება-გაციევბის აგრეგადების მოწყობა, რისთვისაც არ ესაჭიროებოდათ მშენებლობის ნებართვა ...

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ გეგმარებათა და სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხთა შესწავლისა და ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურისათვის შესაბამისი დასკვებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით შექმნილი არქიტექტურულ-გეგმარებითი კომისიის სხდომის 05.0-.2017 წლის N-- ოქმით სივრცით მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურს მიეცა რეკომენდაცია შპს ,,ი--–------------ის“ ჩატარებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 43-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე 3000 ლარით დაჯარიმების შესახებ.

 

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 43-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტურქციის ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2--------ის №-- დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2--------ის №-- დადგენილების მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად დემონტაჟია _ არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების დანგრევა/დაშლა, ამავე მუხლის 46-ე პუნქტით მზიდი კონსტრუქცია არის შენობა-ნაგებობის კონსტრუქცია, რომლის ძირითადი ფუნქციაა კონსტრუქციების, აღჭურვილობის, თოვლის, ქარის, წყლის, სეისმური, ტექტონიკური და სხვა დატვირთვების მიმართ ამტანუნარიანობა, ამავე მუხლის 50-ე პუნქტით რეკონსტრუქცია განმარტებულია, როგორც არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია განმარტებულია, როგორც შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1მ2-ზე მეტად, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმდ დემონტაჟი გულისხმობს შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევას.

 

ამავე დადგენილიბის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

ამდენად საქმის მასალებით დადგენილია, რომ შენობა-ნაგებობის მზიდი კედლის დანგრევის ნებართვა შპს ,,ი--–------------ს" არ მიუღია, თუმცა აღნიშნული დემონტაჟი განახორციელა. შესაბამისად, იგი წარმოადგენს სამართალდამრღვევს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 43-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა ყურადსაღებია ის გარემოება, რომ შპს ,,ი--–------------ის“ ნაქირავებ ფართს ჩატარებული აქვს გარკვეული შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ შიდა რემონტი, ფასადის მოპირკეტება, სავენტილაციო მილების მოწყობა და გაგრილება-გაციების აგრეგადების მოწყობა, რისთვისაც მას დასჭირდა ღიობების გამოჭრა, ამდენად თუგინდ შპს ,,იანჩინ მარკეტს’’ არ დაენგრია მზიდი კედელი, ღიობის გამოჭრაც საჭიროებდა ნებართვას, შესაბამისად შპს-ს უნდა მიემართა მერიის შესაბამისი სამსახურებისათვის რეკონსტრუქციის მოთხოვნით.

 

დამატებით პალატა განმარტავს, რომ რეკონსტრუქცია წარმოადგენს უძრავი ქონების იმგვარ სახეცვლილებას, რომლის შედეგადაც არსებითად იცვლება ქონების ფართობი და საბაზრო ღირებულება. რეკონსტრუქციად განიხილება სამშენებლო სამუშაოები შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლის, გადაკეთების, აღდგენა-რეაბილიტაციის მიზნით, რომლებიც იწვევს შენობის კონსტრუქციული ელემენტების ცვლილებას. რეკონსტრუქციის დროს, ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება შენობის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლების არსებითი შეცვლისა და მისი გამოყენების ეფექტურობის ამაღლების მიზნით. სწორედ იმის გამო, რომ რეკონსტრუქცია წარმოადგენს არსებით სახეცვლილებას, კანონი მას მშენებლობის ერთ-ერთ სახედ (მშენებლობად) მიიჩნევს, რის განხორციელებასაც უშვებს შესაბამის ნებართვის საფუძველზე. ნებართვის გარეშე წარმოებული რეკონსტრუქცია განიხილება როგორც სამშენებლო სამართალდარღვევა - უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის წარმოება.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტები რაიონული სასამართლოს მიერ ფაქტების არასწორ დადგენასთან და კანონის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით არ არის იურიდიულად დასაბუთებული და არ გამომდინარეობს განხილული ნორმების ნამდვილი შინაარსიდან და მოსაწესრიგებელი ურთიერთობის ნამდვილი მიზნიდან. შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

აპელანტ შპს „ი--–------------ის“ მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი არ უბრუნდება სააპელაციო საჩივარზე უარყოფის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს „ი--–------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.უცვლელად დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება;

 

3.აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი